მკვლელობა წარსულიდან
ადვოკატი ბერომ-ჰაუსის წინ იდგა და იხსენებდა, როგორ მოიხიბლა ერთ დროს ამ სახლით. მაშინ ის მართლაც ძალიან ლამაზი იყო: მთლიანად ბრწყინავდა და აივნებზე ვარდები ჰქონდა შემოხვეული, უზარმაზარ ფანჯრებში ფერადი მინები იყო ჩასმული... ამჯერად კი, შობის წინა დღეს, სახლი საკმაოდ უბადრუკად გამოიყურებოდა: ფანჯრები საგულდაგულოდ დაეგმანათ ჟალუზებით. საღებავი გადაქექილი იყო და მნახველზე მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებდა. ზარი დარეკა. კარი სილიამ გაუღო. შავი, ძველმოდური კაბა ეცვა. მკაცრნაკვთებიანი და პირქუში სახე ჰქონდა. უკან გადაწეული თმა კი მის სახეს კიდევ უფრო უკმეხ იერს ანიჭებდა...
– რატომ მოხვედი? ამ სახლში ჯერ ისევ გლოვაა. ის ჩემი ძმის ცოლი იყო...
– სილია, შეწყვიტე... შეგიძლია, სხვა მოატყუო, მე კი ყველაფერი ზუსტად ვიცი. მერე რა, რომ სასამართლომ უდანაშაულოდ გცნო. ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს.
– ამ შემთხვევაში, ჩვენთან არაფერი გესაქმება. წადი აქედან! – სილია ერთიანად კანკალებდა ბრაზისგან, – ჩარლის შენი დანახვა არ უნდა.
– სილია, საშუალება მომეცი, სინათლე ავანთო... მაინც ავალ ზემოთ, ჩარლისთან. ამით ხელს ვერ შემიშლი – ხომ იცი, სიბნელეშიც მშვენივრად მივაგნებ მის ოთახს.
– რისთვის დადიხარ აქ? ჩარლი დადიოდა სასამართლოს სხდომებზე. ჩარლიმ გაიგონა, რომ მე არაფერ შუაში ვარ...
ადვოკატს ყურდაღება არ მიუქცევია ქალის ისტერიკული წივილისთვის და ჩაბნელებულ კიბეს ნელი ნაბიჯით შეუყვა. მეორე სართულის ბაქანზე ყუთით ნივთები ეწყო. ადვოკატმა ფეხი წამოჰკრა და ლამის წაიქცა. „ჯულიას ნივთები, – გაიფიქრა ადვოკატმა, – ჯერ კიდევ არ გადაუყრია. ამით ჩარლის უარესად აცოფებს...“
– სინათლეს თუ არ ანთებ, სილია, იქნებ, გზა მაინც გაგეწმინდა ხარახურებისგან...
– ო, ეს საწყალი ჯულიას ნივთებია. უნდა გადავყარო, მაგრამ, ხელი არ მიბრუნდება. ჩარლის ნურაფერს ეტყვი, კარგი? – ქალის ხმაში მუდარა გაისმა. მაგრამ, ადვოკატმა ზუსტად იცოდა, რომ ქალი თამაშობდა. გავიდოდა რამდენიმე წუთი და ისევ ძველებურ სილიად გადაიქცეოდა – მბრძანებლობასა და ერთპიროვნულ ლიდერობას დაჩვეულ სილიად. ვინც მას იცნობდა, ეჭვი არ შეეპარებოდა, რომ სწორედ მან მოკლა საკუთარი რძალი. ეჭვი არც ადვოკატს ეპარებოდა, მაგრამ, მტკიცებულების არარსებობის გამო, სასამართლომ სილიას მიმართ ყველანაირი ეჭვი გამორიცხა. ჩარლი სიბნელეში იჯდა, საწოლზე... ოთახში სიგარის მძიმე სუნი იდგა. ადვოკატი ახლოს მივიდა და გვერდით ჩამოუჯდა. ჩარლიმ თავი ასწია და არეული მზერა მიაპყრო...
– მოხვედით? კარგია... მინდა, სილიამ ის მიიღოს, რაც დაიმსახურა... მომეხმარეთ, რამე უნდა მოვიფიქრო. ციხე მისთვის მეტისმეტი ფუფუნება იქნება. ბოლო უნდა მოვუღო, ისე, როგორც ჩემს ჯულიას მოუღო ბოლო...
– მოკვლას უპირებთ?
– ჰო... ხომ შეიძლება, ისე მოვკლა, რომ ბრალი ვერ დამდონ... ხომ არსებობს საშუალებები, რომლებიც კვალს არ ტოვებს?!
– მომისმინეთ, ჩარლი... იქნებ სილიას არ მოუკლავს ჯულია, რატომ ხართ დარწმუნებული?
– ისინი კიბის თავში ერთად იდგნენ, სილიამ ჯულიას ხელი ჰკრა და დააგორა. მე ეს არ დამინახავს, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ ასე იყო... თუმცა, რას გიხსნით? – თქვენ ორივეს ჩემზე კარგად იცნობდით – ჩარლიმ ხელი ჩაიქნია და სიგარას მოუკიდა, – მოკლედ, სილიამ პასუხი უნდა აგოს საკუთარი სიცოცხლით. რა თქმა უნდა, ერთხელაც არ მინახავს და არ გამიგონია, როგორ ჩაგრავდა ჩემი და ჯულიას, მაგრამ, საწყალი ჩემი ცოლი თვალსა და ხელს შუა დნებოდა. უსიხარულო და ჩამქრალი მზერა გაუხდა, აღარ იღიმებოდა. ადვოკატო, ამდენი წელია, ჩვენს ოჯახში დადიხართ, ხომ იცით, რომ სილიას შეეძლო ჯულიასთვის ხელი ეკრა...
– ჰო, შეეძლო... მაგრამ, არ არსებობს მოწმე, რომელიც ბრალს დაამტკიცებდა... სილიას ჯულიას ნივთები მოუგროვებია გადასაყრელად.
რეაქცია მყისიერი იყო – ჩარლი შეშლილივით წამოხტა. სიგარიდან დაცვენილი ფერფლი ხალიჩაზე დაიყარა...
– როგორი უღირსი საქციელია თქვენი მხრიდან, ადვოკატო! – ღია კარში სილია იდგა და ადვოკატს ზიზღით მისჩერებოდა, – ხომ დამპირდით, რომ ჩარლის არაფერს ეტყოდით... მე ხომ მასზე ვზრუნავ... როცა ამ ნივთებს ხედავს, უფრო ნერვიულობს, თქვენ კი გააღიზიანეთ...
ქალს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ჩარლი ეცა და ორივე ხელი გადაუგრიხა...
– როგორ გაბედე მის ოთახში შესვლა... როგორ გაბედე! მოგკლავ, ჩემი ხელით დაგახრჩობ!
ადვოკატი ჩარლისთან მიიჭრა და გაჭირვებით მოაშორა შიშისგან აკანკალებულ მსხვერპლს.
– დამშვიდდით, ჩარლი... ძალიან გთხოვთ... ასე არ შეიძლება... სილიას, შეიძლება, მართლაც სიკეთე უნდა თქვენთვის...
ჩარლიმ დაიგმინა:
– უბედური ვარ... ჩემი ჯულია... ვინ დამიბრუნებს ჩემს ცოლს? სილიას კი აუცილებლად ვაგებინებ პასუხს ყველაფრისთვის.
ნახევარი საათის შემდეგ ადვოკატი წასასვლელად მოემზადა. სალიამ კარამდე მიაცილა.
– რატომ უთხარი... ეს რატომ გააკეთე, ხომ შეიძლებოდა, მოვეკალი...
– მოეკალი? შეიძლებოდა, მაგრამ, არ მოგკლა... უკვე თექვსმეტი წელია, ეს გრძელდება, მაგრამ, ჩარლის საქმე ბოლომდე არასოდეს მიჰყავს – გამბედაობა არ ჰყოფნის...
– იმიტომ, რომ, დარწმუნებული არ არის, რომ ჯულიას ხელი მე ვკარი. სასამართლომაც ხომ გამამართლა.
– სულ არ გრცხვენია... მე ხომ იქ ვიყავი, როცა შენ ჯულიას ხელი ჰკარი... ძალიან ვნანობ, რომ სასამართლოზე მოწმედ არ გამოვედი. ახლა უკვე ძალიან გვიანია... სიყვარულმა შემიშალა ხელი... როგორ მიყვარდი სილია, შენ კი ბრმა იყავი, სიძულვილმა დაგაბრმავა.
– მერე, ვინ არის ამაში დამნაშავე? ვინ? ერთხელ მაინც რატომ არ მითხარი შენი გრძნობის შესახებ? მე გადავწყვიტე, რომ შენც ჯულიათი იყავი მოხიბლული, ისევე, როგორც ყველა სხვა... კაცები ხომ მასზე ჭკუას კარგავდნენ... ჩარლის გონებაც დააკარგვინა.
ადვოკატმა თავი გადააქნია...
– ეჰ, სილია, სილია... სიძულვილმა მკვლელად გაქცია... მკვლელი ვარ მეც, რომელმაც ამაში ხელი ვერ შეგიშალე... თექვსმეტი წელია, ეს მკვლელობა წარსულიდან მოსვენებას არ მაძლევს... სულ რაღაცას ველოდები და მოვდივარ თქვენთან... სილია. სილია... რატომ გააკეთე ეს?..