კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში მობილური ტელეფონით გავრცელებული ელექტრომაგნიტური ტალღები და როდის არის საშიში სახლის ვაი-ფაი მოდემი ადამიანის ჯანმრთელობისთვის

ორი კვირის წინათ სოციალურ ქსელში გაჩნდა გია კობაურის მოწოდება, რომელიც ინტერნეტის მომხმარებლებს უკაბელო ინტერნეტის გადამცემი მოწყობილობის, ანუ მოდემის მავნებლობის შესახებ აფრთხილებდა. კერძოდ: „უკაბელო ინტერნეტის გადამცემი მოწყობილობა (მოდემი), რომელიც ბევრ თქვენგანს სახლებში გიყენიათ, არის ოცდამეერთე საუკუნის შავი ჭირი, რომლის შემოტანა და გაყიდვაც, წესით, აკრძალული უნდა იყოს სამთავრობო დონეზე. ეს მოწყობილობა 24 საათის განმავლობაში გამოასხივებს მილიონობით მაღალი ძაბვის ელექტრომაგნიტურ მუხტს, რომელიც გროვდება სახლში არსებულ სხვადასხვა ავეჯზე, ინვენტარზე და, საბოლოოდ, თავს იყრის ადამიანის სხეულზე სისხლში არსებული პლაზმის რკინის უჯრედები იმუხტება ელეტრული დენით, რაც იწვევს სისხლის პლაზმის დაშლას, ზურგისა და თავის ტვინის ფუნქციის მოშლას და გულის შეტევებს.“

მეორე მხრივ, აშკარაა, რომ ტექნიკურმა პროგრესმა ოცდამეერთე საუკუნეში არნახულ მასშტაბებს მიაღწია, თუმცა ის, რაც აიოლებს ცხოვრებას და კომფორტს უქმნის ადამიანებს, როგორც წესი, მავნე ზემოქმედებითაც ხასიათდება. ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი, მერაბ ჯიბლაძე განგვიმარტავს, რა საფრთხეს შეიცავს თანამედროვე მოწყობილობები ადამიანის ჯანმრთელობისთვის და თუ არსებობს მათგან თავის დაცვის საშუალებები.

 

– არათუ ტექნიკა, საუკეთესო წამალიც კი, ერთ დაავადებას რომ კურნავს, უამრავ სხვას აჩენს. ის ტექნიკური საშუალებები, რასაც ყოველდღიურად ვიყენებთ, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, ინტერნეტი, რა გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე?

– ტექნიკური პროგრესი, რაც აუცილებელია ოცდამეერთე საუკუნეში, გარკვეულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ავიღოთ მარტივი მაგალითი: რაც უფრო სწრაფად მოძრაობს მანქანა, მით უფრო საშიშია. ურმით რომ გვემოძრავა, უსაფრთხო გადაადგილება გარანტირებული იქნებოდა. ბუნებრივი კანონია: რაც უფრო მაღალია სიჩქარე, მით უფრო კატასტროფულად იზრდება ხიფათი. ასეა ტექნიკური პროგრესიც. სწორედ მეცნიერებმა მისცეს ძალიან დიდი სიკეთე ხალხს, ამიტომაც შეგვიძლია სწრაფად გადაადგილებაც, გვაქვს ტელევიზორი, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, ინტერნეტმა ხომ საერთოდ მთელი დედამიწა დააკავშირა?! ასეთი კომფორტი იწვევს ინფორმაციის დიდი მასივების გადატანის აუცილებლობას, მაგრამ ინფორმაციის რაოდენობა, რომელიც სინათლის სიჩქარით გადააქვს ელექტრომაგნიტურ ტალღას, დამოკიდებულია ამ ტალღის სიხშირეზე. ამიტომ, რაც დიდია ტალღის სიგრძე, მით მეტი ინფორმაციის გადაცემა შეგვიძლია. მაგალითად, თუ ჩვენ გამოვიყენებთ სატელეფონო კავშირისთვის ლაზერებს, რომლის სიხშირეც ძალიან დიდია, მსოფლიოს მთელმა მოსახლეობამ  წყვილ-წყვილად რომ ილაპარაკოს ერთდროულად, ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან. როდესაც საქმე მივიდა მობილურ ტელეფონამდე, რასაკვირველია, დადგა სიხშირის გაზრდის პრობლემა, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ის სიხშირე, რომელიც დღეს მობილურ ტელეფონებშია, დაახლოებით, 2 გიგაჰერცია, ანუ 2 მილიარდი ჰერცი და სახიფათოა იმდენად, რამდენადაც ადამიანის ორგანიზმში იმავე სიხშირის ულტრაბგერას აღძრავს.

