კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გამოიპარა ხათუნა ლაგაზიძე სამშობიაროდან და რომელი პრეზიდენტისთვის წერდა ის გამოსვლებს

ხათუნა ლაგაზიძე ნამდვილად იმსახურებს ექსპერტის სტატუსს. მან ბევრი წლის წინ დაამტკიცა, რომ არაჩვეულებრივი ანალიზის უნარი და შესანიშნავი პოლიტიკური ინტუიცია აქვს. მიუხედავად უამრავი საქმისა, რამდენიმე სამსახურისა და ბიზნესისა, რომელსაც მეუღლესთან ერთად უძღვება, ქალბატონი ხათუნა ახერხებს, იყოს შესანიშნავი დედა, ცოლი და... კულინარი. როგორი იყო გზა ექსპერტობამდე და როგორია მისი ოჯახური ცხოვრება, ამაზე ვრცლად თავად გვიყვება.

 

 ხათუნა ლაგაზიძე: ბევრჯერ მითქვამს ცხოვრებაში, რომ ვარ უბედნიერესი. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ, ერთ-ერთი – ჩემი პროფესიაა. უზომოდ მიყვარს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ. ხანდახან მეშინია ამის არა მარტო თქმის, არამედ, გაფიქრებისაც. ალბათ, შეუძლებელია, პროფესია შვილის მსგავსად გიყვარდეს, მაგრამ, გარწმუნებთ, ჩემთვის ძალიან ახლოს დგას ეს ორი გრძნობა ერთმანეთთან. როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, საქმის კეთება უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, ეს ჩემი მუდმივი, განახლებადი ენერგიის წყაროა. უდიდესი სიამოვნებაა, როდესაც შენი ანალიზით მიდიხარ იმ ჭეშმარიტებამდე, რომლის დანახვაც ვერ შეძლო თუნდაც შენმა ვერც ერთმა კოლეგამ; როდესაც შეგიძლია წინასწარ დაინახო პოლიტიკური პროცესები როგორც შენს ქვეყანაში, ისე მსოფლიოში. თუ არასასურველი პროცესების პრევენციის გზებიც დასახე – ეს ხომ იდეალურია. 

– ალბათ, თავიდანვე არ აგირჩევიათ პოლიტოლოგია.

– არა, თავიდან არაფერი მოასწავებდა ამ შედეგს. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე, რომელიც წითელ დიპლომზე დავამთავრე და ჩავირიცხე ასპირანტურაში. პარალელურად ჩავირიცხე თეატრალურში, თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე. დღეს დიპლომების თემა აქტუალურია და შემიძლია ამაზე თამამად ვისაუბრო. ამის შემდეგ დავამთავრე სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. მერე წავედი გერმანიაში, კერძოდ, ბავარიაში, ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპის უსაფრთხოების ცენტრში და ოცდამეერთე საუკუნის ლიდერების კურსი გავიარე უსაფრთხოებისა და სტრატეგიული მართვის სპეციალობით. თუმცა, ეს კვალიფიკაციის ამაღლება იყო და არა დიპლომი, მაგრამ, ბევრი რამ შემძინა. გათხოვების შემდეგ ამ ჩემი დიპლომებისა და სერტიფიკატების სიას შეემატა ბუღალტრის სპეციალობა და ეს პერიოდი საკმაოდ მწარედ მახსოვს. 

– პარალელურად, მუშაობდით?

