კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაემსგავსა დღეს ეკლესიები კლუბებს და როდის არის მღვდლის სული მკვდარი და უნაყოფო

დღეს ხშირად საუბრობენ სასულიერო პირისა და მრევლის ურთიერთობის შესახებ: როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მათ, რა უნდა გაითვალისწინოს ორივე მხარემ და ასე შემდეგ. მღვდლობის საიდუმლო რიგით მეხუთეა შვიდ საიდუმლოთაგან, რომელიც მაცხოვრის მიერ არის დაწესებული. სწორედ მაცხოვარმა იესო ქრისტემ გამოარჩია 12 მოციქული და მისცა მათ ხელმწიფება მოძღვრებისა და საიდუმლოთა შესრულებისა, აღდგომის შემდეგ კი მოციქულებს მისცა შეკვრისა და გახსნის, ცოდვების მიტევების ხელმწიფება. ამ საკითხების შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).

 

– მამა გიორგი, სამწუხარია, მაგრამ, ფაქტია, რომ დღეს სამღვდელო იერარქიის ზოგიერთი მსახური თავისი ზნეობით, ცოდნით, არათუ აღემატება მრევლს, არამედ, პირიქით, ჩამოუვარდება კიდეც მას და ზოგიერთი მათგანის ქმედება საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებასაც იწვევს. 

– ღმერთის მადლი, რომელიც მღვდლის საშუალებით მოქმედებს მრევლზე, ღირსეულ ადამიანებს განწმენდს, უღირსი მღვდლის სულს კი დამწველ ცეცხლად ეფინება. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი უღირსი მღვდლობის შესახებ წერდა: „მე მინახავს მდინარე, კლდიდან რომ იღებდა სათავეს და ხეობაში მოედინებოდა. ქვები, რომლებსაც ის ეცემოდა, ქვებადვე რჩებოდნენ, ყვავილები და ბალახები კი ისრუტავდნენ წყალს და ცოცხლდებოდნენ“. ასევეა მღვდლის სული, რომელსაც შეუნანებელი ცოდვები აწევს – ის ქვასავით მკვდარი და უნაყოფოა; ხოლო ტაძარში, ღვთისმსახურებაზე მდგარი ადამიანების სულები ცხოველ წყალს, ღვთაებრივ მადლს ისრუტავენ. მღვდელმსახურებს განსაკუთრებით ძლიერი განსაცდელები აქვთ. ამიტომაც‚ ზოგიერთი მოძღვარი მღვდლად ხელდასხმის შემდეგ ისეთ ცოდვებში ვარდება, რომელთა არსებობა მანამდე არც კი იცოდა. ცოდვა ქრისტეს მოციქულთა შორისაც ბუდობდა. შესაბამისად‚ ცოდვა ეკლესიაში იმთავითვე არსებობდა, მაგრამ, თავად ეკლესია წმიდა იყო, რადგან ის არის „მისტიკური სხეული იესო ქრისტესი“‚ რომელიც განწმენდს და აცხოვნებს ყველას, ვინც ამ მადლს ემორჩილება. 

– და მაინც, როგორ უნდა მოექცეს ერისკაცი უღირს მღვდელმსახურს?

– ისე, როგორც შვილი ექცევა ცოდვილ მამას. პატივს უნდა სცემდეს უფლის მცნებების გამო, მაგრამ, არ უნდა მიჰბაძოს. წმიდა მაკარი ალექსანდრიელს ასეთი გამოცხადება ჰქონდა: „ჯოჯოხეთის უღრმეს ჯურღმულებში ავაზაკები და კაცისმკვლელები, ჯადოქრები და კერპთაყვანისმცემლები კი არ იტანჯებიან, არამედ, ის მღვდლები, რომლებიც უწესოდ ცხოვრობდნენ, სინანული არ ჰქონდათ და საღმრთო ლიტურგიის აღსრულებას ბედავდნენ“. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვები: „მღვდელი მხოლოდ პირს აღებს, ყველაფერს კი ღმერთი აღასრულებს“. 

