როგორ აქეიფა ნიაზ დიასამიძემ ვერელი „შანტრაბა“ „ობლებში“ მუქთად
იყო დრო, ვერა რომ ვერობდა. თუმცა, მაშინ რუსთაველიც რუსთაველობდა, პლეხანოვიც პლეხანოვობდა და ნახალოვკა – ნახალოვკობდა.
ნიაზ დიასამიძე ვერის მშვენება და ძმაკაცების სული და გული. ქართლოს კასრაძე – მისი განუყრელ-განუყოფელი ძმა და მეგობარი, მოგვიანებით – ნოდარა (დუმბაძე), ზაურა (ბოლქვაძე), ლორთქია და ასე შემდეგ... მოკლედ, თბილისი პატარა, კოპწია და კოხტა საძმაკაცო იყო. ძმაკაცური ტრადიციების ღირსეულ დამცველებს მუდამ აკლდათ ერთი რამ – საქეიფო ფული.
იმხანად ვერაზე ერთი კარგი პურისსაჭმელი დაწესებულება იყო – „ობლები“.
ისტორია ამ სახელწოდების შესახებ გარკვეულად არაფერს გვეუბნება, მაგრამ, მაშინ შეარქვეს ბიჭებმა – ალბათ, ასე იყო საჭირო.
კარგ პურისმჭამელ შანტრაბას კი „რჩენა“ უნდოდა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მოქეიფე დარდიმანდებს ხან რა შანსი გამოუჩნდებოდათ, ხან – რა და უკმაყოფილონი სახლში არასდროს წასულან, ღმერთი, ბედი და ყისმათი ყოველთვის მათ მხარეს იყო.
კარგი მოშუადღევებულია... შანტრაბა ვარიანტს ეძებს.
– ვიცი! – თქვა მოულოდნელად ნიაზ დიასამიძემ – იუმორის ამ უბადლო ოსტატმა.
– რა? – დაინტერესდნენ ქეიფის საღერღელაშლილი ამფსონები.
– მელიქო!
– რა მელიქო?
– „ობლები“! „ობლების“ ოფიციანტი!
– შენც თქვი, რა!.. მაგისი 120 მანეთი ვალი გვაქვს, რაღას გვენდობა!..
მელიქო ერთი წუწურაქი ვინმე გახლდათ. ბიჭებს რომ აქეიფებდა, 20 პროცენტსაც წაუმატებდა ხოლმე.
– მოიცათ, მაგ წურბელას მე მოვუვლი! – დაიქადნა ნიაზმა.
ნელ-ნელა, თბილისურ-ვერულად, ათრეული ნაბიჯებით მიჰყვნენ ქეიფსმოწყურებული ამფსონები წინ მიმავალ ნიაზს.
ამ „ევროპულ“ სასადილოში თუ რესტორანში სიიაფის გამო მუდამ ხალხმრავლობა იყო. კუთხეში კი გაბწკრიალებული, თეთრსუფრაგადაფარებული მაგიდა იდგა ხელშეუხებლად (მდიდარი მუშტრისთვის).
– მელიქოჯან! ერთი 8 ბოთლი, თავისი მოწყობილობით! – შეაპარა ნიაზმა.
– აპა-პა-პა!!! ჯერ ვალი მომიტანეთ, გენაცვათ! – გაასავსავა ხელები ოფიციანტმა, – ჯერ ძველი... ჰაა! ეგრე სად არი, ძმაოჯან!!!
– იქნება, მელიქოჯან, იქნება!
– არაა!
ნიაზმა უკანდახევა არ იცოდა:
– მელიქოჯან, ფოკუსი გასწავლო?
– ფოკუზს ახლა შენ უჟე მიკეთებ!
– არა, მაიცა... ხო გინდა? (იცოდა ნიაზმა მელიქოს სისუსტე – ფოკუსები ევასებოდა).
– ვთქვათ, მინდა... მერე?
– ინგლისელმა ცირკაჩმა მასწავლა, ტო! – გაამძაფრა სიტუაცია ნიაზმა, – ჰამაც, გასწავლი. მაგარი რამეა, ჩემმა მზემ.
მელიქო დაინტრიგდა:
– ჰა, მაინც, რა?
– შენ ახლა 8 ბოთლი, რა, თავისი რამეებით... მერე გასწავლი. აქ არ ვარ, კაცო?!
– ფოკუსი რაშია? – წამოეგო ცირკის ღიპიანი თაყვანისმცემელი.
– აი, მაგარი სამთავრობო მაგიდა როა, გადააძრე სუფრა და ოთხად გაკეცე...
– ვაა, მერე?! – ხელები დაიფშვნიტა ოფიციანტმა და მარცხენა ყური გაეზარდა...
– მერე კუთხეები მაკრატლით – ხომ გაქვს? – მიაჭერი და მე გავამთელებ...
– რა მაგარი ხარ... ვაიდა, ვერ გაამთელო? თანაც, წუხელ მაგრად ვივახშმე, – არ დაიბნა მელიქო და ცნობილი ეპიზოდი გაიხსენა „ბაში-აჩუკიდან“.
– შენ მიდი... აქ არ ვარ? არ გვიცნობ თუ რა?! მიდი, ჰაა, მაიტა სუფრა!
მელიქოს ცირკის სიყვარულმა სძლია. დაითრია სუფრა და, რაც ნიაზმა უთხრა, ზედმიწევნით გულმოდგინედ შეასრულა: სუფრა აიღო, გაკეცა, მაკრატლით მიადგა და დედა უტირა – მოჭრა და მოჭრა.
– ახლა გაამთელე! – ეუბნება ნიაზს...
– ვა, შენ რა მაგარი ხარ... ჯერ გვიკისრე, ტო... ეგრე სადაა, ეეე!
ხუთ წუთში სუფრა გაიშალა. გვიანამდე გრიალებდნენ ბიჭები.
ყოველ ოც წუთში მელიქო მოქეიფეებს მოაკითხავდა:
– ვა, ნიაზჯან... შენ ეხლა რამე შარში არ გამხვიო, ტო!
– აბა, გეკადრება?
– სუფრა უჯრაში მაქვს, დაჭრილი, რამე... ხომ გაამთელებ? მთავრობა რომ მოვიდეს, ეგაა, ჩავიჭრები, რა, ნიაზჯან! დამღუპავთ, ბოზი ვიყო!
– ფიქრი ნუ გაქვს... ბოზი მაინც ხარ... მა ქალიშვილი ხო არა?! – გაუადვილა...
ღამის პირველ საათზე, ბიჭები რომ ჯგუფურად ეხვევიან ერთმანეთს, მელიქომ დანაკუწებული „სტოლსაფარი“ მოიტანა.
– გამიმთელე ახლა, რა, ნიაზ, ძმაო... პირობა პირობაა...
– ოოხ! – მოულოდნელად დასერიოზულდა დიასამიძე, – ეს ინგლისელი ცირკაჩები, ვაბშე, სანდოები არ არიან, ტო!
– ვა, მითომ რატომ? – გადაირია ავის მოლოდინში ოფიციანტი.
– სუფრის დაჭრა მასწავლა, გამთელება კი იმასაც დაავიწყდა და მეც, ტო! მაგრამ, შენ ნუ გეშინია, ვერცხლის ქუჩაზე პარტნოი ამირანას ვიცნობ, ერთი 8 ბოთლიც იკისრე და ისე გაკერავს, ვაბშე არ შეეტყობა...
...ხვალ რა მოვიფიქროთ?! – ეკითხება ნიაზას აბანცალებული ქართლოსა. მელიქო იქვე ჩაიკეცა...