კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მონუსხა გიორგი ჭანტურიას ცოლმა მომავალი დედამთილი და რა სურვილებს უსრულებს მას ფეხბურთელი მეუღლე

ცოტა ხნის წინ არნემის „ვიტესის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჭანტურია დაქორწინდა. მისი რჩეული მიმი შელიაა. გიორგი და მიმი ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია და ერთმანეთს ძალიან უხდებიან. გიორგი ამჟამად ჰოლანდიაშია. მიმი თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და მის გვერდით გატარებული ერთი საათიც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ამ მშვენიერი გოგონას გარეგნობითა და ხასიათის ბევრი დადებითი თვისებით მოვხიბლულიყავი. 

მიმი შელია: ჩვენმა ერთმა მეგობარმა „ინსტაგრამზე“ დადო ძაღლის ფოტო, რომელსაც ერქვა „მიმი“. მივწერე, როგორ დაარქვი ძაღლს მიმი-მეთქი. მერე გიორგის კომენტარები ვნახე ამ ფოტოზე: ეს როგორი ძაღლია, რა სახელია მიმი და ასე შემდეგ. ვიფიქრე, რა ხამია-მეთქი. საღამოს ვნახე, რომ მისგან მოვიდა მესიჯი: ქართველი ხარ? კი-მეთქი. მეც ქართველი ვარო. მივწერე: მე მეგრელი ვარ... ვა, მეც მეგრელი ვარო‚ – მიპასუხა. მოკლედ‚ დავიწყეთ ურთიერთობა. მეორე დღეს ისევ გავაგრძელეთ საუბარი. „ინსტაგრამიდან“ უკვე „ვოცსაფში“ გადავინაცვლეთ, მასთან ურთიერთობა ნელ-ნელა სასიამოვნო ხდებოდა. იმ დროს „ალანიაში“ თამაშობდა და მომწერა, მოსკოვში ჩამოვალო (მიმი მოსკოვშია დაბადებული და გაზრდილი – ავტორი). შევხვდით რესტორანში, ვივახშმეთ და მოგვეწონა ერთმანეთი. მერე უკან დაბრუნდა და ცოტა ხანში, ისევ ჩამოვიდა. ამ შეხვედრაზე ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით. გიორგიმ მითხრა, სერიოზულად ვფიქრობ შენზე, დავქორწინდეთო. ხუმრობად მივიღე. მისი რაინდული ქცევები ძალიან მომეწონა: ჩამოვიდა მოსკოვში, მნახა და მერე ისევ მალე ჩამომაკითხა, ამის მერე თბილისში ჩამოვედი და აქაც ჩამოვიდა. 

თათა ახობაძე (გიორგი ჭანტურიას დედა): გიორგიმ მითხრა, მიმის ტელეფონის ნომერს მოგცემ, დაურეკე და უთხარი, რომ მასთან ერთად გინდა ჩემი თამაშის ყურებაო – „ზენიტთან“ ჰქონდა საპასუხისმგებლო თამაში. რა თქმა უნდა‚ დავურეკე მიმის, შევთანხმდით, საღამოს ჩემთან მოსულიყო. უკვე ვიცოდი, რომ გიოს ცხოვრებაში არსებობდა ძალიან ძვირფასი ადამიანი და‚ რა თქმა უნდა‚ მინდოდა მისი გაცნობა. როგორც კი მიმი სახლში შემოვიდა, ფერიასავით, თან ძალიან ნერვიულობდა, ზუსტად იგივე დამემართა, რაც გიორგის – იმწუთში მომნუსხა. პირველად ცხოვრებაში, თამაშს კი არ ვუყურებდი, მიმის რეაქციებს ვაკვირდებოდი. რომ დავინახე, როგორ ნერვიულობდა, ვიფიქრე: აქ ყველაფერი გარკვეულია-მეთქი. გიომ პირველი, რაც მიმიზე მითხრა, იყო: პელეაო და მართლაც ბედნიერი ვარ, ასე რომ გამიმართლა. მიმი და მისი მშობლებიც – ღმერთის საჩუქარია.

– როდის გადაწყვიტეთ დაქორწინება? 

თათა: გიორგის რაღაც საბუთები ჰქონდა მოსაგვარებელი და ვლადიკავკაზში უნდა ჩასულიყო. არ გვინდოდა‚ გიორგი მარტო წასულიყო და გადავწყვიტეთ‚ მასთან ერთად გამგზავრებულიყო მიმიც, როგორც რუსული ენის კარგი მცოდნე.

მიმი: მეგობრებთან ერთად წავედით, ვლადიკავკაზში რამდენიმე საათი გავჩერდით და შემდეგ ყაზბეგში დავრჩით. სასტუმროს ვერანდაზე ვისხედით და უცებ გადავწყვიტეთ, მოდი, დავქორწინდეთო. გიომ ყველგან დარეკა: სამ დღეში ქორწილი გვაქვსო. მათ შორის‚ ჩვენს მშობლებსაც დავურეკეთ – შოკში იყვნენ.

თათა: დიდხანს არ მჯეროდა, რადგან ხუთშაბათს დამირეკა. მაგრამ რომ მითხრა, კვირას ჯვრისწერა მაქვს, მამაოს უკვე ვესაუბრე, ოთხის ნახევარზე ვიწერთ ჯვარსო. მოკლედ‚ პარასკევს საღამოს წავედით ჩემს მეგობართან, თაკო დოლაბერიძესთან. ზუსტად საათ-ნახევარში შევთანხმდით ყველაფერზე. უბრალოდ‚ გული დაგვწყდა, რომ გიოს მეგობრებმა ვერ მოასწრეს ჩამოსვლა. მათაც ძალიან დასწყდათ გული. სადაც გიომ ითამაშა, ყველგან დიდი სითბო დატოვა‚ ოსეთშიც... „ბარსას“ ბიჭებმა მოსწერეს, ქორწილი რატომ გამოგვაპარეთო. 