– დღეს მრევლი ხშირად ბრმად ემორჩილება მოძღვარს, მის ყველა მითითებას ასრულებს, რომელიც‚ შეიძლება‚ სულაც არ იყოს მისი ცხოვრებისთვის, თუნდაც სულისთვის სასარგებლო. ანუ‚ რა იგულისხმება მოძღვრის მორჩილებაში და როგორი უნდა იყოს‚ ზოგადად‚ სასულიერო პირისა და მრევლის ურთიერთობა? 

– არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოძღვრის მორჩილება არ არის მონობა. ადამიანებს სულიერ საკითხებშიც გვჭირდება წინამძღოლი, რომელიც გვიწინამძღვრებს და‚ რა თქმა უნდა‚ ამას არ უნდა ჰქონდეს მონობის ხასიათი. დღეს გარკვეულწილად მოდასავით იქცა სულიერი შვილისა და სულიერი მოძღვრის ურთიერთობა. ბევრი ადამიანი ამაყად აცხადებს: ამ ეკლესიაში ცნობილი მოძღვრის სულიერი შვილი ვარო. მაგრამ, ეს მოჩვენებითია, რადგან, მათი ურთიერთობა არ არის ისეთი, როგორიც სინამდვილეში უნდა იყოს. დღეს, სამწუხაროდ, ბევრი ეკლესია კლუბს დაემსგავსა, ადამიანები მიდიან იქ, ერთმანეთს ესაუბრებიან, ერთობიან, მოძღვარს არ უსმენენ და უკან ცარიელი ბრუნდებიან. მოძღვართან იმიტომ კი არ მიდიან, რომ მორჩილებაში იყვნენ და რამე ისწავლონ, არამედ, მატერიალური პრობლემების მოსაგვარებლად, სულიერ საკითხებზე კი არაფერს ეკითხებიან. ეკლესიაში იმიტომ დავდივართ, რომ სულის ცხონება და სულიერი გადარჩენა გვინდა და, სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით მოძღვრის დარიგება, მისი მითითებების აღსრულება არის მორჩილება და არა მონობა და მასზე თავიდან ბოლომდე, ყველა საკითხში მთლიანად დამოკიდებულება.  თუ გინდა, იყო კეთილი, სულიერების მქონე ადამიანი, გერქვას მართლმადიდებელი, მაშინ იყავი მორჩილი, ოღონდ, მორჩილი იესო ქრისტეს სწავლების, სიკეთის და არა მოძღვრის პირადი მოსაზრებების, რომელიც შორს დგას ქრისტიანული სწავლებისგან. მორჩილება ნუ გგონიათ სისასტიკე, მონობა. მორჩილება არის პატივისცემა, დაჯერება. ადამიანის პიროვნული თავისუფლების დაფასება და პატივისცემა მართლმადიდებლობის არსია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ‚ როგორიც არის მოძღვარი, სწორედ ისეთია მრევლი. მოძღვრები ახლოს უნდა იყვნენ სულიერ შვილებთან, უნდა ინტერესდებოდნენ მათი სულიერი, ოჯახური, ფიზიკური მდგომარეობით და შეძლებისდაგვარად უნდა დაეხმარონ პრობლემების მოგვარებაში. სერაფიმ საროველი ამბობდა: „საკმარისია, ერთმა ადამიანმა მოიპოვოს სულიწმიდის მადლი, რომ მის გარშემო ათასები ცხონდებიან“. ამიტომ‚ ტყუილად ნუ იწუწუნებთ სხვის უღმერთოებაზე, რომ თითქოს არ ესმით თქვენი და ვერ მოგყავთ ახლობლები ეკლესიაში. ასე იმიტომ ხდება, რომ არ სჯერათ თქვენი, რადგან, თქვენი ქცევები და ქადაგება არ შეესაბამება ერთმანეთს. აქვე მინდა ვახსენო, რომ ეკლესია არ ცნობს არავითარ „ლიბერალურ“ მართლმადიდებლობას, ეკლესია ცნობს ერთადერთ მართლმადიდებლობას – იმას, რომელსაც ჩვენამდე მოაქვს მოციქულთაგან მომდინარე საეკლესიო გადმოცემის არსი და სული. ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ არ არსებობს არც „ლიბერალური“ და არც „თეოსოფიური“ მართლმადიდებლობა. რელიგიური თანასწორობის მეთოდი, რომლის ცრუ სწავლების თანახმადაც ყველა ადამიანი ცხონდება, სულერთია, რას იწამებს ის – ეს ცრუ და მიუღებელია. მართლმადიდებელი ეკლესია, კათოლიკური ეკლესიისგან განსხვავებით, არ განიცდის ევოლუციას, რადგან‚ როგორც დედაეკლესია გვასწავლის: დოგმატების სფეროში ევოლუცია არ არსებობს, რომ წმიდა მამები და მსოფლიო საეკლესიო კრებები მხოლოდ წარმოაჩენდენ და განმარტავდნენ იმ დოგმატებს, რომლებიც თავდაპირველად საღმრთო გამოცხადებაში არსებობდა. ამიტომაც‚ ეკლესიური ჭეშმარიტება არ ირკვევა დისკუსიის ან პოლემიკის დონეზე, ეს არის საეკლესიო ღვთისმეტყველება, რომელიც ყოველთვის არსებობდა. ეს სიმდიდრე პირველად გვიბოძა უფალმა იესო ქრისტემ თავის მოძღვრებაში. 

