ყველა კაცი ერთნაირია
მახასიათებელი შტრიხები
მამაკაცები და ქალები – დაუსრულებელი ლტოლვა და, ასევე, დაუსრულებელი ბრძოლა თვითდამკვიდრებისთვის... რამდენი გამოკვლევაც არ უნდა ჩაატარონ, შედეგი მუდმივად ერთნაირი იქნება: ძლიერი სქესის წარმომადგენლები ახდენენ იმის დემონსტრირებას, თუ როგორი დარწმუნებულები არიან საკუთარ თავში... ქალებს კი უნდათ, რომ კაცებმა აღიარონ მათი გონებრივი შესაძლებლობები, სილამაზე, ჭკუა, მიზანდასახულობა... ქალებს ფულის შოვნაც შეუძლიათ, კარიერის გაკეთებაც... მაგრამ, მათ ერთი პრობლემა აქვთ: ან საერთოდ არ აფასებენ საკუთარ თავს, ან მეტისმეტად ძვირად აფასებენ... მამაკაცს კი, თანაც, ნებისმიერს, ლიდერობა უნდა... „ძვირფასო, როგორ შეაფასებდი საკუთარ თავს?“ – კითხულობს ქალი... მამაკაცი პასუხობს: „ნორმალურად. ჩვენ, ღმერთები, უბრალო ხალხი ვართ!“ – ესეც მახასიათებელი შტრიხები პორტრეტებისთვის...
***
ქეთიმ კარგა ხანს იწრიალა შენობის შესასვლელთან. ეტყობოდა, რომ გადაწყვეტილების მიღება უჭირდა. ასვლა მაინც ვერ გაბედა. ქუჩა გადაკვეთა, პატარა კაფეში შევიდა. ვიტრინასთან ახლოს მდგარი მაგიდა შეარჩია, ყავა შეუკვეთა და მობილურით დარეკა...
– თიკო, გამარჯობა... კარგია, რომ მიცანი... შენთან მინდა შეხვედრა. რაღაც მაქვს სათქმელი... არა, არა, ზემოთ არ ამოვალ. აქვე ვარ, თქვენს ოფისთან, კაფეში... ერთი საათით ჩამოდი, რა... ყავა დავლიოთ... ახლა ხომ ლანჩის დროა... ვახო ოფისშია?! შესვენება ხომ გაქვთ, ჰოდა, ჩამოდი, გელოდები...
ქეთი ვერაფრით დამშვიდდა... თიკოს მოსვლამდე დრო უსასრულოდ გაგრძელდა... სამი ღერი სიგარეტის მოწევა მოასწრო, თან შემოსასვლელ კარს არ აშორებდა მზერას.
– მოვედი... ძალიან გალოდინეთ? – თიკომ ჩანთა მაგიდაზე დადო და დაჯდა, – უკაცრავად, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე დროზე გამოსვლა. ბატონ ვახტანგს ყავა უნდოდა და უარი ვეღარ ვუთხარი. ბოლო დროს ძალიან ნაღვლიანია... უი, მაპატიეთ, მგონი, ზედმეტი წამომცდა!
ქეთიმ ყურადღება დაძაბა. თიკომ უნებლიეთ სწორედ იმაზე დაიწყო ლაპარაკი, რაც მას ყველაზე მეტად აინტერესებდა. შეეცადა, არ შეემჩნია, რომ გაუხარდა. თიკოს გაუღიმა და მიმტანს უხმო.
– ყავას შევუკვეთავ შენთვისაც და სენდვიჩებსაც.
– ჩაი მირჩევნია, თუ არ შეწუხდებით.
– თქვენობით ნუ მომმართავ, თორემ, თავი შუახანს გადაცილებული, სტერეოტიპებით შემოფარგლული ქალბატონი მგონია. ლამის თანატოლები ვართ. ძალიან ვნანობ, რომ ამდენ ხანს ვერ მოვახერხე შენთან დამეგობრება... – ქეთიმ სიგარეტს მოუკიდა. თითები შესამჩნევად უკანკალებდა.
– ქეთი, ტყუილად ნერვიულობთ. მე ვიცი, რატომაც დამიბარეთ აქ, – თქვა უცებ თიკომ.
ქეთი შეკრთა.
– ყავა რომ დაგველია, რა თქმა უნდა, – ჩაილაპარაკა შეცბუნებულმა.
– ქეთი, მესმის თქვენი, თანაც, ძალიან კარგად. კიდევ ბევრ რამესაც ვხვდები. დიდი სიამოვნებით ვიქნები თქვენი ინფორმატორი, ეგენი ყველაფრის ღირსები არიან. მკითხეთ, რაც გინდათ და გიპასუხებთ.
– ვინ არიან ყველაფრის ღირსები? – ლამის გაეღიმა ქეთის თიკოს გმირულ პათოსზე.
