კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სერიული მანიაკები

ექსპერტი ანდრო ჩივაძე მოღუშული სახით შევიდა კაბინეტში. საქაღალდე მაგიდაზე დააგდო, სკამზე დაეშვა და მირიანს სახეში შეაცქერდა.

– რა მოხდა? – სწრაფად ჰკითხა მირიანმა, რომელსაც ცუდად ენიშნა მისი შეკრული შუბლი.

– თხუთმეტი წელია, რაც ექსპერტიზაში ვმუშაობ და ამ დროის განმავლობაში რა არ მინახავს: მკვლელობა, თვითმკვლელობა, ძალადობა, უბედური შემთხვევა. მაგრამ, ასეთ საქმეს არასოდეს შევხვედრივარ! – ანდრომ უმწეოდ გაშალა ხელები, – თავად რომ არ ჩამეტარებინა გამოკვლევა და სხვას ეამბო ჩემთვის ამის შესახებ, არ დავიჯერებდი!

– ეს ექსპერტიზის შედეგებია? – საქაღალდეს გადასწვდა მირიანი.

– ექსპერტიზა არ დასრულებულა, მაგრამ, ძირითადი მონაცემები მანდ არის. რაც არ უნდა მოხდეს, დანაშაულის სურათი მაინც აღარ შეიცვლება.

– რა დაასკვენი, მაინც, რასთან გვაქვს საქმე? – ჰკითხა მირიანმა.

– არც კი ვიცი, რა გითხრა, – თავი გააქნია ანდრომ, – ჩათვალე, რომ შეშლილებთან, აბსოლუტურ გიჟებთან, ნაბიჭვრებთან, ნაძირლებთან!.. ყველა ამ თვისებების ერთობლიობით, კი – ნამდვილ მანიაკებთან!

– მანიაკებთან?! – მოიღრუბლა მირიანი, – ესე იგი, მაინც ჯგუფური გაუპატიურებაა?!

– ამას ჯგუფური გაუპატიურება არ ჰქვია, ეს უფრო ჯოგური გაუპატიურება იყო!

– მაგით რისი თქმა გინდა? – ჰკითხა მირიანმა.

– ამჟამად თავდამსხმელთა ზუსტ რაოდენობაზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ დანაშაულში ათ პიროვნებაზე მეტი მონაწილეობდა!

– რა თქვი?! – გაოცებული მზერა ესროლა მირიანმა.

– სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც გითხარი, ჯოგურ გაუპატიურებასთან გვაქვს საქმე-მეთქი. ყური მოვკარი, რომ ამ საქმეზე ვიღაც უკვე აიყვანე, – თქვა ანდრომ.

– იმ პიროვნებას მყარი ალიბი აქვს, – უპასუხა მირიანმა.

– ალიბი?! – გაუკვირდა ანდროს, – მაშინ, რისთვის დააპატიმრე?!

– როგორ აგიხსნა... ალიბი აქვს, დარწმუნებული ვარ, რომ არ ტყუის, მაგრამ, რაღაცას მაინც მალავს, ბოლომდე არ ამბობს სათქმელს. ვნახოთ, შეიძლება საკანში გატარებულმა ორმა დღე-ღამემ უფრო გულახდილი გახადოს... – მირიანმა საქაღალდეს გახედა და დაამატა: ესე იგი, ჯგუფური გაუპატიურება!..

– ყველაფერი ამაზე მიუთითებს, – დაუდასტურა ანდრომ.

– საქმის თაობაზე კიდევ რისი თქმა შეგიძლია?

– ბუნდოვანი საქმეა. უეჭველია, რომ ძალადობაში ათზე მეტი პიროვნება მონაწილეობდა, მაგრამ, გარკვეული დეტალები მაინც არ ემთხვევა ერთმანეთს.

– მაგალითად, რა?

– ჩემმა კრიმინალისტებმა საგულდაგულოდ შეისწავლეს შემთხვევის ადგილი. შემიძლია, დანამდვილებით გითხრა, რომ იქ გოგონას გარდა კიდევ სამი-ოთხი პიროვნება იმყოფებოდა.

– ანუ...

– ჯერეჯერობით ამ ვერსიას კონკრეტული ფაქტებით ვერ გავამყარებ, მაგრამ, ჩემი აზრით, გოგონა ძალადობის შემდეგ მიიყვანეს შემთხვევის ადგილზე და ეს გვიან ღამით უნდა მომხდარიყო.

– მე მაქვს რამდენიმე ჩვენება, რომელთა მიხედვითაც გარკვეული ქრონოლოგიის აღდგენა შეგვიძლია, – ამ სიტყვებთან ერთად მირიანმა მაგიდის უჯრიდან საქაღალდე ამოიღო, გახსნა, საჭირო გვერდი მოძებნა და ლაპარაკი განაგრძო: საერთო სურათი ასეთია: იმ დილით გოგონა ჩვეულებრივად წავიდა სკოლაში. მისი მეგობრების ჩვენებებით, ნონას ჩვეულებრივად ეჭირა თავი და არც ერთი მათგანისთვის არ უთქვამს, რომ იმ დღეს ვინმესთან შეხვედრას აპირებდა. გაკვეთილები დაახლოებით ორი საათისთვის დამთავრდა. ხუთ საათზე მას მუსიკის მასწავლებელი ელოდა, რომელიც საბურთალოზე, უფრო ზუსტად კი, ვაჟა-ფშაველაზე ცხოვრობს. როგორც წესი, მუსიკის გაკვეთილი ორი საათი გრძელდებოდა და შემდეგ გოგონა შინ ბრუნდებოდა. იმ დღეს ნონამ სახლში მისვლა დააგვიანა. მისი დედა მუსიკის მასწავლებელს დაუკავშირდა და შეიტყო, რომ გოგონა საერთოდ არ მისულა მასთან. ამის შემდეგ დედამისმა განგაში ატეხა. საქმეში პოლიციის ადგილობრივი სამმართველო ჩაერთო, მაგრამ, გოგონას ადგილსამყოფლის დადგენა მაინც ვერ მოხერხდა. ვითარება მხოლოდ დილით გაირკვა – მაშინ, როდესაც ნონა თბილისის ზღვაზე სათევზაოდ მიმავალმა მამა-შვილმა აღმოაჩინა.

– ამ ჩვენებებიდან გამოდის, რომ, ნონა მაშინ აღმოჩნდა მოძალადეთა ხელში, მუსიკის მასწავლებელთან რომ მიდიოდა, – თქვა ანდრომ.

– მეც ასე ვფიქრობ, – თავი დაუქნია მირიანმა, – გოგონა დაახლოებით ორიდან სამის ნახევრამდე გაქრა.

– ერთი რამ არ მესმის. – თქვა ანდრომ, – რომ გაქრა, გასაგებია, მაგრამ, გოგონა ხომ ნივთი არ არის – დღის ორ საათზე, საბურთალოზე, ხალხის თვალწინ, საკუთარ უბანში, როგორ უნდა გამქრალიყო უკვალოდ? ვერასოდეს დავიჯერებ, რომ ის ძალით წაიყვანეს და ეს ვერავინ შეამჩნია.

– მეც არ მგონია, რომ გოგონა ძალით წაიყვანეს. სავარაუდოდ, ის საკუთარი ნებით გაჰყვა მოძალადეს, – დაეთანხმა მირიანი.

– ესე იგი ის, გოგონას ნაცნობებს შორის უნდა ეძებო.

– რაც შეეხება მის ნაცნობებს, იზოლატორში ამ საქმეზე დაკავებული რამაზ დევიძე იმყოფება. მე მინდა, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარო.

– ეს ის პიროვნებაა, რომელზეც წეღან ვსაუბრობდით? – ჰკითხა ანდრომ.

– ისაა.

– თუ მას მყარი ალიბი აქვს, რისთვის უნდა ჩავუტაროთ ექსპერტიზა? – გაუკვირდა ანდროს.

