რა შეუფასებელი განძი იყო დამარხული გონიოს ციხეში მეორე მსოფლიო ომის დროს და რატომ ემუქრებოდა ამის გამო ხვიჩა მაღლაკელიძეს პატიმრობა
ის, რომ დღეს ხვიჩა მაღლაკელიძე ფოკუსებს არ გვაჩვენებს და სცენიდან გიტარით ხელში გვიმღერის, მამამისის დამსახურებაა. როგორც თავად ამბობს, ბედნიერი კაცია, რადგან, უყვარს ის, რასაც აკეთებს და უამრავ დროს უთმობს მოსწავლეებს. ალბათ, ბევრმა არც კი იცის, რომ ხვიჩა წლების წინ სასწაულებრივად გადაურჩა სამშობლოს მოღალატის მუხლით გასამართლებას. თუ რის გამო შეიძლებოდა ის აგენტად მოენათლათ და რატომ ეხმარებოდა ამერიკელ „მეცენატს” საქართველოში გადამალული ყოფილი საბჭოთა კავშირის კუთვნილი განძის მოძიებაში, ამაზე თავად გვესაუბრება.
ხვიჩა მაღლაკელიძე: ბავშვობაში მინდოდა, მულტიპლიკატორი გამოვსულიყავი, სპეციალური კინოკამერაც მქონდა. შევანელებდი კადრს და ვაკვირდებოდი, როგორ მოძრაობდა ნახატი შენელებულ დინამიკაში. სამწუხაროდ, ეს ოცნება ბოლომდე არ ამიხდა, მაგრამ, მულტიპლიკაციური ფილმი დიდობაში გავახმოვანე და, გამოდის, რომ ნაწილობრივ მაინც ამიხდა. გაგიკვირდებათ და, „ფოკუსნიკობაც“ მინდოდა. მოგეხსენებათ, ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში ვსწავლობდი და ერთ დღესაც, გამოგვიცხადეს, ცირკი მოდის და კარგ სანახაობას გაჩვენებენო. ბავშვებმა დავცქვიტეთ ყურები. მართლაც, მოვიდნენ და ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ილუზიონისტმა. მას რომ ვუყურებდი, გადავწყვიტე, აუცილებლად „ფოკუსნიკი” გამოვალ, ეს ჩემი მომავალი პროფესიაა-მეთქი. სახლში მქონდა წიგნი, სადაც ფოკუსები იყო დეტალურად ახსნილი; ჩავუჯექი, ვიმეცადინე და რაღაც-რაღაცეები დავამუღამე. მერე ჩუმად გავიგე იმ ილუზიონისტის ნომერი, დავურეკე და შეხვედრაზე მოველაპარაკე. მართლაც შევხვდი, ბევრი ვისეირნეთ ბულვარში და თან ვაჩვენებდი, რისი გაკეთება შემეძლო. მიხვდა, მოწადინებული ვიყავი და მეორე დღესაც დამინიშნა შეხვედრა. ისევ შევხვდით, ისევ ვისაუბრეთ, რაღაცეებში გამარკვია და კიდევ დამიბარა. ისე ვიყავი გახარებული და ფოკუსების კეთებაში გადავარდნილი, მეგონა, სამყაროს კანონები ნაწილობრივ ამოვხსენი-მეთქი. მოკლედ, ერთ დღესაც, რომ უნდა შევხვედროდი, არ მოვიდა. ვერ მივხვდი, რა მოხდა. გავიგე სახლის მისამართი და მივადექი. ცოლმა მითხრა, არ სცალიაო. რამდენიმე დღეში რომ დავურეკე, მითხრეს, გასტროლებზეაო. მივხვდი, თავიდან მიშორებდა, ჩემთან შეხვედრა არ უნდოდა, მაგრამ, რა ეწყინა ვერ ვხვდებოდი. წლები გავიდა, ჩავაბარე უცხო ენებზე, ვისწავლე გიტარაზე დაკვრა, გავხდი ცნობილი და, არ შემხვდა ეს კაცი შემთხვევით კონცერტზე?! მივუახლოვდი და ვუთხარი: გახსოვართ? მე ის ხვიჩა ვარ, თქვენ რომ გხვდებოდა და ილუზიონისტობაზე ოცნებობდა. გამაგებინეთ, რა გაწყენინეთ ასეთი, რომ ჩემი ნახვა აღარ გინდოდათ-მეთქი. გაეცინა და მიპასუხა: შენ კი იყავი ნიჭიერი და მიხაროდა, ასე მონდომებული რომ იყავი, მაგრამ, მამაშენი დამიკავშირდა და მთხოვა, დაანებე ჩემს შვილს თავი. მგონია, კაცი მეზრდება და ახლა მაგის „ფოკუსები” მინდაო?! (იცინის). ასე ჩამიშალა მამაჩემმა ეს მონდომება.
