ყველა კაცი ერთნაირია
კაცები და ქალები
ლიზამ ფეხსაცმელები დაუდევრად მიყარა შემოსასვლელში და ჩამრთველამდე ფეხშიშველმა მიირბინა. შუქი რომ აანთო, ქმარი დაინახა – ის სავარძელში იჯდა და სადღაც, უსასრულობაში იყურებოდა. ლიზას შეეშინდა და წამოიკივლა.
– ნუ გეშინია, ცოცხალი ვარ, – დაამშვიდა ქმარმა და ნაძალადევად გაიღიმა.
– ჰო, რა ბნელში დამჯდარხარ. გული გადამიტრიალდა! საერთოდ არც მეგონა, სახლში თუ იყავი. მობილურს არ პასუხობ...
– ჰო, არ ვპასუხობ, – მექანიკურად გაიმეორა კაცმა ისე, რომ ცოლისთვის არ შეუხედავს. ლიზა მივიდა, სავარძლის სახელურზე ჩამოუჯდა და თავი მხარზე მიაყრდნო.
– რა მოხდა? პრობლემები გაქვს? ბიზნესშია რამე ისეთი, რაც შენს ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედებს?
– შენ მარტო ჩემი ფინანსური მდგომარეობა გაინტერესებს და გადარდებს, ხომ ასეა?
– მთლად ასეც არ არის! – ლიზამ ტუჩები გაბუსხა და ორივე ხელი ქმარს კისერზე შემოხვია, – რა თქმა უნდა, მოგატყუებ, რომ გითხრა, ფინანსური მდგომარეობა ჩემთვის სულერთია-მეთქი, მაგრამ, ეს ფინანსები ხომ შენზეა მიბმული? ანუ, შენც მადარდებ, – ქალმა კეკლუცად გაიცინა. კაცი შეიჭმუხნა.
– ლიზა... არ გინდა, სადმე გაისეირნო? დღეს, რაღაც, ძალიან ადრე დაბრუნდი სახლში. ცხოვრების სტილი ხომ არ შეიცვალე?
ლიზამ გაიცინა და ქათქათა კბილები გამოაჩინა:
– გამოიცანი. რაღაც გადაწყვეტილება მივიღე და, მინდა, შენც იცოდე... იცი, საყვარელო, მგონი, დროა, ჩემს პირდაპირ დანიშნულებაზეც ვიფიქრო.
ქმარმა კითხვით სავსე მზერა მიაპყრო. ლიზამ აღფრთოვანებით აიქნია ხელები:
– შვილი უნდა გავაჩინო.
– რა?! – კაცი მოულოდნელობისგან შეხტა.
– ჰო, ბავშვი მინდა. ძალიან მინდა პატარა, საყვარელი ბავშვი, ვარდისფერი ფეხებითა და ხელებით.
– ლიზა, გეყოფა. ეს შენი მორიგი ახირებაა, რომელსაც ვერაფრით დავეთანხმები. ბავშვი სათამაშო არ არის, რომ დღეს გინდოდეს, ხვალ კი აღარ.
ქალმა ტუჩი აიბზუა:
– სისულელეა. შენ რაღაც ისე ვერ გაიგე... მე ბავშვი მინდა, ჩემი შვილი.
– ძალიან კარგად გავიგე. ჯერ ერთი, „ჩემი შვილი“ რას ნიშნავს, მე აღარაფერს მეკითხები? არ გაინტერესებს, რას ვფიქრობ ამაზე?
– მაინტერესებს და ამიტომაც გეუბნები. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გაგახარე ამით. შენ ხომ ყოველთვის გინდოდა შვილი.?!
კაცმა ამოიოხრა:
– მინდოდა – აი, ეს არის სიმართლესთან ახლოს.
ლიზამ გაოცებით შეხედა:
– ლევან, არ მესმის, რას გულისხმობ.
– არ გესმის? მგონი, გასაგებად ვლაპარაკობ. ბავშვი სათამაშო არ არის, პირიქით, ყველაზე სერიოზული საქმეა და ბევრი ფიქრი მჭირდება. მით უმეტეს, როცა საუბარი ჩემს შვილზეა. ნამდვილად არ მინდა, ის არასრულფასოვან ოჯახში გაიზარდოს.
