კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვდარი ვერსია

ნიკა სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა მანქანას, რომელიც ნანას სახლიდან ასიოდე მეტრში იდგა, კარი გააღო და დოდოს გვერდით დაჯდა.

– მაპატიე, თუ მოგაცდინე, – ღიმილით თქვა ქალმა და ლოყაზე აკოცა.

– არაფერია, – უპასუხა ნიკამ, – რა მოხდა?

– გზადაგზა ვილაპარაკოთ, – თქვა დოდომ და მანქანა ადგილიდან დაძრა.

რამდენიმე გზაჯვარედინი უხმოდ მოიტოვეს უკან.

– სად მივდივართ? – იკითხა ნიკამ, როდესაც მანქანა მტკვრის სანაპიროსკენ დაეშვა.

– რა გეგმები გაქვს დღეს?

– პრინციპში, არავითარი.

– შეგიძლია, ეს საღამო მე დამითმო? – ჰკითხა დოდომ.

– ამისთვის დამირეკე?

– მხოლოდ ამისთვის არა, – დოდომ პაუზა გააკეთა და შემდეგ დაამატა, – დავიღალე. არ მეგონა თუ ის ვიგინდარა ასე გამომფიტავდა.

– ისევ დაგირეკა?

– დამირეკა ის სიტყვა არ არის. ის განუწყვეტლივ რეკავს. საათში რამდენჯერმე, – უპასუხა დოდომ.

– ჩაიწერე?

– რა უნდა ჩამეწერა? ერთი სიტყვაც არ უთქვამს, უბრალოდ, რეკავს და დუმს. ყურმილში მხოლოდ მისი სუნთქვა ისმის. საძაგელი შეგრძნებაა. ყურში მისი ხიხინი ჩამესმის და მეჩვენება, რომ ის მართლაც ჩემ გვერდითაა და ასეც არის. არ ვიცი, როგორ, მაგრამ, მან ზუსტად იცის, როდის ვარ მარტო. არასდროს დაურეკავს მაშინ, როცა ვინმესთან ერთად ვარ.

– სასწრაფოდ უნდა მოველაპარაკოთ ზურაბს, – თქვა ნიკამ.

– არა, – თავი გააქნია დოდომ, – არ მაქვს იმის იმედი, რომ პოლიცია თავს გაართმევს ამ საქმეს. ზურაბი რამდენიმე თვეა, ადგილზე იტკეპნება. მე არ ვარ საქმის დეტალებში ჩახედული, მაგრამ, ვხვდები, რომ თქვენ ძიებაში საერთოდ ვერ წაიწიეთ წინ. სავარაუდო ეჭვმიტანილიც კი არ გყავთ. მართალი ვარ თუ არა?

ნიკამ დუმილით უპასუხა.

– მართალი ვარ, – განაგრძო დოდომ, – ზურაბი ფაქტების აღრიცხვით არის დაკავებული და სულაც არ მსურს მის სტატისტიკაში მოხვედრა!.. მეტის მოთმენა აღარ შემიძლია! ტელეფონის ყოველ ზარზე ლამის ისტერიკა მემართება... ნომრის შეცვლა დავაპირე, თუმცა, შემდეგ გადავიფიქრე. შეიძლება, ეს სიგიჟედ მოგეჩვენოს, მაგრამ, იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, იმ არაკაცის ალაპარაკებასა და შეხვედრაზე დათანხმებას შევძლებ.

– შეხვედრაზე?! – გაოცებით გახედა ნიკამ, – შენ რა, მართლა აპირებ მასთან შეხვედრას?!

პასუხად დოდომ ქურთუკის კალთა გვერდზე გადაიწია და ქამარზე მორგებული პისტოლეტი დაანახვა.

– ეს უკვე ნამეტანია! – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ნიკამ.

– ნამეტანი?! – გაიკვირვა დოდომ, – შენ ნამეტანი გეჩვენება ის, რომ მე თავის დაცვას ვცდილობ?!

– ეს თავის დაცვა კი არა, ცეცხლთან თამაშია! მე უკვე გითხარი, რომ დღესვე მოველაპარაკები ზურაბს და, თუ საჭირო გახდა, უფრო შორსაც წავალ!

– თავად თუ გჯერა იმის, რასაც ლაპარაკობ?

– რას გულისხმობ?

– შემ ფიქრობ, რომ მე დაცვის პოლიციის მეთვალყურეობა დამამშვიდებს?! – ჰკითხა დოდომ.

– მთავარი შენი უსაფრთხოებაა. მგონი, ღირს ამისთვის რაღაც-რაღაცეების მოთმენა!