– თუმცა, მაინცადამაინც, არც ის პროფესია გამოგადგათ, რომელიც აირჩიეთ.
– გამომადგა კი არა, ისეთ შარში გავყავი თავი, კინაღამ ციხეში აღმოვჩნდი. მეორე კურსის სტუდენტი რომ ვიყავი, ინსტიტუტში მოვიდა ერთი ამერიკელი, რომელიც გაგვეცნო როგორც მეცენატი. რექტორს სთხოვა, მჭირდება ისეთი თარჯიმანი, რომელიც ყველგან წამომყვება, გადაუთარგმნის ხალხს ჩემს ნათქვამს და სანდოცააო. თან, უთქვამს, გოგონა არ მინდა, ვიცი ქართველების ადათ-წესები და ტრადიციები – ქალიშვილს ღამით არ გამოუშვებენ სახლიდან, საღამოს რომ დააგვიანდეს, პრობლემები შეექმნება ოჯახთან და, თუ შეიძლება ბიჭი შემირჩიეთო. კურსზე სულ ორი ბიჭი ვიყავით, იმ მეორეს არ ეცალა და მე შემოვრჩი. მოკლედ, ამ კაცმა მომკიდა ხელი, დამატარებდა ყველგან და თან ფულსაც მიხდიდა.
– რამდენს გიხდიდა თარჯიმნობაში, თუ საიდუმლო არ არის?
– საათში ათ დოლარს მიხდიდა, მაგრამ, არ დაგავიწყდეთ, ეს ის დროა, როცა არც გაზია, არც შუქია და ქვეყანა დაქცეულია. მაშინ საათში ათი დოლარი მართლაც კარგი ფული იყო. ეს კაცი გახლდათ ოკლაჰომას შტატიდან, ქალაქ ტოლსადან და მისი სახელი და გვარი იყო დოროლი თისი. დაბეჭდილი ჰქონდა „ახალი აღთქმის” წიგნები, დადიოდა მოსახლეობაში ვითომდა რწმენის გასაძლიერებლად, არიგებდა და თან ესაუბრებოდა რელიგიაზე, ურთიერთობებზე, შემწყნარებლობაზე. წარმოიდგინეთ, სტუდენტს განა როგორი ინგლისური უნდა მცოდნოდა, რომ ყველაფერი სიტყვასიტყვით მეთარგმნა, თარჯიმნობა დამებრალებინა?! მაგრამ, რაღაცას ვხლაფორთობდი, „ვამტვრევდი” და არც ის იყო უკმაყოფილო. მიკვირდა, ამ კაცმა ამხელა ფული იმაში გადაყარა, რომ ეს წიგნები დაებეჭდა სტოკჰოლმში, მერე გზაში ამდენი ეწვალა, ბათუმში ჩამოსულიყო, აქ კიდევ ფული ეყარა და რაღაც მატერიებზე ელაპარაკა-მეთქი?! მაგრამ, ჩემი რა მიდიოდა, მიხდიდა თანხას, კარგად მექცეოდა და არაფერს მაკლებდა. რას წარმოვიდგენდი, თუ სწორედ ეს ბუნჩულა „მეცენატი“, სინამდვილეში ჯაშუში, შემიქმნიდა პრობლემას?!
– რა პრობლემას?
