რატომ უნდა ანდოთ საკუთარი ქვეცნობიერი ექიმ-ფსიქიატრ დავით გიგაურს და როგორ კურნავს ის ადამიანებს ჰიპნოზისა და ბიოდენების დახმარებით
იშვიათად თუ ნახავთ ისეთ ექიმს, რომელსაც სახვადასხვა სფეროში იმდენი გამოგონება ჰქონდეს, რამდენიც ბატონ დავით გიგაურს. ექიმი-ფსიქიატრის პროფესიის წყალობით მან ბევრი ადამიანის განკურნება შეძლო და ამას დღესაც უანგაროდ აკეთებს. ბატონი დავითი მეხუთე კურსზე იყო, როცა შექმნა ლავიწის ძვლის მოტეხილობის ფიქსატორი, რომელიც გამოიყენება როგორც მოტეხილობის, ასევე, სქოლიოზის და მოხრილობის დროს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო უნიკალურ გამოგონებათა სერია და, საკმარისი იყო, ვინმეს ეთქვა, ეს არ გამოდისო, ბატონი დავითი იწყებდა იმ საკითხზე მუშაობას, ათენებდა ღამეებს და ყოველთვის აღწევდა შედეგს. საპასუხისმგებლოა, იდგე იმ ადამიანების სამსახურში, რომლებსაც მხოლოდ შენი იმედი აქვთ, თუმცა, ეს ბატონი დავითისთვის რთული სულაც არ ყოფილა, რადგან, მისი გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი ათასებს აღწევს.
დავით გიგაური: წლების განმავლობაში, სხვადასვა ადგილებზე, სხვადასხვა თანამდებობაზე მიწევდა მუშაობა: გახლდით მთავარი ექიმი, მოადგილე, განყოფილების გამგე. პროფესიით ექიმი-ფსიქიატრი გახლავართ. უამრავ პაციენტს გაუვლია ჩემს ხელში და ყოველთვის ვცდილობდი, მათთვის ყურადღება და სითბო არ მომეკლო – ადამიანური მიდგომა ხომ ყველაზე მთავარია იმისთვის, ვინც გიყურებს და უთქმელადაც გეუბნება, მიშველეო. წლებია, ვაკვირდები ადამიანებს და დასკვნებს ვწერ. მაგალითად, ყველა ადამიანში ზის კონკრეტული ცხოველის ბუნება. უფრო სწორად, ნებისმიერი ადამიანი რომელიმე ცხოველის ბუნებით არის დაჯილდოებული და, ამას ისედაც ვხვდები როგორც კი პიროვნებას შევხედავ, ხმაც რომ არ ამოიღოს.
– ამ ცხოველური ბუნების გამოვლინება როგორ ხდება?
– ქცევით, საუბრით, ქმედებით. როგორც ექიმი-ფსიქიატრი, ამ ცხოველურ ბუნებას ხუთ სიტყვაში მივუხვდები ადამიანს. 47 წელია, ამ დარგში ვმუშაობ და ეს ნამდვილად არ გამიჭირდება (იცინის). არ დამავიწყდება, ერთ დღეს, ერთი ქალი მოვიდა ჩემთან და მითხრა, სად აღარ ვიყავი, ვის აღარ ვთხოვე დახმარება, მაგრამ, ვერავინ მიშველა. თქვენთან მოსვლა ჯუნა დავითაშვილმა მირჩია, უნდა დამეხმაროთ, გოგონა მყავს მძიმედ ავადო. ჩავეძიე და გავარკვიე, რომ ტრავმის გამო, ის გოგონა სრულიად პარალიზებული იყო წლების განმავლობაში და ვერ დგებოდა, ამას თან დაერთო სიბრმავე. ამ გოგონას ისტორია რომ მომიყვა დედამისმა, კი ვუთხარი, მე რომ მკვდრების გაცოცხლება შემეძლოს, პირველ რიგში ბებიაჩემს