– რა თქმა უნდა. უნივერსიტეტში ჩავირიცხე 1989 წელს, ეროვნული მოძრაობის წლებში და ბევრთან ერთად მეც ვიდექი ამ მოძრაობის სათავეებთან. იმ პერიოდიდან მომყვებიან ფიქრია ჩიხრაძე, თედო ისაკაძე, და სხვები. იმ პერიოდში საქართველოში პირველად გაჩნდა თავისუფალი პრესის ნიშნები და მუშაობა დავიწყე „თავისუფალ გაზეთში”. უზომოდ მიყვარდა თეატრი და პირველი ინტერვიუ ავიღე ბატონი თემურ ჩხეიძისგან – 18 წლის გოგოს მაინც სხვა თავხედობა აქვს (იცინის). ეს ინტერვიუ იქცა ჩემი და თემურ ჩხეიძის ოჯახის დიდი მეგობრობის დასაწყისად, რაც დღემდე გრძელდება. მაშინ სპეციალიზება არც ხდებოდა და ძალიან მალე დავიწყე პოლიტიკური ინტერვიუების კეთება. ამის შემდეგ დაიწყო „ჯორჯიან თაიმსის” ეპოქა: ძალიან საინტერესო თაობა იყო:  დათო პაიჭაძე, გივი თარგამაძე, მალხაზ გულაშვილი, ნანა გაგუა, ლიზა ბაგრატიონი, თამაზ სულაძე... მაინც სიყმაწვილეს ვარქმევ ამ პერიოდს, რადგან, მიმაჩნია, რომ ყველაზე სისხლსავსე ახალგაზრდობის წლები ახლა მაქვს. სიყმაწვილეც ძალიან საინტერესო იყო. ამის შემდეგ იყო „კავკასიონი”, როდესაც გვქონდა განცდა, რომ საკუთარი ხელებით ვაშენებდით დამოუკიდებელ ქართულ ჟურნალისტიკას. 19-20 წლის ვიყავი, როდესაც ინტერვიუზე მივედი რამაზ საყვარელიძესთან და ასე გავიცანით ერთმანეთი. დგება 1992 წელი, შევარდნაძე ჩამოდის საქართველოში და რამაზ საყვარელიძეს იწვევენ სახელმწიფო მეთაურის პრეს-სამსახურის უფროსად. ბატონმა რამაზმა წამიყვანა თავისთან ანალიტიკოსად. „ანალიტიკური ჯგუფი” ერქვა და მარტო ვმუშაობდი. ეს იყო აფხაზეთის ომის წლები, როდესაც საშინელი ინფორმაციები მოდიოდა ომიდან. ჩემი ოთახის კარი უყურებდა ნუგზარ საჯაიას ოთახის კარს და ჩვენი გაცნობაც ასე მოხდა.

– როგორც ვიცი, მასთან საკმაოდ დიდხანს იმუშავეთ.

– დიახ. 1995 წელს მიიღეს საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომლის თანახმად, იქმნება ახალი სტრუქტურა – ეროვნული უშიშროების საბჭო. ცხონებული ჯიმი ჯალიაშვილის რეკომენდაციით მოვხვდი ნუგზარ საჯაიასთან და აღმოვჩნდი იქ, სადაც იქმნებოდა ქვეყნის პოლიტიკა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შვილის დაბადებამდე, ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იყო. საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში სულ ოთხი ადამიანი ვმუშაობდით: გია სოფაძეს მიჰყავდა ეკოლოგიური უსაფრთხოება, რომელიც დღეს ჩემი მეჯვარე და შვილის ნათლიაა; დანარჩენებს კი – მე, ჰენრი კუპრაშვილსა და ჯიმი ჯალიაშვილს გადანაწილებული გვქონდა როგორც შიდა, ისე საგარეო უსაფრთხოების საკითხები. სწორედ მაშინ იკვეთებოდა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ორიენტირები: საერთაშორისო ორგანიზაციებში, ევროსაბჭოსა თუ გაეროში, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის – ედუარდ შევარდნაძის გამოსვლების ნაწილი მაინც ჩემ მიერ იწერებოდა. 

– იმპროვიზაციას არ მიმართავდა?