– რას და, კინაღამ აგენტად მომნათლეს და სამშობლოს მოღალატის მუხლი „მომარჭვეს”. ხომ წარმოგიდგენიათ, 18 წლის ბიჭისთვის ეს რა მუხლია?! ჩათვალეთ, რომ ცხოვრება დასრულდა.
– კი მაგრამ, ხომ თქვით, მეცენატი იყო, წიგნებს არიგებდა და არაფერს აშავებდაო?
– არაფერს აშავებდა, მაგრამ, თურმე, სულ სხვა მისიით იყო ჩამოსული საქართველოში. მოკლედ, მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, სტალინის ბრძანებით, მთელი საბჭოთა კავშირის კუთვნილი განძი, მათ შორის დიდი რაოდენობით ოქროს ზოდებიც, აჭარაში ჩამოუტანიათ და გონიოს ციხის ტერიტორიაზე დაუმარხავთ. იცოდნენ, გერმანია აქამდე ვერ მოაღწევდა და გადაუმალავთ განძი. ეს არავინ იცოდა, გარდა სტალინისა და მისი ახლო გარემოცვისა. ამერიკელებისთვის, თურმე, ეს ამბავი ცნობილი იყო და არაერთი აგენტი იქნა გამოგზავნილი მის მოსაძიებლად. შენიღბულად ჩამოდიოდნენ, ჩამოჰქონდათ სპეციალური ხელსაწყოები, იკვლევდნენ გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიას, მიჰქონდათ აქედან მიწა და იქ სპეციალურ ლაბორატორიაში ადგენდნენ, იყო თუ არა ოქროს კვალი ამ მიწაში. დოროლიც ამისთვის იყო ჩამოსული და, როგორც შემდეგ გავიგე, თუ იქ მსგავსი რამე აღმოჩნდებოდა, სპეციალური აგენტურის დახმარებით შეისყიდიდა ადგილს, ვითომ რაიმეს ასაშენებლად და დაიწყებდა იმ ტერიტორიის გადათხრას.
– შენ მისი მისიის შესახებ საიდან გაიგე?
– საიდან და, ერთ დღესაც, დოროლმა მითხრა, მე ამერიკაში მივდივარ და მალე ჩამოვალო. მეორე დღეს კი დამირეკეს მილიციიდან და მითხრეს, გამომძიებელი გიბარებსო. ვიფიქრე, არასდროს მქონია პოლიცია-მილიციასთან საქმე და ახლა ნეტავ საიდან გავახსენდი-მეთქი. შიშისგან კინაღამ ჩავისველე. მოკლედ, რომ მივედი, გამომკითხეს ყველაფერი და ამიხსნეს, რაშიც იყო საქმე. თურმე, მათ ეს სცოდნიათ და გვითვალთვალებდნენ მე და ჩემს ჯაშუშს. პირი ღია დამრჩა. ვინერვიულე, ვიფიქრე, ეს რომ მამაჩემმა გაიგოს, გადამერევა კაცი-მეთქი. მადლობა ღმერთს, მილიციაში იცოდნენ, რომ მე „ჭურში ვიჯექი”.
– მეორე მსოფლიო ომის დასრულების მერე იმ განძს რა ბედი ეწია?
– ვინ დატოვებდა იმას აჭარაში? მოხვეტეს და ისევ მოსკოვში დააბრუნეს. ის კი არა, ლენინიც კი გადაუმალავთ იმ დროს მოსკოვიდან.
– არ თქვა ახლა, ლენინის გვამიც გონიოს ციხეში იყო გადამალულიო.
– (იცინის) არა, კაცო, რა უნდოდა ლენინს გონიოში! ციმბირისკენ წაუძუნძულებიათ და მერე ისიც უკან დაუბრუნებიათ, აბა იქ ვის რად უნდოდა, რომელი შეუფასებელი განძი ეგ არის?! ეგღა მაკლია, აჭარაში ლენინი გადავმალო! ისე, ახლა რომ ვფიქრობ, მე კი გადავრჩი ციხეს და ლენინს დავეძებ? საცა უნდა იქ გადამალონ (იცინის).