რატომ მოხვდა ნაზი შამანაური დედასთან ერთად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და როგორ აწამებდნენ მათ იქ
„სიცოცხლე ბროლის ჭიქასავით სულ ნაკუწ-ნაკუწ დამიმსხვრიეს და ფეხქვეშ დამიყარეს… და თუ დღეს სიკვდილზე ვფიქრობ, არა იმიტომ, რომ დავიღალე ბრძოლით, რომ საცაა თითოეული ძარღვიც კი დასკდება, არამედ, იმიტომ, რომ აღარავისი მჯერა ამ ქვეყანაზე... იქნებ ეს ჩემი უკანასკნელი ბარათებია...”
ახალგაზრდა, ლამაზი ქალის, ნაზი შამანაურის ტრაგიკული ამბავი 1971 წლიდან იწყება, როცა მან უნივერსიტეტი დაამთავრა და მშობლიურ კუთხეში, დუშეთში დაბრუნება გადაწყვიტა. ფრანგული ენის სპეციალობისა და ჟურნალისტის დიპლომით (რესპუბლიკურ გაზეთებსა და სკოლა-ინტერნატში მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდა) მშობლიურ რაიონში, წესით, მის კარიერას ხელი არ უნდა შეშლოდა. მუშაობა გაზეთ „კომუნიზმის გზის” რედაქციაში უნდა დაეწყო, თუმცა, მას ამ რედაქციის კარი არ შეუღია, დამოუკიდებლად დაიწყო ჟურნალისტური გამოძიება. საბჭოთა იდეოლოგიით გამსჭვალული რეგიონული გაზეთები პირველ გვერდებს რაიკომის ბიუროს, აღმასკომის სხდომებსა და კოლმეურნეობების კრებების ანგარიშებს უთმობდნენ. რეალური სურათი კი ასეთი იყო: უშუქობა, უწყლობა, უგაზობა... ფშავ-ხევსურეთისა და მთიულეთ-გუდამაყრის ხეობებს მოსახლეობისგან დაცლა ემუქრებოდა; ასფალტის დაგებასა და ჩასანგრევად განწირული ხიდების გამაგრებაზე არავინ ზრუნავდა; სოფლებიდან ორი-სამი საათის სავალზე დაშორებულ სკოლებამდე პატარებს ზამთრის ყინვაშიც კი ფეხით უხდებოდათ სიარული; ყოველდღიური მოხმარების საგნები თუ საკვები პროდუქტები დეფიციტად იქცა, მაღაზიებთან უსასრულო რიგები იდგა. გეგმების ყალბი კორექტირების შესახებ საუბრისას, ნაზი შამანაურის მთავარი არგუმენტები ციფრები, ფაქტები და ფოტოები იყო. წლების განმავლობაში ფურცელ-ფურცელ ნაგროვები დოკუმენტაცია 200 გვერდს აღემატებოდა. ხელისუფლების მანკიერი მხარის მხილება მაშინ გმირობის ტოლფასი იყო. აკრძალულ თემებზე პერიოდულად და შეპარვით უნდა გეწერა. ნაზიმ კი ეს ვერ შეძლო – მან მთავარ მიზნად მხილება დაისახა და ბიუროკრატიასა და წითელ ელიტასთან საჩივრების ენაზე დაიწყო საუბარი. „... უნივერსიტეტის თეთრი ტაძრიდან პირდაპირ ტალახში მისროლეს” (ნაზი შამანაურის დღიურებიდან). იმედგაცრუებების მიუხედავად, შამანაური ყველაზე დიდი და მძლავრი საბჭოთა იმპერიის ერთგულ მოქალაქედ, ურყევ კომუნისტად დარჩა. მან საკუთარ თავს საზოგადოებისგან თვითიზოლირების განაჩენი გამოუტანა. მას არც ადგილობრივ ხელისუფლებასთან გარიგებაზე წასვლა სურდა, არც საბჭოური მენტალიტეტის გადაფასება. რაიკომის მდივნის, არჩილ შადურის მიერ შეთავაზებულ სამსახურზეც უარი თქვა და ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან თანამოაზრეობაზეც. სრულიად მარტოდმარტო დარჩენილი, სახლს მიეჯაჭვა. კარჩაკეტილობა ბავშვობიდან მისი უმთავრესი თვისება იყო. თანატოლებს მუდმივად საკლასო ოთახის ფანჯარას აკრული, განაპირებული და დედის კალთას მიწებებული ახსოვთ. დედა, სარა ინაშვილი, ნაზის ერთადერთი თანამდგომი და გულშემატკივარი იყო. ის დაჰყვებოდა შვილს „კომუნისტისა” და „სოფლის ცხოვრების” რედაქციებში; ის