გურინია მაჩიტიძის გასინსილებული სახლ-კარი და ჰალსტუხ-ცილინდრიანის გინება
ცხოვრობდა ზესტაფონის ერთ ლამაზ სოფელში გურინია მაჩიტიძე (აწ გარდაცვლილი). უზარმაზარი იუმორის მქონე იყო ცხონებული და, შუადღისას, მგზავრების მოლოდინში რომ ჩამწკრივდებოდნენ ყვითელი „ვოლგა-24“ ტაქსები, გურინიას შემოარტყამდნენ წრეს – რაცხას იტყვის, მარჯვეს, გამართულს და ხოშიანსო.
თავმდაბალი ბიჭი სულაც ვერ ხვდებოდა, რა იუმორიანი სიტყვა გამოუდიოდა და, სხვები რომ ახარხარდებოდნენ, სულ ბოლოს გაიცინებდა ხოლმე ისიც. გამოსდიოდა ასე და... ნიჭია ერთგვარი...
მოკლედ, ერთი მშვენიერი დღეა.
ჩამოდგა თბილისი-მახარაძის დღის მატარებელი ზესტაფონში. თბილისელებისგან განსხვავებით, ზესტაფონელი ტაქსისტები მატარებელს არ შეაცვივდებიან – აბა, საით, ტაქსი ხომ არ გინდათო და ასე შემდეგ. რიგი იყო და მსურველი თვითონ აირჩევდა.
ერთი ჰალსტუხ-ცილინდრიანი პიროვნება ჩამოვიდა მატარებლიდან და... რატომღაც გურინია მაჩიტიძის გაპრიალებული ტაქსი ამოიგუნება.
ჩაჯდა კიდეც...
– ძმაო, მაიაკოვსკში წამიყვან? (ბაღდათია ახლა).
– ბატონი ბრძანდებით, – მრიცხველი ჩართო სტარტერთან ერთად გურინიამ და დაიძრნენ.
უმოკლესი გზა ზესტაფონიდან ბაღდადში მეორე სვირზე გადიოდა.
მეორესვირელ გურინიას ზედ გზისპირზე ჰქონდა კაპიკ-კაპიკ შრომა-დაგვით აშენებული ორსართულიანი სახლი და, გინდა-არგინდა, იქ უნდა გაევლო ყველა სატრანსპორტო საშუალებას, ვინც ზესტაფონიდან ბაღდათში მიდიოდა. მაისის მშვენიერი, ცინცხალი შუადღეა... თითქმის.
გურინია გვერდში მჯდარ თბილისელ ცილინდრ-პაპკიან კაცს მიაგელვებს მაიაკოვსკში.
კლიენტი ენაწყლიანობს და გურიანასაც ეს უნდა.
– თბილისში რა ამბებია, ბატონო? – ეკითხება „შლაპოსანს“.
– არი, რა... მდიდრები ჩაგრავენ ღარიბებს!
– აბა, კაცო, აბა! – სიჩქარე შეუცვალა მანქანას გურინიამ და შაველას (მდინარეა) აღმართს შეუყვა.
ორიოდე მოსახვევი და, თავის წვით და დაგვით, ოფლითა და შრომით აშენებულ სახლს უნდა ჩაუაროს ტაქსით გურინიამ, მაგრამ, იმერელს, თავმოყვარე და კვანწია კაცს რა მოასვენებს, ისევ გაუბა სტუმარს საუბარი.
– გადაჭამეს, ბატონო იმანო... თქვენი სახელი?
– ტრიფილდი... – თქვა კაცმა.
– ბატონო ტრიფონ... ხო... გადაჭამეს, კაცო, ამ მაფიოზებმა ქვეყანა..
– მოვა მაგათი დროც! – ჩაებღაუჭა პაპკას კლიენტი და ბოღმიანად ჩაახველა.
ამასობაში ჯინჭარაძის აღმართიც აათავეს და ირიბად დაეშვნენ. იქ კი, როგორც მოგახსენეთ, გურინიას სახლი იდგა გზის პირზე.
გურინიამ სვლა შეანელა და თავის სახლსაც გაუსწორდა...
– გაიხედეთ მარჯვნივ... – მოიღერა ყელი და სულ დაავიწყდა, ერთი წუთის წინ რას ამბობდა...
იმერლის სიამაყემ ყველანაირ პოლიტიკას გადაუარა. თავისი სახლია, წვა-დაგვით აშენებული და, ახლა ამ უცხო კაცმა რომ უთხრას – რა კარგი სახლიაო... ოოო, როგორ გაიხარებს, როგორი სიამაყით დაატრიალებს საჭეს, როგორი იმედით შეხედავს ცხოვრებას.
ჩაყვინთული მგზავრი შეანჯღრია იდაყვით:
– ა, ბატონო, გაიხედეთ, რა სახლია...
მგზავრი გამოერკვა და სახლს შეხედა.
– ხომ კარგი სახლია, ბატონო? – სულ და სულ მოუკლო სიჩქარეს...
მგზავრმა სახლი მართლაც დაკვირვებულად შეათვალიერა.
– მაგარი სახლია...
გურინიას ათასი მზე ამოუბრწყინდა თვალებში, მაგრამ, სიხარული ნაადრევი გამოდგა.
– ვიღაცა ჩათლახის, სისხლის მწოველის აშენებული იქნება... მე იმის დედაც მოვ...!! – თქვა კაცმა... – ჩათლახები!
... გურინიას ბაღდათამდე ხმა არ ამოუღია.