– ნაკლებად. რაღაც დოზით, ალბათ, კი, მაგრამ, ყველა ძირითადი მესიჯი მიჰქონდა მსმენელამდე. ეს იყო წლები, როდესაც ჩვენ იძულებული ვიყავით გვემუშავა ყველა მიმართულებით. ვმუშაობდით ირანთან, სომხეთთან,  თურქეთთან თუ აზერბაიჯანთან ურთიერთობის სტრატეგიაზე, ჩრდილო კავკასიიდან მომავალი საფრთხეების ტენდენციაზე და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს ჩვენს ხელში გადიოდა. დღემდე მაქვს შენახული ზოგიერთი დოკუმენტის ასლი, რაც ჩემი სიამაყის ერთ-ერთი საფუძველია. სახელმწიფოს მიერ პირველი ნაბიჯების გადადგმაში გარკვეულ მონაწილეობას მეც ვიღებდი. უშიშროების საბჭოში 2001 წლის ბოლომდე ვიმუშავე. ყველა ის პროცესი, რომელიც ქვეყანაში ხდებოდა, ზუსტად იყო დანახული და გააზრებული ჩვენ მიერ, რეკომენდაციებიც კი ჰქონდა დადებული შევარდნაძეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ ხელისუფლების სათავეში არ აღმოჩენილიყვნენ ისინი, ვინც აღმოჩნდნენ. არავინ თქვას, რომ შევარდნაძე იმ პროცესების საქმის კურსში არ იყო, მაგრამ, რატომღაც, ამას ყურადღებას არ აქცევდა.

– თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ?

– ვერ გეტყვით. იყო ერთი საინტერესო შემთხვევა, როდესაც უსინათლობის დროს ვაკეში საბურავები დაწვეს და ქუჩა გადაკეტეს. ცხონებულმა ნუგზარ  საჯაიამ, რომელიც საქართველოს ისტორიაში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი იყო, გამიშვა ადგილზე და მდგომარეობის შესაფასებლად ანალიტიკური მოხსენება დავწერე, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები და რა ალტერნატიული სცენარები შეიძლებოდა დაგვედო. ბატონმა ნუგზარმა გაგზავნა ეს მოხსენება შევარდნაძესთან და მისგან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მაშინ ვნახე პირველად, როგორი შეწუხებული იყო საჯაია, რადგან, იმ წერილზე რეაქციის არქონა ნიშნავდა იმას, რომ პროცესები წავიდოდა სწორედ ისე, როგორც წავიდა. 

– რა შეგრძნებაა, როდესაც რაღაც ისე მიდის, როგორც თქვენ იწინასწარმეტყველეთ?

– გააჩნია, რა. უამრავი სტატია მაქვს გამოქვეყნებული იმის შესახებ, თუ რა მოხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და ეს ნაბიჯები მან ზუსტად, ერთი-ერთში გადადგა. ეს სტატიები არსებობს. რომ გითხრათ, ამან გამახარა-მეთქი, ნამდვილად მოგატყუებთ. იმ პერიოდში იშვიათი იყო ადამიანი, რომელიც ხედავდა იმ მომავალს, რაც რეალურად მოხდა. 

– ვარდების რევოლუციის შემდეგ რა მიმართულებით განაგრძეთ საქმიანობა?

– არასამთავრობო კუთხით ვმუშაობდი. „მრავალეროვან საქართველოში” ვიყავი ფრონდაიზერი. საკმაოდ წარმატებულად განვახორციელეთ რამდენიმე პროექტი. პარალელურად, „ალმა-მატერში“ ვასწავლიდი სახელმწიფო მართვისა და სისტემების კურსს. 2007 წლის მარტის ბოლო იყო, როდესაც ჩემს უახლოეს მეგობართან გურიაში ჩავედი. ყოველთვის ძალიან მიყვარდა ზღვა და კულინარია. ამიტომ, როგორც კი შაბათ-კვირას დრო გამომიჩნდებოდა, მასთან მივდიოდი, ლელა თავართქილაძესთან, რომელიც, ასევე, ჩემი მეჯვარე და შვილის ნათლიაა. ჩვენი საერთო მეგობარი მაშინ ფოთში პოლიციის უფროსი იყო. ზღვასაც გადახედავ და გემრიელადაც გაგვიმასპინძლდებაო, – მითხრა ლელამ და ფოთისკენ გავწიეთ. ოზურგეთიდან ურეკამდე ლამის საურმე გზა იყო გასავლელი და გზაში დაგვიღამდა. ლელამ, წამოდი, ურეკში შევიაროთ, ჩემს მეგობარს სასტუმრო აქვს და გვიმასპინძლებსო. კარგი-მეთქი, ვუთხარი და ასე საოცრად შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს. 

