სად ეცეკვა პრინცესა დიანას ჯონ ტრავოლტა და რა აკავშირებს მისი კარიერის რეანიმაციასთან კვენტინ ტარანტინოს
ამერიკელი მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი, „ოქროს გლობუსის” ლაურეატი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავი მსოფლიო კინემატოგრაფში, ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯონ ტრავოლტა, მომავალ წელს 60 წლის იუბილეს იზეიმებს. სოლიდური ასაკის მიუხედავად, მსახიობი ენერგიულად და მხნედ გამოიყურება, არ ერიდება მძაფრსიუჟეტიან ფილმებში თამაშს და სიცოცხლისთვის სახიფათო სცენებში კასკადიორების მომსახურებაზე ხშირად ამბობს უარს.
* ჯონ ჯოზეფ ტრავოლტა დაიბადა 1954 წლის 18 თებერვალს ენგვუდში, ნიუ-ჯერსის შტატში, ამერიკაში, სალვატორე და ჰელენ ტრავოლტების ოჯახში. ექვსი შვილიდან ჯონი უმცროსი იყო.
* ჯონი 21 წლის ასაკში გახდა ცნობილი, როდესაც მთავარი როლი შეასრულა პოპულარულ ტელესერიალში „კოტერის დაბრუნება”.
* ჯონის ძმები – ჯოუი და სემი, ასევე, დები – ენი და ელენი, შოუ-ბიზნესში არიან ჩართულნი.
* 1976 წელს ჯონ ტრავოლტას მსახიობი დაიან ჰეილენდი შეუყვარდა, რომელიც მასზე უფროსი იყო 18 წლით და კიბოთი იყო დაავადებული. ერთი წლის შემდეგ ჰეილენდი ტრავოლტას ხელში ჩააკვდა.
* ჯონი სამხედრო სამსახურის მოწინააღმდეგეა, თუმცა, ახალგაზრდობაში მან ამერიკის შეიარაღებული ძალების სარეკლამო რგოლში მიიღო მონაწილეობა.
* 1977 წელს ჯონ ტრავოლტამ ჩაწერა წარმატებული პოპ-ალბომი – „მანამ შენგან შორს ვარ”, რომელიც ამერიკული ჩარტების პირველ პოზიციებს იკავებდა.
* ჯონ ტრავოლტას დამსახურებაა, რომ რიჩარდ გირი დღეს ცნობილი მსახიობია. ტრავოლტამ ოთხ ფილმში მონაწილეობაზე განაცხადა უარი, რომლებშიც მოგვიანებით ეს როლები რიჩარდ გირმა ითამაშა. საუბარია ფილმებზე: „ამერიკელი ჟიგოლო”, „ოფიცერი და ჯენტლმენი”, „ჩიკაგო” და „მოსავლის დღეები”.
* თავის დროზე ჯონ ტრავოლტამ უარი თქვა მთავარი როლების შესრულებაზე ფილმებში: როგორიცაა „ფორესტ გამპი” და „აპოლო-13” და ეს როლები ტომ ჰენკსს შეხვდა.
* ჯონ ტრავოლტა პროფესიულ დონეზე უკრავს გიტარასა და ვიოლინოზე.
* ჯონ ტრავოლტა ერთადერთი მსახიობია, რომელიც ოთხჯერ მოხვდა მუსიკალურ ჟურნალ „როლინგ სთოუნზის” გარეკანზე.
* ჯონ ტრავოლტას უნდა ეთამაშა სილვესტერ სტალონეს პარტნიორის როლი ფილმში „რემბო 2”, თუმცა, მსახიობმა უარი განაცხადა ფილმში მონაწილეობაზე.
* ჯონ ტრავოლტა კამერის წინაშე გაშიშვლების კატეგორიული წინააღმდეგია. ამის გამო ჩაიშალა მისი და რომან პოლანსკის საერთო პროექტის განხორციელება, სახელწოდებით „ორეული”.
* ტრავოლტას არ უყვარს დიეტის დაცვა. ფორმის შენარჩუნების მიზნით ის, უბრალოდ, ამცირებს საკვების რაოდენობას. მაგალითად, საყვარელ ჩიზბურგერს მხოლოდ ნახევრამდე ჭამს, თუკი ამის აუცილებლობა იქმნება.
* მშობლების თანხმობის შემდეგ, 16 წლის ასაკში, ჯონ ტრავოლტამ მიატოვა სწავლა და სცენისთვის დაიწყო მთელი დროის დათმობა.
* ჯონ ტრავოლტას პროფესიონალი მფრინავის მოწმობა აქვს. ტრავოლტას, როგორც მფრინავის მიღწევებიდან აღსანიშნავია ფაქტი, როდესაც 1993 წელს მსახიობმა დასაფრენი ზოლის განათების ავარიული გათიშვის მიუხედავად, მოახერხა, თვითმფრინავი უვნებლად დაესვა.
* ჯონ ტრავოლტა გატაცებულია პილოტირებით. მას პირად კოლექციაში ჰყავს: „ბოინგ 747,“ „ბოინგ 707,“ ლუქს-კლასის თვითმფრინავი „გოლფსტრიმ II,“ „ჰოკერი 1251A,“ „ეკლიფს ჯეტი,“ „ვემპაირ ჯეტი,“ „კანაძირ CL-141“, „სოკო ჯეტი,“ ავიალაინერი „საიტეშენ ISP“ და „ჩელენჯერი.“
* ჯონ ტრავოლტას სიმაღლე 188 სანტიმეტრია.