ლიზა გაშრა:
– შენ გესმის, ამ წუთას რა თქვი?
– აბსოლუტურად. ლიზა, ჩვენი ოჯახი ძალიან შორს არის ნორმალურობისგან. შენ თუ ამას ვერ გრძნობ, ესე იგი, ასეთი ურთიერთობა მოგწონს და გაკმაყოფილებს. მე – არა!
– მოიცა, მოიცა, აქამდე ხომ გაკმაყოფილებდა? ახლა რა მოხდა? მე მეგონა, მეჩვენებოდა... მაგრამ, ახლა ვხვდები, რომ შენ მართლა ძალიან შეიცვალე... თუ, აღარ გიყვარვარ?
ლევანს ჩაეცინა. სიგარეტს მოუკიდა და ცოლი თვალებმოჭუტულმა შეათვალიერა:
– შენც შეიცვალე – სიყვარულზე ლაპარაკობ. აქამდე მიმტკიცებდი, ეგ სიტყვა საერთოდ არ არის საჭირო ქალისა და კაცის ურთიერთობაშიო. ახლა მოულოდნელად დაინტერესდი, მიყვარხარ თუ არა. უნდა გიპასუხო?
ლიზა წამოხტა:
– შენ მეტისმეტი ხომ არ მოგდის? რა ხდება? ხომ არ გგონია, შეგეხვეწები? დაგავიწყდა, როგორ მემუდარებოდი, უშენოდ ვერ ვიცოცხლებო? მატყუებდი?
– არ გატყუებდი, მაგრამ, ყველაფერი იცვლება, ლიზა. დავიღალე...
– რით დაიღალე? – წამწამები დააფახულა ლიზამ და ხმაში ცრემლი გამოერია.
– ოღონდ, არ ასლუკუნდე. არ შემიძლია ვუყურო, როგორ ტირი. თანაც, ეგ ცრემლებიც ხელოვნური მგონია, – მოიღუშა კაცი.
– გეყოფა, უკვე შეურაცხყოფას მაყენებ! – შეჰყვირა ქალმა, – ხელოვნური შენი სიყვარული ყოფილა. მე კი თითქმის დავიჯერე, რომ ჩემ გარეშე სიცოცხლეს ვერ შეძლებდი. არაფრით განსხვავდები დანარჩენი კაცებისგან. იქნებ, უკვე სხვაზე გიჟდები და ეს არის შენი დაღლის რეალური მიზეზი? მითხარი, საყვარელი გყავს? – ლიზას ისტერიკას აღარაფერი უკლდა.
ლევანმა ამოიოხრა:
– დაწყნარდი, არავინ არ მყავს. მე, უბრალოდ, ვცდილობ აგიხსნა, რატომ არ ვართ მზად შვილის გასაჩენად. ბავშვს დედაც უნდა ჰყავდეს და მამაც, თანაც, მათ ერთმანეთი უნდა უყვარდეთ. გინდა, ყოველდღე სკანდალებს უყუროს?
– ჩვენ არასდროს გვქონია სკანდალები.
– იმიტომ, რომ მე ვიყავი ჩუმად და ვითმენდი. სწორედ ამისგან დავიღალე.
– გაჩუმდი, ერთი სიტყვაც არ არის მართალი იქიდან, რაც ახლა იბოდიალე. ჩემი ბრალია. დარწმუნებული ვიყავი შენში და ჩემი ნდობით ბოროტად ისარგებლე. ახლა ასე აღარ იქნება. ერთ ნაბიჯზეც არ მოგაცილებ თვალს და გაფრთხილებ, თუ ვინმესთან გამოგიჭირე, საშინელებას დავატრიალებ! – ლიზამ ნელ-ნელა მოუმატა ხმას და ბოლოს მთელი ხმით აყვირდა: მე ის ქალი არ ვარ, ვინმესთან ზიარი ქმარი მყავდეს. არ გაპატიებ! იმ ძუკნას კი ისეთ რამეს დავმართებ, საერთოდ დაავიწყდება, რისთვის არის კაცი საჭირო!
