კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა ჰქონდეს მარაგში ქალს „სათადარიგო გრძნობა“ და რისი პრევენციაა ეს

ცხოვრების განმავლობაში ბევრ შეცდომას ვუშვებთ. მათი შედეგები ზოგჯერ ძალიან მტკივნეულია. უფრო ხშირად შეცდომები გრძნობას უკავშირდება. სიყვარულს შესწევს ძალა, რეალობა იმაზე გაცილებით უკეთ დაგანახვოს, ვიდრე ის სინამდვილეშია. მერე ვნანობთ – რატომ ვიცხოვრეთ ისე, როგორც ვიცხოვრეთ; რატომ დავუშვით ის, რაც უკიდურეს მდგომარეობამდე მიგვიყვანდა; ვის მივეცით უფლება ჩვენს სულში ხელის ფათურისა...

სამწუხაროდ, თითქმის არ არსებობს მზა რეცეპტი ან პრევენციის საშუალება, რომელიც დაგვაზღვევდა პირადული სახის პრობლემებისგან, მაგრამ, არსებობენ ადამიანები, ვისაც ძალუძთ, გვერდი აუარონ მტკივნეულ „რიფებს“ და გაიიოლონ ყოფა.

 

თეიკო (41 წლის): ქალის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მისი შეხედულებები ადამიანურ ურთიერთობებზე, გრძნობებსა და ერთგულებაზე თავდაყირა დგება. ასაკს დიდი მნიშვნელობა არ აქვს – ზოგს 30 წლის ასაკში შეიძლება დაემართოს ეს, ზოგს – 50 წლისას. მე სადღაც შუაში მომიწია... მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ შეცდომების დაშვების მეტი არაფერი გიკეთებია ცხოვრებაში; იმას კი, რაც ღირებულად მიგაჩნდა, საერთოდ არ ჰქონია ფასი... მტკივნეულია ამ ყველაფერზე ფიქრი... 

ძალიან ახალგაზრდა გავთხოვდი. მაშინ თავი გაუთხოვარი მეგონა, ანუ, დარჩენილი და 21 წლისა გავვარდი... რას ჰქვია, დავფიქრდე, მიყვარს და უნდა გავყვე-მეთქი. იმ დროს კიდევ მჯეროდა, რომ ცხოვრებაში მთავარი სიყვარულია და ამ სიყვარულისთვის თავგანწირვა. ეტყობა, როცა ძალიან გიყვარს, მართლა გგონია, რომ ამ ადამიანის გარეშე მოკვდები. ჩემი ქმრის გარეშე არც ჭამა მინდოდა, არც ძილი და არც დილით თვალის გახელა. ბოლომდე, გულის ყველა კუნჭულში, სიღრმეებამდე ჩავუშვი ეს გრძნობა და სხვა რამისთვის ადგილი აღარ დავიტოვე.

– მასაც ასეთივე გრძნობა ჰქონდა თქვენ მიმართ?

– ყოველ შემთხვევაში, მე მაგრძნობინებდა, რომ ძალიან ვუყვარდი. ჩემზე სამი წლით უმცროსია. თუმცა, ამას, ალბათ, ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ზოგჯერ მეშინოდა კიდეც ამ ბედნიერების. თუმცა, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ თვითონვე წავართმევდი საკუთარ თავს ამ დიდ ბედნიერებას.

– ზოგადად, ადამიანის ყველაზე დიდი მტერი მისივე შეცდომები და ხასიათია.

– გეთანხმებით. უფრო ზუსტად კი – სტერეოტიპები, ის, რის ტყვეობაშიც მოიქცევ თავს. შორიდან რომ შეხედო, ცხოვრება თითქოს მარტივია, მაგრამ, რეალობას იშვიათად ვუსწორებთ თვალს და ამით ვიმძიმებთ მდგომარეობას. მაგალითად, რატომ უნდა მოუსპო საკუთარ თავს იმის უფლება, რომ ზედმეტი ვალდებულებებით არ შეიზღუდო, ან არავისთვის საჭირო ერთგულებით დაიკომპლექსო თავი?! უკან დასახევი გზა ყოველთვის უნდა დაიტოვო.

– პირად საუბარში „სათადარიგო გრძნობა“ ახსენეთ. ვერ ვხვდები, ეს რას ნიშნავს.