– ძალიან გთხოვ, ნუ ვილაპარაკებთ ლოზუნგებით. მე ნანა არ ვარ, რომელსაც ფანჯარასთან მიახლოება და ფარდის გაწევაც კი აშინებს. მე არ მეშინია იმ ნაბიჭვრის, უბრალოდ, ჩემი უსუსურობა მაღიზიანებს. ვიღაც მტაცებელივით მიტრიალებს გარშემო, შეუმჩნევლად მითვალთვალებს, ცდილობს, წონასწორობიდან გამომიყვანოს და, მთელი ამ დროის განმავლობაში მე მისი ვინაობა ვერ გავარკვიე. კმარა! ეს ჩემი პირადი საქმეა და მე თვითონ მოვაგვარებ ყველაფერს!

საუბარში გართულმა ნიკამ მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ მანქანამ უკან მოიტოვა ქალაქი და მცხეთის მიმართულებით განაგრძო მოძრაობა.

– სად მივდივართ? – ჰკითხა მან დოდოს.

– მე გკითხე: შეგიძლია თუ – არა დამითმო ეს საღამო?

– რა თქმა უნდა, – უპასუხა ნიკამ, – მაგრამ, უნდა ვიცოდე, რა გაქვს ჩაფიქრებული.

– საშინელს არაფერს შემოგთავაზებ, – გაეღიმა დოდოს, – არც ჩვენს იდუმალ მკვლელზე ნადირობას და არც რამე ისეთს, რისთვისაც ძალების განსაკუთრებულად დაძაბვა მოგიწევს!

– მაინც?

– რამდენიმე საათით დავივიწყოთ ყველა უსიამოვნება და, უბრალოდ, დავისვენოთ. რამე გაქვს ამის საწინააღმდეგო? – უპასუხა დოდომ.

– თბილისიდან გამგზავრება გადაიფიქრე? – ჰკითხა ნიკამ.

– ასე მალე მოგაბეზრე თავი? – ირონიით თქვა დოდომ.

ნიკამ უკმაყოფილოდ გახედა.

– შენთვის თუ არ გინდა, ჩემთვის მაინც გააკეთე ეს, – განაგრძო დოდომ, – შეგახსენებ, რომ ამ მდგომარეობაში სწორედ შენი და ზურაბის დამსახურებით აღმოვჩნდი. ასე რომ, ჩემთან ვალში ხარ!

– ეს კი არ უნდა გეთქვა!

– რა მოგდის? გეხუმრე, – ხელზე მოეფერა დოდო, – ესე იგი, შევთანხმდით?

– შევთანხმდით, – უპასუხა ნიკამ, – მაგრამ, სად მივდივართ?

– სიურპრიზია, – ღიმილით თქვა დოდომ და მანქანის სისწრაფეს მოუმატა.

დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მანქანა საგურამოში, მტკვრის პირას, ლამაზ ჭალაში მდგარ საშუალო ზომის ფინური კოტეჯის წინ შეჩერდა.

კოტეჯს მწვანე სახურავი და სუროთი დაფარული ლამაზი ვერანდა ჰქონდა. ვარდის ღობის მიღმა კამკამა წყლით სავსე აუზი მოჩანდა. აუზის გვერდით, ტირიფის ჩრდილში თეთრი მაგიდა და ორი სკამი იდგა.

– მოგწონს? – დოდომ სახლზე მიანიშნა ნიკას.

– ლამაზია... ვისი სახლია?

– ჩემია, რამდენიმე თვის წინ შევიძინე. ზუსტად საჩემო კოტეჯია – პატარა, კოპწია და იოლად მოსავლელი. არ მიყვარს დიდი სახლები. აქ ყველაფერია, რაც მჭირდება: ვრცელი სამზარეულო, სასტუმრო ოთახი, საძინებელი, აბაზანა ჯაკუზით, ვერანდა, აუზი, შესანიშნავი ხედი და, რაც მთავარია, მშვიდი გარემო. შენ პირველი და ერთადერთი ადამიანი ხარ, ვისაც ეს სახლი ვაჩვენე. მისი არსებობის შესახებ ჩემმა უახლოესმა მეგობრებაც კი არაფერი იციან. ეს ჩემი თავშესაფარია. როდესაც ყველა და ყველაფერი თავს მაბეზრებს, აქ მოვდივარ. წამოდი, სახლს დაგათვალიერებინებ, – თქვა დოდომ და მანქანიდან გადავიდა.

* * *

კოტე რუხაძე უსიამოვნო წინათგრძნობით შეპყრობილი ელოდა ზურაბის გამოჩენას. ყველაფერი დილით, ტრადიციული თათბირის დასრულების შემდეგ დაიწყო. თათბირიდან დაბრუნებულს მისაღებში რეზო ფიფია დახვდა. რუხაძეს უმალ თვალში ეცა მისი დაბნეული გამომეტყველება. მან მოკლედ უბრძანა გამომძიებელს – გამომყევიო და კაბინეტისკენ დაიძრა.