– სად მიდის შემდეგ ის სიხშირე? რად გარდაიქმნება?

– ჩვენს ორგანიზმშია ეს ულტრაბგერა. მობილურ ტელეფონში ინფორმაცია გადაიცემა ელექტრომაგნიტური ტალღით. ელექტრომაგნიტური ტალღა ნიშნავს, რომ მე მაქვს ელექტრული და მაგნიტური ველები, რომელიც ვრცელდება სინათლის სიჩქარით. ეს ელექტრული ველი მოქმედებს ნებისმიერ ატომზე, მოლეკულაზე.

– რისგანაც შედგება ჩვენი ორგანიზმიც?

– დიახ. ამის გამო მოლეკულა იწყებს რხევას და ეს რხევა გაძლევთ ბგერას, მაგრამ ამ ბგერის სიხშირე იგივეა, რაც ელექტრომაგნიტური ტალღის სიხშირე, ანუ ორი მილიარდი ჰერცი, ამის გამო მოლეკულები, დნმ-ისა თუ რნმ-ის, იწყებენ ძალიან დიდ რხევებს და ამან შეიძლება, დაშალოს ის. შესაბამისად, უჯრედი შეიძლება, გარდაიქმნას კიბოს უჯრედად ან როდესაც უჯრედის რხევა დიდია და მისი მოცულობა და ფორმა 5 პროცენტით შეიცვლება, ის უჯრედი შეიძლება, მოკვდეს. ეს ხიფათი არის და ეს ცნობილია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. როდესაც განვითარდა რადარების სისტემა, სიზუსტისთვის საჭირო იყო მაღალი სიხშირის გამოყენება. დახურულ ორგანიზაციებში იკვლევდნენ, თუ როგორ იმოქმედებდა მომსახურე პერსონალზე ეს მაღალი სიხშირეები. საბჭოთა კავშირის დროს სისტემები, სადაც გამოიყენებოდა მაღალი სიხშირეები, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო და ზიანის ასანაზღაურებლად დამლაგებელიც კი იღებდა რძესა და დანამატს ხელფასზე.

– რძე შველის?

– რატომღაც ყველას გვაძლევდნენ რძეს უფასოდ… მაშინ დასაშვები სიმძლავრის ნაკადის ზღვრული ნორმა იყო ერთი მიკროვატი სანტიმეტრ კვადრატზე.

– ახლა რამდენია ჩვენს მობილურ ტელეფონებში ნაკადის სიხშირე?

– ახლა ევროკავშირმა და საქართველომაც მიიღო 10-ჯერ მეტი დასაშვები სიმძლავრე, ანუ 10 მიკროვატი სანტიმეტრ კვადრატზე: მობილულ ტელეფონებს დასჭირდათ სიმძლავრის გაზრდა. ეს დასაშვებია, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დასაშვებ ნორმას ძალიან ხშირად აჭარბებენ, რადგან მობილური ოპერატორების ხელშია სიმძლავრის გაზრდა. თუ გაზრდიან სიმძლავრეს, მათთვის უკეთესია, რადგან ნაკლები ანტენები დასჭირდებათ. ფაქტობრივად, მილიონებს იღებენ იმით, რომ გაზარდეს სიმძლავრე. ეს მოვლენა საშიშია იმ ქვეყნებისთვის, რომლებშიც ამ სიხშირეების კონტროლის არანაირი მექანიზმი არ არსებობს.

– ეჭვი მაქვს, ჩვენ სწორედ ასეთ ქვეყნებს მივეკუთვნებით. 

