კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღვთისმშობლის გამოცხადება

„...უფალო, ღირსი გამხადე, მოვკვდე ქრისტიანობითი აღსასრულით; არ მიმატოვო, უფალო, შენს საშინელ სამსჯავროზე, არ განმაგდო შენი ზეციური სასუფევლიდან! ზეციურო დედოფალო, არ მიმატოვო!“...

თავის აღსრულებამდე ერთი წლით და ცხრა თვით ადრე მამა სერაფიმე ღირსი შეიქნა იმისა, რომ ღვთისმშობელი თავად მისულიყო მასთან. ეს გამოცხადება მოხდა 1813 წლის 25 მარტს, ხარების დღესასწაულზე, დილით ადრე. ჩაიწერა და დაწვრილებით გადმოსცა საოცარმა მოხუცმა ევდოკია ეფრემის ასულმა:

„მამა სერაფიმეს სიცოცხლის ბოლო წელს, მისი ბრძანებით მივედი მასთან ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულის წინა საღამოს. წმიდა მამა მეუბნება: 

– რომ იცოდე, რამხელა მადლი და მოწყალება გველის ჩვენ ღვთისმშობლისგან ამ დღესასწაულზე! 

მე ტირილი ამივარდა და ვთქვი, რომ არ ვარ ღირსი, მამა სერაფიმე ლმობიერი ხმით მაწყნარებდა: 

– მართალია, უღირსი ხარ, მაგრამ, მე გამოვთხოვე შენთვის უფლისაგან და ღვთისმშობლისაგან წყალობა იმისა, რომ შენც გეხილა ეს სიხარული! მოდი, ვილოცოთ! როდესაც ლოცვა დაასრულა, მითხრა: 

ნუ შეშინდები, ნუ დაფრთხები, ღვთის მადლი მობრძანდება ჩვენთან! ხელი მომკიდე!

უეცრად გაისმა ქარის ქროლვის მსგავსი ხმა, გამოჩნდა ბრწყინვალე ნათელი, გაისმა გალობა. მე არ შემეძლო, ძრწოლის გარეშე მეხილა და მესმინა ეს ყველაფერი. მამა სერაფიმე მუხლებზე დაეცა, ხელები ცისკენ აღაპყრო და შეჰღაღადა:

– ო, ყოვლადწმიდა უწმიდესო ქალწულო, დედოფალო ღვთისმშობელო! – და დავინახე ორი ანგელოზი ტოტებით ხელში, რომლებიც წინ უძღოდნენ ჩვენს მბრძანებელს, ღვთისმშობელს, ღვთისმშობლის უკან 12 ქალწული იდგა, აგრეთვე, წმიდა იოანე ღვთისმეტყველი. მე შეშინებული ძირს დავემხე და, არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ასე და რისი ბრძანება ინება ზეციურმა დედოფალმა მამა სერაფიმესათვის; არ გამიგონია, რას შესთხოვდა მას წმიდა მამა. ხილვის დასასრულს გავიგონე, რომ ღვთისმშობელმა ჰკითხა მამა სერაფიმეს: „ის ვინაა ძირს განრთხმული?“ წმიდა მამამ უპასუხა: „ეს ის მოხუცია, რომელზეც გთხოვე, დედოფალო, შენი მობრძანებისას აქ ყოფილიყო!“ მაშინ ყოვლადუბიწომ ინება, წამოვეყენებინე მე უღირსი, მარცხნიდან მამა სერაფიმე ამომიდგა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა უბრძანა მამა სერაფიმეს, მივსულიყავი ქალწულებთან და მეკითხა მათი სახელები, შემეტყო მათგან მათი ამქვეყნიური ცხოვრების შესახებ. პირველად ანგელოზებთან მივედი და ვკითხე: „ვინ ხართ თქვენ?“ მათ მიპასუხეს: ჩვენ უფლის ანგელოზები ვართო. შემდეგ მივედი წმიდა იოანე ნათლისმცემელთან და იოანე ღვთისმეტყველთან, ისინიც მომიყვნენ თავიანთი ამქვეყნიური ცხოვრების შესახებ. ბოლოს მივედი ქალწულებთან და ყოველ მათგანს ვკითხე სახელები, მათაც მიამბეს თავის ცხოვრებაზე. ეს ქალწულები იყვნენ: დიდმოწამე ბარბარე და და ეკატერინე, წმიდა პირველმოწამე თეკლე, წმიდა დიდმოწამე მარინა, წმიდა დიდმოწამე და დედოფალი ირინე, ღირსი ევპრაქსია, წმიდა დიდმოწამეები პელაგია და დოროთეა, ღირსი მაკრინე, მოწამე ანისია. როდესაც ყველას ვკითხე სახელები, ვიფიქრე, წავალ, ფეხებში ჩავუვარდები ზეციურ დედოფალს და ცოდვათა მოტევებას ვთხოვ-მეთქი, მაგრამ, უეცრად მამა სერაფიმემ მითხრა, რომ ეს გამოცხადება ოთხი საათი გრძელდებოდა. მე ვუთხარი: „აჰ, მამაო, მე მეგონა, რომ შიშით მოვკიდებოდი და ვერ მოვასწარი ზეციური დედოფლისათვის ცოდვათა შენდობა მეთხოვა,“ მაგრამ, წმიდა მამამ მიპასუხა: „მე უბადრუკმა ვთხოვე თქვენზე ღვთისმშობელს და, არა მარტო თქვენზე, არამედ, ყველაზე, ვისაც მე ვყვარებივარ, მომმსახურებია და ჩემი სიტყვა შეუსრულებია, ვისაც ჩემთვის უშრომია, ვისაც უყვარს ჩემი სავანე. მე კი, მით უმეტეს, არც მივატოვებ არც ერთს იმათგან, ვინც ჩემს უდაბნოში იცხოვრებს და მათი შთამომავალნიც არ იქნებიან მიტოვებული! აი, რა სიხარულის ღირსი გაგვხადა უფალმა, გულს ნუ გაიტეხთ!“ მე შევევედრე მამა სერაფიმეს, ესწავლებინა, როგორ მეცხოვრა და მელოცა. მან მიპასუხა: „ილოცე ასე: „უფალო, ღირსი გამხადე, მოვკვდე ქრისტიანობითი აღსასრულით, არ მიმატოვო, უფალო, შენს საშინელ სამსჯავროზე, არ განმაგდო შენი ზეციური სასუფევლიდან! ზეციურო დედოფალო, არ მიმატოვო!“ ამის შემდეგ მე თაყვანი ვეცი წმიდა მამას. მან მაკურთხა და მითხრა: „მოვედ, შვილო, მშვიდობით სერაფიმეს უდაბნოში“.

„ღვთისმშობლის ხატის სასწაულები“

скачать dle 11.3