– ალიბის დადასტურება სჭირდება. ვიდრე ეს არ მოხდება, ის ჩვეულებრივი ეჭვმიტანილია და მის მიმართ ყველა აუცილებელი პროცედურა განხორციელდება... შევთანხმდით?

– შევთანხმდით. გამოკვლევის შედეგებს პროკურატურაში გამოგიგზავნი, – თავი დაუქნია ანდრომ და დასამშვიდობებლად გაუწოდა ხელი. 

* * *

ვაჟა ირემაძე გლდანისთვის ტრადიციულ კორპუსში ცხოვრობდა. რამდენიმე სადარბაზოთი შემოსაზღვრული ეზოს კუთხეში მაგიდა იყო მოწყობილი, რომელთანაც რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცს მოეყარა თავი. ორი მათგანი ნარდს თამაშობდა, დანარჩენები კი ლუდს სვამდნენ. იქვე იმყოფებოდა ირემაძეც. ის მაგიდის განაპირას იდგა და ნარდის მოთამაშეებს ადევნებდა თვალს.

გიომ მაგიდის საპირისპირო მხარეს შეაჩერა მანქანა და გვერდითა სავარძელზე მჯდარ ანას გახედა.

– ისაა?

ანამ საქაღალდეს ჩახედა, სადაც ირემაძის ფოტო იდო და შემდეგ უპასუხა:

– ყოველ შემთხვევაში, ძალიან ჰგავს. გადავამოწმოთ.

– გადავამოწმოთ, – დაეთანხმა გიორგი და მანქანიდან გადავიდა.

ახალგაზრდები უმალ დაინტერესდნენ მაგიდასთან მიახლოებული ლამაზი ქალით. მოთამაშეებმა ნარდი მიატოვეს და ყურადღებით დაუწყეს მზერა.

ამასობაში ანა ვაჟა ირემაძეს პირისპირ შედგა და მიესალმა.

– გამარჯობა, – დაბნეული სახით უპასუხა მან.

– თქვენ ვაჟა ირემაძე ხართ? – ჰკითხა ანამ.

– ჰო.... ვაჟა ვარ.

– მე მთავარი პროკურატურის გამომძიებელი ვარ. თქვენთან გასაუბრება მინდა, – ამ სიტყვებთან ერთად, ანა ხელჩანთას წაეტანა, რათა თანამოსაუბრისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ეჩვენებინა, მაგრამ, ირემაძემ აღარ აცალა. ის მოულოდნელად მოსწყდა ადგილს და უახლოესი სადარბაზოსკენ გაიქცა. გიორგი ელვის სისწრაფით მიჰყვა უკან. დევნა რამდენიმე წამს გაგრძელდა. გიორგი სადარბაზოს საპირისპირო გასასვლელთან წამოეწია გაქცეულს, მხარში სწვდა, ძლიერი ბიძგით დააკარგვინა წონასწორობა, ძირს დასცა, მკლავები ზურგსუკან ამოუგრიხა და ხელბორკილი მოარგო.

– მიშველეთ!... – განწირული ხმით აყვირდა ირემაძე, – მეზობლებო, მიშველეთ!

– ნუ გაჰკივი ქალივით, ხომ გითხრეს, რომ მხოლოდ საუბარი გვინდა! – უკმაყოფილოდ შეაწყვეტინა გიომ და ფეხზე წამოაყენა.

ირემაძის ყვირილს უმალ გამოეხმაურნენ მაგიდასთან მყოფი ახალგაზრდები. ისინი უკმაყოფილო შეძახილებით შეგროვდნენ სადარბაზოსთან:

– რა გინდათ? შეეშვით, ავადმყოფი ბიჭია!..

ორიოდ წუთში ეზოში ირემაძის დედა და რამდენიმე ქალი გამოჩნდნენ. ისინი სადარბაზოსთან გამწკრივდნენ და გიორგისა და ანას დაკავებულის მანქანაში ჩასმის საშუალებას არ აძლევდნენ. ანას დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმის ასახსნელად, რომ ვაჟასთან მხოლოდ საუბარი სურდათ და მეტი არაფერი.