გავაცოცხლებდი-მეთქი, მაგრამ, მაინც გავყევი. მოკლედ, შვიდი წელი ის გოგონა ვერ ინძრეოდა, კიდურებს ვერ ამოძრავებდა, იწვა საწოლში, ნელ-ნელა დააკლდა თვალთახედვა და არავისთან კონტაქტი არ უნდოდა. მივხვდი, ეს ყველაფერი ისტერიის ბრალი იყო და სიბრმავეც სწორედ ამან გამოიწვია. დავიწყე მასთან მუშაობა ბიოდენების დახმარებით. რომ შევეხე ხელის მტევანზე, მივხვდი, რეაქცია ჰქონდა, რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელს ხელზე ვუსვამდი და დავინახე, როგორ აამოძრავა თითები. მოკლედ, სამი საათი დავყავი პირველ დღეს მის გვერდით, მერე კი ნელ-ნელა, დღითი დღე გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა და დღეს ის გოგონა სრულიად ჯანმრთელია. სხვათა შორის, ბიოდენების დახმარებით ვმუშაობდი დიდხანს და ძალიან კარგი შედეგები მქონდა. მინდა გითხრათ, ყველას აქვს ბიოდენი ორგანიზმში, თუმცა, ყველამ როდი იცის მისი მართვა, არადა, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ერთი ხელის დადებითაც კი გამოჯანმრთელებულა ჩემთან მოსული პაციენტი. მე ფსიქიატრი ვარ, მაგრამ, მკურნალობაში ბიოდენებსაც ვიყენებ, ჰიპნოზსაც და შთაგონებასაც. თუმცა, თუ საკუთარ ძალებში არ ხარ დარწმუნებული ადამიანი, არაფერი გამოვა (იცინის). მოკლედ, ადამიანის ქვეცნობიერის დონეზე მიწევს მუშაობა და ეს ყველაფერი ძალიან შედეგიანია. ქვეცნობიერის მართვით ნებისმიერ დაავადებას დაამარცხებთ. ისტერიული დაავადებები საკმაოდ მომრავლებულია, სწორედ ეს იწვევს ქვეცნობიერის დაქვეითებას და, ამის შედეგად, სიცოცხლისთვის საშიშ უამრავ დაავადებას. ეპილეფსიური გულყრაც, შეიძლება, ისტერიკული დაავადების შედეგი იყოს და ესეც განკურნებადია. ასევე, სიბრმავე, სიყრუე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დამბლა და ასე შემდეგ. ქვეცნობიერი ინახავს უამრავ ინფორმაციას, მე კი ვახერხებ ამ ქვეცნობიერში შესვლას და ჩემი ტექნიკით მის სწორად „ამუშავებას”. ელემენტარულად, როცა ადამიანს შიშები აქვს, დაძაბულია და სტრესულ სიტუაციაში დიდხანს უწევს ყოფნა, დიდი ალბათობაა, რომ მის ფსიქიკაში მოხდეს გარდატეხა და ჩამოყალიბდეს შიზოფრენია. ამიტომ, დროულად უნდა დაძლიონ ეს შიშები, ამაში კი მე დავეხმარები, თანაც უანგაროდ. ფულის კეთება კი არა, სიკეთის კეთება მინდა და, გადავწყვიტე, ცხოვრების ბოლომდე უანგაროდ ვემსახურო ხალხს. ასე რომ, შეგიძლიათ, დამირეკოთ ნომერზე: 599 38-75-43.
– როგორც ვიცი, წლებია, ჰიპნოზის დახმარებით მთელი რიგი დაავადებებისგან კურნავთ პაციენტებს. იქნებ, უფრო კონკრეტულად გვიამბოთ ამის შესახებ? ნუთუ მართლა ერთი შეხედვით ხვდებით, ვის რომელი დაავადება აწუხებს?
