რატომ „ჩაიძირა” თბილისი ნისლში და რა კატასტროფას უქადის ის ქალაქს
თბილისი ეკოლოგიური საფრთხეების წინაშე დგას – სპეციალისტები ამ საფრთხეების შესახებ კატასტროფულ დასკვნებს დებენ. როგორც ჩვენთან საუბარში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების თანათავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე ამბობს, თბილისის ეკოლოგიას მომრავლებული მომაკვდინებელი საფრთხეების გამო, ძალიან მძიმე პერსპექტივა ემუქრება.
ნინო ჩხობაძე: თბილისს ეკოლოგიურ საფრთხეს ბევრი ფაქტორი უქმნის, თუმცა ყველაზე საგანგაშო ამ საფრთხეებს შორის „სმოგია”– ტრანსპორტის გამონაბოლქვის შედეგად ჰაერში მიღებული ემისია. „სმოგში” არსებული მყარი ნაწილაკები ქმნის ბურუსს, რისი ბოლო შემთხვევაც გვქონდა სულ რაღაც ერთი კვირის წინ. ყველას ეგონა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ნისლი, მაგრამ ეს იყო „სხვა” ნისლი – ბურუსი, რომელიც წარმოადგენს მთავარ ეკოლოგიურ და მაბინძურებელს, რომელმაც თუ ხშირი სახე მიიღო, ჩვენ დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. დღეს ქალაქზე მუდმივად არის „სმოგი”, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. 90-იან წლებში, ქალაქის ჰაერი იყო აბსოლუტურად სუფთა. 1995 წელს ვაკეში ჯერ კიდევ დარბოდნენ ციყვები, გამოჩნდნენ ღამურები, რომლებიც მხოლოდ სუფთა გარემოში არიან. საბჭოთა პერიოდის ბოლო წლებშიც გვქონდა „სმოგი”, თუმცა საბჭოთა კავშირის დროს საერთოდ არ ითვლიდნენ ტრანსპორტიდან გამონაბოლქვს. მიაჩნდათ, რომ ეს არ იყო მნიშვნელოვანი. დღეს მთელ მსოფლიოში „სმოგი” ქალაქის მთავარ დამაბინძურებლად მიიჩნევა. ნებისმიერ თბილისელს შეუძლია, ავიდეს დილით მთაწმინდაზე, გადმოხედოს თბილისს და საკუთარი თვალით ნახავს, როგორ არის გახვეული ქალაქი კვამლში. წლების წინ, როცა ჩვენთან აქტიურად მუშაობდა სამრეწველო წარმოება, სწორედ ეს იყო „სმოგის” ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. თუმცა, ახლა წარმოება არ არსებობს და „სმოგი,” ძირითადად ავტომანქანების გამონაბოლქვის შედეგია.
– ეს ხომ ყველა დიდი ქალაქის დამახასიათებელია, როგორ შეიძლება, ავირიდოთ ეს საფრთხე, რატომ ვერ ნიავდება თბილისი?
– ასეთი საფრთხე ჰქონდა ლონდონს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქალაქში ჯერ კიდევ მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებიდან, ბინების გათბობის გამო, საკვამურებიდან გამოსული ბოლი ქალაქს ნისლსა და ნახშირში ხვევდა, საჭირო გახდა გადაუდებელი ზომების მიღება. ყველაზე ადრე გარემოს დაცვითი ინსპექცია შეიქმნა ჰაერის დაცვასთან დაკავშირებით ლონდონში. ჰაერის დაცვის ინსპექტორების სამსახური დღემდე მუშაობს ლონდონში. მძიმე მდგომარეობა ჰქონდა სამოცდაათიან წლებში ტოკიოს. ჩვენ იმ ზღვრამდე ჯერ არ მივსულვართ, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, ალბათ, ბევრი არაფერი დაგვაკლდება. ამ მხრივ ძალიან საინტერესო სურათია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. მაგალითად, ბაქომ და ერევანმა ძალიან ძველი მანქანების მოძრაობა აკრძალეს. თბილისში კი, მგონია, რომ მანქანების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე – მოსახლეობის. ამას ისიც ემატება, რომ ჩვენთან აბსოლუტურად მოუწესრიგებელია სატრანსპორტო მოძრაობა. პიკის საათი დილით რომ იწყება, ლამის საღამომდე გრძელდება. ეს ერთ-ერთი პირველი მომაკვდინებელი ფაქტორია ქალაქისთვის.