– რაზე უნდა ესაუბროთ? – აღშფოთებული გაიძახოდა ირემაძის დედა, – ბიჭი ხანდახან საკუთარ სახელსა და გვარს ვერ იხსენებს. ავად არის, ფსიქიატრიულის ცნობაც მაქვს. თუ გინდათ, ახლავე გაჩვენებთ.

საბოლოოდ ვითარება პატრულის თანამშრომლების გამოჩენამ განმუხტა, რომლებიც ანამ თადარიგიანად გამოიძახა შემთხვევის ადგილზე. მათ უკან დაახევინეს აღელვებულ მეზობლებს და გიორგისა და ანას ირემაძის მანქანაში ჩასმის შესაძლებლობა მისცეს.

ირემაძის დაკითხვა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ის ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანად ითვლებოდა და პრაქტიკულად ვერ აგებდა პასუხს საკუთარ სიტყვებზე. მის დაკითხვას აუცილებლად უნდა დასწრებოდა ადვოკატი, მისი ოჯახის წევრი და მკურნალი ექიმი. მათ მოგროვებას ორ საათზე მეტი დრო დასჭირდა. ბოლოს პროკურატურაში ანასთვის უკვე ნაცნობი ექიმი კეკელიძეც მივიდა. მისმა გამოჩენამ არნახულად იმოქმედა ირემაძეზე, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში აკანკალებული იჯდა კაბინეტის კუთხეში და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა.

– რა მოხდა, ვაჟა? რამე ხომ არ დააშავე? – კეკელიძემ შინაურულად მოიკითხა პაციენტი.

– არ ვიცი, რად დამიჭირეს. ყველაფერს გეფიცებით, მე არაფერი დამიშავებია, – სწრაფად უპასუხა მან.

– ჰოდა, ძალიან კარგი. შენთან მხოლოდ საუბარი სურთ. რამდენიმე კითხვას დაგისვამენ და შემდეგ, შეგიძლია, სახლში დაბრუნდე. უპასუხებ კითხვებს? – ჰკითხა კეკელიძემ.

ირემაძემ უხმოდ დაუქნია თავი.

– კარგი... მაშინ დავიწყოთ, – თქვა მირიანმა, მაგიდას მიუჯდა და ირემაძეს ჰკითხა: შეგიძლია, გაიხსენო, იყავი თუ არა ორი დღის წინ თბილისის ზღვის მიდამოებში?

ირემაძემ უარის ნიშნად თავი გააქნია.

– ვერ გავიგე, – ჩაეძია მირიანი, – არ გახსოვს თუ არ ყოფილხარ?

– არ მახსოვს, – ყრუდ ჩაილაპარაკა ირემაძემ.

მირიანმა კეკელიძისგან მიღებული დასკვნა მოიმარჯვა და ჰკითხა:

– იცი, რა არის ეს?

– არა, – თქვა ირემაძემ.

– ეს შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობაა. აქ წერია, რომ შენ დროდადრო აგრესიის შეტევა გემართება, მაგრამ, ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები ამნეზია. თუ თბილისის ზღვაზე არ ყოფილხარ, უნდა მითხრა, სად და ვისთან ერთად იყავი იმ დროს.

– არ მახსოვს... ბოლო ხანებში ძალიან მტკივა თავი, – ჯიუტად გაიმეორა ირემაძემ.

– „ტრუქსალი“ თან გაქვს? – მოულოდნელად ჰკითხა მირიანმა.

ირემაძემ გაოცებით ახედა.

– მაჩვენე, – ხელი გაუწოდა მირიანმა.

ირემაძემ ჯიბიდან მედიკამენტის ქილა ამოიღო და მაგიდაზე დადო.

მირიანმა ქილა შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ქილას შეადარა. სერიული ნომერი იმაზე მიუთითებდა, რომ ორივე ქილა ერთი და იმავე პარტიიდან იყო.

– ეს ქილა ჩვენ თბილისის ზღვაზე ვიპოვეთ, მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის, – ამ სიტყვებთან ერთად მირიანმა საფერფლეზე მიანიშნა, რომელშიც ვაჟას მიერ მოწეული სიგარეტის რამდენიმე ნამწვავი ეგდო, – იქვე მივაგენით სიგარეტის რამდენიმე ნამწვავს. ერთი მათგანი, წითელი „ელემის” ნამწვავის ფილტრიც სწორედ ასე იყო გაღეჭილი. თუმცა, ასეთი მარჩიელობა მაინც არ გვჭირდება – ბიოლოგიური ექსპერტიზა ძალიან მარტივად დაადგენს, შენ დააგდე იქ ის ნამწვავი, თუ არა. ყოველთვის ასე ღეჭავ ფილტრს თუ მხოლოდ მაშინ, როდესაც ღელავ?

ირემაძემ თავი ჩახარა და ნერვიულად მოისრისა საფეთქლები.

მირიანი წინ გადაიხარა და ხმადაბლა ჰკითხა:

– ვაჟა, რა მოხდა ზღვაზე? რამ აგაღელვა ასე ძალიან იმ ღამით?

ირემაძემ დაძაბული მზერით შეხედა, შემდეგ კი მოულოდნელად იყვირა:

– რა გინდათ ჩემგან? თავი გამანებეთ! მე ხელი არ მიხლია იმ გოგოსთვის! პირიქით, ვთხოვდი, თავი გაანებეთ-მეთქი!

– დამშვიდდი.... – წყნარად განაგრძო მირიანმა, – ვინაა ის გოგო, ახლა რომ ახსენე?

– არ ვიცი...

– სახელი... გვარი... მისამართი...

– არ ვიცი... ყველაფერს გეფიცებით, არ ვიცი. შემთხვევით შეგვხვდა.

– ფოტოსურათი რომ გიჩვენო, ამოიცნობ? – ჰკითხა მირიანმა.

– არ ვიცი.... კარგად არ მახსოვს, – თავი გააქნია ირემაძემ.

– ტანსაცმელი? ტანსაცმელი თუ გახსოვს? თეთრი მაისური, ჯინსის ქვედაბოლო და თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელი ეცვა.

ირემაძემ შუბლი მოისრისა და ყრუდ ჩაილაპარაკა:

– ჰო... ასე ეცვა...

– შეგიძლია, მიამბო, რა მოხდა იქ? ვინ იყო შენთან ერთად? როგორ და სად შეხვდით იმ გოგონას?

ირემაძემ სიგარეტს მოუკიდა, ფილტრი ნერვიულად გაღეჭა, რამდენიმე ღრმა ნაფაზი დაარტყა და ლაპარაკი განაგრძო:

– იმ გოგოს შემთხვევით შევხვდით... ღამდებოდა.... კუკიიდან უბანში ვბრუნდებოდით...

– ერთი წამით, – შეაწყვეტინა მირიანმა, – რა გინდოდა კუკიაზე და ვისთან ერთად ბრუნდებოდი უბანში?

– უბნელ ბიჭებთან ერთად კუკიის სასაფლაოზე გადავედით, იქ ჩვენი ბავშვობის მეგობარია დაკრძალული და საფლავი მოვინახულეთ. სასმელიც დავლიეთ. მერე ბიჭებმა თავის კუკიელ ძმაკაცს შეუარეს და იქ უკვე მაგრად დათვრნენ. მე აღარ ვსვამდი, ჩემთვის დალევა არ შეიძლება.

– ვინ არიან ის ბიჭები? სახელები, გვარები! – სწრაფად ჰკითხა მირიანმა და ანას ანიშნა, ჩაიწერეო.

– ჩვენი უბნელები არიან... გივი ბადრიძე, კარენ ოგანესიანი და ილო... – ჩაილაპარაკა ირემაძემ.

– ილოს გვარი? – ჩაურთო ანამ.

– იმას არ ვიცნობ, – გახედა ირემაძემ, – გივის ძმაკაცია. კუკიაზე ილოს მანქანით გადავედით.

– კარგი, დავუბრუნდეთ გოგონას. ის სად შეგხვდათ? – განაგრძო მირიანმა.

– გზაზე.... ლოტკინს, რომ გამოვცდით და ზღვის გზაზე გავედით, მაშინ დავინახეთ. გზის პირას იდგა.

– უბრალოდ, იდგა? – გაუკვირდა მირიანს, – იქნებ, მანქანის გაჩერებას ცდილობდა?

– არა... მე მგონი, მიდიოდა და, როცა მანქანამ სინათლე მიანათა, შეჩერდა და შემობრუნდა.

– შემდეგ რა მოხდა? – ჰკითხა მირიანმა.

– ილომ თქვა, მგონი, ნაშა გაიჩითაო და მანქანა გააჩერა...

– რას ნიშნავს – „ნაშა გაიჩითა“?! – ბრაზი მოერია მირიანს.

– ის ბიჭი მთელი საღამო აშლილი იყო. სუფრასთან რომ ვისხედით, რამდენჯერმე დაურეკა ვიღაც ქალს, ამაღამ შენთან ამოვალო, მაგრამ, ის უარს ეუბნებოდა. ამან ისე გააბრაზა, რომ კინაღან მობილური ტელეფონი დაამტვრია. მერე კი ამბობდა, ამაღამ ქალის გარეშე მაინც არ დავრჩები, თემქაზე ნაშები მეგულება და იქ წავიდეთო.

– დანარჩენები რას პასუხობდნენ?

– ერთად გადაწყვიტეს თემქაზე გადასვლა.

– შენ?

– მე არა, – თავი გაიქნია ირემაძემ, – ქალებთან ურთიერთობა არ გამომდის. გადაწყვიტეს, რომ მე გლდანში გადამიყვანდნენ, თვითონ კი თემქაზე წავიდოდნენ.

– გასაგებია. რა მოხდა შემდეგ?

– ილომ მანქანა გააჩერა და იმ გოგოს გამოელაპარაკა. მან არაფერი უპასუხა. შებრუნდა და გზა განაგრძო. ილო მანქანიდან გადავიდა და დაუძახა: სად მიდიხარ? მოდი მანქანაში ჩაჯექი. სადაც იტყვი, იქ მიგიყვანო! გოგო არ გაჩერდა, პირიქით, ნაბიჯს მოუმატა. ამან მაგრად გააბრაზა ილო და შეაგინა: პასუხის ღირსიც არა ვარ, შენი დედაცო – და, უკან გაჰყვა გოგოს. იმან მოიხედა და, როგორც კი ილო დაინახა, გაიქცა. ჯერ გზის გასწვრივ გარბოდა. მერე ილო წამოეწია და ის გოგო პირდაპირ ზღვისკენ გაიქცა. ამ დროს მანქანიდან გივი და კარენა გადავიდნენ და მათ გაეკიდნენ.

– შენ რას აკეთებდი ამ დროს? – ჰკითხა მირიანმა.

– მანქანასთან ვიდექი. არ მომეწონა ეს ამბავი. ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა. ჯობდა, ილოს საერთოდ არ გაეჩერებინა მანქანა. ევლო იმ გოგოს ფეხით. თვითონ კი თემქაზე წასულიყვნენ, – ჩაილაპარაკა ირემაძემ და ისევ მოუკიდა სიგარეტს.

– შემდეგ? – ჰკითხა მირიანმა, როგორც კი მან სიგარეტის ნამწვავი საფერფლეში ჩაჭყლიტა.

– ცოტა ხანში ბუჩქებიდან გოგოს ყვირილი მომესმა – ხელი არ მახლოთ, თქვე არაკაცებოო! მერე რამდენჯერმე დაიკივლა. შემეშინდა და მეც ზღვისკენ გავიქეცი.... – ირემაძემ თვალები დახუჭა, ნერვიულად მოისრისა საფეთქლები და ყრუდ განაგრძო: იქ... იქ... ბუჩქებს შორის, პატარა მოედანი იყო. ის გოგო მიწაზე იწვა და ყვიროდა... ილომ კი რამდენჯერმე დაარტყა – ნუ კივიხარ, შენი დედაცო... ის გოგო გაითიშა... მე ავყვირდი – თავი გაანებე-მეთქი, მაგრამ, კარენამ და გივიმ ხელის კვრით გამომაგდეს იქიდან... რა მოხდა შემდეგ, ბუნდოვნად მახსოვს. გავიქეცი. არ ვიცი, რამდენ ხანს ვირბინე, გზაც არ მახსოვს. აზრზე ჩემს უბანში მოვედი.

– იმ გოგოს შესახებ აღარაფერი გსმენია?

– მსმენია, – თავი დაუქნია ირემაძემ, – უბანში ბიჭები ლაპარაკობდნენ, რომ ზღვაზე გოგო გააუპატიურეს და მის მოკვლას ცდილობდნენო.

– ის ბიჭები აღარ შეგხვედრიან?

– გივიმ მომაკითხა მეორე დღეს: რაც იქ მოხდა, შენ არ გეხება და, ვინმესთან ერთი სიტყვაც რომ დაგცდეს, თავს წაგაწყვეტო.

– იცი, სად ცხოვრობენ გივი და კარენი?

– ვიცი, – ჩაილაპარაკა ირემაძემ და მისამართი უკარნახა.

* * *

ის იყო ირემაძის დაკითხვა დამთავრდა, რომ მირიანს რამაზ დევიძის ადვოკატი, ერეკლე სვანიძე ტელეფონით დაუკავშირდა და განაწყენებული ხმით უთხრა:

– ორ საათზე მეტია, მისაღებში გელოდები. ბოლოს და ბოლოს, მოიცლი თუ არა ჩემთვის?

– დამელოდე, ახლავე ჩამოვალ, – უპასუხა მირიანმა, შემდეგ კი გიორგისა და ანას უთხრა, ჯერჯერობით უჩემოდ განაგრძეთო და კაბინეტიდან გავიდა.

ერეკლე ნერვიულად სცემდა ბოლთას მისაღებში და სიგარეტს ეწეოდა. მირიანის დანახვისას ნამწვავი საფერფლეში ჩააგდო, სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა და უკმაყოფილოდ უთხრა:

– შეგნებულად მიკეთებ ამას?

– რას? – გაუკვირდა მირიანს.

– გუშინ რაზე შევთახმდით? – შეხვედრა შეახსენა ერეკლემ.

– მე რამაზთან დაკავშირებული ყველა საჭირო მონაცემი მოვაგროვე და მთელი დღის განმავლობაში ვერ მოვახერხე შენთან შეხვედრა. ხომ იცი, რა საქმეზეც ვმუშაობ. ახლაც დაკითხვიდან გამოვედი.

– მერედა, მე რას ვაკეთებ?! – მოჩვენებით გაიკვირვა ერეკლემ, – მეც შენ საქმეზე ვმუშაობ და სწორ მიმართულებას გაძლევ.

– რას გულისხმობ?

ერეკლემ საქაღალდე გაუწოდა: 

– აქ ყველაფერია, რაც რამაზის ალიბის ადასტურებს. შეგიძლია, დღესვე გაათავისუფლო უდანაშაულო კაცი და ნამდვილი დამნაშავის ძებნაზე გადაერთო.

მირიანმა სწრაფად გადახედა საღალდეს. მასში რამდენიმე ჩვენება აღმოჩნდა.

– მოდი, ასე ვქნათ, – მიუბრუნდა ადვოკატს, – ახლა ჩემს კაბინეტში დაკითხვა მიმდინარეობს. სათათბირო ოთახში არავინ იქნება. იქ გადავხედოთ შენს მასალებს და დანარჩენზე შემდეგ ვიმსჯელოთ.

– წავიდეთ, – უმალ დაეთანხმა ერეკლე და დერეფანს გაუყვა.