– რა მოხდა? – იკითხა რუხაძემ, როდესაც ისინი მარტონი აღმოჩნდნენ კაბინეტში.

– მე თავიდანვე გაფრთხილებდით, რომ არ ღირდა კვაჭაძესთან ჩემი დაბრუნება1 – გაუბედავად წამოიწყო ფიფიამ.

– ეგ შენი გადასაწყვეტი არ არის! – ცივად მიუგო რუხაძემ.

– ნება თქვენია. მე კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კვაჭაძის თავნებობას ვერაფერს დავუპირისპირებ. ის, უბრალოდ, არ თანამშრომლობს ჩემთან. მოქმედებს საკუთარი შეხედულებებისამებრ და ჩემთან არაფერს ათანხმებს.

– რას გულისხმობ?

– მაგალითად, გუშინდელ ოპერაციას. შუადღემდე ერთად ვიყავით, მაგრამ, არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ რაიმე ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი. დილით კი ვიგებ, რომ მან ინწკირველის შემცვლელი დააპატიმრა, – უპასუხა ფიფიამ.

– ჩახვაძე?! – დაიბნა რუხაძე.

– დიახ. 

– კი მაგრამ, რისთვის?!

– ზუსტად არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა ფიფიამ.

 – რას ბოდავ? – ბრაზი მოერია რუხაძეს, – რას ნიშნავს – „არ ვიცი“?! შენ ოფიციალურად მონაწილეობ გამოძიებაში. ზურაბი უბრალოდ უარს ვერ გეტყვის, ჩაგაბაროს ანგარიში!

– ვიცი, მაგრამ, ზურაბი გარკვეული გეგმით მოქმედებს. საქმე ისაა, რომ ჩახვაძე პირადად ზურაბმა კი არა, ფინანსურმა პოლიციამ აიყვანა, ოფიციალურად კი ის შემთხვევით შეესწრო მის დაპატიმრებას.

– შენ ხომ იცოდი, რომ ფინანსური პოლიცია „ინტელგრუპჯორჯიის” კომპლექსურ შემოწმებას გეგმავდა!

– რა თქმა უნდა! ეს კომპანიაშიც იცოდნენ, მაგრამ, ფინანსურმა პოლიციამ ოპერაცია საღამოს, დაახლოებით რვის ნახევარზე ჩაატარა.

– და, ჩახვაძე ადგილზევე აიყვანეს?! – გაუკვირდა რუხაძეს.

– დიახ, – თავი დაუქნია ფიფიამ.

– ვერაფერს ვხვდები. რისთვის უნდა აეყვანათ ჩახვაძე. კომპანიის ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა ასეთ მოკლე ვადაში შეუძლებელია. ეს სრული აბსურდია! – ჩაილაპარაკა რუხაძემ.

– როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩახვაძე რაღაც ხელშეკრულებების ყალბი დოკუმენტებით შეცვლის ფაქტზე აიყვანეს. ყალბი ხელშეკრულებები ამოღებულია.

– საიდან იცი ამის შესახებ? – სწრაფად ჰკითხა რუხაძემ.

– ფინანსურში ერთი ჩემი ახლობელი მუშაობს. მაგრამ, ეს არაოფიციალური ინფორმაციაა. ჩახვაძისთვის ჯერჯერობით ბრალი არ წაუყენებიათ.

– სად არის ახლა ზურაბი?

– მე სამმართველოში დავტოვე. დილით სამმართველოში მისულს, მომდევნო სიურპრიზი დამახვედრა – თათბირი ჩემს მისვლამდე ჩაატარა. როდესაც სამმართველოში მივედი, მისი ხალხი უკვე დაშლილი დამხვდა. მაშინვე ზურაბს მივაშურე და გეგმური მოქმედებების შესახებ ანგარიში მოვთხოვე, მან კი უცერემონიოდ მომიშორა თავიდან. მითხრა, შენ აქ საქმის გამოსაძიებლად მოგავლინეს და, შეგიძლია საქმეს მიხედო, მე შენთვის არ მცალიაო. ამის შემდეგ კი „ინტელგრუპჯორჯიაში” ჩატარებული ოპერაციის შესახებ შევიტყვე. ზურაბმა უბრალოდ ამიხსნა „ინტელგრუპჯორჯიაში” მისი „შემთხვევით“ მოხვედრა. მისი თქმით, ის შინ მიემგზავრებოდა. გზად კომპანიის მთავარ ოფისთან გაიარა და სწორედ მაშინ შენიშნა ფინანსური პოლიციის თანამშრომლები. მან მანქანა შეაჩერა და ვითარების გასარკვევად შევიდა ოფისში, იქ კი უკვე დაპატიმრებული ჩახვაძე დახვდა. რადგანაც ფინანსური პოლიცია მისი სამმართველოს ტერიტორაზე ატარებდა ოპერაციას, ის ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს გაჰყვა სამმართველოში, სადაც ჩახვაძის დაკითხვას დაესწრო. ზურაბს სხვა განმარტება არ მოუცია. ამის მოსმენის შემდეგ არ ვიცოდი, რა მომემოქმედებინა და პირდაპირ თქვენთან გამოვემგზავრე.