– და, ვინ აღმოჩნდა მეუღლე?

– მეუღლე აღმოჩნდა ბიზნესმენი, ამირან ჩხაიძე, რომელიც ჩემზე ოცდაორი წლით უფროსია. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ თბილისიდან შორს ვიპოვიდი ჩემს მეორე ნახევარს და, თან, ამხელა ასაკობრივი სხვაობით. 

– რამდენი წლის იყო, როდესაც გაიცანით?

– 57-ის. მას ჩემს გაცნობამდე ჰყავდა გარდაცვლილი პირველი მეუღლე. ჰყავს ორი შვილი, გოგო და ბიჭი. ჩემი ანა უკვე არის დეიდა. ანას დისშვილები ნიკო და თემი 16 და 11 წლისანი არიან. 

– როგორ შეძლო თქვენი მოხიბვლა?

– ჩემი გურული დაქალის თვალს რას გამო-აპარებ! გამოვედით თუ არა იქიდან, მითხრა, ამირანს მოეწონეო; ოზურგეთში ჩასულები არ ვიქნებით, რომ ამაში დარწმუნდებიო. დაახლოებით ათ წუთში რეკავს ამირანი და ლელას ეუბნება - არ დამცინო და, მითხარი, შენი მეგობარი რამდენი წლის არისო. ოცდათხუთმეტი წლისო, – ამან უპასუხა. ვიფიქრე, გამიმართლა, ამაშიც ბედი არ მქონიაო, – უთხრა ამირანმა. ვერ წარმოიდგინა, რომ ეს ოცდაორწლიანი სხვაობა შეიძლებოდა გადალახულიყო. როგორ მომხიბლა, არ ვიცი, ფაქტია, რომ ოქტომბერში დავქორწინდით. გადამწყვეტი იყო მისი უკიდეგანო  სიყვარული, რომელიც ან პატარა ასაკში, ახასიათებთ ადამიანებს, ან იმ ასაკში, როდესაც ჩემს მეუღლეს შევუყვარდი. ერთნაირი ვნებაა, როგორც ჩანს, ამ ასაკში – პირველი და უკანასკნელი... ძალიან საინტერესოა ის წლები, რომლებიც ერთად გავატარეთ. 2008 წლის 7 აგვისტოს დაიბადა ანა, რომელსაც მამა „ომიანას” უძახის. 

– უფროსი შვილები როგორ შეხვდნენ მამის  ამ გადაწყვეტილებას?

– ბუნებრივია, მათთვის ეს მძიმე იქნებოდა, თუმცა, სრულიად გულწრფელად შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემი და ამირანის ოჯახის შენარჩუნებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით მის შვილებს – სოფოს და თემურს. ისევე, როგორც ყველა ოჯახმა, ჩვენც გავიარეთ უამრავი კატაკლიზმა და ვნებათაღელვა, რომელთა გადალახვაშიც ამირანის შვილები ძალიან დაგვეხმარნენ. 

– და, გაჩნდა ანა...

