პრ. თიბილოვის ვნებანი
„სითავხედე გოდოლებს ამსხვრევს“
თუმცა ვერ დავიჩემებ, რომ ინტელექტით ბრწყინავს, მეტიც, ეჭვიც გვარიანად მეპარება „იუჟნაია ოსეტიას“ „პრეზიდენტ“ ლეონიდ თიბილოვის რუხი ნივთიერების სიმრავლეში (იმას გარდა, არ მგონია, მაინცდამაინც, კლასიკოსთა რჩევებს ითვალისწინებდეს, მაგალითად, ასეთს: „სითავხედე გოდოლებს ლეწავს“), მაგრამ, ფაქტია, რომ გასულ კვირას ცხინვალში პრესკონფერენცია შეყარა და საკუთარი ოცნებებიც გაგვიმხილა. კერძოდ, გვაუწყა (თუმცა, ჩვენ რა, იქ მყოფთ აუწყა), რომ, თუ „იუჟნაია ოსეტია“, თავისი მოქალაქეების სურვილით, რფ-ს მიუერთდება, რითაც დაგვირგვინდება ოსთა დიდი ხნის მოლოდინი, ის თავის მისიას „საპრეზიდენტო“ პოსტზე ამოწურულად ჩათვლის.
ამ სიმღერას ჩვენებური სეპარატისტები კარგა ხანია, მღერიან, ოღონდ, ჯერჯერობით მათი დამოუკიდებლობა მხოლოდმაღიარებელი რფ-ს გარდა, უგოს დამკარგავმა ვენესუელამ, ნიკარაგუამ და, ზედაც, წყნარი ოკენის ორიოდ ჯუჯა სახელმწიფომ აღიარა (ვანუატუ, მოგეხსენებათ, საბოლოოდ, ჩვენ დაგვნებდა და თავისი 50 000-იანი მოსახლეობით მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს).
ჩვენ არ ვიცით, რამ ააღიღინა „პრ.“ თიბილოვი, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ უმიზეზოდ ეს საქმე ვერ იქნებოდა, მეორე მხრივ, თვით რუსული მედიაც კი შენიშნავს, რომ დიადი გაერთიანება, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში, გამორიცხულია, ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ზემოხსენებული პერსონის ოცნება ამ ჩვენი შიდა ქართლის ჩრდილოეთს უკავშირდება, ბუნებრივად ჩნდება მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავ-მოყვარეთა მოკითხვის სურვილი: შვიდივე ბრუნვა ალალია „პრ“ თიბილოვისთვის.