– ჩვენთან, ფაქტობრივად, არანაირი კონტროლი არ არსებობს. მოხდა ისე, რომ შარშან ჩემს სახლთან დაგვიდგეს „მაგთის“ ძალიან მძლავრი სადგური –  200-ვატიანი. ერთი წლის განმავლობაში ვიარე, ვწერე წერილება, რომ ეს არ შეიძლება, რადგან ევროპაში დაშვებულია 20-ვატიანი სადგურები. გარემოს დაცვის სამინისტრომ გამოაგზავნა წარმომადგენელი, რომელმაც გაზომა და დაადგინა, რომ ზოგან სიხშირე ზღვარს ქვემოთაა, ზოგან –  ზღვარს ზემოთ. მაგალითად, სახლის აივნებსა და სამზარეულოებშიც კი 15 ვატია, 10-ის ნაცვლად. ეს ერთი გაზომვაც მოწმობს, რომ საქმე ცუდადაა, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში უნდა გაიზომოს, რომ ინახოს მაქსიმალური სიმძალავრე. „მაგთი“ ამბობს: მიჩივლეთო, არადა, სასამართლოსთვის მიმართვას ფული სჭირდება. ასევე, ის აპარატურაც ფული ღირს, რომლითაც უნდა გაიზომოს სიხშირე. ბუნებრივია, ამას მოსახლეობა საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს. თბილისში უნდა ჩატარდეს მონიტორინგი, რომ ვიცოდეთ, სად რა მდგომარეობაა.

– მობილური ოპერატორების ანტენები დამონტაჟებულია სკოლებთან, ბაღებთანაც.

– დიახ და მონიტორინგი აუცილებელია. როდესაც ეკოლოგიაზე ვლაპარაკობთ, უპირველესად, უნდა შევამოწმოთ ელექტრომაგნიტური ტალღების სიმძლავრე მთელ ქალაქში. თქვენ შეიძლება, არც იცოდეთ, რომ თქვენ გვერდით არის რაღაც ანტენა, რომელიც ზიანს გაყენებთ. ევროპაში, ამერიკასა თუ ისრაელში, სადაც ხალხი, ამ მხრივ, უფრო განათლებულია, ხშირადაა გამოსვლები, ადამიანები ანტენებს უბრალოდ ამსხვრევენ, თუ საცხოვრებლთან ახლოს დგას და მათ აქვთ საშუალება, გააზომინონ სიხშირე. ჩვენთან ამის საშუალება არ არის. შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან ჩამორჩენილი ქვეყანა ვართ. 90-ანი წლებიდან მოყოლებული ისე ჩავატარეთ განათლების რეფორმა, რომ გავაუქმეთ საშუალო სკოლა და შევქმენით საჯარო სკოლები. სხვათა შორის, საჯარო სკოლა ამერიკაში შექმნილია გონებასუსტი ბავშვებისთვის. გადაშალეთ ჩვენი სკოლის სახელმძღვანელოები: წერია სისულელეები და დაბეჭდილია დიდი, ფერად-ფერადი სურათები. შეიძლება, მეათე კლასის სახელმძღვანელოში გვერდის მეოთხედი ეჭიროს სურათს, რომელზეც გადაღებულია გაზქურა და ქვემოთ აწერია: „ბუნებრივი აირი იწვის“. ვის ეუბნები ამას, მეათეკლასელს?! ჩვენთან განათლების რეფორმა ჩაატარა ამერიკულმა ფირმამ, რომელმაც იგივე პროექტი განახორციელა ტანზანიაში. ჩვენი სასკოლო სახელმძღვანელოები ნათარგმნია სახელმძღვანელოებიდან გონებასუსტი ბავშვებისთვის. ჩვენ უმაღლეს სასწავლებლებში ვიღებთ სტუდენტებს, რომლებსაც ის ცოდნაც არ აქვთ, რაც კომუნისტების დროს მერვეკლასელს ჰქონდა და ამ ფონზე, როგორ გინდა, გამოზარდო ექიმი და ინჟინერი?! მშობლებს ჰგონიათ, თუ მათი შვილი ბაკალავრიატს ამთავრებს, უმაღლესს ამთავრებს. არადა, ჩვენი ბაკალავრიატი, ფაქტობრივად, ტექნიკუმის დონეა. ლექციებს პრინციპულად არ ვკითხულობ, იმიტომ რომ, დღეს სტუდენტებს ლექცია უნდა წავუკითხო სკოლის მოსწავლეების დონეზე და შემდეგ უცოდინარობაში დავუწერო ნიშანი, რასაც ვერ გავაკეთებ. ამიტომ უარი ვთქვი ლექციებსა და კონკურსებზე და გადავერთე სახელმძღვანელოების შექმნაზე.