– დიახ, ჰიპნოზის სეანსებს ვატარებდი, უამრავი ადამიანი ესწრებოდა და ბევრი მათგანი სრულიად განიკურნა სხვადასხვა დაავადებისგან. პაციენტს კითხვას რომ დავუსვამ და პასუხს გამცემს, მისი ხმის ტონალობით, გამოხედვით, ხელების მოძრაობითა და ქცევით ვხვდები, რა აწუხებს და როგორ დავეხმარო. არ დამავიწყდება, ერთხელ ჩემთან მოიყვანეს 14 წლის ბიჭი, რომელსაც ენაბლუობა აწუხებდა. როგორც მისმა მშობლებმა მითხრეს, არ დაუკლიათ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების საუკეთესო სპეციალისტებთან და პროფესორებთან სიარული, მაგრამ უშედეგოდ. ერთ მათ ახლობელს უთქვამს, ხომ არ ჯობია, ბავშვი ფსიქიატრ დავით გიგაურს ვაჩვენოთო და მოვიდნენ ჩემთან. არ დაიჯერებთ და, ბიჭმა ერთ თვეში დაიწყო გამართულად საუბარი.
– ეს როგორ მოახერხეთ?
– სპეციალურად შედგენილი სავარჯიშოთი, რომელიც მოიცავს სწორად სუნთქვას, მშვიდად და დაუძაბავად კითხვას და ამ წაკითხულის მშვიდად გადმოცემას. სულ ეს იყო.
– ფსიქიატრი და ლოგოპედი როგორ გახდით?
– 1965 წელს დავამთავრე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. ლოგოპედიამ თავიდანვე დამაინტერესა და უამრავი ლიტერატურა წავიკითხე. 1977 წელს კი ხარკოვში, ფსიქოთერაპიის 4-თვიან კურსებზე გამგზავნეს. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში გატარებულმა იმ ოთხმა თვემ საბოლოოდ გადამაწყვეტინა, მეტყველების აღდგენაზე მემუშავა და, უკვე წლებია ამაზე ვმუშაობ კიდეც. ჩემი აზრით, ლოგოპედიაში აუცილებელია ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის ჩარევა, იმპროვიზაციის უნარი, თითოეულ ავადმყოფთან ინდივიდუალური მიდგომა და თავისუფალი კონტაქტის დამყარება – აი, სულ ეს არის საჭირო იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიო. ერთი თანამდებობის პირი მოვიდა ჩემთან და მითხრა, უკვე სამი თვეა, საშინელი თავის ტკივილი მაწუხებს, ვერ ვწვები, ვზივარ მთელი ღამე და ისე ვათენებო. დავიწყეთ მკურნალობა და, უნდა გენახათ მისი სახე, როცა მეთერთმეტე სეანსის შემდეგ მოვიდა და მითხრა: ძლივს არ დავიძინე ღამით? არც თავის ტკივილი მაწუხებდა და, მივხვდი, რა ბედნიერება ყოფილა, ბალიშზე თავდადებულს რომ გძინავსო (იცინის).
– თქვენ ერთადერთი ექიმი ხართ, რომელსაც უამრავი გამოგონებაც აქვს სხვადასხვა სფეროში. კერძოდ, რომელი გამოგონებებებია ესენი?
– დიახ, უამრავი გამოგონება მაქვს და მათზე წლებია ვმუშაობ. ისინი რომ პრაქტიკაში დაინერგოს, ვფიქრობ, საკმაოდ შეუმსუბუქდებათ დაავადებულ ადამიანებს ცხოვრება. მაგალითად ასეთია, ზურგის დამჭერი, დამწვრებისთვის სპეციალური საწოლი, მაშველი თვითმფრინავი, ელექტროსტიმულატორი, ტერფის სპეციალური სუპინატორი, ყინულზე სასრიალო სპეციალური ციგურები, ელექტროდები და ასე შემდეგ – რომელი ერთი ჩამოგითვალოთ.