* ცნობილი ფაქტია, რომ მივიწყებული ტრავოლტას კარიერის რეანიმაცია კვენტინ ტარანტინოს დამსახურებაა, რომელმაც საქმის გარეშე დარჩენილი მსახიობი განგსტერის, ვინსენტ ვეგას როლზე მიიწვია ფილმში „კრიმინალური საკითხავი.” ამ როლისთვის ტრავოლტა „ოსკარის” ნომინაციაზე იყო წარდგენილი. ცნობისთვის, თავდაპირველად ამ როლზე კვენტინ ტარანტინოს მაიკლ მედსენი ჰყავდა შერჩეული, თუმცა, ეს უკანასკნელი სხვა პროექტიში იყო დაკავებული და სასწრაფო წესით როლზე ტრავოლტა დაამტკიცეს.
* „ოსკარის” პირველი ნომინაცია ჯონ ტრავოლტამ 1977 წელს ფილმში – „შაბათი საღამოს ციებ-ცხელება” შესრულებული როლისთვის მიიღო.
* დიდ მანძილზე გადაფრენის დროს, ტრავოლტას მუდამ თან ახლავს ორი დამხმარე პილოტი, თუმცა, აფრენას და დაშვებას მსახიობი პირადად ახორციელებს.
* 2005 წელს, ახალ ორლეანში მომხდარი ტრაგედიის დროს, რაც ქარიშხალმა „კატრინამ“ გამოიწვია, ჯონ ტრავოლტა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საკუთარი თვითმფრინავით ჩაფრინდა ტრაგედიის ადგილზე და დაზარალებულებს სამედიცინო პრეპარატები, საკვები და პირველადი დახმარების საგნები ჩაუტანა. ის 2010 წელს ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის დროსაც იმყოფებოდა ტრაგედიის ადგილზე, სადაც საკვები, სამაშველო სამსახურის რაზმები და ექიმები ჩაიყვანა. 2007 წელს ჯონ ტრავოლტა „ავიაციის ცოცხალი ლეგენდის” ტიტულის მფლობელი გახდა.
* ამბობენ, ჯონ ტრავოლტას არ უყვარს გარეცხილი ტანსაცმლის ჩაცმა – ის, უბრალოდ, ახალ ნივთებს ყიდულობს, ერთხელ ჩანაცვამ ტანსაცმელს კი სხვადასხვა ორგანიზაციებში აბარებს.
* მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში – „ძირითადი ფერები”, ჯონ ტრავოლტამ 30 კილოგრამი მოიმატა წონაში, შეისწავლა იოგა და პროფესიული კრივის ელემენტები.
* ჯონ ტრავოლტა, პრაქტიკულად, თავის ყველა ფილმში ცეკვავს. მათ შორის ყველაზე ცნობილი ცეკვებია ფილმებში: „კრიმინალური საკითხავი”, „მაიკლი”, „ბრიოლინი”, „შაბათი საღამოს ციებ-ცხელება”, „დაიჭირე ქონდრისკაცი”, „დარჩი ცოცხალი” და „სახის გარეშე”.
* 1975 წლიდან ჯონ ტრავოლტა საენტოლოგიის სექტაშია გაწევრიანებული. ის ამ სექტის ერთ-ერთი უმსხვილესი შემომწირველია.
* 1991 წლიდან ჯონ ტრავოლტა მსახიობ კელი პრესტონზეა დაქორწინებული. მათი ქორწილი ორჯერ ჩატარდა: ერთხელ მათ ხელი მოაწერეს, მეორედ კი ისინი საენტოლოგიის სექტის წესების თანახმად დააქორწინეს, წყვილს ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავს.
* 2009 წლის 2 იანვარს ჯონ ტრავოლტას უფროსი ვაჟი, 16 წლის ჯეტი, რომელიც კავასაკის სინდრომით იყო დაავადებული, აბაზანაში წაიქცა და თავი დაარტყა. ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა.
* ჯონ ტრავოლტას ორეული 1860 წელს გადაღებულ ფოტოზე აღმოაჩინეს. ამ ფოტოს გაყიდვა ერთ მილიონ დოლარად ერთ-ერთ საქველმოქმედო აუქციონზე იგეგმებოდა, თუმცა, აუქციონის დაწყებამდე ფოტო გასაყიდი ნივთების სიიდან უცნობი მიზეზის გამო ამოიღეს.
* ბავშვობაში ჯონ ტრავოლტას მეტსახელი იყო „კურკა”.
* ჯონ ტრავოლტას საყვარელი ფილმია 1966 წელს გადაღებული „მამაკაცი და ქალი”.
* ჯონ ტრავოლტა ცნობილი ტელეწამყვანის – ოპრა უინფრის საყვარელი მსახიობია.
* 1985 წელს პრინცესა დიანამ პირადად სთხოვა ჯონ ტრავოლტას, რომ მსახიობს მასთან ეცეკვა. ეს შემთხვევა თეთრ სახლში გალა-მიღებაზე მოხდა.
* ჯონ ტრავოლტას ჰონორარები: „კრიმინალური საკითხავი” – 150 ათასი დოლარი; „გატეხილი ისარი” – 7 მილიონი დოლარი; „სახის გარეშე” – 20 მილიონი დოლარი; „პაროლი –„ხმალთევზა“ – 20 მილიონი დოლარი.