ლევანმა ერთხანს მდუმარედ უყურა ცოლს. მერე მანქანის გასაღებს დასწვდა, ჯიბეში ჩაიტენა და კარისკენ წავიდა. ლიზამ ხმა არ გასცა. გულზე ხელებდაკრეფილი იდგა, მიმავალ ქმარს თვალს არ აშორებდა და რაღაცას თავისთვის ბურტყუნებდა. როგორც კი კაცმა კარი გაიჯახუნა, ტელეფონს მივარდა და დარეკა:
– ნინი, შენ ხარ? შეგიძლია, ჩემთან მოხვიდე? საზიზღარ გუნებაზე ვარ. ქმარს ვეჩხუბე. რომ არ დაგელაპარაკო, გავგიჟდები... რატომ არ შეგიძლია?.. ნინი, ძალიან გთხოვ, მართლა ცუდად ვარ... თანაც, შენ მეტს ვერავის მოვუყვები... რომელი მეგობრები, ნინი, მარტო შენ გამიგებ... მოდი, რა... ისეთი რა საქმე გაქვს, რომ ვერ მოიცდის? მე კი ვერაფრით ვერ მოვიცდი... ჰო, მარტო ვარ... რა ვიცი, არც მიკითხავს, წაეთრია სადღაც...
ნინის ლიზა დივანზე მიწოლილი დაუხვდა. ატლასის საშინაო ხალათში და რბილ ჩუსტებში გამოწყობილი, უმაკიაჟოდ, დაწითლებული თვალებით...
– გოგო, რას ჰგავხარ? – შეიცხადა ნინიმ, – ასეთი არასდროს მინახავხარ!
– როგორ მნახავდი, როცა პირველად ვარ ასეთ მდგომარეობაში, – ამოისლუკუნა ლიზამ, – ჩემმა იდეალურმა ქმარმა მიმიყვანა აქამდე. როგორ მოგწონს?
– რა?! ვერ დავიჯერებ! ლევანი გეჩხუბა? წარმოუდგენელია! რამე გაიგო?
ლიზამ უკმაყოფილოდ აიბზუა ცხვირი:
– არაა! ეგ ვერასოდეს ვერაფერს გაიგებს, მაგ სიამოვნებას არ მივანიჭებ. პრობლემა სხვა რამეა – აღარ ვუყვარვარ მაგ დეგენერატს.
ნინის გაეღიმა.
– რა გაცინებს? – გაწიწმატდა ლიზა.
– ვითომ, გაწუხებს ეგ ამბავი?
– ძალიან მაწუხებს. მე ქმართან გაშორებას არ ვაპირებ და არც არასოდეს ვაპირებდი. ლევანი ყველანაირად შემეფერება, თანაც, ვუთხარი, შვილის გაჩენა მინდა-მეთქი.
– ორსულად ხარ? იმ ბიჭისგან? – შეჰყვირა ნინიმ.
ლიზამ ტუჩებზე მიაფარა ხელი:
– რა გაყვირებს, გაგიჟდი? საიდან მოიტანე ეგ სისულელე?
– აბა, ბავშვის გაჩენა მინდაო?
– ჰო, მინდა, მაგრამ, ჩემი ქმრისგან და არა ვიღაც ლაწირაკისგან. შტერი კი არ ვარ, პრობლემები ავიკიდო.
– მერე?
– ლევანი სულ მეხვეწებოდა, შვილი მინდაო. ბავშვებზე გიჟდება. წარმომიდგენია, თავისას როგორ გადაჰყვება ზედ. ჰოდა, მეც მომინდა. პატარა ხომ აღარ ვარ?! დრო მოვიდა. მომწყინდა ყოველდღე ერთი და იგივე. რაღაც სერიოზულით მინდა, რომ დავკავდე. ბავშვი გამართობდა. ისე მოვრთავ ჩემს გოგოს, დედოფალივით ვატარებ.
ნინიმ თავი გადააქნია:
– ჯერ ერთი, რა იცი, რომ აუცილებლად გოგო იქნება და, მეორეც – ბავშვი სათამაშო ხომ არ არის, ლიზა?!
– ლევანმაც სწორედ ეს მითხრა... ჩვენი ურთიერთობა ისეთია, ბავშვის გასაჩენად მზად არ ვართო, – გამოაჯავრა ქმარს, – იდიოტი არ არის?
ნინიმ მხრები აიჩეჩა:
– ასეც ვერ ვიტყვი. იქნებ რამე არგუმენტი აქვს? იმიტომაც გკითხე წეღან, რამე ხომ არ გაიგო-მეთქი.
– არა... მე სხვა ეჭვი მაქვს – ვიღაც ჰყავს მაგას, იმ დღესაც ხომ გეუბნებოდი. თანაც, „ნაშა“ კი არა, ვიღაც უფრო სერიოზული, თორემ, ორი თვის წინ ლამის დაჩოქილი მეხვეწებოდა, შვილი მინდაო. ეგ საცოდავი, ვერც კი ხვდება, რა შარში ყოფს თავს. შუაზე გავგლეჯ ორივეს. მე ქმარს ვერავინ წამართმევს. თუ დავშორდები, მხოლოდ მაშინ, როცა მე თავად მენდომება. ბავშვს კი აუცილებლად გავაჩენ.
– ვაიმე, ლიზა... არ მომწონს მე ეგ ამბავი. თუ ახლა იმას აპირებ, რაც ვიფიქრე, არ გირჩევ მაგის გაკეთებას.
– რის გაკეთებას, შენ რა გგონია? – ჩაეცინა ლიზას, – როგორი გულუბრყვილო ხარ. ლევანი იმის ჩიტი არ არის, სხვისი შვილი შეატყუო. არც მე წავალ ასეთ მაქინაციაზე – არ მინდა. თან, რატომღაც, მგონია, რომ ჩემი და ლევანის შვილი გაცილებით ჭკვიანი და ლამაზი იქნება.
– რა საყვარელი ხარ... შენ თვითონ ბავშვივით ლაპარაკობ. ზუკას საბოლოოდ შეეშვი?
ლიზამ მხრები აიჩეჩა:
– ახლა მაგისთვის არ მცალია. თანაც, სულ აურია – ცოლად გამომყევიო. არა, რა, ნორმალურები არ არიან ეს კაცები. მე აღარაფერს მეკითხება ბიჭი, მიიღო გადაწყვეტილება! ვაიმე, როგორ დამღალა ყველამ... წამოდი სადმე, ყავა დავლიოთ, სახლში ჯდომა და ნერვიულობა ჩემი საქმე არ არის. მერე ჩემს ქმარს რესტორანში დავადგები თავზე. დამთავრდა მაგისთვის მშვიდი ცხოვრება...
***
ქეთიმ ხალათი გაიხადა.
– მიდიხარ? – ჰკითხა ნატომ.
– ჰო, მეგობარმა დამირეკა, ყავა დავლიოთო. ცოტა ადრე გავალ, რომ ვახომ არ „გამიჭედოს“. ისედაც სულ იღრინება, ბოლო დღეებია.
– რატომ?
– რა ვიცი, მაგას მიზეზები ხომ არ ელევა. ახლა სამსახურში აქვს პრობლემები თანამშრომლებთან. წესიერად ვერც ამიხსნა და, მოკლედ, ბოლო დღეებია, ვერ დაელაპარაკები. არ მინდა, ზედმეტად გავაღიზიანო და ავაყვირო.
– მართალი ხარ... მეც ვხვდები ვიღაცას, – თვალები აუციმციმდა ნატოს, – ოღონდ, ჯერ არ მკითხო – ვის.
– ოღონდ, შენ რამე დააპირე და საერთოდ არ ამოვიღებ ხმას, – გაუხარდა ქეთის, – გიყვარს?
ნატომ თავი გააქნია.
– არა, რას ამბობ! ჯერ ადრეა, სულ ორჯერ შევხვდი.
– მერე, სიყვარულს რად უნდა ორჯერ და სამჯერ შეხვედრა, მით უმეტეს – შენს ასაკში, – გაეცინა ქეთის.
ნატოს ეწყინა:
– ეგ რა ლაპარაკია? შეგიძლია, მითხრა, პირველად როდის ან როგორ შეგიყვარდა? ხედავ? მხრებს იჩეჩავ, იმიტომ, რომ არ გახსოვს. ამას ვერავინ ვერასდროს ვერ იტყვის, იმიტომ, რომ არავინ იცის.
– რატომ? მე, მაგალითად, პირველ კლასში ვიყავი შეყვარებული. ისეთი სასაცილოები ვიყავით ორივე. კანფეტებს ვჩუქნიდი და მის ჩანთას დავატარებდი.
ნატოს სიცილი აუტყდა:
– შენ დაატარებდი იმის ჩანთას? პირიქით არ უნდა ყოფილიყო?
– ეჰ, თავიდანვე სულელი ვიყავი... არადა, იმ პერიოდში ერთდროულად კიდევ ორ ბიჭს ვუყვარდი. სახელებიც მახსოვს: ალეკო და აჩიკო. ორივე სახელი „ა“-ზე რომ იწყება, ხომ მოგწონს? ალეკო სულ ჩხუბობდა ჩემ გამო, სულ და ყველასთან. დადიოდა დალურჯებული და ამაყად მიყურებდა. ეს მამაცი რაინდი ჩემთვის სიტყვის თქმას ვერ ბედავდა. აჩიკო კი ფეხებში მებლანდებოდა. ჯიბეები სულ სავსე ჰქონდა მიწის თხილით და მთავაზობდა. არადა, მიწის თხილზე მაშინაც ალერგია მქონდა და უარს ვეუბნებოდი, ის კი მაინც მთავაზობდა. თან, ალეკოს რომ არ დაენახა, ისე. არ ჰქონდა ჩხუბის თავი და რა ექნა?! მერე, ერთხელ, პირველ სექტემბერს, უზარმაზარი თაიგული მომართვა.
– ვინ? მოჩხუბარმა თუ მეორემ? – სიცილისგან ძლივს მოითქვა სული ნატომ.
– აჩიკომ, რა თქმა უნდა. ალეკოს მაგდენი მოხერხება სად ჰქონდა?! – ქეთიც გულიანად იცინოდა, – მერე გაირკვა, რომ თაიგული მე არ მეკუთვნოდა. მასწავლებლისთვის გამოუტანებია დედამისს და ატყდა ამბავი. სკოლაში დედაჩემიც დაიბარეს.
– დედაშენი საერთოდ რა შუაში იყო?
– აბა, შენ ეგ თქვი! მეც მიკვირს, მაგრამ, მაშინ... რა ვიცი, დედაჩემისგან მაგრად კი მომხვდა... ისე დავშინდი, თაყვანისმცემლებისგან თაიგულს კი არა, ფოთოლსაც აღარ ვიღებდი. დღეს ამაზე მეცინება, მაგრამ... მოკლედ, კარგა ხანს მწარედ მახსოვდა ეს ამბავი.
– ვახო როგორ შეგიყვარდა? – ჰკითხა უცებ ნატომ.
– ოო, აი, ეგ რთული შეკითხვაა. ერთად ვსწავლობდით. უფრო სწორად, ერთ უნივერსიტეტში.
– ვა, ექიმია?
– არა, მესამე კურსიდან გარიცხეს. სულ აცდენდა ლექციებს. წავიდა და ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიტანა საბუთები. ერთ კვირა დღეს ჩემმა ბიძაშვილმა დამირეკა – ძმაკაცმა ხელი მოიტეხა, თაბაშირი კი დაადეს, მაგრამ, მოსძვრა და, იქნებ, გადაუხვიოო.
– ვა, მაგარია, ანუ შენი პირველი პაციენტი იყო, თანაც ტრავმატოლოგიაში?
– არა, რა პაციენტი, მომატყუეს. უბრალოდ, ვაჟბატონს ჩემი გაცნობა ნებავდა და ხელის მოტეხის ამბავი მოიგონეს... რამდენიმე დღეში კი მართლა მოიტეხა ხელი, თანაც, ორ ადგილას... წავედი, წავედი, თორემ, დამაგვიანდა... მელოდება ლიზა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში