კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის ადრეულ ასაკში დაფეხმძიმება დამარცხებული ერის სინდრომის გამოვლენა და როგორ შეიძინა გინებამ სიტყვიერი ანანიზმის დატვირთვა

მსოფლიოში ყოველწლიურად 15-დან 19 წლის ასაკის დაახლოებით 16 მილიონი გოგონა აჩენს ბავშვს და არც საქართველოა გამონაკლისი. როგორც აღმოჩნდა, არასრულწლოვანთა შორის ორსულობის რაოდენობა იზრდება, იმის პარალელურად, რომ არცთუ მცირე ოდენობის არასრულწლოვანი გოგონა თავს ანებებს სწავლას. მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის 14 იანვრამდე საჯარო სკოლებში განათლების მიღება 7 367 გოგონამ შეწყვიტა. ამ ციფრის დიდი წილი ქვემო ქართლის რეგიონზე მოდის და, დაკვირვების შედეგად, დადგინდა, რომ სწავლის შეწყვეტის მიზეზი უმეტესად ადრეული ქორწინებაა. ფსიქოლოგ რუსუდან ფხაკაძესთან შევეცდებით იმის გარკვევას, თუ რა იწვევს მსგავს პრობლემებს ჩვენს არასრულწლოვან მოქალაქეებში. 

 

– რაზე მიანიშნებს არასრულწლოვნების ორსულობის სტატისტიკა, თუ ეს მაინც პოსტსაბჭოთა ქვეყნის სპეციფიკაა, იმ წარსულის გათვალისწინებით, როდესაც სექსი არ იყო?

– ძალიან რთული თემაა და ამის ერთი მიმართულებით დიაგნოსტირება შეუძლებელია. ჩემი აზრით, ცალკეულ მოვლენასთან არ გვაქვს საქმე: ახალგაზრდების ადრე გათხოვების ან დაფეხმძიმების პრობლემა მხოლოდ მათი სექსუალური ცხოვრებით გატაცების შედეგი არ უნდა იყოს. ტელევიზია, თავისი შოუებით, მიმართულია დაბალი ხარისხის ტენდენციების გაღვივებისკენ: დაწყებული წამყვანების ჩაცმულობიდან. ეს არაესთეტიკურიც არ არის უკვე, უბრალოდ ვულგარულია და ინერგება ისეთი მოდა, რომ კაბა, მაინცდამაინც, ძალიან მოკლე უნდა იყოს, ფეხის მოყვანილობის მიუხედავად, რადგან ესაა თავისუფლება და კომპლექსებისგან გათავისუფლების ნიშანი.

– არა მხოლოდ ზომაზე მოკლე კაბა, არამედ დაბალწელიანი შარვლები ძალიან ქონიან წელზე.

– დიახ, ეს ესთეტიკის არანაირ პარამეტრს არ აკმაყოფილებს ეს და იმის მტკიცება კი არ არის, აი, ჩვენ რა თავისუფალი ვართ კომპლექსებისგან, არამედ იმის, რომ ლამის მოარულ სიმახინჯეებად გადაიქცა თბილისი. იმის დასტური, რომ ეს კომპლექსების ბრალია, არის ის, რომ ყველას ერთნაირად აცვია: შემოჭერილი ჯინსები, შემოჭერილი ქურთუკები და პერანგები. ან, როდესაც შორტებზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვიათ, აქ უკვე არათუ სტილზე, გემოვნებაზეც აღარ არის ლაპარაკი.

უცხო თვალი იფიქრებს, რომ ეს ხალხი უგემოვნოა, არადა, ასეთები არ ვართ. სამოსელ პირველს ყველა ვერ ჩაიცვამს, მაგრამ ჩვენს კულტურაში დევს ამგვარი ესთეტიკა, რაც არ ვითარდება. თუმცა შოუებში აცხადებენ წამყვანები, რომ მათ ჩაცმულობაზე ზრუნავს ესა და ეს სალონი.

– და ხშირად ჩაცმულობა ისეთია, არ უნდა გაამხილო, ვინ იზრუნა.

– ან როგორი ფერებია. იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი მიდის მარტივი თვითრეალიზაციისკენ, მათ შორის, მიიჩნევა, რომ ნაადრევი სექსი თითქოს თავისუფლების ნიშანია. მე არ ვიცი, სად არჩევენ ეს ჩვენი ტელევიზიები ასეთ სიუჟეტებს, რადგან არის უამრავი სხვა მიმართულების სიუჟეტიც. ნაადრევი დაორსულება ნიშანია იმისა, რომ არსებობს სოციალური პრობლემა, რადგან არ არის თვითრეალიზაციის არანაირი საშუალებები. ესთეტიკაზე ზრუნვა ელიტის საქმედ ითვლება, რადგან აუზზე სიარული, რომ ნავარჯიშები სხეული გქონდეს, თანხას უკავშირდება: აუცილებლად ისეთ აუზზე უნდა მიხვიდე, სადაც არაფერი დაგემართება. 

მახსოვს, ჩემს დროს იყო ფიზკულტურის გაკვეთილები და სულ რომ არ გდომებოდა, მაინც უნდა ამძვრალიყავი ბაგირზე, გეხტუნავა, ჩაგებარებინა ნორმატივები. როდესაც ერი არ არის ფიზკულტურული სულისკვეთებით აღვსილი, ეს უნდა იყოს სავალდებულო. ვარჯიშისას გამოიყოფა ენდორფინები, რაც კარგ ხასიათზე გაყენებს და ეს რომ გაღვივდეს, რაღაც სავალდებულოდან უნდა იწყებოდეს.

– ინტერნეტში არის ვარჯიშების ვიდეოგაკვეთილები: სხეულის ფორმის შესაცვლელი, გასამკვრივებელი.

– მაგრამ ეს მასობრივია?! სად დადიან ბავშვები? ბაღში, სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში. არის სისტემური მიდგომა, რომ ჯანსაღი ცხოვრებს წესი დაინერგოს?! უცხოეთში ყველა სკოლას აქვს აუზები, ზამთარში თხილამურებზე ასრიალებენ ბავშვებს, ჩვენთან სათხილამურო სკოლაც ცალკეა და ფასიანია. არადა საჭიროა სპორტული თანაცხოვრება, იმიტომ რომ სულ სხვა ღირებულებებს გაზიარებს და გუნდურ პასუხისმგებლობაში ერკვევიან ბავშვები, როდესაც, რაც უნდა დაარიგოს დედამ, არავის არაფერი მისცე, ეს შენიაო, არ გამოდის: ყველას ყველაფერი უნდა გაუნაწილო, მაგრამ ჩვენთან ესეც ფასიანია.

შორს ვარ იმ აზრისგან, ვიღაც გავამტყუნო იმის გამო, რაც დაემართა, მაგრამ ახალგაზრდა, ნაადრევ ასაკში დაფეხმძიმება იმ სოციალურ პრობლემათა რიგს განეკუთვნება, როდესაც არ არის თვითრეალიზაციის ადგილები, ამიტომ სტიქიურად მიდის თვითრეალიზაცია. ყველაზე რეიტინგული შოუ არის დიდი ჭორაობა, ეს რა დაგემართა, როდის შეგიყვარდა, რა მისწერე, რა გიპასუხა, რაც არანაირ სულიერ საზრდოს არ გვაძლევს.

– ანუ ცხოველურ ინსტინქტებამდე ვეშვებით?

– ამის მეგაანალიზი რომ გაკეთდეს, გამოიკვეთება დაბალი გემოვნების მიზნობრივად ჩამოყალიბების პროცესი. შეიძლება, მიზნობრივი არ არის, მაგრამ ასე გამოდის. ზოგს შეიძლება, ჰგონია, რომ თავისი გადაცემით ხალხთა შორის სიყვარულს აღვივებს, მაგრამ ურიგო არ იქნება მეცნიერების შეტანა ამ საკითხშიც.

– როგორც წესი, ასეთი გაურკვეველი მიზნის გადაცემებს ხსნიან რეიტინგულობით, მაყურებელს მოსწონსო, მაგრამ, თუ მაყურებელს არაფერს შესთავაზებ სანაცვლოდ, საიდან გაიგებ, მართლაც, რა მოსწონს?

– „დისქავერს“ ხომ ვუყურებთ ყველანი, ჩვენი რომელიმე ახალგაზრდული ბრიგადა წასულა, თუნდაც, არაგვზე ან სხვა მდინარეზე? არადა, მთის უამრავი მდინარე გვაქვს. მართალია, ჯომარდობას მიეძღვნა ერთი-ორი გადაცემა, მაგრამ არ პიარდება. ასევე, გვაქვს იოგას საპირწონე ხრიდოლი. როგორც ყოველდღიურად თვალში მეცემა შოუები, ისევე რომ მეცემოდეს თვალში ჯომარდობა და ხრიდოლი, უკეთესი იქნებოდა. არადა, ხელმოკლე ოჯახიდან ვარ, მშობლებს არ აქვთ ფული, ვზივარ ტელევიზორთან და ვუყურებ ამ შოუებს.  ხომ უნდა არსებობდეს მიზანი? რა მიზანს ემსახურება ჩვენი სატელევიზიო გადაცემები? ისეთი განცდაა, თითქოს მიზანია დაბალი გემოვნების დამკვიდრება.