– სწორედ მაგის შესახებ გიყვებით. იმის ახსნას ვცდილობ, რომ ქალმა ჭკუა უნდა დააყოლო ყველა ურთიერთობას. არავინ ღირს იმად, რომ გული ამოიღო და ფეხქვეშ დაუგო. ამას რომ გააკეთებ, მერე აღარ უნდა იწუწუნო, რომ გატკინეს, არაფრად ჩაგაგდეს. ქალები თავად ვართ დამნაშავე იმაში, რომ ქმრები პატივს არ გვცემენ. ისე ვიქცევით, რომ მათთვის საინტერესოები აღარ ვართ. კაცები ისედაც არ არიან ერთგულებისთვის მოწყობილები და ჩვენ, ამ ჩვენი უსაზღვრო და უანგარო სიყვარულით, პლუს – თავგანწირვითაც, ხელს ვუწყობთ იმაში, რომ გვიღალატონ, მერე კი ლოყებს ვიხოკავთ და თავზე ნაცარს ვიყრით: როგორ გვიღალატეს, რატომ, ჩვენ ხომ მის გარდა ვერავის და ვერაფერს ვხედავდითო... მერე,  რატომ ვერ და არ ხედავდი?! – აი, ამაშია საქმე.

– მაინც ვერ გავიგე, საითკენ მიგყავთ საუბარი.

– ჭკვიან ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს „სათადარიგო გრძნობა“ – ისე, ყოველი შემთხვევისთვის. ერთ კაცზე არ უნდა იყო ჩამოკიდებული და მისი დაკარგვა ქვეყნის აღსასრულად არ უნდა მიგაჩნდეს. ერთი დაქალი მყავს. ქმარი უყვარს, როგორ არ უყვარს, არც უღალატია მისთვის, მაგრამ, რაც გათხოვილია, ამ ხნის განმავლობაში, მთელი ევროპა მოიარა: პარიზიო, კოპენჰაგენიო, პრაღაო... თან, სულ მსუბუქი ფლირტის რეჟიმშია ვიღაცასთან. დამცინოდა – გადაჰყევი შენს ქმარს და, ნახავ, სადაც ჩაგიყოლებსო... მე კი, როგორც მაღალმორალისტური პიროვნება იქით ვარიგებდი ჭკუას – ასე როგორ შეიძლება-მეთქი. მაგრამ, ის ჭკვიანი აღმოჩნდა, მე კი – სულელი.

– კონკრეტულად, რისგან იცავს მას ასეთი არასერიოზული საქციელი?

– ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, რა არის სერიოზული საქციელი და რა – არასერიოზული. ახლა რომ მკითხოთ, არასერიოზული სწორედ ის არის, რასაც ჩვენ სერიოზულს ვეძახით – ანუ, ერთ კაცზე „ჩაციკვლა“, თუნდაც ეს კაცი შენი ქმარი იყოს. მერე რა? სიყვარული კარგია, მაგრამ, საკუთარ თავზე ძალიან რატომ უნდა შეიყვარო ვინმე? ერთხელ, ჩხუბში, ჩემმა ქმარმა მითხრა – ნეტავი, შენც გაერთობოდე ვინმესთან და თავს დამანებებდე, სულს რომ მხდი ამ შენი ერთგულებითო. ხომ კარგი მოსასმენია?! ჩემს დაქალს ქმარი ამას ვერასოდეს ეტყვის, იმიტომ, რომ ძალიან ეშინია, არ უღალატოს,  მე კი ჩემს ქმარს ლამის ყოველდღე მივყავარ ტირილამდე...

– რატომ?

– იმიტომ, რომ თვალები სულ აქეთ-იქით გაურბის, სულ ვიღაცას თუ რაღაცას ეძებს. ეჭვი მაქვს, რომ ურთიერთობების გაბმასაც ცდილობს. დარწმუნებული ვარ, შემთხვევას არ უშვებს ხელიდან. მომენტი თუ ჩაუვარდება, უარს არ იტყვის, რომანიც გააბას. რა, ქალს ვერ იპოვის, ვინც ასეთ ურთიერთობაზე იქნება თანახმა?! ბევრმა გათხოვილმა ქალმა „მოიმარაგა“ „სათადარიგო გრძნობა“ და არიან ბედნიერად. მაგრამ, ქმართან ურთიერთობა და გრძნობა მთავარი უნდა იყოს, მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან „სათადარიგო“ და ნამდვილი – ეს აუცილებელია. თუ ზღვარს ვერ გაავლებ, ჯობია, არც სცადო. ერთი უკიდურესობიდან მეორეში თუ გადავარდი, რა აზრი აქვს?!

– ანუ, თქვენ იმას ამბობთ, რომ გათხოვილი ქალი პარალელურად ვინმესთან უნდა ერთობოდეს.

– დიახ, მაგრამ, ცუდი ფორმით კი არა, „ლაითად“. უნდა ჰყავდეს გვერდით ვიღაც, ვინც მუდმივად ტონუსში ამყოფებს, აგრძნობინებს, რომ საინტერესო და სასურველი ქალია.