მიმი: მეორედ, რომ გადავიხდით, მერე ყველას დავპატიჟებთ. კაბა მოსკოვში ვიყიდე, „ვალენტინოსია“, ოღონდ არა ქორწილისთვის, ისე, ჩემთვის, გამოსასვლელი კაბაა, არც მიფიქრია‚ თუ ქორწილში ჩავიცვამდი. სამებაში დავიწერეთ ჯვარი. ჯვრისწერისას ისე ვნერვიულობდი, გიორგის ვეუბნებოდი: მაგრად მომკიდე ხელი, არ წავიქცე-მეთქი. ქორწილმა ძალიან კარგად ჩაიარა. ქორწილის შემდეგ ჰოლანდიაში წავედით. არნემის ცენტრში ვნახეთ კარგი ბინა და იქ ვცხოვრობთ. გიორგის მეგობრებთანაც უკვე ვმეგობრობ. ქართულ კერძებს ვუკეთებ გიორგის, მათ შორის მეგრულ ელარჯს, ლობიოს... ასევე, ბორშჩს. ძალიან უყვარს ჩემი გაკეთებული საჭმელები. 

– მაინც რით მოგხიბლა მეუღლემ ყველაზე მეტად?

– ძალიან კეთილია და ეს მომწონს. მამაჩემიც ასეთია და სულ ვოცნებობდი, ჩემი მეუღლეც ასეთი ყოფილიყო. მოსკოვში სამი დღით ვიყავით, მამაჩემი გაიცნო. მერე საშოპინგოდ წავედით. რაც მომწონდა, ყველაფერზე მეუბნებოდა: გიყიდიო. მაგრამ, არ უყვარს, როცა ქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია, მეუბნება, ძალიან ქალური ხარო. თუმცა, მაინც მიყიდა და მხოლოდ მისი ჩაცმის უფლებას მაძლევს, სხვების – არა. ნამდვილი მეგრელი კაცია, მაგიდაზე ხელის დარტმით. ჩვენს ოჯახში პატრიარქატია. ეს მომწონს, რადგან ყველაფერს ზომიერად აკეთებს. 

თამუნა (მიმის დედა): ერთი შვილი გვყავს და გიჟდება მამამისი მასზე. ამიტომ‚ ძალიან ნერვიულობდა. მაგრამ‚ მოხდა საოცრება – გიო რომ დაინახა, რაღაც დაემართა: 24 საათის განმავლობაში იმას ამბობს, ჩემს გიოსა და მიმის ენაცვალოს ჩემი სიცოცხლეო. ძალიან უყვარს, რადგან ისეთი თვისებები აღმოაჩინა გიოში, რომ თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს.

თათა: გიო არ არის ყალბი, მაგრამ თავისი  სიალალე, სიმართლე ხშირად ცუდად უბრუნდება. ერთგან დაწერა: შემომთავაზეს „ბარსელონაში“ დარჩენა, მაგრამ არ მოვინდომეო. ამაზე ნახევარი საქართველო დასცინოდა, ნახევარი – ლანძღავდა. მას ერჩივნა შედარებით დაბალი დონის გუნდში გადასულიყო და იქ ეთამაშა, ვიდრე „ბარსელონაში“ ყოფილიყო და სკამზე მჯდარიყო. გიორგის ჯანსაღი ამბიციები აქვს და ჯერჯერობით არც წაუგია. ესპანურ გაზეთში მესის რომ შეგადარებენ, მარგალიტსა და ბრილიანტს გიწოდებენ, გექნება კიდეც ამბიციები.

– დარწმუნებული ვარ‚ ძალიან ინერვიულებდით რუსეთის ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტის დროს, როცა გიორგის დისკვალიფიკაცია მისცეს.

– გიოს კარიერის გადამკიდე, შევეგუე შოკსა და სტრესს, მაგრამ ამ წუთებმა 10 წლის სიცოცხლე მაინც წაიღო. ზუსტად ვიცოდი, ამას რაც მოჰყვებოდა. მიმისგანაც მომივიდა მესიჯი: რამე მითხარიო. მე მივწერე: გიორგიმ პირობა მომცა, მაგრამ ვერ შეასრულა. ყველა თამაშის წინ მპირდება – დედა‚ შენს თავს ვფიცავარ, წითელს არ ავიღებო. გიოს ჩემთვის არ უთქვამს, სხვამ მითხრა, რომ კოკორინმა ისეთი რამ უთხრა, ვერაფრით შეარჩენდა, პროვოცირება გაუკეთა და გამოუვიდაო. ახლა ამბობს: მიმის და სიდედრ-სიმამრის მრცხვენიაო. ანუ, ჩვენ შეგვაგუა წითელ ბარათებს და მათი რცხვენია. 

– საუბარია გიორგის ტრანსფერზე იტალიის სერია A-ში. რა ეტაპზეა ეს საკითხი?

– 4 კლუბიდან არის შემოთავაზება. თუ „ფიფამ“ არ გაგვიუქმა შვიდთამაშიანი დისკვალიფიკაცია, ეს გაართულებს ტრანსფერის განხორციელებას. გარდა ამისა, „ვიტესი“ ძალიან დიდ თანხას ითხოვს... ეს უნდა გადაწყვიტოს გიორგიმ და მისმა აგენტმა. იმედია‚ ყველაფერი გიორგის სასარგებლოდ გადაწყდება. 

 

скачать dle 11.3