რის გამო დაიმსხვრა 500 სასმისი ფუნიკულიორის რესტორანში და თბილისის რომელ რესტორანში უმასპინძლა ვასილ მჟავანაძემ ჯავაჰარლალ ნერუსა და ინდირა განდის
თითქმის 20-წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის ყველაზე ცნობილი რესტორანი – მთაწმინდის ფერდობზე მდებარე „ფუნიკულიორი” თბილისელებისთვის და თბილისის სტუმრებისთვის გაიხსნა. თბილისის ომის დროს გაპარტახებული და თითქმის მთლიანად განადგურებული რესტორნის შენობა მოჩვენებების სახლს უფრო წააგავდა, ვიდრე ერთ დროს ყველაზე პრესტიჟულ დასასვენებელ ადგილს. არაჩვეულებრივი ხედის მქონე რესტორანს უამრავი საინტერესო ისტორია უკავშირდება, რომელთა შესახებ ძველი ფოტოებისა და საარქივო მასალის დახმარებით ამ ნომრიდან შეიტყობთ.
ფუნიკულიორი რევოლუციამდე
ცნობილი რესტორნის აშენებას წინ უძღოდა მთაწმინდის ფერდობის ათვისება. 1897 წლის ივნისში ქალაქის გამგეობამ სპეციალური კომისია გამოყო, რომელსაც დაევალა მთაწმინდის კეთილმოწყობის ღონისძიებების შემუშავება. კომისიამ გამგეობას ურჩია, ოქროყანაში პოლტარაცკისა და გაბაშვილის მამულები შეესყიდა და ორმოცდაათ დესეტინა ფართობზე ტყე გაეშენებინა. ეს დადგენილება, სამწუხაროდ, შეუსრულებელი დარჩა. იმ დროს მთაწმინდაზე თითო-ოროლა თბილისელს ჰქონდა აგარაკი, ხოლო სოვდაგრები სამიკიტნოებს ფლობდნენ და ტფილისელი მოქეიფეები იქ დროის გასატარებლად დადიოდნენ. იმ წლებში მთაწმინდას ქალაქთან ბილიკი აკავშირებდა, რომელიც ჯერ კიდევ 1817 წელს გენერალ ერმოლოვის ბრძანებით „საპიორნი” ბატალიონის ჯარისკაცებს ჯერ მამადავითის ეკლესიამდე გაუჭრიათ, შემდეგ კი მთის პლატომდე გაუგრძელებიათ.
1900 წლის 24 იანვარს ქალაქის თვითმმართველობამ თბილისის „კონკის” დირექტორს, ბელგიელ ინჟინერს, ალფონს რობის, ფუნიკულიორის მშენებლობის ნება დართო. მშენებლობა 1903 წლის სექტემბერში დაიწყო და ჩქარი ტემპით წარიმართა. ზედა სადგურზე კოშკურებიანი ორსართულიანი ნაგებობა – „როტონდა” აიგო, სადაც, იმავდროულად, კაფე-ბარი და რესტორანი იყო განთავსებული. მშენებლობაზე მრავალი უცხოელი სპეციალისტი მუშაობდა. პროექტი შეადგინა ფრანგმა ინჟინერმა ბლაშმა, არქიტექტურულად დაამუშავა არქიტექტორმა შიმკევიჩმა, გზის მშენებლობას კი ხელმძღვანელობდა ბელგიელი ინჟინერი რაგოლერი, რომელსაც ეხმარებოდა იტალიელი ინჟინერი ანტონიო ფონტანა-როსი. უცხოელების გარდა, ფუნიკულიორის მშენებლობაში უაღრესად დიდი წვლილი შეიტანა ცნობილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ, ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივითა და აქტიური მხარდაჭერით მოკლე დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ფუნიკულიორის ესტაკადისთვის. თბილისის ფუნიკულიორი 1905 წლის 27 მარტს, დილის 10 საათზე, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ფუნიკულიორის სადგურები, მთელი ტრასა ვარდ-ყვავილებითა და რუსეთის იმპერიის ეროვნული დროშებით იყო მორთული. საზეიმო ცერემონიალზე სიტყვა წარმოთქვა მამადავითის ეკლესიის ზედამხედველმა, მღვდელმა მაჭარაშვილმა. ბოლოს, ქალაქის თავმა, ვასილ ჩერქეზიშვილმა, ცისფერი ლენტი გაჭრა და ფუნიკულიორი გახსნილად გამოაცხადა. პეტერბურგში გამომავალი ჟურნალი „ნივა” ფუნიკულიორის გახსნაზე წერდა: „ეს შესანიშნავი ნაგებობა მოწყობილია ცნობილი უცხოეთის ფუნიკულიორების მსგავსად. რაღაც დაახლოებით ასეთი რამ არსებობს ქვედა ნოვგოროდში, მაგრამ იქაური ფუნიკულიორი ვერც კი შეედრება დავითის მთაზე აგებულ გზას. ამჟამად თბილისის ფუნიკულიორი დიდი წარმატებით სარგებლობს მცხოვრებთა შორის და წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას, რომლებითაც ესოდენ მდიდარია საქართველოს დედაქალაქი”.