იყო წაუკითხაობისა და დაუბეჭდაობისთვის განწირული სტატიების უკან დაბრუნების მოწმე; მასაც უკეტავდნენ ბელინსკის ქუჩაზე გამავალ კარს გამომცემლობის დარაჯები; ისიც ათენებდა ღამეს რედაქტორის კაბინეტის მოსაცდელში. მდივანი ია გამრეკელი მასალების ბიუროზე განხილვას დაჰპირდა. მანამდე პარტიული კრებებისა და პლენუმებისთვის განკუთვნილი დარბაზის კარი ნაზი შამანაურისთვის მუდმივად დაკეტილი იყო. ერთხელ თვითნებურად სცადა დუშეთის რაიკომის ყრილობაზე მოხვედრა, რომელსაც თვით ედუარდ შევარდნაძე ესწრებოდა. მილიციის კორდონი გაარღვია, სანახევროდ მიხურულ კარში შეძვრა და, ორიოდე რეპლიკის თქმა თუ მოასწრო, პირზე ხელაფარებული, ჯიკავ-ჯიკავით, მუჯლუგუნებით გაიყვანეს დარბაზიდან. გამრეკელმა სიტყვა შეასრულა: ნაზის გამოსვლას ღამის 2 საათამდე ისმენდნენ.
გადიოდა დრო. ნაზი სულ უფრო და უფრო იშვიათად ტოვებდა სახლს. ერთთავად ვარდისფერ ქვედაბოლოსა და თეთრ ბლუზაში იყო გამოწყობილი. თმა შუბლზე გადაევარცხნა. საქაღალდეების დასტა ჩაეკრა გულში. თავდახრილი და დაძაბული, გაჩქარებული ნაბიჯებით მიუყვებოდა – ქუჩას. გადასასვლელთან დიდხანს ყოვნდებოდა. შორს, მოსახვევში თვალმოკრული მანქანის ჩავლას უცდიდა. „ჩვენი მოკვლა უნდათ,” – ჩასჩურჩულებდა გვერდით მდგარ დედას. საგაზეთო ჯიხურს ახლოს არ ეკარებოდა: „ფურცლებიდან უხილავი ნაწილაკები მეფრქვევა.” პურის მაღაზიაში არ შედიოდა: „ფქვილში საწამლავს ურევენ.” ახლობლის მიერ მოტანილ კანფეტებს მაგიდის უჯრაში ინახავდა: „მოშხამულია.” ნაზისთვის ყოველგვარი უბედურების სათავე რაიკომის მდივანი იყო. ის პერიოდულად სახესა და სახელს იცვლიდა: ხან არჩილ შადური ერქვა, ხან – ია გამრეკელი, ხანაც – ჰამლეტ კერესელიძე. თუმცა, სამივე, წარმოება-დაწესებულებებისა და მეურნეობა-კოლმეურნეობების ხელმძღვანელებითურთ, მტრის ერთიან ხატს ქმნიდა.
1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში ვაჟაობის დღესასწაული გაიმართა. ნაზიმ სიტყვა ითხოვა. უარი უთხრეს. ძალით გაიკაფა გზა ტრიბუნისკენ, მიკროფონს ხელი დასტაცა და დაიყვირა: „ხალხო, გატყუებენ... ლამაზ-ლამაზ ფერებში ხატავენ ცხოვრებას, სინამდვილეში კი კოლმეურნეები დაიმონეს... სასაქონლო გეგმის შესრულების მიზნით, მოსახლეობას მეწველი ძროხები წაართვეს... რა გვეზეიმება? ვაჟა რომ წამოახედოთ, სირცხვილით დაიწვება!..” დედა-შვილს თავზე ნაჭერი ჩამოაცვეს და იქვე მდგარ მილიციის მანქანაში შეყარეს. მანქანამ გეზი თბილისისკენ აიღო და ასათიანის ქუჩაზე, ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეზოში შეჩერდა. ნაზი შამანაური და სარა ინაშვილი საექსპერტო კომისიის წინაშე წარდგნენ.
„... დედა-შვილი მილიციის მანქანით წამოგვიყვანეს. ორი დღე დაგვტოვეს მილიციის საპატიმროში... 16 აგვისტოს, ორშაბათს, წამოგვიყვანეს თბილისში და დედა-შვილი მოგვათავსეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს ქალთა პირველ განყოფილებაში, სადაც უფრო მეტად აღგზნებული ავადმყოფები არიან. მე და დედას შიშისგან არ გვეძინა. მეცამეტე დღეს დაგვაშორეს ერთმანეთს – დედა გადაიყვანეს მე-9 განყოფილებაში და მე პირველ განყოფილებაში დამტოვეს. ამ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა-წამება“...
