მიირთვით ქატო და ყველაფერი რიგზე იქნება
ქატოს დღევანდელი პოპულარობა აშკარად მეცნიერების „ბრალია“ – მათ დაადგინეს, რომ საკვები ბოჭკოების დღიური ნორმა, 25-30 გრამი, არა მხოლოდ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, არამედ, აუცილებელიც.
ქატო, თავისი არსით, არის უჯრედისი, განსაკუთრებული ბოჭკოვანი ნივთიერება – ჩვენი კუჭ-ნაწლავის ყველაზე ნატურალური გამწმენდი. იმის გამო, რომ ცხოველური პროდუქტები უჯრედისს საერთოდ არ შეიცავს, მცენარეულ პროდუქტებში კი ის ძალზე მცირე რაოდენობითაა, ჩვენს კვებაში ქატოს როლი ძალზე დიდია, რადგან შედგება საკვები ბოჭკოების 75-80 პროცენტისგან.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გავლისას არ ხდება საკვები ბოჭკოების მონელება და ამის გამო ის ცოცხივით გვის და გარეთ გამოდევნის ორგანიზმიდან ყველანაირ წიდას: მძიმე ლითონების იონებს, ქოლესტერინს, ტოქსინებს. ასეთი გაწმენდის შემდეგ კი ორგანიზმი ადვილად ითვისებს საკვებ ნივთიერებებსაც და ჩქარდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სწრაფად გახდომას. მაგრამ, დიეტოლოგები ქატოს მხოლოდ იმიტომ არ აფასებენ, რომ მასში ბევრი უჯრედისია, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ის შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს (B1, B5, B6), კაროტინსა და მიკროელემენტებს: კალიუმს, მაგნიუმს, სპილენძს, თუთიას, ქრომს, სელენს. ქატოს დღიური ნორმაა 35 გრამი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა ვიტამინებისა და მინერალების ბალანსი – ისინი ორგანიზმიდან გამოიტანენ უამრავ სასარგებლო ნივთიერებას. ამიტომ, თუ გადაწყვეტთ მენიუში ქატოს შეტანას, დაიწყეთ დღეში 1 სადილის კოვზით. არ შეიძლება ქატოს მშრალად მიღება, მას უნდა დააყოლოთ წყალი, წვენი, რძე ან, სულაც, შეგიძლიათ, ჩაუმატოთ ფაფაში, სალათებში, სუპებში.
ქატო არსებობს სხვადასხვა სახის: ხორბლის, ჭვავის, ქერის. იმის მიხედვით, თუ როგორ არის დაფქული, მათ ყოფენ ორ სახეობად – უხეშ (მსხვილი გრანულები) და წმინდად (წვრილად) დაფქულად. არსებობს ქატო ხილის ან ბოსტნეულის დანამატებით.
ქატო ზღვის კომბოსტოს დანამატით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა აქვს;
ჭარხლის დანამატით – მათთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, ჭარბი წონა, არითმია;
ვაშლის დანამატით – თუ გაწუხებთ პოდაგრა, სისხლნაკლულობა, ნაღველკენჭოვანი დაავადებები;
სტაფილოს დანამატით – კარგია გაციების ან კანის დაავადებების დროს;
ქატო ბევრ წყალს შეიწოვს, ფუვდება და, შესაბამისად, ამცირებს შიმშილის შეგრძნებას. გარდა ამისა, ექიმები პაციენტებს ქატოს მკურნალობის მიზნითაც უნიშნავენ.
ა) კუჭის შეკრულობის, ნაღვლის ბუშტის ატონიის, დისბაქტერიოზის დროს მიიღეთ 1 სადილის კოვზი ქატო (წყალში დამბალი), დღეში სამჯერ, ჭამის წინ ან ჭამის დროს.
ბ) ხველების დროს – 400 გრამ ქატოს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ და ნახარში მიიღეთ 1/2 ჭიქა, დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.
გ) ალერგიისა და მგრძნობიარე კანის შემთხვევაში, 2 ჩაის ჭიქა ქატო ჩაყარეთ პატარა ტომსიკაში და ჩაყავით აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი მიიღეთ აბაზანა (10-15 წუთი).
ქატოს, თუ საჭირო რაოდენობით მიიღებთ, უკუჩვენება პრაქტიკულად არ გააჩნია. მისი მიღება არ შეიძლება მხოლოდ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და მწვავე გასტრიტის დროს.