როგორ კურნავდნენ ბეთანიელი მამები სნეულებს და როგორ აზიარა სიკვდილის წინ მამა გიორგი (მხეიძე) წმიდა მამა გაბრიელმა
„მამა გიორგი და მამა იოანე ორი ცეცხლოვანი სვეტი იყო ღვთის წინაშე მდგომი საქართველოსთვის და ადამიანის სულის ცხონებისთვის. მამა გიორგი შეუწყვეტელი ლოცვის ძალას ფლობდა, მე თვითონ ჩავაწვინე სამარეში და გულზე სახარება და ჯვარი დავადე. ის უხრწნელი წევს საფლავში – მე ეს კი არ მწამს, არამედ, ვხედავ ამას. გახსენით მისი საფლავი. რა უნდა უხრწნელ მამას მიწაში!” – მამა გაბრიელი (ურგებაძე).
20 თებერვალს მამა გაბრიელის კიდევ ერთი წინასწარმეტყველება ახდა. როგორც ცნობილია, ამ დღეს გაიხსნა ორი დიდი წმიდანის, ბეთანიელი მამების, წმიდა გიორგი (სქემაში იოანე მხეიძე) და წმიდა იოანეს (ვასილ მაისურაძე) საფლავები. თვითმხილველთა თქმით, მამა გაბრიელის სულიერი მოძღვრის, მამა გიორგი-იოანეს სხეული უხრწნელი, ხოლო მამა იოანეს სხეული წმიდა ნაწილების სახით იყო. 22 თებერვალს კი მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნება მცხეთაში (სტატია მომზადებულია 21 თებერვალს, – ავტორი). ხალხში წლების განმავლობაში გავრცელებული იყო მამა გაბრიელის სურვილი, რომ, უწინარეს მისი საფლავის გახსნისა, უნდა გახსნილიყო ბეთანიელი მამების საფლავები, რაც, ასევე, ასრულდა და მორწმუნე ერი უფლის მიერ გამოვლენილი ამ დიდი ნუგეშის თვითმხილველი გახდა.
საბჭოთა პერიოდში, როდესაც ძალიან ბევრი მონასტერი დაიხურა, ბეთანიის მონასტერი იყო ადგილი, სადაც მონასტრული ცხოვრება დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, მანამ, სანამ 1962 წელს ბოლო მამა, მამა გიორგი (მხეიძე) არ გარდაიცვალა. მამა გიორგისა და მამა იოანეს ცხოვრება ბეთანიის მონასტერში ერთმანეთზე იყო გადაჯაჭვული. მამა იოანე (ვასილ მაისურაძე) დაიბადა 1884 წელს, სოფელ ერედვში. პირველად ბეთანიის მონასტერში 12 წლის ასაკში მივიდა და მონასტრის აღდგენაში ეხმარებოდა მღვდელმონაზონ სპირიდონს (კეთილაძე), შემდეგ კი ათონის მთაზე გაემგზავრა, სადაც იოანე ღვთისმეტყველის სავანეში 17 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. მაგრამ, იძულებული გახდა, ათონის მთა დაეტოვებინა და საქართველოში დაბრუნებულიყო, სადაც, ასევე, ძალიან მძიმე სიტუაციაში მოუწია მოღვაწეობა. არმაზის მონასტერში 1921 წლისთვის ორი ბერი იყო დარჩენილიყო – მამა იოანე და ერთი ბერი. ერთ დღეს მონასტერში ორი შეიარაღებული ჩეკისტი მივიდა, რომლებმაც ბერებს უბრძანეს, თან გაჰყოლოდნენ. გზაში, მოულოდნელად, ორივე ბერს ესროლეს და, რაკი დახოცილები ეგონათ, ხევში გადაყარეს. მეორე ძმა მალე მოვიდა გონს და გაჭირვებით მილასლასდა მცხეთამდე. დაუწყეს ძებნა მამა იოანეს და ისიც ცოცხალი იპოვეს. გულ-მკერდის არეში დაჭრილ მამა იოანეს დიდხანს უვლიდნენ სამთავროს მონასტრის დედები. გამოჯანმრთელების შემდეგ წმიდა ბერი ბეთანიაში წავიდა. 1924 წელს კი ბეთანიის მონასტერში მამა გიორგი (მხეიძე) მივიდა. მამა გიორგი დაიბადა რაჭაში, სოფელ კრიხში, 1887 წელს. თავიდან საერო მოღვაწეობას ეწეოდა, პეტერბურგში სწავლობდა. ერთ-ერთი ცნობის თანახმად, ის ცოტა ხანს ილია ჭავჭავაძის პირად მდივნად მუშაობდა. მაგრამ, მოგვიანებით მის ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოხდა და, გადაწყვიტა, უფლის სამსახურში ჩამდგარიყო. ბერად აღკვეცილი მამა გიორგი თავიდან ხირსის მონასტერში მოღვაწეობდა, ბერად მიტროპოლიტ ნაზარს აღუკვეცია. ხირსის მონასტრიდან კომუნისტებმა 1924 წელს ყველა გამოყარეს. მათ მამა გიორგის სანახევროდ გაკრიჭეს წვერი, რის გამოც, სანამ წვერი არ წამოეზარდა, სახეახვეული დადიოდა. მეორედ ასეთი შეურაცხყოფა მას ღვიძლი ძმებისაგან შეხვდა: მათ ძმას ღამით, მძინარეს მოკრიჭეს წვერ-ულვაში. გამოღვიძებულმა, ძმებს მხოლოდ ეს უთხრა – ღმერთი გაგებინებთ პასუხსო. მისმა ერთმა ძმამ თავი მოიკლა, მეორე კი მეუღლესთან ერთად დახვრიტეს. მამა იოანესა და მამა გიორგის ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გააჩნდათ. რადგან მამა გიორგი ფიზიკურად სუსტი იყო და ხშირად ავადმყოფობდა, ამიტომ, მამა იოანე არიდებდა მძიმე სამუშაოს და თვითონ ასრულებდა. მამა გიორგისაც განსაკუთრებულად უყვარდა თავისი სულიერი ძმა. როცა მამა იოანე საავადმყოფოში დაწვა ოპერაციის გასაკეთებლად, შეწუხებული მამა გიორგი წერილებს სწერდა საავადმყოფოში მთავარ ექიმს, მხურვალედ ევედრებოდა, ყველაფერი ეღონათ, რომ მამა იოანე კარგად გამხდარიყო. მამა იოანე კი, თავის მხრივ, იმას წუხდა, როგორ იყო მონასტერში მარტოდ დარჩენილი მამა გიორგი. როდესაც მამა იოანე გარდაიცვალა, აღდგომის დღესასწაულზე ბეთანიაში ასულ მორწმუნეებს, რომლებმაც მამა იოანეს საფლავთან სააღდგომო ტროპარი იგალობეს, მამა გიორგიმ ჰკითხა: „უგალობეთ მამა იოანეს? არ გაგცათ ხმა? აი, მე კი შემეხმიანა. ვახარე: მამაო იოანე, ქრისტე აღსდგა! მან მიპასუხა: ჭეშმარიტად აღსდგა”.