– ვინ და კაცები. თქვენი ვახოც არ არის გამონაკლისი. თუმცა, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, ჯერჯერობით სანერვიულო არაფერი გაქვთ. გიგისთან ცხოვრობს.
– ჰოო?! – გაუღიმა ქალს და შვებით ამოისუნთქა, – დარწმუნებული ხარ?
– თითქმის. ერთი ღამე, საერთოდაც, ოფისში გაათენა. ძალიან ნერვიულობს და ეს ყველაფერზე ეტყობა. გაგაბრაზათ, ხომ? ეჭვიც არ მეპარება. მაგათ მარტო ის შეუძლიათ, გაგანერვიულონ და დეპრესიაში ჩაგაგდონ. თვითონაც არ იციან, რა უნდათ.
– ფაქტია, რომ ვახოს ოჯახი აღარ უნდა, – ამოიოხრა ქეთიმ, – ესე იგი, გიგისთან ცხოვრობს.
– ჰო. მთლად დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ, ერთად მიდიან და დილითაც ერთად მოდიან. ოფისშიც სულ ერთად არიან. გიგი თითქმის აღარც გამოდის მისი კაბინეტიდან. ბატონი ვახო სულ გაღიზიანებულია და აშკარად ნერვიულობს.
– თუმცა, არ მირეკავს. თიკო, იცი, რა უნდა გთხოვო? შენ შეგიძლია, დამირეკო, როცა, მაგალითად, ვახო სადმე ისეთ ადგილას წავა, სადაც მასთან შემთხვევით შეხვედრა იქნება შესაძლებელი?
თიკო დაფიქრდა.
– ძალიან რთულია და ვიცი, რომ მეტისმეტს ვითხოვ შენგან, მაგრამ, შერიგება მინდა ძალიან და არ ვიცი, ეს როგორ გავაკეთო. მირჩიეს, შემთხვევით შეხვდიო. დამეხმარები?
– რა თქმა უნდა. იმაზე დავფიქრდი, როგორ შევძლებ, შენთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებას.
– მაპატიე, ბოროტად ვსარგებლობ შენი კეთილგანწყობით.
– არა, რას ამბობ. თუ რამე შემიძლია... პირიქით, მოხარულიც ვიქნები, თუკი თქვენი ოჯახის გადარჩენის საქმეში წვლილს მეც შევიტან. მაინც, რატომ არიან ასეთები? ზოგჯერ ყველა მძულს, განურჩევლად ყველა.
– შენც როგორ გაუმწარებიხარ ვიღაცას, – ქეთიმ თანაგრძნობით გაუღიმა აპილპილებულ გოგოს.
– „ვიღაცას“ რატომ? ყველა ერთნაირია-მეთქი, ხომ ვთქვი?! ჰოდა, ყველა მამწარებს ერთნაირად.
– ჩემი ქმარი ანგელოზი მეგონა. თავიდან... თავზე მევლებოდა და ისე იქცეოდა, ვფიქრობდი, ამასთან უბედნიერესი ქალი ვიქნები-მეთქი, მაგრამ რა გამოვიდა? ერთპიროვნული ლიდერობა მოინდომა და, რომ იტყვიან, ჩემი პიროვნება ფეხებზე დაიკიდა. რას ვატყობ, იცი? სულ ერთია, კაცი წარმატებულია თუ წარუმატებელი, ყველას აქვს კომპლექსიც და ოფოფებიც. მიზნის მიღწევა თუ უნდათ, აგრესიას ავლენენ. ნებისმიერს ატკენენ გულს და თავს იმით იმშვიდებენ, მიზანი ამართლებს საშუალებასო. რა უნდა ელაპარაკო! საერთოდ არ წუხან, რომ დაგაზარალეს. რატომ ვართ ქალები ასე დამოკიდებული გარშემო მყოფებზე, საზოგადოებრივ აზრზე? ვახოსთან დაშორება მარტო პირადს კი არა, საყოველთაო პრობლემებს შემიქმნის – მინიმუმ ათი ადამიანი ინერვიულებს და კიდევ ათჯერ ათი ილაპარაკებს ჩემზე. არადა, ისინი კი არა, მე დავრჩები ქმრის გარეშე.
– მართალია, ჩვენ ყოველთვის სამმაგად და ოთხმაგად ვზარალდებით, – დაეთანხმა თიკო უხალისოდ.
– თუ ეს არ გინდა, უნდა დაუთმო, დაუთმო დაუსრულებლად... საშინელებაა!
– ქეთი, გინდა ვახოსთან შერიგება?
– ჰო, აბა?! იმიტომაც მჭირდება შენი დახმარება. არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს ვეხვეწები.
– მესმის. შეეხვეწები და უარესია – მე ეს ვიცი. დათმობა მაინც აუცილებელია.
– რა თქმა უნდა. უბრალოდ, ვერ ვისწავლე, როდის უნდა დავუთმო ისე, რომ საკუთარ თავს ზიანი არ მივაყენო. ანუ, როგორც ერთი ჩემი მეგობარი ამბობს, უნდა დათმო წვრილმანში, რომ მთავარში მოიგო. მე კი ზუსტად ამას ვერ ვახერხებ. საერთოდ არ შემიძლია თამაში. არადა, კაცებთან ურთიერთობაში ეს აუცილებელია.
– მაგას ნიჭი უნდა, რომელიც ან გაქვს, ან – არა! – გამოცდილი ქალივით დაასკვნა თიკომ, – პირადად მე, აშკარად ძალიან უნიჭო ვარ ამ მიმართულებით. არანაირი დიპლომატია – პირდაპირ შუბლით ვეჯახები პრობლემებს.
– შეყვარებული არ გყავს? – დაინტერესდა ქეთი.
– არა. იყო ერთი... კოშკები ამიშენა: ის ქალი ხარ, ვისაც მთელი ცხოვრება ვეძებდი.... ცოლს გავეყრები და სულ ერთად ვიქნებითო. ახლა მისი ცოლი ბავშვს აჩენს, ჩემს ზარებს კი საერთოდ აღარ პასუხობს... – თიკოს სახე დაუსევდიანდა, – ისე ცუდად ვარ... თავს უსარგებლო ნივთივით ვგრძნობ. მშურს იმ ქალების, რომლებსაც შეუძლიათ, დღეს ერთი კაცი შეაბან, ხვალ – მეორე, ზეგ – მესამე... მერე ყველა ერთ „სარეზერვო ფოლდერში“ ჩაყარონ და სიამოვნება მიიღონ.
– გიყვარს? – თანაგრძნობით ჰკითხა ქეთიმ.
– ვინ? აა, არ ვიცი, ალბათ, არა. თუმცა, რაღაც თბილი გრძნობა მქონდა. იმან მიშველა, რომ მალე დასრულდა ყველაფერი. წარმომიდგენია, რომ შემყვარებოდა, ახლა რა დღეში ვიქნებოდი... ისედაც სულ უგუნებოდ ვარ...
– მეც საშინელ გუნებაზე ვარ და ეს პაციენტებთან ურთიერთობაშიც მეტყობა. არ შემიძლია, გული გადავაყოლო ვინმესთან ფლირტს. არადა, იქნებ, ცოტა შვება მეგრძნო.
თიკომ საათზე დაიხედა.
– შესვენება დამთავრდა, ოფისში უნდა ავიდე.
– ჰო, მეც კლინიკაში უნდა მივბრუნდე... როგორ არ მირეკავს... საზიზღარი. ესე იგი, გიგისთან ცხოვრობს, ხომ?
– კი. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს. ქეთი, ვეცდები, ეს ზუსტად გავიგო. მუდმივ კონტაქტში ვიქნები. ჩემი იმედი გქონდეს...
***
თიკო ოფისში დაბრუნდა. ჰოლში დივანზე გიგი და ზუკა ისხდნენ. გიგის მუხლზე საფერფლე ედო და სიგარეტს ეწეოდა, თან, რაღაცაზე ცხარედ კამათობდნენ.
– აუ, ისარგებლეთ, ხომ, ჩემი არყოფნით და გაჭვარტლეთ აქაურობა?! სიგარეტის მოწევა როდის აქეთ შეიძლება ოფისში?
– მობრძანდა ავი დიასახლისი... – ჩაილაპარაკა გიგიმ, – რა გჭირს შენ, სულ როგორ უნდა ჩხუბობდე? სიგარეტი მოვწიე, „პლანი“ ხომ არა. გააღებ ფანჯარას და გაიწმინდება ჰაერი. ყველაფრისგან პრობლემას რატომ ქმნი?
– შენ საერთოდ არ ქმნი, ხომ, პრობლემებს? – უკან აღარ დაიხია თიკომ, – იმით სარგებლობ, რომ ვახოს მეგობარი ხარ და შენს ნებაზე დაპარპაშებ.
– აჰა, ახალი ბრალდებაც წამომიყენეს, – გადაიხარხარა გიგიმ, – ერთი ასეთი მოწმეც და... გოგო, რას ნიშნავს ჩემს ნებაზე პარპაში? სიგარეტი რომ მოვწიე არასამუშაო საათებში, ამისთვის ანათემას უნდა გადამცე?
– მოსაწევი ადგილი არ გვაქვს ოფისში? მგონი, თვითონ ვახომ გამოგიყოთ და თავადაც არ ეწევა სიგარეტს კაბინეტში.
– შენ რა იცი, ვახო კაბინეტში რას აკეთებს, – თვალები მოჭუტა გიგიმ, – ჩუმ-ჩუმად უთვალთვალებ? შენგან არ გამიკვირდება.
თიკო გაწითლდა.
– რა უნდა გელაპარაკო, იდიოტი ხარ!
– პირად შეურაცხყოფაზე ნუ გადმოდიხარ, ქალბატონო თიკო და, ზოგადად მამრობით სქესზე გაბრაზებული, ჩემზე ნუ იყრი ჯავრს.
– არავისზე არ ვარ გაბრაზებული. საიდან მოიტანე? რა გამოდის, შენიშვნა ვეღარ უნდა მოგცე, როცა შინაგანაწესს დაარღვევ?
– ვაიმე! მომეცი ფურცელი და დაგიწერ ახსნა-განმარტებას, მეტი რა ვქნა?
– მასხარა! – ბრაზით მიახალა თიკომ და ფანჯარას მივარდა გასაღებად.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ზუკა ჩუმად იჯდა და რაღაცაზე ფიქრობდა. მისი სახის გამომეტყველებით მიხვდებოდი, რომ ერთი სიტყვაც არ გაუგონია თიკოსა და გიგის საუბრიდან.
– ზუკა, წამოდი, ოთახში შევიდეთ. მორჩა, აქ მშვიდად ვეღარ ვილაპარაკებთ. მოვიდა მომსმენ-დამსმენი,
– მე ვარ მომსმენ-დამსმენი? თიკო დოინჯშემოყრილი შემობრუნდა და გაკაპასებული მიაჩერდა გიგის.
– აუ, გეყოფათ, რა, – გამოერკვა ზუკა, – რა სისულელეებზე ჩხუბობთ, გეხალისებათ?
– შენს ძვირფას მეგობარს მეტი საქმე არ აქვს და ერთობა ჩემს ნერვებზე თამაშით.
– გამოვა ვახო და ორივეს მოგხვდებათ. წამოდი, რა, ოთახში, ნორმალურად უნდა დაგელაპარაკო. ერთი, კარგად მითხარი, რა სისულელეს ბოდავდი წეღან.
გიგიმ თვალი ჩაუკრა თიკოს და ზუკას გაჰყვა, მაგრამ, მოულოდნელად ზუკამ მიმართულება შეცვალა და შემოსასვლელი კარისკენ წავიდა.
– სად მიდიხარ?
– დაგავიწყდა, ლაშას კლიენტი რომ ჰყავს? როგორ დაგელაპარაკო? გარეთ გავიდეთ.
გიგიმ მხრები აიჩეჩა და გაჰყვა. როგორც კი კარი მიხურა, ზუკა მაშინვე მიუბრუნდა და ჰკითხა:
– აბა, მითხარი, ოღონდ, მაიმუნობის გარეშე: რისთვის გჭირდება ლიზას სურათი?
გიგიმ ხელები გაშალა:
– ვა, შენ რა უკუღმა გესმის ყველაფერი... როდის გითხარი, რომ მჭირდება, შემახედე-მეთქი.
– რისთვის? – ეჭვით შეიჭმუხნა წარბები ზუკამ.
– აუ... ერთი საათის განმავლობაში ვცდილობდი, დამერწმუნებინე, რომ, უბრალოდ, მაინტერესებს, მეტი არაფერი. კომპიუტერში ხომ გაქვს მისი სურათები, ერთხელ მაჩვენე კიდეც. შემახედე, რა მოხდება?
– სანამ არ მეტყვი, ლიზა რისთვის გჭირდება, არ შეგახედებ.
– ბიჭო, შეყვარებული კი არ ვარ შენს ლიზაზე, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ შენც და მის ქმარსაც. ერთხელ შევხედავ ფოტოს და მორჩა.
ზუკა წამოენთო.
– ეგ რა თქვი? მართლა იდიოტი ხარ შენ, თიკო არ ცდება!
– ვიხუმრე, ვიხუმრე... შემახედე რა! ვიღაცას ვამსგავსებ და, მინდა, რომ დავრწმუნდე.
– მატყუებ. უსაქმოდ ხარ და ღადავი მოგინდა. ლიზას ხარჯზე ეგ არ გამოგივა.
– ვაიმე, როგორი კომპლექსიანი ხარ. რა უბედურებაა, ყველაფერში შეთქმულების თეორიას ხედავ!
გიგიმ ხელი ჩაიქნია:
– კარგი, ჯანდაბას, აღარ მაინტერესებს. არ მაჩვენებ და ნუ მაჩვენებ. რას წარმოვიდგენდი, ასე თუ გადაირეოდი.
– სად მიდიხარ? სანამ არ მიპასუხებ, რატომ გინდოდა ლიზას ფოტოს ნახვა, ფეხს ვერ მოიცვლი აქედან! – ხმას აუწია ზუკამ და მეგობარს მტრულად შეუბღვირა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში