ვისგან ეყოლა უკანონო შვილი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს და რატომ ებრძოდა ის გადამფრენ ფრინველებს
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ 19-წლიანი სტაჟით, ერთადერთია რუსეთის ფედერაციაში, რომელმაც თანამდებობის შენარჩუნება მოახერხა სამთავრობო კრიზისების, საკადრო ცვლილებებისა და პოლიტიკური სკანდალების მიუხედავად. ჟურნალისტები ხშირად ინტერესდებიან, თუ რა არის შოიგუს საიდუმლო, ასე დიდი ხნით რომ ახერხებს მინისტრის პორტფელის შენარჩუნებას. ამ კითხვაზე მას ერთადერთი პასუხი აქვს: „მე, უბრალოდ, ძალიან ბევრს ვმუშაობ და ვაკეთებ ჩემს საქმეს“.
* სერგეი შოიგუ 1955 წლის 21 მაისს, ტუვას ავტონომიური ოლქის პატარა ქალაქ ჩადანში დაიბადა. მამა, კუჟუგეტ შოიგუ ტუვას კომპარტიის საოლქო კომიტეტის მდივანი და ასევე, გაზეთ „პრავდის“ ადგილობრივი გამოცემის რედაქტორი გახლდათ. დედა – ალექსანდრა შოიგუ, წარმოშობით უკრაინელი, ზოოტექნიკოსად მუშაობდა. 1977 წელს სერგეი შოიგუმ კრასნოიარსკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა ინჟინერ-მშენებელის სპეციალობით.
* სერგეი შოიგუზე უამრავი ლეგენდა და ჭორი დადის. ამბობენ, თავის კაბინეტში, კედლებზე საკუთარი ფოტოსურათები და ავტოპორტრეტები უკიდია და არა იმიტომ, რომ საკუთარი თავი უყვარს, არამედ ყველა მისი ნაცნობი თუ მეგობარი ჩარჩოში ჩასმულ მისივე ფოტოსა და ფერწერულ პორტრეტებს ჩუქნის. ასევე, გავრცელებულია ვერსია, რომ სკოლის პერიოდში სერგეი ხულიგანი იყო და მხოლოდ სამიანებზე სწავლობდა. სკოლაში მას მეტსახელიც კი ჰქონდა შესაბამისი - „შაითან“. არსებობს ვერსია, რომ შოიგუს ძალიან უყვარს გიტარაზე რომანსების შესრულება და ერთ-ერთ წვეულებაზე, მოწვეული სტუმრებისთვის ნასვამ მინისტრს თავისი საყვარელი რომანსებიც კი შეუსრულებია.
* სერგეი შოიგუ ეთაყვანება უძველესი კელტელი რაინდების შთამომავალს, „თეთრების“ არმიის გენერალ-ლეიტენანტს, მონღოლეთის დიქტატორს 1919 წელს, ბარონ რომან უნგერნ ფონ შტერნბერგს, რომელიც 1921 წელს ციმბირის რევტრიბუნალის გადაწყვეტილებით, „წითლებმა“ დახვრიტეს – ის თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური პერსონაჟი იყო მსოფლიო პოლიტიკაში. დღემდე რესპუბლიკა ტუვაში ბარონის სისასტიკეზე ლეგენდები დადის. გადმოცემის თანახმად, ის შეპყრობილი იყო პანმონღოლიზმის იდეით და მთელი აღმოსავლეთის დაპყრობას აპირებდა. ცნობილია, რომ ბარონის გარშემო მუდამ ტრიალებდნენ ასტროლოგები, ექსტრასენსები, შამანები და ის მისტიციზმით იყო დაკავებული. ამ ყველაფერში კი ის არის საინტერესო, რომ შოიგუსაც არაერთხელ მიუმართავს ექსტარესენსებისთვის და მჩხიბავებისთვის. ცნობილი ფაქტია, რომ 1995 წელს, 127 ექსტრასენსი შოიგუს ბრძანებით ხაბაროვსკის მიდამოებში დაკარგულ თვითმფრინავს ეძებდა. მისტიციზმი კი შოიგუს განუყოფელი ნაწილია, მის ერთ-ერთ ავტომობილზე სანომრე ნიშნად, ეშმაკის ციფრი „666“ წერია.
* ბორის ელცინს იმდენად დიდი ნდობა ჰქონდა გამოცხადებული სერგეი შოიგუსადმი, რომ მას სხვადასხვა ისეთ დავალებასაც კი ავალებდა, შოიგუს სამსახურს პირდაპირ რომ არ ეხებოდა. მაგალითად, 1998 წელს, სერგეი შოიგუ მივლენილი იყო ლიბიაში, მუამარ კადაფთან შეხვედრაზე, სადაც რუსეთ-ლიბიის მეგობრობის პაქტი უნდა გაფორმებულიყო. სინამდვილეში კი ლიბიაში შოიგუ მალულად ხვდებოდა ლიბიის ნავთობისა და ენერგეტიკის მინიტრს, რომელთანაც ლობირებას უწევდა ბორის ბერეზოვსკის და რომან აბრამოვიჩის ბიზნესგეგმებს: კერძოდ კი, „გაეროს“ სანქციების გვერდის ავლით, უნდა განხორციელებულიყო თანამშრომლობა ლიბიელ მენავთობეებსა და რუს „ოლიგარქებს“ შორის.
* ჭორი, რომ სერგეი შოიგუს უკანონო ვაჟიშვილი ჰყავდა, დიდი ხანია გახმაურდა რუსულ პრესაში. მაგრამ, დანამდვილებით ვერავინ ადასტურებდა ამ ფაქტს, სანამ „ექსპრეს-გაზეტას“ ჟურნალისტებმა არ გაარკვიეს, რომ პოდმოსკოვიეში, ერთ-ერთ დახურულ ელიტურ დასახლებაში ცხოვრობს ვინმე ელენა შ. პატარა ვაჟთან, დანილასთან ერთად. ბავშვი სერგეი შოიგუს ასლია. აღმოჩნდა, რომ ლენა სტიუარდესად მუშაობდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეცრეისებზე და სწორედ იქ გაიცნო სერგეი შოიგუმ, საგანგებო სიტუაციების მინისტრად მსახურობის პერიოდში. არსებობს ვერსია, რომ დანილა პირდაპირ თვითმფრინავში ჩაისახა, რადგან ელენა და სერგეი მხოლოდ ჰაერში ახერხებდნენ განმარტოებას. შოიგუს სამინისტროს თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ უფროსს იმდენად გაუხარდა ბიჭის გაჩენა, სამინისტროს ერთ-ერთ დასასვენებელ ბაზას, რომელიც ხაკასიაში მდებარეობს, შვილის სახელი „დანილა და კო“ უწოდა.
* 2006 წელს, როდესაც მსოფლიოში „ღორის გრიპის“ წინამორბედი, „ქათმის გრიპი“ ბობოქრობდა, რუსეთის საგანგებო სიტუაციების მაშინდელი მინისტრი სერგეი შოიგუ და რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშენკო გამოვიდნენ მოწოდებით, მოსახლეობისთვის მიეცათ დავალება, გაენადგურებინათ გადამფრენი ფრინველები და განსაკუთრებით ყვავები, ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით.
* რუსი ჟურნალისტების მტკიცებით, სერგეი შოიგუ მოსკოვში, განთქმულ რუბლიოვკაზე ფეშენებელურ ვილას იშენებს, რომლის სავარაუდო ფასი 6-8 მილიონი დოლარია. მშენებლობის პროცესი მთლიანად გასაიდუმლოებულია და არც ის არის ცნობილი, მართლა შოიგუ იშენებს თუ არა იმ სასახლეს. მაგრამ, როგორც ჟურნალისტები ირწმუნებიან, ადგილობრივ მცხოვრებლებს არაერთხელ შეუნიშნავთ მინისტრი მეუღლესთან ერთად, რომელიც გარკვეულ დავალებებს აძლევდა მშენებლებს. ადგილობრივები შოიგუს სასახლეს, ფარაონების აკლდამას ადარებენ. გარდა ამისა, ნაკვეთის ტერიტორიაზე იქნება დახურული აუზი და თიხნარი კორტი. ამბობენ, მთელ სამუშაოს ყოფილი საბჭოური ქვეყნებიდან წამოსული იაფი მუშახელი ასრულებს, რომელთაც დღეში 20 დოლარს უხდიან.
* 2006 წელს სერგეი შოიგუმ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტსა და თავის გულითად მეგობარს, ვლადიმირ პუტინს ძვირად ღირებული საჩუქარი უსახსოვრა. ეს გახლდათ პეტერბურგელი იუველირების მიერ დამზადებული ნაკეთობა – პუტინის საყვარელი ლაბრადორ კონის ფიგურა, რომელიც ობსიდიანის, შავი ბრილიანტისთვლებისა და ვერცხლისგანაა დამზადებული. საჩუქრის ღირებულება არ გახმაურებულა.
* სერგეი შოიგუს ქალიშვილმა, იულია შოიგუმ ნდობის ტელეფონი გახსნა. ამიერიდან, თუ თქვენ მოსკოვში ცხოვრობთ, ან რუსეთის სხვა ქალაქში და შეგექმნათ პრობლემები სამსახურში ან ოჯახში, შეგიძლიათ, აკრიფოთ ნდობის ტელეფონის ნომერი და თქვენ კონსულტაციას გაგიწევენ პროფესიონალი ფსიქოლოგები.
* რამდენიმე წლის წინ სერგეი შოიგუ ყიდდა თავის აგარაკს, რომელიც ელიტურ დასახლება – რაზდორში მდებარეობდა. უძრავ-მოძრავი ქონების სააგენტო „პოლ იარდსის“ აგენტების თქმით, რუსეთის ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრის აგარაკი, ჩინურ სტილშია აგებული. სახლი და ღობე აღმოსავლურ სტილში, წითელი აგურითაა ნაშენი. აგარაკის სავარაუდო ფასი 4 მილიონი ამერიკული დოლარია. უცნობია გაიყიდა თუ არა სერგეი შოიგუს აგარაკი.