– როდესაც პალატაში ჩემი მეუღლე შემოვიდა, პირველი, რაც მოლოცვის შემდეგ მითხრა იყო – ომი დაიწყოო. ყველაფერი პარალიზებული იყო: იქით – მოწყვეტილი ბიზნესი, აქეთ – ახალნაოპერაციები ცოლი და რამდენიმე საათის დაბადებული შვილი; უფროსი ქალიშვილი შვილებით, რომლის მეუღლეც ომში იყო და იბრძოდა... ძალიან მძიმე დღეები გავიარეთ. სხვათა შორის, დიპლომები მაშინაც არ დამვიწყებია და პალატაში მივატანინე. მაშინაც, შვილთან ერთად, ის იყო ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, დაბომბვის შემთხვევაში, რისი გადარჩენაც მინდოდა. როდესაც რუსები თბილისზე წამოვიდნენ, „ლეჩკომბინატის” ექიმი, დავით დავარაშვილი შემოვიდა და გვითხრა, ვისი სახლში გაშვებაც შეიძლება, უმჯობესია, წავიდნენო, რადგან, მაშინ „ლეჩკომბინატი“ მოდულის შენობასთან ახლოს იყო და მოსალოდნელი იყო წერტილოვანი დარტყმები. ღამის 12 საათზე ხუთი დღის ბავშვით ხელში და ღამის პერანგით გამოვედი საავადმყოფოდან. ჩემმა მეზობელმა გოგომ გარისკა ჩვენთვის მოეკითხა და ასე გამოვიქეცით საავადმყოფოდან. შვილის გაჩენის სიხარული წამსვე გადამავიწყა იმ მდგომარეობამ, რომელიც ქვეყანაში იყო. ეს ძალიან მძიმედ მოსაგონარი დღეებია. 

– ოჯახში ხშირად საუბრობთ პოლიტიკაზე?

– ჩემი მეუღლე საკმაოდ კარგ პოლიტიკურ ანალიზს აკეთებს. ქალისთვის შვილია უდიდესი ბედნიერება, მაგრამ, ამის შემდეგ სწორედ ჩემი მეუღლეა ჩემთვის ყველაზე დიდი შენაძენი. ის ჩემი საუკეთესო მრჩეველი და მეგობარია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკასთან შეხება არასდროს ჰქონია, საოცარი პოლიტიკური ალღო და ანალიზის უნარი აქვს. ის ჩემთვის ყველაზე ერთგული და მოუსყიდველი მრჩეველია და ქართველი კაცების იმ იშვიათ კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც შეუძლია, ცოლის კარიერისთვის ბევრი რამ გაწიროს. ჩემი წარმატებების დიდი წილი მასზე მოდის. მან, ფაქტობრივად, გაწირა ყველაფერი, როდესაც წინასაარჩევნოდ ვბედავდი და აქა-იქ ვჩნდებოდი ჩემი ანალიტიკური გამოსვლებით. ახლა ანას განათლებაში ვდებთ დიდ დროსა და ენერგიას. ანა უკვე სრულყოფილად ლაპარაკობს რუსულად და ინგლისურად. ისე კისკისებს ჩემს ინგლისურ აქცენტზე (იცინის)... ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც მშობლები ამდენს დებენ შენს აღზრდაში. 5 წლის ვიყავი, როდესაც მშობლები გარდამეცვალა და ამის შემდეგ ბებია და დეიდები მზრდიდნენ. მათი დამსახურებაა ყველაფერი, რასაც მივაღწიე. 

– ანუ, ქალი, შეიძლება, ყველა მიმართულებით წარმატებული იყოს?

– რა თქმა უნდა და ამაში უდიდესი როლი ეკუთვნის ოჯახს: გარდა იმისა, რომ მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთისთვის ვართ მეუღლეები და მეგობრები, ასევე, ვართ პარტნიორებიც. როდესაც მეუღლე შენი პარტნიორიცაა, ცდილობ, ისიც წარმატებული იყოს – ესაა ჩემი წარმატების საიდუმლო. 

ახლა პირველად მიწევს ოჯახის, ანას ამდენი ხნით დატოვება. სამი კვირით მივემგზავრები შტატებში. უნიკალური შანსი მომცა ამერიკის საელჩომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა –  ჩავიდე უშიშროების საბჭოში, სახელმწიფო დეპარტამენტში,  კონგრესში, სადაც იქნება ძალიან ბევრი და საინტერესო შეხვედრა. შეხვედრები შედგება პოლიტოლოგიისა და დიპლომატიის ისეთ მექებში, როგორებიცაა სტენფორდისა და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტები. ეს არის არაჩვეულებრივი შანსი, რომ ამ არამყარი და ობობას ქსელივით ჩახლართული გეოპოლიტიკური ვითარების არა მხოლოდ გულში, თავშიც ჩაიხედო და სწორი გასაღები მონახო.

 

скачать dle 11.3