საქაღალდეში სწორედ ის ჩვენებები აღმოჩნდა, რომელთა ნახვასაც მირიანი ელოდა. ერეკლეს ერთი დღე-ღამის განმავლობაში მოენახულებინა  და ოფიციალურად დაეკითხა რამაზის ყველა ნაცნობი, რომლებსაც მისი ალიბის დადასტურება შეეძლოთ. არც გურჯაანის საავადმყოფოში ჩასვლა და იქაური ექიმების დაკითხვა დაზარებოდა. ყოველი დაკითხული პირი ადასტურებდა, რომ იმ ღამით რამაზი მართლაც გურჯაანის საავადმყოფოში იმყოფებოდა და აქედან გამომდინარე, არაფერი აკავშირებდა თბილისის ზღვაზე მომხდარ შემთხვევასთან

– კარგია... ძალიან კარგი, – მირიანმა საქაღალდე დახურა, – სხვას არაფერს ველოდი შენგან.

– მე ჩემი საქმე გავაკეთე. ახლა შენი ჯერია, – უპასუხა ერეკლემ.

– რამაზის გათავისუფლებას გულისხმობ?

– სხვას რას უნდა ვგულისხმობდე? – გაიკვირვა ერეკლემ, – შრომა უნდა დაფასდეს. შენ რა გგონია, ადვილი იყო, ამ პიროვნებების შეგროვება და ოფიციალური დაკითხვა?!

– თავს ნუ მაცოდებ, – გაეღიმა მირიანს, – დარწმუნებული ვარ, ოთახიდან ფეხიც არ გაგიდგამს და ყველა დასაკითხი პირი რამაზის ახლობლებმა მოგიყვანეს ოფისში.

– ეს არაფერს ცვლის ამ საქმეში. ახლა მისი ახლობლები იზოლატორთან ელიან შენს დადგენილებას.

– ასეთი ამბავი ატყდა იზოლატორში გატარებული ორი ღამის გამო?

– ამაზეც მინდოდა შენთან საუბარი. მე გაფრთხილებდი, რომ არ ღირდა რამაზის ასეთ საქმეზე და ასეთი ფორმით დაპატიმრება, მით უმეტეს, მაშინ, როცა მის წინააღმდეგ ერთი სამხილიც არ გქონდა.

– ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამაზე, – უპასუხა მირიანმა.

– ამაზე კი არ გვილაპარაკია. რამაზის ახლობლები ძალიან გააღიზიანა მისმა დაპატიმრებამ, თანაც, ახლა ირკვევა, რომ ის კაცი უდანაშაულოა. გაჩუმებას რამაზიც არ აპირებს – იზოლატორში პირდაპირ მითხრა: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უმუშევარი დავტოვოო!

– და, როგორ მოახერხებს ამას? – გაეღიმა მირიანს.

– ამისთვის არსებობს სასამართლო!

– კარგი, კარგი... შენ მაინც ხომ იცი, რომ რამაზის დაპატიმრებისთვის მთავარი პროკურორი საყვედურსაც არ გამომიცხადებს.

– ცალკე ექსპერტიზისთვის ანალიზების აღებამ გააღიზიანა. მოკლედ, იცოდე, რომ ის კაცი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და ყველაფერს იღონებს, რომ პასუხი გაგებინოს.

– ეს მისი უფლებაა... რაც შეეხება რამაზის გათავისუფლებას, ძიებას მის მიმართ პრეტენზია აღარ აქვს. არსებობს შენ მიერ შეგროვებული ჩვენებები და გამოიკვეთა დამნაშავეთა წრე.

– ასე რომ... – აჩქარდა ერეკლე.

– ასე რომ, აქ დამელოდე, სანამ გათავისუფლების დადგენილებას შევადგენ, შემდეგ კი, შეგიძლია, შენი დაცვის ქვეშ მყოფი იზოლატორიდან გამოიყვანო, – მირიანი ადგა, მაგიდიდან საქაღალდე აიღო და კარს მიაშურა.

   გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3