რუხაძემ სიგარეტს მოუკიდა და ფიქრს მიეცა. ფიფიას ნაამბობი სრულ აბსურდად ჟღერდა. ჩახვაძეს უცერემონიო დაპატიმრება მართლაც ჰგავდა ზურაბის მოქმედების სტილს – ის ხომ ყოველთვის გამოირჩეოდა თავზეხელაღებულობით. მისი მოქმედება მუდამ კანონდარღვევის ზღვარზე გადიოდა. მაგრამ, ფინანსური პოლიცია არასდროს წავიდოდა ასეთ საქმეზე – მას, უბრალოდ, არ გააჩნდა საამისო მიზეზი. რისთვის უნდა დაეპატიმრებინათ ჩახვაძე, როცა მათ მშვიდ ვითარებაში შეეძლოთ კომპანიის დოკუმენტაციაში ფინანსური დარღვევების ძებნა?! ჩახვაძის დაპატიმრება კი თავისთავად გამოიწვევს „ინტელგრუპჯორჯიის” ხელმძღვანელობის რეაქციას: საქმეში ჩაერთვებიან კომპანიის იურისტები, ფარული თუ ოფიციალური ლობისტები... არა, ასეთი ხმაური ნამდვილად არ შედის ფინანსური პოლიციის ინტერესებში. რომანი ამაზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში თუ წავიდოდა – ზურაბი პირადად თუ შეუთანხმდებოდა მას. ის კი, როგორღაც, სწორედ მაშინ აღმოჩნდა „ინტელგრუპჯორჯიის” მთავარ ოფისში, როცა იქ ფინანსური პოლიცია მუშაობდა. შეუძლებელია, რომ ეს დამთხვევა ყოფილიყო. ზურაბი და რომანი შეთანხმებით მოქმედებდნენ და ყოველივე ამის უკან ისევ და ისევ ზურაბ კვაჭაძე იდგა...

– ახლა როგორ მოვიქცე? – ფიფიას ხმამ რუხაძე ფიქრს მოსწყვიტა.

– ჯერჯერობით... – წამოიწყო პროკურორმა, მაგრამ, სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო – სწორედ ამ დროს მისაღებიდან ტელეფონით დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ კვაჭაძეს მასთან შეხვედრა სურდა.

– ზურაბი აქ არის! – რუხაძემ ტელეფონის ყურმილი დაუშვა და დაბნეული მზერა მიაპყრო ფიფიას.

– არ მინდა, აქ რომ მნახოს! – სწრაფად წამოდგა ფეხზე ფიფია.

– არ გახვიდე!.. ვეღარ ასცდები. უკვე სამდივნოშია, – სწრაფად თქვა რუხაძემ, – აივანზე გადი!

– აივანზე?! – დაიბნა ფიფია, – კი მაგრამ, რამდენი ხანი უნდა ვიყო იქ?!

– რამდენიც საჭირო იქნება! – ცივად მიუგო რუხაძემ, შემდეგ გამომძიებელი ლამის ხელის კვრით გააგდო აივანზე და კარს მიუბრუნდა. მან მხოლოდ ორიოდ ნაბიჯის გადადგმა მოასწრო. კარი გაიღო და კაბინეტში ზურაბმა შემოაბიჯა.

– გაუმარჯოს, – მოჩვენებითი სიმშვიდით მიესალმა რუხაძე, – კარგია, რომ მოხვედი. სწორედ ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას.

– ის ბედოვლათი სად არის? მაგიდის ქვეშ ხომ არ დამალე? – ზურაბმა დამცინავი სახით შემოუარა მაგიდას და ქვემოთ შეიხედა.

– რას აკეთებ? – მოიღრუბლა რუხაძე.

– აქ არ არის. ესე იგი, აივანზეა. შენ თვითონ დაუძახებ თუ მე გავაკეთო ეს? – მზერა გაუსწორა ზურაბმა.

რუხაძემ დუმილით უპასუხა. ზურაბმა მცირე ხანს მოიცადა, შემდეგ კი აივნის კარს მიუახლოვდა, გამოაღო და კედელზე აკრულ ფიფიას უბრძანა, შემოდიო.

ფიფია წელმოწყვეტილი შევიდა კაბინეტში და კარის სიახლოვეს თავჩაქინდრული შედგა.

