კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: დაღლილობის მოსახსნელად როგორი აბაზანის მიღებაა უმჯობესი: ცივი, გრილი თუ ცხელი წყლის?
პასუხი: ცხელი წყალი აჩქარებს გულისცემას და, შესაბამისად, „აფრთხობს“ ძილს. გარდა ამისა, ცხელი წყლის აბაზანა არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აწუხებს ვენების გაგანიერება და სხვა დაავადებები. ამიტომ, ყველა თვალსაზრისით უმჯობესია, მიიღოთ თბილი წყლის აბაზანა, რომელშიც უნდა შეურიოთ ზღვის მარილი ან შემთბარი რძე. გარდა იმისა, რომ მოგეხსნებათ დაღლილობა, რძიანი აბაზანა დაარბილებს და უფრო ელასტიკურს გახდის კანს.
კითხვა: გამიგია, რომ სახიდან მაკიაჟის მოხსნას თავისი განსაზღვრული დრო აქვს. მართალია თუ არა ეს?
პასუხი: ეს სიმართლეა. მაკიაჟის მოსაშორებლად საუკეთესო დროა საღამოს 6-დან 8 საათამდე პერიოდი. მართალია, ამას ყოველთვის ვერ მოახერხებთ, რადგან ამ დროს, შესაძლოა, სახლში არ იყოთ ან სადმე წასვლას აპირებთ, მაგრამ, თუ დღის ამ მონაკვეთში სახლში ხართ და მთელი საღამოს შინ გატარებას აპირებთ, აუცილებლად გამოიყენეთ ეს მომენტი. 18-დან 20 საათამდე კანი განსაკუთრებით აქტიურად შთანთქავს ჟანგბადს, ფორებიდან კი გამოყოფს ყველაფერ ზედმეტს, რაშიც ხელს უშლის მაკიაჟი. გარდა ამისა, სასურველია, მკვებავი წაისვათ ცოტა მოგვიანებით, მთავარია, დაძინებამდე არ იყოს დარჩენილი 1,5 საათზე ნაკლები – ამ დროის განმავლობაში კანი ბოლომდე „აითვისე:ბს“ კრემს და დილით სახე შეშუპებული აღარ გექნებათ.
კითხვა: როგორც ვიცი, კანის აღდგენა ძირითადად ძილის პროცესში ხდება. დღის რომელი მონაკვეთია ამ თვალსაზრისით ყველაზე აქტიური, ანუ, რომელ საათებში ჯობია დაძინება?
პასუხი: სასურველია, დაიძინოთ ღამის 11 საათამდე, თუ გსურთ, რომ თქვენი კანი ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, რადგან, სწორედ ამ დროს იწყება კანის აღდგენითი პროცესი.
კითხვა: რომლებია ყველაზე აქტიური პროცედურები და როდის არის რეკომენდებული მათი ჩატარება და რატომ?
პასუხი: ყველაზე აქტიური პროცედურებია: პილინგი, ანტიცელულიტური მასაჟი, დეპილაცია. მათი ჩატარება რეკომენდებულია საღამოს 8-დან 9 საათამდე, რადგან, დღის ამ მონაკვეთში ორგანიზმს ნაკლებად აქვს ტკივილის შეგრძნება. გარდა ამისა, გარკვეული დისკომფორტი, რომელიც ამ პროცედურების ჩატარებას მოჰყვება, ძილის განმავლობაში მთლიანად გაქრება (ასევე, კანის სიწითლეც) და დილით ძალიან მხნედ იგრძნობთ თავს.
კითხვა: ძალიან მიყვარს სიბნელეში ძილი, არსაიდან არ უნდა შემოდიოდეს სინათლე. ბებიაჩემი სულ მეჩხუბება და მარწმუნებს, რომ კანი მალე დამიბერდება. მართალია თუ არა ეს?
პასუხი: თქვენი ბებიის სიტყვები შორს არ არის სიმართლისგან. ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება სინათლის, თუნდაც მკრთალი სხივი ძილის დროსაც კი. მაგრამ, თუ თქვენ მხოლოდ აბსოლუტურ სიბნელეში შეგიძლიათ დაძინება, ამ პრობლემის მოგვარებას ძალიან მარტივად შეძლებთ: დაძინების წინ ნუ ჩააბნელებთ ოთახს, სამაგიეროდ გაიკეთეთ თვალებზე გასაკეთებელი სპეციალური ნიღაბი, რომელიც სიბნელის იმიტაციას შეგიქმნით