– მშობლები შვილებს თავად ურჩევენ სულიერ მოძღვრებს, რადგან, პატარა ასაკში მათ ამის გაკეთება არ შეუძლიათ. რა უნდა გაითვალისწინონ ასეთ დროს მშობლებმა? 

– შვილებისთვის მშობლებმა უნდა შეარჩიონ ისეთი სულიერი მოძღვარი, რომელსაც მუდმივად მიმართავენ და მასთან ერთად გადაწყვეტენ ბევრ პრობლემას, მნიშვნელოვან საკითხებს. არჩევანი უნდა გააკეთოთ ისეთ სასულიერო პირზე, რომელიც კეთილმყოფელ გავლენას მოახდენს თქვენს შვილზე. სულიერ მოძღვართან ერთად, უნდა შეარჩიოთ მათთვის სასარგებლო სასულიერო ლიტერატურა; სულისთვის სასარგებლოს კითხვა დიდხანს არ უნდა გრძელდებოდეს, მაგრამ, სისტემატური ხასიათი უნდა ჰქონდეს. მოზრდილ ბავშვებთან‚ კითხვასთან ერთად, ცოტ-ცოტა უნდა ვისაუბროთ სარწმუნოების სიმბოლოზე, ქრისტეს მცნებებზე, ეკლესიის საიდუმლოების მნიშვნელობაზე. კარგი სასულიერო ბიბლიოთეკა ოჯახის ყველაზე დიდი საგანძურია, რომელიც ნელ-ნელა უნდა მივაწოდოთ ჩვენს შვილებს. მშობლები შვილებს ხშირად ახსენებენ მეხუთე მცნებას, რომლის თანახმადაც, აუცილებელია მშობლების პატივისცემა. მაგრამ, მათ ავიწყდებათ პავლე მოციქულის შეგონება მშობლების მიმართ: „მშობლებო, ნუ გააღიზიანებთ შვილებს!“ რადგან მშობელი ხარ‚ ნუ გგონია, რომ ყოველთვის მართალი ხარ შვილებთან. ხშირად შვილებს გულებს ისე ვტკენთ, რომ მერე ეს მთელი სიცოცხლე იარად ამჩნევიათ სულზე. ხშირად მშობლების გაუთავებელი კამათის  გამო გაღიზიანებული შვილები ცდილობენ, ქუჩას შეაფარონ თავი და გვიანობამდე შინ შესვლაც აღარ უნდათ და, რა ღონეს აღარ მიმართავენ, რომ როგორმე თავი ინუგეშონ. როდესაც მშობელი სინანულით აცხადებს, რომ პრობლემები აქვს შვილთან, უნდა ახსოვდეს, რომ მთავარი დამნაშავე თავად არის, რადგან, ვეღარ ხვდება, როდის რა შეცდომა დაუშვა შვილის აღზრდაში. 

 

скачать dle 11.3