ექიმის რჩევები
კითხვა: რა სიმპტომები აქვს ციროზს? ახალგაზრდა კაცს აქვს გამონაყარი ხელებზე, ფეხებზე, სახეზე, ხელისა და ფეხის გულებზე. გამონაყარი მოვარდისფროა, ხელის მოსმით – ხორკლიანი.
პასუხი: ციროზს ხანგრძლივი დროის განმავლობაში (წლები) უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს. შესაძლოა, თანდათანობით თავი იჩინოს ადვილად დაღლამ, საერთო სისუსტემ, უმადობამ, წონის უმიზეზო კლებამ, სიმძიმის შეგრძნებამ, ყრუ ტკივილმა მარჯვენა ფერდქვეშ, სიყვითლემ, კანის ქავილმა, დისპეფსიურმა მოვლენებმა (მეტეორიზმი, გულისრევის შეგრძნება, პირის სიმწარე და სხვა). პაციენტის დათვალიერებისას შეიმჩნევა წითელი ლაქები მკერდზე, ზურგსა და მხრებზე; ღვიძლისმიერი სისხლძარღვები – ეგრეთ წოდებული ვარსკვლავები, ხელისგულების ერითემა (სიწითლე), გალაქული, ჟოლოსფერი ენა; მუცლის ზედა ნაწილში ვენები ფართოვდება და ჭიპის გარშემო ჩნდება მოლურჯო ნახატი, რომელიც მედუზას თავს ჰგავს. მამაკაცებს უდიდდებათ სარძევე ჯირკვლები, სცვივათ თმა, ქალებს უწყდებათ მენსტრუალური ციკლი. თქვენ მიერ აღწერილი გამონაყარი ციროზისთვის არ არის დამახასიათებელი. პირველადი შეფასების მიზნით, მიმართეთ დერმატოლოგს.
კითხვა: 4 თვე გავიდა საკეისრო კვეთის შემდეგ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ნაკერი მოწითალო-მოვარდისფროა და სქლად არის შეხორცებული. ნაკერის არეში მაქვს ქავილი და მუცლის არეში – წიწკნა. საშიში ხომ არ არის?
პასუხი: ოპერაციის შემდგომი ნაწიბური დასაწყისში სწორედ მოვარდისფრო ქსოვილოვანი წარმონაქმნია, წიწკნისა და ქავილის შეგრძნება, შესაძლოა, რამდენიმე თვე კიდევ გქონდეთ და ამაში საგანგაშო არაფერია.
კითხვა: ჩემს შვილს სიცხის დამწევი საშუალების გაკეთების შემდეგ, ირგვლივ, ნანემსართან, გამოაყარა წვრილი, ამობურცული, მკვრივი მოწითალო ლაქები. რა შეიძლება იყოს ეს და როგორ მოვიქცეთ?
პასუხი: არ არის გამორიცხული, რომ ეს ადგილობრივი ალერგიული რეაქციის გამოხატულება იყოს. თუ თქვენი შვილის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, საშიში არაფერია. იგივე მედიკამენტის გამოყენებისგან კი თავის შეკავებას გირჩევთ.
კითხვა: ვარ 21 წლის ბიჭი. მაქვს მაღალი წნევები – 140-95-ზე. ისე, ჩემი წნევა არის 120-80-ზე. სიარულის დროს ვკარგავ წონასწორობას. გამოვიკვლიე ფარისებრი ჯირკვალიც, გულიც, მაგრამ, მითხრეს, არაფერიაო. რა მჭირს? ნევროლოგთანაც ვიყავი და წამლები დამინიშნა.
პასუხი: ასეთ ახალგაზრდა ასაკში წნევის ასეთი მაღალი ციფრები უმეტეს შემთხვევაში უკავშირდება ხოლმე თირკმლის (თირკმელზედა ჯირკვლის) ან ენდოკრინულ დაავადებებს. თუ ამ მხრივ დარღვევა გამოირიცხა, მაშინ ნევროლოგის მითითებები უნდა გაითვალისწინოთ, იქონიეთ მასთან კავშირი და აცნობეთ მკურნალობის შედეგი, რადგან, შესაძლოა, საჭირო იყოს დანიშნულების გადახედვა, ცვლილებების შეტანა.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე