რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „ბეემვე 320“, 1998 წლის გამოშვება. ამ ბოლო დროს დაეწყო უცნაურობა: წყლის ისარი რაღაც მომენტებში მიუახლოვდება წითელს და მერე ისევ დაბლა ჩამოდის. რადიატორზე, წყლის ჩასასხმელს გვერდიდან რომ სპეციალური დანაყოფები აქვს, იქ ჩანს, რომ წყალი ნორმაზეა. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს გაუმართაობა?
პასუხი: თქვენ მიერ ხსენებული სინდრომი მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ ავტომობილს წყალი აკლია, წყლის დონე დაწეულია. ხშირ შემთხვევაში, რადიატორზე არსებულ დანაყოფებზე ჩანს ძველი ლაქა, ანუ, შეიძლება, ოდესღაც წყლის დონე ნორმაზე იყო და შემდეგ დაიწია, მაგრამ, ვინაიდან ერთ პოზიციაში დიდხანს იყო, ეს ლაქა ისე ჩანს, რასაც შეცდომაში შეჰყავხართ. აუცილებელია, როდესაც ძრავა ცივი ან გრილი მაინც იქნება, რადიატორს ხუფი მოხსნათ, შიგნით ჩაიხედოთ და გადაამოწმოთ, რა დონეზეა წყალი ან ანტიფრიზი. ის აუცილებლად ნაკლული იქნება. მაგრამ, თუ წყალი ნორმაზეა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ არ აკლია. ხუფის გვერდით, ზედ რადიატორზე, არსებობს პატარა ზომის, სპეციალური ჰაერის გამოსაშვები, რომელიც დაახლოებით სანტიმეტრ-ნახევრიანი დიამეტრისაა და ჯვარედინადაა გაჭრილი, როგორც ჭანჭიკი. ის უნდა მოუშვათ და დაიწყოთ წყლის ჩამატება. რაღაც მომენტში ავტომობილი უნდა დაქოქოთ და გამორთოთ, და საბოლოოდ კი რადიატორიდან ძრავაში მიმავალ ზედა მილს რომ ხელს მოუჭერთ, აი, ამ საჰაეროდან წყალი უნდა გამოდიოდეს. აქვე უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ მთელი ამ პროცედურის ჩატარების დროს, სალონში გათბობა მაქსიმალურად ცხელზე უნდა იყოს ჩართული. ამის შემდეგ ყველა ხუფს თავის ადგილას დააბრუნებთ და პრობლემაც მოგვარდება.
კითხვა: მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია, ვულკანიზაციაში მირჩიეს, რომ დამეყენებინა ეგრეთ წოდებული „ყველა სეზონის“ ბორბლები, M+S. მითხრეს, რომ ამ ტიპის საბურავებში რეზინის შემცველობა დიდია და, ცოტა მალე კი გაცვდება, მაგრამ, მოჭიდება უკეთესი ექნება. მართალია თუ არა ეს? თუ მართალია, მაშინ, რა საჭიროა ზაფხულის საბურავები, მხოლოდ იმიტომ, რომ გვიან ცვდება?
პასუხი: პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან არაპროფესიონალ ხელოსანთან მოხვედრილხართ, რადგან, ჯერ ერთი, M+S ნიშნავს – mud (ტალახს) პლუს snow (თოვლი). ანუ, ის გირჩევდათ ზაფხულისთვის დაგეყენებინათ „ტალახს პლუს თოვლის“ საბურავი. თუმცა, მართლა არსებობს ყველა სეზონის საბურავი, ოღონდ, ინდექსით AS (All Season). ბევრი რეზინის შემცველობა კარგია, თუ თოვლიან ან ყინულიან გზაზე მოძრაობთ, რადგან, ის საჭირო სირბილეს ინარჩუნებს, რათა გზის საფართან ჩაჭიდება მოახერხოს. ზაფხულში კი ის იმდენად რბილი, დნობადი და არასტაბილური ხდება, რომ, მოჭიდება, ზაფხულის საბურავთან შედარებით, კი არ უმჯობესდება, არამედ, მინიმუმ, ერთი მესამედით უარესდება. თუ საკუთარი უსაფრთხოებისთვის თანხა არ დაგენანებათ, უმჯობესია, ზაფხულში ზაფხულის, ზამთარში კი ზამთრის საბურავები დააყენოთ – ეს კომბინაცია სწორედ საჭირო მომენტში იჩენს თავს.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ისუზუ ვიზარდი”, 2000 წლის გამოშვება, ტრუპერის 3.0-იანი ძრავით, დიზელზე. ამ ავტომობილზე დაზიანებული მაქვს ეგრეთ წოდებული „ფარსუნკები”. სად შეიძლება მათი შეძენა?
პასუხი: რიგ კი არა, ხშირ შემთხვევაში, ამ ტიპის „ფარსუნკების” შეკეთებაც კი შესაძლებელია. ახალი „ფარსუნკები” შედარებით ძვირია – ერთი ცალის ფასი დაახლოებით 120-200 დოლარის ფარგლებში მერყეობს. მისი შეძენა ქუთაისის ქუჩაზეა შესაძლებელი, უკიდურეს შემთხვევაში – შეკვეთა მაინც. არის კიდევ ერთი გამოსავალი: თუ ვაშლიჯვარში, დიზელის სისტემის ხელოსნებთან შეკეთებას ვერ მოახერხებენ, გამტარობასა და „გაფრქვევადობას”, წარმადობას შეამოწმებენ და ამის მიხედვით შეარჩევენ რომელიმე სხვა ავტომობილის „ფარსუნკას”, რომელიც ისევე კარგად იმუშავებს, როგორც ქარხნული. თუ მონაცემები ემთხვევა, „ფარსუნკის” მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია: მან უნდა მოახდინოს დიზელის ჩაფრქვევა მაღალი წნევით და, თან – „პუდრივით”.
კითხვა: მყავს ავტომობილი „გოლფ 3”. პრობლემები შეექმნა და, როდესაც კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე მივიყვანე, მაჩვენა, რომ დაზიანებულია კატალიზატორის გადამცემი („დატჩიკი)”. თვითონ კატალიზატორი ამოღებული მაქვს და მისი გადამცემის შეცვლა რას მომცემს? იქნებ, ამიხსნათ, ზოგადად, რა ფუნქცია აქვს ამ დეტალს და რაიმე დაუზიანდება თუ არა ავტომობილს, ეს დეტალი რომ არ შევცვალო?
პასუხი: კატალიზატორის გამოშიგვნის დროს აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, დგას თუ არა ზემოხსენებული სენსორი, იგივე გადამცემი, რადგან, როგორც თქვენს შემთხვევაშია, თუკი ის დგას, კატალიზატორის ამოღების შემდეგ საჭიროებს სპეციალური, მაგრამ, პრიმიტიული ლითონის კონსტრუქციის ჩამონტაჟებას, რაც სენსორს ფუნქციას დაუტოვებს. შედეგად, სენსორი კომპიუტერს სწორ ინფორმაციას მიაწვდის და კომპიუტერიც შესაბამისად იმოქმედებს. თქვენს შემთხვევაში, საჭიროა ამ კონსტრუქციის ჩაყენება, რისი გაკეთებაც ძალიან ბევრმა ხელოსანმა იცის თბილისში. ამავდროულად, ავტომობილს ხმაც ისეთი დაუბრუნდება, როგორიც ქარხნიდან გამოყვანისას ჰქონდა, რადგან, გამოშიგვნის შემდეგ, ის ხმას იცვლის. თუ საერთოდ არ შეცვლით, არც მოხსნით და არც არაფერს უზამთ ამ სენსორს, ავტომობილი ჩვეულებრივ იმუშავებს, უბრალოდ, დაწვავს შედარებით მეტ საწვავს, მოაკლდება სიმძლავრე და კომპიუტერიც ყოველთვის გაჩვენებთ, რომ სენსორი დაზიანებულია.