– ქმარმა რომ გააკეთოს ეს?

– სამწუხაროდ, ქმრები არ აკეთებენ ამას. მით უმეტეს, თუ დარწმუნებულები არიან ცოლის სიყვარულში. მაგრამ, თუ ქვეცნობიერად გრძნობენ, რომ ცოლის გული და ფიქრები მარტო მათ არ ეკუთვნით, მაშინ სხვანაირად არის საქმე – მაშინვე მესაკუთრე იღვიძებს მათში და ჩასაფრებული ნადირივით ხდებიან. ცოლი მაშინვე გადმოდის წინა პლანზე, ხდება ყურადღების დაძაბვა და კონცენტრაცია: „აბა, რა ხდება? ვინმე ხომ არ გამოჩნდა, ვინც მის საკუთრებას შეეხება?“ – და „თამაში“ მაშინვე იძენს აზარტსა და ინტრიგას.

– ოჯახი ხომ სათამაშო არ არის?

– ცხოვრებაა ერთი დიდი თამაში, ოჯახი კი ცხოვრების, ანუ, ამ თამაშის ნაწილია. გონივრულად თუ არ ითამაშებ, აუცილებლად წააგებ. შენი შიშველი და გულწრფელი გრძნობები არავის სჭირდება, ქმარს – მით უმეტეს. ერთ დღესაც, გეტყვის – დამღალა შენმა სიყვარულმაო, როგორც ეს ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ მომახსენა. საშინელებაა ამის გაგონება და უზომოდ მტკივნეული. „სათადარიგო“ გრძნობა რომ მქონოდა, ტირილში ხომ არ გავატარებდი ღამეებს?!

– მაინც არ მესმის, რანაირად შეიძლება, გრძნობა სათადარიგო იყოს...

– შეიძლება, ძალიან კარგადაც შეიძლება. თუ სხვები ახერხებენ, შენც უნდა მოახერხო. შეუძლებელი არაფერია.

– კი, მაგრამ, სიყვარული ხომ არ გვეკითხება, რა დოზით უნდა გიყვარდეს?

– თუ გონებას დაატან და ქაჯივით არ ავარდები, მაშინ აუცილებლად შეგეკითხება. გულის აყოლას კარგი არაფერი მოაქვს. ჩემი ქმარიც და სხვა მამაკაცებიც ხომ ცხოვრობენ ასეთ რეჟიმში?! მათ ერთი კი არა, რამდენიმე „სათადარიგო“ გრძნობა აქვთ, მაგრამ, ცხოვრობენ ბედნიერად, ლაღად და მშვიდად.

– თქვენ უკვე იზრუნეთ, „სათადარიგო“ გრძნობა რომ გქონოდეთ?

– ახლა ვზრუნავ – აშკარად ძალიან მჭირდება. თუ არ გადავერთვები ამაზე, ჩემი ოჯახი აუცილებლად მივა დანგრევამდე. ჩემი ქმრის ინდიფერენტულობასა და განურჩევლობას ვეღარ ავიტან.

– რატომ გგონიათ, რომ სხვა კაცთან ფლირტით აიძულებთ ქმარს, შეიცვალოს? მასში „ოტელოს სინდრომმა“ რომ გაიღვიძოს?! ოჯახი, შეიძლება, ამ შემთხვევაშიც დაგენგრეთ.

– ჩემმა ქმარმა კი არ უნდა გაიგოს. არც არაფერს ვაიძულებ, უბრალოდ, ამით მე შევიცვლები, სხვანაირი გავხდები. ჩემი შინაგანი განახლება, გადახალისება მოხდება და, ავტომატურად, ჩემი ქმრის დამოკიდებულებაც შეიცვლება – ის დაინახავს, რომ მე მის გარდა სხვა ინტერესებიც მაქვს, სხვანაირად ვიწყებ ცხოვრებას და ჩემ მიმართ სხვა გრძნობა გაუჩნდება. თუმცა, მთავარია, მე როგორ ვიქნები და არა ჩემი ქმრის ემოციები. მეყოფა, რაც მასზე ვიფიქრე და ვიზრუნე, საკმარისია... ძალიან ცოტა დრო დამრჩა და ის ჩემს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენო. ბევრი მშვენიერი წელი დავკარგე და უნდა ავინაზღაურო. „სათადარიგო“ გრძნობა დამცავი ჟილეტივით არის – ის სერიოზული სტრესისგანაც გიცავს და არ გაძლევს საშუალებას, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა დაკარგო.

 

скачать dle 11.3