„საქართველოს ბანკი“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად პირველ საგრანტო კონკურსს აცხადებს
„საქართველოს ბანკი” სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში წელს 2,3 მილიონ ლარს გამოყოფს
„საქართველოს ბანკი“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად პირველ საგრანტო კონკურსს აცხადებს, რომელსაც „საქართველოს ბანკის” მომავლის ფონდი” განახორციელებს. ამის შესახებ „საქართველოს ბანკის” სათავო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და სხვა შესაბამის დაწესებულებებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა საკითხებზე მუშაობენ. პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში „საქართველოს ბანკის” მომავლის ფონდი“ 250 000 ლარის დაფინანსებას გამოყოფს. თითოეული გრანტის მოცულობა 25 000 ლარამდე განისაზღვრება. „საქართველოს ბანკის” მომავლის ფონდის“ ცნობით, საკონკურსო განაცხადების მიღება მოხდება 18 თებერვლიდან 28 თებერვლის 17:00 საათამდე, რისთვისაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გაგზავნონ ელფოსტაზე: grants@bog.ge კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური 2014 წლის 10 მარტს გამოავლენს. გამარჯვებული პროექტების განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს „საქართველოს ბანკის” მომავლის ფონდი“. „საქართველოს ბანკი“ „საქართველოს ბანკის” მომავლის ფონდში“ 2 მილიონ ლარზე მეტს გადარიცხავს, რომლიდანაც 1 მილიონი ლარი სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან დაკავშირებულ პროექტებს მოხმარდება. კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და სხვა დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე: www.foundation.ge კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ასევე, შეუძლიათ, დაუკავშირდნენ „საქართველოს ბანკის” მომავლის ფონდს,“ ნომერზე: 2-444-493.
გრანტის სახით გამოყოფილი თანხები მოხმარდება ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო და ინტეგრაციაზე მიმართულ პროექტებს. პარალელურად, მოხდება „საქართველოს ბანკის” სერვისცენტრების ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. საწყის ეტაპზე ბანკის თბილისის 14 საკვანძო სერვისცენტრი აღიჭურვება პანდუსებითა და ელექტროკარით, რისთვისაც ბანკი დამატებით გამოყოფს 180 000 ლარს; მომავალში კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება საქართველოს მასშტაბით 100-მდე სერვისცენტრი.
„საქართველოს ბანკის” მენეჯმენტის განცხადების თანახმად, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „საქართველოს ბანკი” იწყებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მხარდაჭერაზე მიმართული 1 მილიონი ლარის მოცულობის ინიციატივის განხორციელებას. ეს არის საქართველოსთვის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მსხვილი დონორის რანგში ადგილობრივი კერძო კომპანია გამოდის. დარწმუნებული ვართ, როგორც ქვეყანაში ყველაზე მსხვილ კერძო კომპანიას, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეგვიძლია საზოგადოებისთვის ყველაზე აქტუალური საკითხების გადაჭრაში. შეგახსენებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მხარდაჭერა არის „საქართველოს ბანკის” 2,3 მილიონი ლარის მოცულობის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ნაწილი.
„საქართველოს ბანკის” მომავლის ფონდი“ 2008 წელს დაარსდა. ფონდის პრიორიტეტების გადახედვა პერიოდულად ხდება, რათა მოიცვას საზოგადოების ყველაზე აქტუალური სოციალური თემები. პრესკონფერენციას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათი თქმით, ძალიან კარგია, რომ „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები ყურადღებას იჩენენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ. „კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ პოლიტიკურ მიმართულებათა პროგრამების მენეჯერი რატი იონათამიშვილი აღფრთოვანებულია, რომ „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისში ადაპტირებული გარემოა შექმნილი. მან ირაკლი გილაურს მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ ბანკმა „უპრეცედენტო პასუხისმგებლობა გამოავლინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზრდილების მიმართ. ამ ფონზე რატი იონათამიშვილი დარწმუნებულია, რომ მომავალი წელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, გარდამტეხი იქნება.
თორნიკე გურული („საქართველოს ბანკის” მომავლის ფონდის“ დირექტორი): საკონკურსოდ წარდგენილი პროექტები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის, საგანმანათლებლო აქტივობისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობისკენ უნდა იყოს მიმართული. ასეთ ბავშვებს ინფრასტრუქტურის მოწყობაში, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სტიგმის დაძლევაში დავეხმარებით. საკონკურსო განცხადებები 18-დან 28 თებერვლის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებულ პროექტებს შესაბამისი სფეროს ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური 10 მარტს გამოავლენს. თითო პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა 6 თვეა, თუმცა, შესაძლებელია, იყოს 1 და 2-თვიანი პროექტებიც. ერთსა და იმავე ორგანიზაციას სამი პროექტის წარდგენაც შეუძლია. თითო პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა დაახლოებით 25 000 ლარია. გამარჯვებული პროექტების შესრულებას მონიტორინგს „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ გაუწევს. „საქართველოს ბანკის“ ახალი ინიციატივა კიდევ ერთი წინ გადადგმული წარმატებული ნაბიჯია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.