– ისევ ჩვენი საუბრის ძირითად თემას დავუბრუნდები: რაც უფრო მეტი ფუნქცია აქვს მობილურ ტელეფონს, უფრო მავნეა?

– ამას არ აქვს მნიშვნელობა.

– ბრძანეთ, რომ ელექტრომაგნიტური ტალღის სიხშირე, რითაც მობილურ ტელეფონში ხმა თუ გამოსახულება გადაიცემა, ახდენს გავლენას დნმ-ზე. შეიძლება, შეცვალოს გენეტიკური კოდი?

– შლის დნმ-ს და როდესაც ის იშლება, თითოეული ნაწილი თვითონ იწყებს დაყოფას და დნმ კვდება. სწორედ ეს არის კიბოს სტრუქტურა. განსაკუთრებთი საშიშია თავის კიბოს განვითარების თვალსაზრისით. მნიშვნელობა აქვს იმ მომენტს, როდესაც თქვენ რეკავთ, ანუ, როდესაც სიგნალი ეძებს მას, ვისაც უკავშირდებით და როდესაც საუბრობთ. თუ ტელეფონი გამორთულია, ან არ იყენებთ მას, დიდ ზემოქმედებას არ ახდენს, იმიტომ რომ, ენერგიას არ ხარჯავს. რჩევა ის იქნება, რომ დიდხანს არ ილაპარაკოთ მობილური ტელეფონით და შეეცადეთ საუბრისას გამოიყენოთ ხმამაღლა მოლაპარაკე, რომ ტელეფონი უშუალოდ არ ეხებოდეს ყურს.

– დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მოსაზრებამ, რომ ვაი-ფაის მოდემები, რომლებიც სახლებში გვაქვს, იწვევს დამანგრეველ შედეგებს ადამიანის ორგანიზმისთვის. ეთანხმებით?

– ვაი-ფაის მოდემი ხომ სადღაც დევს და უშუალო შეხება არ აქვს ჩვენს სხეულთან?! მე არ ვიცი, რა სიმძლავრით მუშაობს ვაი-ფაი, მაგრამ არ უნდა იყოს დიდი სიმძლავრე, იმიტომ რომ მისი მოქმედების არეალი ლოკალურია, 30-50 მეტრი. ამდენად, ის არ უნდა იყოს საშიში, მაშინ, როდესაც მობილურ ტელეფონთან დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ ელექტრომაგნიტური ველი, რომელიც არსებობს ქვეყანაში. ვიმეორებ: ვაი-ფაის ზიანი მობილურ ტელეფონთან შედარებითაა არაფერი, თორემ ადამიანის ორგანიზმს მეტ-ნაკლებ ზიანს ნებისმიერი ულტრაბგერა აყენებს. მე ბევრი ვილაპარაკე მობილურ ტელეფონებზე, იმიტომ რომ, მათი გამოსხივება ვატია. ხოლო ის, რაც ჩვენამდე მოდის, საშიში არ არის, თუ, მაინცდამაინც, თავზე არ დაგიდგეს დიდი გადამცემი. ვიმეორებ: მონიტორინგი უნდა ჩატარდეს არსებულ ელექტრომაგნიტურ ველებზე და დადგინდეს, არის თუ არა მათი სიხშირე 10 მიკროვატ სანტიმეტრ კვადრატზე მეტი და მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მობილური ტელეფონით საუბარი ძალიან ცუდია. 10 წლის წინათ მეგობარმა მაჩვენა იაპონური ჟურნალი, რომელშიც დაბეჭდილი იყო, ჩემი აზრით, დაკვეთილი სტატია მობილური ოპერატორების დაცვის მიზნით და პირიქით გამოუვიდათ. იაპონელებს გაუზომავთ, რომ მობილური ტელეფონით 20-წუთიანი საუბრის შემდეგ, ლოყის არის ტემპერატურა ნახევარი გრადუსით იზრდება. იქვე ეწერა: ნახევარი გრადუსი არაფერი არ არისო, მაგრამ მთავარი ისაა, რამ გამოიწვია ნახევარი გრადუსით ტემპერატურის მომატება. ის გამოიწვია იმ რხევამ, რომელიც ანგრევს ყველაფერს. ესე იგი, უნდოდათ დაეცვათ მობილური ოპერატორები და პირიქით გამოუვიდათ.