მამა გიორგის წინასწარმეტყველებანი ზედმიწევნით სრულდებოდა. ერთხელ მონასტერში უცნობი ახალგაზრდა კაცი მივიდა. უცებ მამა გიორგიმ სახელით მიმართა, თუმცა, არ იცნობდა. გაოცებულ სტუმარს მამა გიორგიმ უპასუხა: როცა შენ გნათლავდნენ ამა და ამ ეკლესიაში, მეც იქ ვიყავიო. ეს ამბავი კი 30 წლის წინ მომხდარა, როცა ის კაცი ორი თვის ყრმა იყო. ბეთანიელი მამები სნეულებისგანაც კურნავდნენ მონასტერში რწმენით მოსულ ადამიანებს. ერთი კაცი სიყრუისგან განკურნეს: ტაძარში შეიყვანეს და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მისთვის. მამა გიორგის ძმისშვილი ტვინის ანთებით იყო ავად და ექიმებს მისი გამოჯანმრთელების იმედი დაკარგული ჰქონდათ, მაგრამ, წმიდა მამებმა ის ერთი თვით მონასტერში დაიტოვეს და ოჯახს გამოჯანმრთელებული დაუბრუნეს. ერთხელ მონასტერში 20 წლის ქალიშვილი მივიდა, რომელსაც საშინელი თავის ტკივილები აწუხებდა. ვიღაცას ერჩია, ბეთანიის მონასტერში წადი, იქაური წყაროს წყალი განგკურნავსო. ერთი კვირის განმავლობაში დარჩა მონასტერში და სრულად განიკურნა სნეულებისგან, თუმცა, მამები ამ სასწაულებს ყოველთვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მიაწერდნენ – ბეთანიის მონასტერიც ხომ დედა ღვთისმშობლის შობის სახელობისაა, ამიტომაც დაწესდა ამ ორი წმიდა მამის ხსენების დღედ 21 სექტემბერი. ორივე მამას გამოცხადებებიც ჰქონდა. ერთხელ, როდესაც მამა გიორგი ტაძართან იჯდა, წმიდა მოწამე თეკლა გამოეცხადა და ყურძნის მტევანი გაუწოდა, ანუ, ზეციური საჩუქარი მისცა. ერთხელ მამა გიორგის მკერდის არეში აუტანელი ტკივილები ჰქონდა, არაფერმა არ უშველა. უეცრად ღვთისმშობელი გამოეცხადა და განკურნა აუტანელი ტკივილისგან, რაც მან შემდეგ მამა გაბრიელს (ურგებაძე) აუწყა. შემდეგ, როდესაც მძიმედ იყო ავად, თბილისში გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც უთხრა: „შენ უნდა დაბრუნდე მონასტერში.” მართლაც, დაბრუნდა და იქ აღესრულა. მამა გაბრიელი მონასტერში ხშირად უვლიდა მამა გიორგის, მაგრამ, იმ მომენტში სვეტიცხოველში წირვის ჩასატარებლად იყო წასული. ამ დროს მას ხმა ჩაესმა: „სასწრაფოდ წადი ბეთანიაში.” მამა გაბრიელი მაშინვე წავიდა. მამა გიორგის ძალიან გაუხარდა მისი ნახვა: ღვთისმშობელმა უზიარებელი არ გამიშვა ამქვეყნიდანო და მამა გაბრიელს წირვის დაყენება, ზიარება სთხოვა. ეზიარა, შემდეგ კი მამა გაბრიელს სთხოვა, სულის გასვლის ლოცვა წამიკითხეო: „ამისთვის გიხმე შვილო, შენ უნდა ჩაიბარო ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვა და ბოლო კურთხევა“. მამა გაბრიელს თავიდან გასჭირვებია ლოცვის კითხვა – ცრემლები მახრჩობდაო. მამა გიორგის გამოურთმევია და თვითონ დაუწყია კითხვა – მაგრამ, მამა გაბრიელს მორიდებია და ლოცვა გაუგრძელებია. ასე აღესრულა მამა გიორგი. მამა გაბრიელი სთხოვდა: მეც წამიყვანე, ნუ დამტოვებ ამ მშფოთვარე წუთისოფელშიო, მამა გიორგიმ კი მას უწინასწარმეტყველა: შენ უნდა დარჩე, გაიარო რთული გზა, ბევრი განსაცდელი გექნება, შენც არ გაგაჩერებენ მონასტერში, მაგრამ, ნუ გეშინია, მე შენ გვერდით ვიქნები, უფალი არ მიგატოვებსო. მამა გაბრიელი დიდი სიყვარულით იხსენიებდა ორივე წმიდა მამას, მათი ღვაწლის შესახებ ყველას უყვებოდა. ბავშვობიდან გამორჩეულმა მამა გაბრიელიმა თავისი სიცოცხლის განმავლობაში 15 წელი იმათხოვრა, 25 წელი კი სასაფლაოზე იცხოვრა, გამოსცადა ციხეში და საგიჟეთში ყოფნა... მამა გაბრიელი 1995 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვლა. ის პირველია, რომელის დასაფლავებაც ერთგვარ ქადაგებად იქცა. მისი ბევრი წინასწარმეტყველება დღემდე სრულდება, ხოლო გადაცვალებამდე სინჯარაში აღებული მისი სისხლი უხრწნელია და, მისით, ისევე, როგორც მის საფლავთან დანთებული კანდელის ზეთით, ბევრი ადამიანი იკურნება.