ვინ „მიაბრაკა” ალეკო ელისაშვილი და ემზადება თუ არა ის თბილისის მერობისთვის
ტელეწამყვან ალეკო ელისაშვილის სახლში მისული, ნამდვილ პატარა სამოთხეში მოხვდებით. იშვიათად მინახავს მამაკაცი, რომელსაც ამდენი სახეობის ქოთნის ყვავილი აქვს სახლში, რუდუნებით უვლის, ეფერება და ესაუბრება. როგორც თავად ამბობს, მათგან დადებითი აურით ივსება, ხოლო დიდხანს განშორებისას, გრძნობს, როგორ იწყენენ და ელოდებიან თავიანთ პატრონს. ასევე, როგორც გავარკვიეთ, ალეკოს ბავშვობიდან სურდა, სამხედრო პირი გამოსულიყო, მაგრამ ეს ოცნება ვერ აისრულა და თუ რატომ, ამაზე თავად მოგიყვებათ.
– ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ გავიზრდები, აუცილებლად სამხედრო გამოვალ-მეთქი. უფრო სწორად, ეს ბავშვური კი არა, სერიოზული, კაცური ოცნება იყო. ოჯახი და მთელი სანათესაო მებრძოდა, მაგრამ მე აზრს არ ვიცვლიდი. კადეტთა კორპუსშიც მივედი, მაგრამ მითხრეს: შვილო, წადი, მოემზადე სამხედრო აკადემიაში ჩააბარე, აქ მზრუნველობამოკლებული ბავშვები არიანო. დამიჯერეთ, ვიტირე, რომ არ მიმიღეს და პირველად ვინანე – რატომ ვარ პატრონიანი-მეთქი (იცინის). მოკლედ, დავიწყე სამხედრო აკადემიისთვის მზადება, მაგრამ, მივხვდი, ჩემს ოჯახს ჩემი ბიუჯეტით უნდა შევხიდებოდი და სამხედროობით ამას ვერ შევძლებდი. ახლა ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სამხედრო გახდე, მაშინ, 1995 წელს, არც საჭმელს აჭმევდნენ, სახელმწიფო არ იღებდა ვალდებულებას საკუთარ თავზე და ოჯახზე უნდა გადასულიყო მთელი ჩემი ხარჯები. გამოცდების დრო რომ მოვიდა, პრაგმატული გადაწყვეტილება მივიღე და ჩავაბარე ისტორიის ფაკულტეტზე, პოლიტოლოგიის სპეციალობაზე. მერე, სამხედრო კათედრა დავამთავრე და რეზერვშიც ვიყავი.
– ხშირად დადიხარ თბილისის ქუჩებში სამხედრო შარვლით და ფეხსაცმლით. ეს აუხდენელ ოცნებას უკავშირდება, როგორც მივხვდი.
– იმდენი სამხედრო ტანსაცმელი მაქვს, რომ განახოთ, გაგიჟდებით (იცინის). მიყვარს მათი მორგება, თავს კომფორტულად ვგრძნობ და აი, ხომ ხედავთ, ახლაც სამხედრო „ბათინკები” მაცვია, ამ შუა ზაფხულში. ბევრს ჰგონია, მეტი ფეხსაცმელი არ მაქვს და გული უკვდებათ (იცინის). სხვათა შორის, რეზერვში ორჯერ ვიყავი და სარდაფში მაქვს მადლობის სიგელი, რომელსაც კეზერაშვილი და გენშტაბის უფროსი აწერენ ხელს. გორსა და ქარელშიც ვიყავი ომის დროს რეზერვისტად.
– თუმცა, როდესაც კიდევ მოინდომე რეზერვისტობა, „დაგბრაკეს“ და უკან, სახლში გამოგისტუმრეს. ასე არ იყო?
– კი, ნამდვილად ასე იყო და იმდენი ვიგინე, მტრისას (იცინის). გამომიძახეს, გახარებულმა ჩავაწყვე გუდა-ნაბადი. მივედი, გავიარე სამხედრო სამედიცინო შემოწმება და მითხრეს, მარცხენა ხელი მოკლე გაქვსო. გავახურე, არ გრცხვენიათ, რა ცალი ხელი მოკლე მაქვს-მეთქი. მაშინ ხერხემლის გამრუდება გაქვსო. ისევ შევეწინააღმდეგე. მოვითხოვე და ალტერნატიული კომისიაც გავიარე, მაგრამ გრიგოლ ტურძელაძემ, არა, ბრაკიაო. მე რომ ხერხემალი არ მაწუხებს და ცალი ხელი მოკლე არ მაქვს, არ მემჩნევა? ისეთი შეურაცხყოფილი გამოვედი კომისიიდან, ვერ გეტყვით. იმდენი კაცობა მაინც გეყოს შე კაი ადამიანო, გამიყვანო გვერდზე და ამიხსნა სიტუაცია და არ დამაბრალო საღ-სალამათ კაცს ავადმყოფობა? მერე მივხვდი, ჟურნალისტები სპეციალურად არ მიყავდათ და ბრაკავდნენ. ყველაზე სასაცილო იცით რა იყო? გამომიშვეს ვაზიანის ბაზიდან „ბრაკების” ავტობუსით, ყველა გახარებული იყო იქ და მე ისეთს ვიგინებოდი, იმას ვერ გავიმეორებ (იცინის). გაოგნებულები მიყურებდნენ, მეუბნებოდნენ, ბიჭო, ხომ დაგბრაკეს, აღარ მიდიხარ რეზერვში და რაღა გინდაო (იცინის). რას მიხვდებოდნენ, რომ მე პირიქით, წასვლა მინდოდა.