– რადგან ყველა აქ ვართ, შეგვიძლია დავსხდეთ და ვისაუბროთ, – ზურაბი მაგიდას მიუჯდა და ფიფიას ხელით მიანიშნა სავარძელზე. ის უმალ დაემორჩილა და განაპირა სკამზე ჩამოჯდა. რუხაძე ადგილიდან არ განძრეულა.

– ისე, სწორად იქცევი. იმდენ ხანს მოგიწევს ჯდომა, რომ შენს ადგილას მეც ფეხზე დგომას ვარჩევდი! – დამცინავად უთხრა ზურაბმა, – აქ შენს დასაკითხად მოვედი. ადვოკატს დაუკავშირდები თუ მისი მონაწილეობის გარეშე მიპასუხებ კითხვებზე?

– რაა?! – თვალები გაუფართოვდა რუხაძეს, – შენ ხომ არ შეიშალე?!

– ერთი წამით... – ამ სიტყვებთან ერთად ზურაბმა ჯიბიდან დიქტოფონი ამოიღო, ჩართო და რუხაძის წინ, მაგიდაზე დადო, – ახლა უკვე იცი, რომ ამ კაბინეტში ნათქვამი ყოველი სიტყვა დაფიქსირდება. შეგვიძლია თავიდან დავიწყოთ: მე აქ შენს დასაკითხავად მოვედი. ადვოკატს დაუკავშირდები, თუ მისი მონაწილეობის გარეშე მიპასუხებ კითხვებზე?

– გაეთრიე აქედან! – უყვირა რუხაძემ ფიფიას და ზურაბს თვალი თვალში გაუყარა.

გამომძიებელმა გაუბედავად წამოიწია სკამიდან, მაგრამ, ზურაბმა კაბინეტიდან გასვლის უფლება არ მისცა.

– ადგილზე დარჩი! – მკაცრად უბრძანა ფიფიას და რუხაძეს მიუბრუნდა: რაშია საქმე, ბატონო პროკურორო?! ხომ არ დაგავიწყდათ, რომ გამომძიებელი ფიფია ოფიციალურად მონაწილეობს გამოძიებაში?!

– შეწყვიტე ეს წარმოდგენა, ცირკში არ ხარ! პირდაპირ მითხარი, რა გინდა?!

– მე მეგონა, რომ პირდაპირ აღიარებაზე გადავიდოდით, მაგრამ, იყოს ასე. მე არსად მეჩქარება, – მშვიდად ჩაილაპარაკა ზურაბმა, – დავიწყოთ „ინტელგრუპჯორჯიათი”. რა კავშირი გაქვს ამ კომპანიასთან?

– შემიძლია, გიპასუხო, მაგრამ ამას შეგნებულად არ გავაკეთებ! ჩემი დაკითხვა თუ გინდა, ოფიციალურად მიმართე მთავარ პროკურორს. მისი განკარგულების გარეშე ჩემგან ვერაფერს მოისმენ. მანამდე კი, ჩემთან დალაპარაკების ყოველი მცდელობისას სამ ასოზე გაგგზავნი! – დაუფარავი ღვარძლით უპასუხა რუხაძემ.

– როგორც ჩანს, სტუდენტობისას ვერაფერი ისწავლე. დაგავიწყდა, რომ არ ღირს ჩემთან ასე ლაპარაკი?!

– მე უკვე გითხარი სათქმელი. შეგიძლია, წახვიდე! – რუხაძემ ხელი კარისკენ გაიშვირა.

– შენდა სამწუხაროდ, შენი პადელნიკი ჩახვაძე მოკლებულია ასეთ პრივილეგიას. ეს მანაც კარგად იცის და, ამიტომაც, ძალიან სხარტად პასუხობს დასმულ კითხვებს! – ამ სიტყვებთან ერთად ზურაბმა კოსტიუმის შიდა ჯიბიდან რამდენიმე ფურცელი ამოიღო, – ეს მისი აღიარების ასლია. თუ გაინტერესებს, რამდენიმე მონაკვეთს წაგიკითხავ...

რუხაძეს არაფერი უთქვამს, ის დაძაბული ელოდა, რას მოიმოქმედებდა ზურაბი.

მან ფურცლებს გადახედა და კითხვას შეუდგა;

„დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ კომპანიის აქციონერების: ნინუას, რაზმაძისა და სირაძის ხელშეკრულებების შეცვლა პირადად კომპანიის აღმასრულებელმა მენეჯერმა მერაბ ინწკირველმა მიბრძანა. ამას ესწრებოდა პროკურორი კოტე რუხაძე. მე არ მსურდა აღნიშნული ქმედების განხორციელება, რადგანაც, აღნიშნული პიროვნებების მკვლელობების საქმეს იძიებდა პოლიცია და ყალბი ხელშეკრულებების აღმოჩენა უარყოფითად იმოქმედებდა კომპანიის იმიჯზე. მაგრამ, პროკურორმა რუხაძემ დამამშვიდა. მან მითხრა, რომ საგამოძიებო ჯგუფს მეთვალყურეობას უწევდა პროკურატურის გამომძიებელი რეზო ფიფია, რომელიც პოლიციას არ მისცემდა კომპანიისთვის ბრალდების წაყენების შესაძლებლობას, რისი გარანტიც თავად იყო... – შენც გადიხარ საქმეში, ბიჭო?! – ზურაბმა დამცინავი მზერა შეავლო ფიფიას და ისევ რუხაძეს მიუბრუნდა, – განვაგრძობ: ვინაიდან ინწკირველი სამსახურიდან გათავისუფლებით, კოტე რუხაძე კი პრობლემების შექმნით მემუქრებოდნენ, მე იძულებული გავხდი, შემეცვალა აღნიშნული ხელშეკრულებები, რის გამოც დამაკავეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვაცხადებ, რომ ხელშეკრულებების გაყალბებაში პასუხისმგებლობა მერაბ ინწკირველსა და პროკურორ რუხაძეს ეკისრებათ... ასევე, გპასუხობთ კითხვაზე: ბანკ „ჯი-აი-აის” ფილიალის ხელმძღვანელი აკაკი ლორია უშუალო კავშირში იმყოფებოდა მერაბ ინწკირველთან და რუხაძესთან. რიგ შემთხვევებში, ლორია მერაბ ინწკირველისა და კოტე რუხაძის რეკომენდაციების საფუძველზე გასცემდა გრძელვადიან კრედიტებს. სწორედ მისი რეკომენდაციით მიიღეს კრედიტები ნინუამ, რაზმაძემ და სირაძემ. შემდგომ, ბანკიდან მიღებული თანხებით, მათ კომპანიის აქციები შეიძინეს. ჩემთვის ცნობილია კიდევ რამდენიმე პიროვნების შესახებ, რომლებმაც ასევე ინწკირველისა და რუხაძის დახმარების მიიღეს კრედიტები“... – ზურაბმა კითხვა შეწყვიტა და რუხაძეს მიმართა, – თავის აღიარებაში ჩახვაძე ასახელებს რამდენიმე პიროვნებას. ჩემი ხალხი უკვე მუშაობს ამ ხალხზე. ჯერჯერობით მხოლოდ ერთ მათგანზე, ვინმე ომარ მაჩაიძეზე შემიძლია, დაზუსტებით გითხრა, რომ ის სამი თვის წინ უკვალოდ გაქრა. სისხლის სამართლის საქმეს ქუთაისის პოლიციის სამმართველო იძიებს... რას იტყვი ამაზე?!

რუხაძეს, რომელიც გააფთრებულ მზერას არ აშორებდა ზურაბს, არაფერი უთქვამს.

– გასაგებია. ესე იგი, მთავარი პროკურორის თანდასწრებით გსურს აღიარების გაკეთება. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ეს შენი უფლებაა. პოლიცია ყველგან და ყველაფერში იცავს ქვეყნის მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს. ახლა ამ აღიარებას გადავხედოთ, – ზურაბმა მომდევნო ფურცელი მოიმარჯვა, – ეს აღიარებითი ჩვენება ვახტანგ ბარამიძემ, სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის თანამშრომელმა პირადად მე მომცა. იმედია, ხვდები ვისზეცაა საუბარი.

რუხაძემ კვლავ დუმილით უპასუხა.

– მაშ, ასე... – ზურაბმა საჭირო ადგილი მოძებნა და კითხვა განაგრძო: „დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ... ჯიბო ზარქუა და დიმიტრი გაბისონია პროკურორ კოტე რუხაძის ჩემზე პირდაპირი ზემოქმედების შედეგად აღმოჩნდნენ თავისუფლებაზე. ეს კანონის მითხოვნების უხეში დარღვევა იყო, მაგრამ, პროკურორი რუხაძე მაშანტაჟებდა. მას ჰქონდა ჩემი და კომისიის წევრების კანონგარეშე ურთიერთობის დამადასტურებელი ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერები“... ეს უკვე უფრო ართულებს ვითარებას, – კომენტარი ჩაურთო ზურაბმა და პროკურორს მიაპყრო მზერა, – არასანქცირებული მოსმენები... შანტაჟი... თანამდებობის ბოროტად გამოყენება და, რაც ყველაზე მთავარია, მძიმე ბრალდებებით გასამართლებული პირების პატიმრობიდან გათავისუფლება – იმ პირებისა, რომლებსაც გარკვეული კავშირი აქვთ სირაძის მკვლელობასთან. ძალიან გაგიჭირდება ყოველივე ამის ახსნა, ბატონო ზედამხედველო პროკურორო. ამ შემთხვევაში სამსახურებრივი დაუდევრობა და ელემენტარული იდიოტიზმიც კი ვეღარ გაქაჩავს!

რუხაძე მძიმედ დაეშვა სავარძელზე, მარჯვენა ხელით უჯრაში რაღაც მოიძია. შემდეგ მოულოდნელად წამოიჭრა ფეხზე, უჯრიდან პისტოლეტი ამოიტაცა, ზურაბს დაუმიზნა და ავად გამოსცრა;

– შენ მაინც ვეღარ მოესწრები ჩემს ახსნა-განმარტებას, დამპალო!..

– ოჰო, – მშვიდად ჩაილაპარაკა ზურაბმა, – ასეთ სისულელეს შენგანაც კი არ ველოდი. და რას მოიმოქმედებ შემდეგ?

– ენა დაიმოკლე და ყურადღებით მომისმინე: ახლა ჩემთან ერთად წამოხვალ. ჩვენ ერთად გავალთ პროკურატურიდან და გაფრთხილებ. ერთი ზედმეტი მოძრაობაც რომ შეგნიშნო, იქვე დაგახლი ტყვიას!

– ესე იგი, მძევლის აყვანის სტატიასაც იმატებ?! ჩანს, კარგად არ გიცნობდი. მე ერთი გაქსუებული ჩინოვნიკი მეგონე, შენ კი ჩამოყალიბებული კრიმინალი ყოფილხარ!

– მორჩი ბაზარს და ადექი! – ბრძანა რუხაძემ.

– რეზოს რას უპირებ? – გამომძიებელზე მიანიშნა ზურაბმა, – საქმისადმი შენი მიდგომით ის ზედმეტი მოწმეა. აქ რომ დატოვო, შეიძლება, განგაში ატეხოს!

– ადექი-მეთქი!

– როგორც გინდა... – რუხაძისთვის მოულოდნელად, ზურაბი სწრაფად გადაიხარა უკან და ორივე ფეხი ძლიერად ჰკრა მაგიდას. მაგიდა ჰაერში აფრინდა და პროკურორს შეეხეთქა. რუხაძემ თავი ვერ შეიკავა, უკან გადაქანდა, კარის მინა გაამტვრია და აივანზე გადავარდა. იმავ წამს იგრიალა ზურაბის პისტოლეტმა. ტყვია თეძოში მოხვდა რუხაძეს. მან პისტოლეტს ხელი შეუშვა, მოიკუნტა, აივანის მოაჯირს გადაევლო და მოწყვეტით დაეშვა მიწისკენ.

ზურაბი უმალ გავარდა აივანზე და ძირს ჩაიხედა. რუხაძე კედლის სიახლოვეს, გაზონზე, სისხლის გუბეში ეგდო. ცალი ფეხი არაბუნებრივად ჰქონდა მოხრილი, მეორეს კი, კრუნჩხვების გამო პერიოდულად უსვამდა მიწას...

* * *

მოსაღამოვდა. ჭალა სწრაფად ჩაიძირა სიბნელეში. დოდომ ძლიერად შეისუნთქა ვარდის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი და ნიკას მიუბრუნდა:

– ერთი თხოვნა მაქვს შენთან.

– მე ხომ დაგპირდი, რომ ეს საღამო მთლიანად შენ გეძღვნება. შეგიძლია, ინატრო. მე ყველაფერს შეგისრულებ, – უპასუხა მან.

– ის ვარსკვლავი მომიწყვიტე, – ცაზე მიანიშნა დოდომ.

– დიდი სიამოვნებით, მაგრამ მოცდა მოგიწევს ვიდრე კიბეს არ ავაწყობ.

– არა... ვერ დავიცდი. მაშინ, სხვა რამეს გთხოვ, კოტეჯის უკან, ფარდულში, შეშაა. მოიტანე და ცეცხლი დაანთე, – თქვა დოდომ.

ნიკამ სწრაფად შეუსრულა თხოვნა: ფარდულიდან შეშა მოიტანა და აუზის სიახლოვეს ცეცხლი დაანთო. დოდო იქვე ჩამოჯდა და ჩაფიქრებული ჩააცქერდა მოგიზგიზე კოცონს. საკმაოდ დიდხანს ისხდნენ უხმოდ, ბოლოს ისევ დოდომ დაარღვია დუმილი:

– მიყვარს ცეცხლთან ყოფნა... ნათურას ცივი, მკვდარი ნათება აქვს, ცეცხლი კი ცოცხალია, მხურვალე... სიამოვნებით დავივიწყებდი ყველაფერს და ძალიან დიდხანს დავრჩებოდი ამ კოცონთან... შენ?

– ცეცხლში არის რაღაც მისტიკური. რომც არ გინდოდეს, მაინც განგაწყობს ფიქრისთვის, – უპასუხა ნიკამ.