ადამიანი ბინძური არსებაცაა და ამაღლებულიც. მთავარი ის კი არ არის, რას მივაწოდებთ, არამედ ის, თუ როგორ მივაწოდებთ. ფილმში „უკანასკნელი იმპერატორი“ არის სექსი, მაგრამ მაღალი ეროტიზმის დონეზეა აყვანილი ვნება, თან, იმავდროულად, არანაირი ნატურალური კადრები არ არის. იმიტომ რომ ეს არის ხელოვნება და არა ის, რომ 24 საათის განმავლობაში ვისაუბროთ ერთსა და იმავეზე და რაც შეიძლება, ბევრი ცუდი სიტყვა ვთქვათ. 

–  როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ბავშვი, როდესაც ამბობს უწმაწურ სიტყვებს, მნიშვნელობა არ იცის, მაგრამ სიამოვნებას განიცდის და ეს ერთგვარი სიტყვიერი ანანიზმია. ჭარბი დოზით გამოიყენება უკვე საჯარო მეტყველებაში უწმაწური სიტყვები, არადა, ჩვენს კულტურაში ეს არ არის დანერგილი. ინფანტილური ანანიზმი გადმოგვყვა თუ რატომ ვბილწსიტყვაობთ ამდენს?

– დღესაც შეურაცხმყოფელად აღიქმება ჩვენთან უწმაწური სიტყვები: ადამიანს, რომელიც იგინება, თუ სხვა შეაგინებს დედას, ლამის ახანჯლოს. აი, ამას ვამბობ, ამ დაბალი გემოვნების მიზნობრივი ჩამოყალიბების შედეგად კნინდება კონტროლის მექანიზმი. ასეთ გარემოში, რომელშიც ეს მისაღებია, მე უკვე კონტროლს ვეღარ ვუწევ ჩემს თავს. ამაზე შოუები და გადაცემებია, ამიტომ მეც ვიგინები, მაგრამ, თუ სხვა შემაგინებს, ძალიან შეურაცხყოფილი ვრჩები. ეს ძალიან სამწუხარო ტენდენციებია, რაც გვაზიანებს და ჩვენ უნდა გამოვასწოროთ. ზედაპირული პრობლემაა, რომ გოგონები ფეხმძიმდებიან: იქნებ საერთოდ არ აქვთ ვაჟებს გოგონების დაფეხმძიმების უნარი და იქნებ უნდა მოასწორონ გოგონებმა დაფეხმძიმება?! იმის თქმა მინდა, რომ ეს გლობალური პრობლემაა და დამარცხებული ერის სინდრომის ერთგვარი გამოვლენა.

– არა მხოლოდ დამარცხებულის, როგორც აღმოჩნდა, უამრავი მამაკაცი გამხდარა ძალადობის მსხვერპლი და ამას დავუმატოთ ასეთი მსხვერპლის ოჯახებში გაზრდილი მამაკაცებიც.

– თვალშისაცემია, რომ უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა მორყეულია. პარლამენტის სხდომაზეც კი ერთმანეთის შეურაცხყოფების მეტი არაფერი ხდება. იაპონიის პარლმენტშიც დაუხოცავთ ერთმანეთი, მაგრამ რაღაც კონკრეტულ საკითხზე, რაზეც ვერ შეთანხმებულან. ჩვენთან კი ყოვედღიურობაა ამგვარი ურთიერთობები. ეს ყველაფერი ერთმანეთს ერწყმის და სიძულვილის კულტურა ყალიბდება.

– თან, ცნობილია, რომ, დიდი ალბათობით, მსხვერპლი თავად ხდება ხოლმე მოძალადე.

– აუცილებლად, როდესაც დაზიანებული ხარ რაღაცით, ამას რაღაცნაირად გამოავლენ. მსხვერპლობაც ნასწავლი უმწეობაა: აბა, მე თუ ვინმე შემამჩნევს. ამდენად, ესეც ფსიქოლოგიური ძალადობაა: გინდა –  არ გინდა, აღმიქვი, როგორი უმწეო ვარ, იქნებ მომიარო და რამე გამოგტყუო. ძალიან რთული ფსიქოლოგიური საფუძველი უდევს ამ ყველაფერს, რასაც ერთ საუბარში ვერ ავხსნით, მაგრამ ყოველივე ამის შედეგად ყალიბდება დაბალი კულტურა და თვითრეალიზაციის საშულებების უქონლობის გამო პატარა გოგონებსა და ბიჭებს ვერ მოვთხოვთ, ხერგიანივით მთებზე იარონ. სხვათა შორის, ალპინიზმიც ჩაკვდა.

– ამას წინათ, პაკისტანელმა ტერორისტებმა 11 მთამსვლელი დახვრიტეს, ჩვენი ორი მთამსვლელი იმით გადაურჩა სიკვდილს, რომ 6 200 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდნენ ბანაკში. ერთი-ორი სიუჟეტი მიეძღვნა და ამით დასრულდა ეს ამბავი.

– იმიტომ რომ თითქოს გველეშაპი ზის წყაროს სათავეში და თუ რამე კარგია, რაც გმირს ჩამოაყალიბებს, კეტავს. მე არ ვიტყოდი, რომ ეს ცენზურის შედეგია-მეთქი, ვინაიდან იმდენად მორყეულია ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში, ვფიქრობ, ამის თავიც არ ექნებათ.

– ერთი ქვეყნისთვის 20-წლიანი შუალედით ძალიან მძიმეა, იმის ნახვა, როგორ დამარცხდა მისი ჯარი, მაგრამ წაგებულ ომსაც ჰყავს თავისი გმირები. 2008 წლის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში ვთხოვდით თავდაცვის სამინისტროს, მოეცა ინფორმაცია გმირულად დაღუპულ მებრძოლებზე და ცოცხალი თავით არ მოგვცა.

– იმიტომ რომ მიზანი არ არის. თითქმის ყველას დაჩლუნგებული აქვს ჯანსაღი სულიერი განცდები. მიწევს ურთიერთობა ახალგაზრდა გოგონებთან და ვაჟებთან: რაღაც ნიღბები შემოიღეს და ჰგონიათ, რომ ეს არის განვითარებისა და კულტურულობის მაჩვენებელი. გაზეპირებული სიტყვა-პასუხი აქვთ დასაქოქი თოჯინებივით და ცოცხალი სულიერი მდგომარეობის დეფიციტია.

– დავამატებდი, ინდივიდუალიზმისაც.

– დიახ, ინდივიდუალიზმი არც ჩაცმაში ეტყობათ, არც ვარცხნილობაში და არც დაორსულების ტენდენციაში.

– თუ დასავლური თავისუფლებისკენ მივდივართ, დაფეხმძიმებისგან თავის დაცვა ამის უფრო კარგი ნიშანი არ იქნებოდა? ეს არ იციან თუ რა ხდება?

– არა, იციან, თავი როგორ უნდა დაიცვან, მაგრამ ჰგონიათ, ამით მიაღწევენ მიზანს. ისევე, როგორც სხეულის კარგ ფორმაში ქონა, შინაგანი სიმდიდრე, ოჯახის შექმნაც ღირებულებაა. უბრალოდ ჰგონიათ, რომ დაფეხმძიმებით ამას მოიპოვებენ, სინამდვილეში კი რჩებიან მარტოხელა დედებად თავიანთი შვილების ამარა. უამრავ ახალგაზრდა მიტოვებულ გოგონას აქვს დამახინჯებული ბედი  გაუმართლებელი სასიყვარულო ურთიერთობის შედეგად. ამის მეტს ჩვენ არაფერს ვისმენთ.

– უფრო ვისი უპასუხისმგებლობაა ეს: გოგონების თუ  ვაჟების? თუმცა, თუ ალიმენტების გაცემის სტატისტიკას გადავხედავთ, მგონია, რომ ქართველი კაცი, ზოგადად, ყველაზე უპასუხისმგებლო მამაა.

– ამ ქართველ კაცებსაც გასდით, რომ იყვნენ უპასუხისმგებლოები. თუ ერთ ქალთან არ გაუვა, მეორე აუცილებლად  გაატარებს, ოღონდ პანაშვიდზე ერთად იარონ და მეზობლებს შეაშუროს, რა კარგი ურთიერთობა აქვს ცოლ-ქმარსო. ჩვენ ხომ, ძირითადად, სტუმრისთვის ვცხოვრობთ?!

– როგორც წესი და ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი სუფთა ქართული მოვლენა იყო თავისი პიარზე ანუ გარე თვალზე ორიენტირებით, თუმცა, ეს ჩვენი ცუდი თვისებაა და, პირიქით, როგორც ხელისუფალს, ამის შესუსტებაზე უნდა ემუშავა.

– ძალიან თეატრალური ხალხი ვართ და, თუ ამ ხაზს გავყვებით, სტუმრისთვის ვცხოვრობთ. ამ გოგონებსაც ჰგონიათ, რომ უკეთ იქნებიან, თუ ერთნაირები გახდებიან და არაფერს კრეატიულს არ შექმნიან და ეს უკვე ეროვნული ტრაგედიის რანგში ადის.

– სწავლისთვის თავის დანებების ტენდენცია რამდენად შემაშფოთებელია?

– ასეთი შემთხვევები უფრო აზერბაიჯანული ეროვნების მოსახლეობაში გვხვდება და მაინც ეთნიკური კულტურის შედეგია და ყოველთვის ასე იყო. არ მგონია, ეს პრობლემა იყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

скачать dle 11.3