ფსიქიატრიული ჯოჯოხეთი, ხუთი თვე კლინიკაში და საბჭოთა ფსიქიატრიის მკურნალობის მეთოდები
ეგრეთ წოდებული „ასათიანის კლინიკა“ ქართული საბჭოთა ფსიქიატრიის სახე იყო. მასთან შეხება მძაფრი, მტკივნეული განცდებით იწყებოდა: ახალმიღებულს პირადი ნივთების ჩაბარებასა და საჯარო გაშიშვლებას აიძულებდნენ. ერთიც და მეორეც პაციენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვით საბუთდებოდა. პირადი ნივთები, ვთქვათ, გადატეხილი კოვზი, შეიძლებოდა, ნებისმიერ წუთს ცივ იარაღად ქცეულიყო, ტანსაცმლის რომელიმე ატრიბუტი კი, ვთქვათ, საცვლიდან გამოძრობილი რეზინი – თავის ჩამოსახრჩობ ყულფად. ალბათ, ამიტომ, პაციენტებს ზამთრის ყინვაშიც კი ხალათები პირდაპირ შიშველ ტანზე ჰქონდათ მოსხმული. თუ დისკომფორტით გამოწვეული უკმაყოფილება აგრესიაში გადაიზრდებოდა, ისტერიკამდე მისულს ზეწრებით კოჭავდნენ, შემდეგ კი შესაბამისი ინიექციებით ადუნებდნენ. ელექტროშოკი ერთი მიზეზის გამო არ გამოიყენებოდა: აპარატი 70-იან წლებში გადაიწვა და მის შეკეთებასა თუ ახლის შეძენაზე აღარ იზრუნეს – ძვირიც იყო და არაპოპულარულიც, საზოგადოება მას ჯალათის კუნძთან ან გილიოტინასთან აიგივებდა. სკანდალი ფსიქიატრიული კლინიკის ცხოვრების წესი იყო. პაციენტებს აღიზიანებდათ: გისოსები, გადაჭედილი პალატები, საავადმყოფოს უნიფორმა, ამინაზინის ნემსები, უგემური საკვები და ამ ყველაფერთან შეგუების კატეგორიული, სასტიკი მოთხოვნა. იძულებითი მკურნალობის შესახებ გამოტანილი განაჩენი მედპერსონალს ცემა-ტყეპის ენაზე საუბარს უკანონებდა: ცემა-ტყეპა – წამლის მიღებისას, ცემა-ტყეპა – შიმშილობისას. „...გამატიტვლეს ყველას თვალწინ. იატაკზე თმით მათრიეს. ხელ-ფეხი შემიკრეს... მუცელში მცემდნენ, თმაზე მექაჩებოდნენ. ცხვირზე ხელს მიჭერდნენ, რომ პირი გამეღო... კანი მეწვოდა, ტუჩები დამილურჯდა, სასა დამისივდა... ლუკმას რომ ვერ მაყლაპებდნენ, ძუძუებზე ფეხს მაჭერდნენ, კისერს საქონელივით მიდრეკდნენ; მუცელში წიხლს მაზელდნენ, ნიკაპში – მუშტს... ლანცეტით მაწამებდნენ... სასამდე მიბჯენილ კოვზს ხახაში ბურღივით მიტრიალებდნენ... ვიხრჩობოდი... იოგები, საყლაპავი მილი დამიზიანდა, კბილები დამემსხვრა... პირსახოცი სისხლიანი იყო.“
ამ პირობებში ნაზი შამანაურმა ზუსტად ხუთი თვე გაძლო. ნაზი შამანაურის დღიურების მთავარი უარყოფითი პერსონაჟი ქალთა პირველი განყოფილების დიასახლისი ვალიდაა. „ხომ დაგწიწკნე და დაგასისხლიანე. ჯერ სადა ხარ... ისეთ რამეს დაგარტყამ, დრუნჩი გვერდზე მოგექცეს!” – გაჰყვიროდა ვალიდა.