ახლა რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ ნიავდება თბილისი. წლების წინ თბილისი ნიავდებოდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქში აშენდა ძალიან ბევრი მაღალსართულიანი შენობა, შეიცვალა ჰაერის ცირკულაცია, ეგრეთ წოდებული ვარდი. ფაქტია, რომ ქალაქი აღარ ნიავდება. ჩვენ გვქონდა ბევრი სარეკრეაციო ზონა, რომელთაგან ძალიან მწირი ნაწილი დაგვრჩა. ვერის ხეობა იძლეოდა ქალაქის განიავების საშუალებას. დღეს ჩვენ იქ გვაქვს ავტომაგისტრალი – დაბინძურების კიდევ ერთი წყარო. ამას დაუმატეთ ვაკის პარკი, იპოდრომი, მზიური, რომელთაც უკვე სულ სხვა სახე აქვთ. წინ უფრო ცუდი „პერსპექტივა” გველის, თუ ქალაქის სწორი დაგეგმარება და ზონირება არ მოხდა. უნდა გადაწყდეს, სად იქნება საცხოვრებელი კორპუსები, სად სხვა ტიპის. სად იქნება სავაჭრო ზონა და სად სხვა დანიშნულების ზონები. ახლა ყველაფერი არეულია – შუა ქალაქშია ეგრეთ წოდებული „ელიავას ბაზრობა”, რაც ქალაქს დიდ პრობლემას უქმნის. რატომ არ შეიძლება, ეს ბაზრობა გადაიტანონ ქალაქის გარეუბანში, ისევე როგორც „ლილოს ბაზრობა”? იმ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, ხელი იმანაც შეუწყო, რომ პრობლემები შეექმნა ქალაქის გარშემო მწვანე საფარის ბუფერულ ზონას. ტყის სარტელი ქმნის თავის მიკროკლიმატს და ხელს უწყობს აერაციას. კოჯრის, წყნეთის ტყეები, რომლებიც გადმოეცა ქალაქის ზონას, სარტყელის სახით ძალიან სჭირდებოდა თბილისს. მაგრამ, დღეს ის ტყეები იჭრება, შენდება სახლები. აბა, ტყეებს ისე ხომ არ „მოვაცდენთ”?
– თბილისის ეკოლოგიისთვის ასევე ცხელი წერტილია მტკვარი. რა მდგომარეობა გვაქვს ამ მიმართულებით?
– მტკვარი თბილისს მართლაც დიდ საფრთხედ ექცა. ჩვენ მტკვარს ვერ ვიყენებთ ინფრასტრუქტუაში. მისი წყალი დაბინძურებულია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საბედნიეროდ, ეს არის წყალუხვი მდინარე კარგი განზავების პროცენტით, რეალური საფრთხის წინაშე ჯერ კიდევ არ ვდგავართ. მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემა, ქალაქის ათი პატარა მდინარე, რომლებიც მტკვარში ჩაედინება, აბინძურებს წყალს – მტკვრისთვის, ფაქტობრივად, კოლექტორებად გადაიქცა. გლდანულას, დიღმულას და ასევე, სხვა მდინარეებს მტკვარში ჩააქვს ნაგავი. ფაქტობრივად, არ იჭმევა მტკვრის თევზი. ასეთ მდგომარეობაში მდინარე არასდროს ყოფილა. მასში არ ხვდებოდა იმდენი ნაგავი, რაც ახლა ხვდება. 20 წლის განმავლობაში, ბევრი რამ დაგროვდა ერთად. საერთოდ არ იწმინდება ქალაქის სანიაღვრე სისტემა, რომელიც მერიას ეკუთვნის. არ არის შესწავლილი ქალაქის მიწისქვეშა წყლები და არავინ არ იცის, რა მდგომარეობაშია ის. თბილისში გვაქვს ექვსამდე მეწყერი, ვაკის, მთაწმინდის, მუხათგვერდის. ეს მეწყერები ასევე დიდი პრობლემაა თბილისისთვის. სანიაღვრე კოლექტორში კანალიზაციის ჩაშვება არ შეიძლება. ოთხი წლის წინ მზიურში აშენებული სახლებიდან კანალიზაცია ჩაედინებოდა სანიაღვრე სისტემაში, სანამ არ გაკეთდა სისტემა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა სახლი, ავტოსამრეცხაო თავის წყალს კოლექტორში ღვრის. ხომ არ მიდის ეს წყალი სანიაღვრე სისტემებში? ამოწმებს ვინმე ამას?
– ჰაერის ინსპექტორებისგან ჯერ ძალიან შორს ვართ, მაგრამ არსებობს გარემოს დაცვის სამინისტრო.
– გარემოს დაცვის სამინისტროს კონტროლი თბილისში თითქმის არ გამოდის. თბილისი არის თვითმმართველი ქალაქი. შესაბამისად, დაგვიგროვდა ძალიან ბევრი პრობლემა. გარემოს დაცვის სააგენტოს მონიტორინგის მონაცემებით, ჰაერის ზეგადაჭარბებული დაბინძურების ნიშნულთან ვდგავართ. უცხოელების კვლევით, არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, ორი წლის წინ თბილისი საცხოვრებლად ყველაზე არასასურველ ქალაქად ჩაითვალა. ალბათ, იცით, რომ თბილისის მოსახლეობაში გაზრდილია ალერგიული და სასუნთქი სისიტემის დაავადებები, სხვადასხვა პათოლოგიები ბავშვებში, რაც ერთ-ერთი ნიშანია იმის, რომ ეკოლოგიური პრობლემების შედეგად წარმოქმნილი საფრთხე უკვე საგანგაშო ზღვარს აღწევს. სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები, რომ თავი ავარიდოთ ამ საფრთხეს. უნდა მოვუფრთხილდეთ იმ სარეკრეაციო ზონებს, რაც ჯერ კიდევ დარჩენილია. უნდა მოხდეს არა სახლების, არამედ სკვერებისა და პარკების განაშენიანება. ძალიან მნიშვნელოვანია ავტომანქანების გამართვა, საწვავის ხარისხი, გზების, სატრანსპორტო მაგისტრალების შექმნა და დაგეგმარება, დაუმთავრებელი მშენებლობების მონიტორინგი. ცოტა ხანში ქალაქი აღმოჩნდება ახალი პრობლემის წინაშე. ამ პრობლემად იქცევა სასმელი წყალი. შემოვლითი რკინიგზის პროექტის გაგრძელება საფრთხედ შეიძლება ექცეს თბილისის ზღვას, რომელიც არ არის ჩვეულებრივი წყლის ავზი. ეს არის ზღვა, რომელიც ამარაგებს თბილისის მოსახლეობის 25 პროცენტს. მასში ერთი წვეთი ნავთობი რომ მოხვდეს, ჩვენ მას ვეღარ გამოვიყენებთ და ძალიან დიდ რესურსს დავკარგავთ. ამაზე სპეციალისტები ვდაობთ. იმ პროექტის მიხედვით, რაც არის მოქმედი რკინიგზა, მაინც წყალგამყოფის აქეთ ხვდება. ამიტომაც ვითხოვთ, ამ პრობლემების გადაწყვეტაში აქტიურად ჩაერთონ სპეციალისტები, რომელთაც ამ მხრივ მუშაობის გამოცდილება აქვთ, რომ როგორმე, თავიდან ავიცილოთ ის ეკოლოგიური საფრთხეები, რომელთა წინაშეც დღეს თბილისი დგას.