– შამპანური დამალევინე, – სთხოვა დოდომ.

ნიკამ შამპანურის ბოთლი გახსნა, ღვინო ჩამოასხა და ბოკალი მიაწოდა. დოდომ ოდნავ მოსვა და ჰკითხა:

– როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი?

– სიმართლე გითხრა, ბევრს არ ვფიქრობ ამაზე.

– ასეთი ასაკი გაქვს? – კოცონისთვის თვალის მოუწყვეტლად განაგრძო დოდომ.

– ალბათ... ახალგაზრდა უფრო ბევრს ვფიქრობდი მომავალზე, ახლა კი – აღარ. კმაყოფილი ვარ ცხოვრებით. ყველაფერი მაქვს, რაც მინდა.

– სამოთახიანი ბინა... რვა წლის „მერსედესი”... გადატენილი „ბერეტა” და თავგადასავლების ჟინის დაკმაყოფილების შესაძლებლობა... – ესაა შენი ოცნება?!

– გამოდის, რომ ასეა, – გაიცინა ნიკამ.

– მე კი უფრო ბევრს გავიმეტებდი შენთვის, – ჩაილაპარაკა დოდომ და ისევ მოსვა შამპანური.

– მაინც რას? – ჰკითხა ნიკამ.

– არასდროს არც ერთი მამაკაცისთვის არ მითქვამს ასეთი რამ... – დოდო შემობრუნდა და მზერა გაუსწორა ნიკას, – საკუთარ თავს. სიხარულით გავატარებდი მთელ ცხოვრებას შენ გვერდით, მაგრამ, ალბათ, შენ არ მოინდომებ ამას!

– არ დაგიმალავ, მართლაც მიჭირს ამის წარმოდგენა. შენ სხვანაირი ხარ.

– ალბათ, ფიქრობ, რომ ჩემნაირი „სტერვა” არ გამოგადგება! ცდები, ნიკა, მე „სტერვა” არ ვარ. უბრალოდ, ჯერ არ შემხვედრია მამაკაცი, რომელიც ჩემს მოთოკვას შეძლებდა!.. შენ კი შეძლებ ამას. მაგრამ, ამას საკუთარ დამსახურებად ნუ ჩათვლი. უბრალოდ, მსიამოვნებს, გავაკეთო ის, რაც შენ გინდა. მსგავსი გრძნობა არასდროს განმიცდია. ვგრძნობ, რომ შენთან ბედნიერად ვიგრძნობ თავს... მოდი, მივაფურთხოთ ყველაფერს და, თუ გინდა, საერთოდ წავიდეთ აქედან. წავიდეთ იქ, სადაც არავინ გვიცნობს და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ერთად არაფერი გაგვიჭირდება!

ნიკას არაფერი უთქვამს.

– არ გჯერა... – გულისტკივილით ჩაილაპარაკა დოდომ, – ისევ ის თავქარიანი გოგონა გგონივარ, რომელიც ყურადღებას არ გაქცევდა უნივერსიტეტში. მაშინ შენ სამაგიეროს იმავე უყურადღებობით მიხდიდი, ცდილობდი, რომ ასე მოგეჩვენებინა თავი, მაგრამ, მე ყოველთვის ვგრძნობდი შენს ჟინიან გამოხედვას და ვცდილობდი, უფრო გამეღიზიანებინე ჩემი შენდამი გულგრილობით. გთხოვ, ახლაც ისევე ნუ გადამიხდი სამაგიეროს!.. ვიცი, რომ დამნაშავე ვარ. უფრო გონიერი რომ ვყოფილიყავი, მეტ დროს დაგითმობდი...

– ეს ყველაფერი წარსულში დარჩა, – ჩაილაპარაკა ნიკამ.

– ზოგჯერ წარსულის ოცნებებიც ხდება. გაიხსენე რამდენჯერ გიოცნებია ჩემთან გატარებულ ღამეზე!

– ძალიან ბევრჯერ!

დოდო ჟინით ჩააცქერდა თვალებში და ოდნავ გასაგონად დაიჩურჩულა:

– შენ ახლაც იმავეზე ფიქრობ...

– ვფიქრობ...

დოდო თბილი ხელისგულით მოეფერა ლოყაზე, შემდეგ ადგა, შებრუნდა და აუზისკენ წავიდა. გზადაგზა ტანსაცმელს იხდიდა. გაიხადა მაისური... ქვედაბოლო... აუზთან სრულიად შიშველი მივიდა. ნიკას მისთვის თვალი არ გაუყოლებია, ის ისევ მისკენ ზურგშექცევით იჯდა, როდესაც სმენას წყლის შხაპუნი და დოდოს სიტყვები მისწვდა:

– მოდი ჩემთან...  

 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3