– რა არის ელექტრომაგნიტური ტალღების გამოწვევის წყარო ჩვენს ყოველდღიურობაში? 

– ძალიან ბევრი წყაროა, თუნდაც, მაღალი ვოლტის გადამცემი ხაზები, სხვადასხვა დანადგარები, სატელევიზიო ანძა, საიდუმლო სამსახურების კავშირები… ტექნიკურ პროგრესს ბევრი მიზეზი აქვს საიმისოდ, რომ დანაგვიანდეს ელექტრომაგნიტური ველი.

– ტელევიზიით გვაფრთხილებენ მაგნიტური ქარიშხლების შესახებ, რომლებიც მზეზე ამოფრქვევას უკავშირდება. მართლაც, ასე დამანგრევლად მოქმედებს მზის ელექტრომაგნიტური ველი ორგანიზმზე?

–  მაგნიტურ ქარიშხლებზე აჟიოტაჟი სრული სისულელეა. მზეზე მომხდარი ყველაზე დიდი მაგნიტური ქარიშხლის დროსაც კი, დედამიწის მაგნიტურ ველამდე ერთი პროცენტიც ვერ აღწევს. მზეზე წამში მილიარდობით აფეთქება ხდება. ვთქვათ, ერთ-ერთი აფეთქებისას მოსწყდა პლაზმა და წამოვიდა ჩვენკენ. ჯერ ერთი, ისეთი ტრაექტორიით უნდა წამოვიდეს იქიდან, რომ ჩვენამდე მოაღწიოს –  სწორ ხაზზე ხომ არ მოძრაობს?! მეორე –  დედამიწამდე მოსაღწევად სჭირდება, დაახლოებით, 4 დღე. 4 დღის შემდეგ, როდესაც ეს პლაზმა მოვა ჩვენამდე, ჩვენ ვიგრძნობთ, რომ მაგნიტური ველი შეიცვალა მეათედი პროცენტით. მაგრამ ერთი თვით ადრე რა იცი, რომ ამა და ამ რიცხვში მოწყდება პლაზმა მზეს და, მაინცდამაინც, დედამიწისკენ წამოვა?!

– თუმცა ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებსაც წინასწარ აფრთხილებენ, ამა და ამ რიცხვში მაგნიტური ქარიშხალი იქნება და გულ-სისხლძარღვებს გაუფრთხილდითო, თავს მართლაც ცუდად გრძნობებ იმ დღეებში.

– იგრძნობენ, თუ წინასწარ ეტყვი, რომ მაგნიტური ქარიშხალი საშიშია და ის დაიჯერებს. არადა, ვიმეორებ, ამის პროგნოზირება შეუძლებელია ერთი წამით ადრეც კი. ამიტომ არ შეიძლება, მოსახლეობას უთხრა, 28 რიცხვში მაგნიტური ქარიშხალი იქნება და შეიძლება, ცუდად გახდეთო, რადგან შეიძლება, მართლაც ცუდად გახდნენ. ეს ფსიქიკაზე ზემოქმედების ერთ-ერთი მეთოდია.

 

скачать dle 11.3