– შენს ბინაში და ეზოშიც, უამრავი ქოთნის ყვავილია. საიდან გაგიჩნდა მათი შეგროვების და მოვლის სურვილი? დამეთანხმე, იშვიათია მამაკაცი, რომელიც ასეთ ფერად და ცოცხალ კოლექციას აგროვებს და თან, ასე უვლის.
– ძალიან მიყვარს ყვავილები. სახლშიც ხომ მაქვს, ეზოში, ქუჩაშიც – ჩემი სახლის ფანჯრების ქვეშ. ახლა ვფიქრობ, ზემოთ, სახურავზე დავაშენო და ზაფხულის ბაღი მოვაწყო. მერე, ალბათ რომ აღარ დაეტევა, სემირამიდას ბაღებს გადმოვკიდებ ეზოსა და ქუჩაში (იცინის). პირველად, გამწვანების მეურნეობაში ვიყავი და ქოთნის ბროწეული მაჩუქეს. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი და თავს ვევლებოდი. მერე, ბინა რომ ვიყიდე, საღერღელი ამეშალა, მომინდა, უფრო გამელამაზებინა საცხოვრებელი ცოცხალი, ფერად-ფერადი და უცხო ყვავილებით. ახლა, ხომ ხედავთ, რამდენია. ძალიან დათრგუნული რომ ვარ, ამათთან საუბარი და მათი მოვლა მიხალისებს განწყობას.
– სულ რამდენი ქოთნის ყვავილი გაქვს?
– არ დამითვლია, მაგრამ ალბათ ასამდე იქნება. ვხუმრობ ხოლმე, ორი საკუთარი შვილი მყავს და ასი ნაშვილები-მეთქი (იცინის). ამას წინათ კოჯორში მომიწია ორი დღით წასვლა და ზუსტად ვიცოდი, რომ დავბრუნდებოდი, ესენი მოწყენილები დამხვდებოდნენ. რომ შემოვედი, მართლაც, „ყურებჩამოყრილები” დამხვდნენ. დავუსხი წყალი, მოვუბოდიშე, მოვეფერე, ვუთხარი, ახლა წყალს დაგისხამთ, სამსახურში წავალ და რომ მოვალ ყოჩაღად დამხვდით-მეთქი. მართლაც, თითქოს გაიგესო, გამოცოცხლებულები დამხვდნენ საღამოს (იცინის). ვეფერე და ვეფერე.
– ალეკო, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერობას „უმიზნებ”. სპეციალური საიტიც შეიქმნა, სადაც მხარს უამრავი ადამიანი გიჭერს. ამაზე რას მეტყვი?
– სოციალურ ქსელში მეც ვნახე ეს საიტი: „ალეკო ელისაშვილი თბილისის მერად” და მივწერე, ხალხნო, ეს რა საიტი გაგიხსნიათ, რა გინდათ-მეთქი (იცინის). აღმოჩნდა, რომ საბურთალოზე, სადაც გავიზარდე, იქაურ ბავშვობის მეგობარს, დათოს გაუხსნია და პირდაპირ გეტყვით, ძალიან მრცხვენია, ამ გვერდზე რომ შევდივარ და კომენტარებს ვკითხულობ. არ მინდა, თბილისის მერობა. დღე და ღამე თბილისის ქუჩებში დავდივარ, ყველა მისი კუთხე-კუნჭული ზეპირად ვიცი, მაგრამ არ მინდა, მისი მერი ვიყო. მე უარს ვამბობ. სიმართლე თუ გინდათ, თბილისის მერობაზე უარს ვიტყოდი და დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი თბილისის ისტორიის მუზეუმში მუშაობას.
– ოთახის კედელზე უამრავი, ჩარჩოში ჩასმული ძველი, გაპრიალებულ-გაახლებული, ფასადიდან მოხსნილი აბრა და ძველი ქალაქის ფოტოები კიდია. თუმცა, ერთი განსაკუთრებით გამორჩეულია.
– დიახ, დანგრეული სახლებიდან მოვხსენი ეს აბრები და სამი დღე ვაპრიალებდი. მერე ჩარჩოში ჩავსვი და დავკიდე, ნახეთ რა მოვლილი და ლამაზია. ერთს აწერია: „1827 წელი”, მეორეს – „1844 წელი”. გადიდებული, თავისუფლების მოედნის საოცარი, ძველი ფოტო კი, აზერბაიჯანელმა ბეჰრუზ ჰუსეინ ზადემ მაჩუქა – ძველი თბილისის ფოტოების კოლექციონერია. 1860-იანი წლებშია გადაღებული, უნიკალური და ერთადერთი ფოტოა. არც კი ვიცით, ვისი გადაღებულია. ეჰ, ისე მომწონს იმ საუკუნის თბილისი, ჩემი ნება რომ იყოს, ორი საუკუნით უკან გადავიწევდი (იცინის). ვხუმრობ ხოლმე, მე მეცხრამეტე საუკუნის კაცი ვარ-მეთქი. ახლა მინდა, გამოფენა გავაკეთო, რომელსაც ერქმევა: „ბეჰრუზ ჰუსეინ ზადეს თბილისი”. ეს ფოტო რომ ვნახე, შვილებს და ჩემს ყვავილებს ვფიცავარ, ნასვამი ვიყავი, ვიჯექი და ვტიროდი.