ერთი თვის განმავლობაში ნაზი სტაციონარული ექსპერტიზის პაციენტი იყო. ექსპერტიზამ სულით ავადმყოფად ცნო: „შიზოფრენია, ბოდვითი ფორმა”. სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, დუშეთის რაიონულმა სასამართლომ იძულებითი მკურნალობა შეუფარდა. ნაზი და სარა ერთმანეთს დააშორეს. 8 იანვარს ვალიდამ ჩხრეკა მოაწყო – ხალათის ჯიბეები ამოაბრუნებინა ნაზის, მერე ქვეშაგი გადაქექა. ვერაფერი იპოვა. „ვიცი, რასაც ეძებს მსუნაგი ძაღლივით“, – გადაულაპარაკა ნაზიმ წუთის წინ შემოყვანილ დედას. დღიურებს ნაზი, წესისამებრ, საწოლში წამომჯდარი, ძაფით აკინძულ ქაღალდის ნაგლეჯებზე წერდა. თავიდან მის სტრიქონებში პროტესტი ჭარბობდა, მერე სევდიანი ნოტები გაჩნდა, ბოლოს კი ყველაფერი სასოწარკვეთამ და სრულმა აპათიამ დაჩრდილა. ქალმა სიკვდილზე ფიქრი დაიწყო: „ჩემს დღიურებს მთლიანად აგონიაში ვწერდი... მეტი აღარ შემიძლია. ფიზიკური ჯანმრთელობა შენარჩუნებული მაქვს, მაგრამ, ფსიქოლოგიურად, მორალურად გამოვიფიტე. ხეს მოწყვეტილი ფოთოლივით ვქანაობ. სიკვდილს ვნატრობ... ძალები არ გამომლევია, უბრალოდ, რწმენა დავკარგე. რწმენის გარეშე სიცოცხლე კი უკვე სიკვდილია...”
ნაზი 12 იანვარს გადაიყვანეს მეცხრე საავადმყოფოში. მუცელი მკვრივი, მტკივნეული და შებერილი ჰქონდა. ქირურგმა ანზორ არველაძემ გონდაკარგული პაციენტი სანიტრებს საოპერაციო მაგიდაზე მოათავსებინა. როგორც კი კანს დანა დაუსვა, მუცლის ღრუდან თითქოს აირით გაბერილი, გატიკული ნაწლავები ამოხტა. „ინტოქსიკაციაა?” – ქირურგმა ფუნქციადაკარგულ ჯორჯალს ნოვოკაინის ბლოკადა შეასხურა და ტრავმის ან პერიტონიტის ნიშნებს დაუწყო ძებნა. ბადე-ქონი სუფთა აღმოჩნდა – არავითარი ჩირქი და სიმსივნური წარმონაქმნები; არავითარი სისხლნაჟღენთები და დაჟეჟილობა.
ანზორ არველაძე (ქირურგი): „ვფიქრობ, მოწამლეს, ან – თავი მოიწამლა.” რვა დღის შემდეგ, 1983 წლის 20 იანვარს, ნაზი შამანაური რეანიმაციის განყოფილებაში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად სეფსისი დასახელდა... „ავადმყოფობის ისტორია ჩემამდე არ მოსულა, უშიშროების თანამშრომლებმა წაიღეს.” სარა ინაშვილი ქალიშვილის დაკრძალვას არ დასწრებია – ის ჯერაც ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტი იყო.
სარა ინაშვილის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები. როგორ შეეწირა მკურნალი ექიმის სიცოცხლე შამანაურის სახელთან დაკავშირებულ სკანდალს
ნაზი შამანაურის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, დისიდენტების აქტიური ჩარევით, სარა ინაშვილი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაწერეს და ის დუშეთის სახლს დაუბრუნდა. გარეთ თითქმის არ გადიოდა. მარტო იშვიათად იყო. ძირითადად, დისიდენტები – ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრები დადიოდნენ სტუმრად. ეროვნული მოძრაობის ლიდერები სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პერსონალს ჯანმრთელი ადამიანის გიჟად გამოცხადებასა და წამებით სიკვდილში ადანაშაულებდნენ. სწორედ ამ პერიოდში გარდაიცვალა ნაზი შამანაურის მკურნალი ექიმი – მზია გოგიჩაიშვილი: მას ინსულტი დაემართა და, რაკი მარტოხელას მომვლელი არ ჰყავდა, ქალთა მეოთხე განყოფილებაში, ნაზი შამანაურის პალატის თავზე მოათავსეს. როგორც ამბობენ, ნაზის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ აღარ უხსენებია, თუმცა, ინსულტის მიზეზი ცხადი იყო – გოგიჩაიშვილი აქტიურად ფიგურურებდა „ჯალათი ექიმების” ჩამონათვალში. სარა ინაშვილი კი 1996 წელს გარდაიცვალა და ის შვილის გვერდით დაკრძალეს.