კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

ვასია მეჩენი თბილისში ზურა ქართველიშვილის დასაფლავებაზე ჩამოვიდა და, მიუხედავად იმისა, რომ ის პაბეგში იყო და საკავშირო ძებნაში იმყოფებოდა, არაფრად ჩააგდო ხიფათი და ზურა უკანასკნელ გზაზე გააცილა. ის ქელეხშიც დარჩა და ერთი დღე ჩემთან იყო. ვასია მეჩენის გრიმი ჰქონდა გაკეთებული და, მართალია, მილიციელები ზურა ქართველიშვილის დასაფლავების მთელ პროცესს რამდენიმე კინოკამერით, ფარულად იღებდნენ, ვასილი მიშკინის მაშინვე ამოცნობა მაინც ვერ მოახერხეს. როგორც ჩანს, ის გვიან გაშიფრეს და, რადგან ეჭვი ჰქონდათ, რომ ძებნილი ქურდი ჩემთან ათევდა ღამეს, თბილისის მილიციის სამმარველოს ოპერატიული ჯგუფი ღამის 2 საათზე დამადგა თავზე. თუმცა, „ძაღლების“ უდროო ვიზიტი დროზე შევნიშნე, ვასია საიდუმლო გვირაბში გადავმალე და კარი გავაღე. ოპერჯგუფს პირადად ხელმძღვანელობდა სამმართველოს უფროსი, ბესარიონ აბრალავა. მან შემომიბღვირა და მითხრა:

– მეჩენი შენთანაა?

– ვასია მეჩენზე მეკითხები, ძია ბესო? – ვუთხარი აბრალავას, რომელსაც ბავშვობიდანვე „ძია ბესოს“ ვეძახდი და არც დიდობაში დამიძახია მისთვის სხვაგვარად.

– „ძია ბესო“... – გამომაჯავრა აბრალავამ და დაამატა: შენთანაა თუ არა?

– არა.

– და, არც ყოფილა, ხომ?

– არა.

– არც გინახავს?

– ვნახე, როგორ არა, ეს თქვენ კინოფირზეც გაქვთ დაფიქსირებული, ჩემთან კი ნამდვილად არ ყოფილა. რა, გიჟი ვარ, ძებნილი ქურდი ჩემს სახლში დავაჭერინო მილიციას?

– ლოგიკურად ლაპარაკობ, მაგრამ, მაინც უნდა შევამოწმოთ. ასე მატყუებდი ბავშვობაშიც, დამაჯერე, რომ პატიოსანი იყავი და, საბოლოოდ, ქურდი გახდი. დროზე რომ გამეშიფრე და გასაქანი არ მომეცა შენთვის, ახლა ქურდი კი არა, პროფესორი იქნებოდი, – მითხრა აბრალავამ და ხელქვეითებს ანიშნა, შემოწმება დაიწყეთო.

სანამ მილიციის სამმართველოს ოპერები ჩემს ბინაში ვასია მეჩენის კვალს ეძებდნენ, მე და აბრალავამ წარსული გავიხსენეთ და მან მითხრა:

– ეეჰ, კობრა, კობრა, როგორ დამაგოიმეთ შენ და ყბედალომ...

– კარგი, რა, ძია ბესო, რა დაგაგოიმეთ? რას იზამდი, რო?! ჩვენ მაინც ქურდულ გზას დავადგებოდით და მერე უფრო მეტად ინანებდი, რადგან, იტყოდი – ცუდ გზას ვერ ავაცდინეო. ახლა კი ასეთი რამ არ გეხება, რადგან, არ იცოდი, რომ ვჩალიჩობდით.

– კობრა, გაფიცებ, მითხარი, ხუჭუჭაც თქვენთან ერთად ჩალიჩობდა?

რა თქმა უნდა, ხუჭუჭაც ჩვენთან ერთად ჩალიჩობდა ბავშვობაში, მაგრამ, აბრალავას ამას როგორ ვეტყოდი და მივუგე:

– არა, ძია ბესო, რას ამბობ! ხუჭუჭას არასდროს უჩალიჩია ჩვენთან ერთად. მე და ყბედალო მას ვუმალავდით და თან არ დაგვყავდა.

აბრალავამ ირონიულად შემომხედა და მითხრა:

– აბა, ბიჭო, მამა გიცხონდა, ხუჭუჭას რამეს გამოაპარებდი ან თავის ჭკუაზე სიარულს დაუშლიდი...

– ეეჰ, კარგი იყო ბავშვობა. მას მერე მთელი საუკუნე გავიდა, – სალაპარაკო თემა შევცვალე და ნაღვლიანად ჩამეცინა.

– შენ გგონია, არ ვიცი, როგორი გამოჭერილი გყავდათ ძევიატკა? – გაეცინა აბრალავას.

– საიდან იცი, ძია ბესო?

– ვიცი, ვიცი, – თავი გააქნია აბრალავამ, შემდეგ თავის ხელქვეითებს უბრძანა, რომ ჩემი ბინის დათვალიერება შეეწყვიტათ და, სანამ წავიდოდა, მითხრა: ვასია მეჩენის თუ შემთხვევით სადმე გადაეყრები, უთხარი, აქედან მალე აახვიოს.

როდესაც დანამდვილებით დავრწმუნდი, რომ მილიცია წავიდა და „კუდი“ არ დაუტოვებია, ვასია მეჩენი სამალავიდან გამოვიყვანე. მას ქართული მშვენივრად ესმოდა. მართალია, რუსული აქცენტით, მაგრამ, ასევე მშვენივრად ლაპარაკობდა ქართულად და ღიმილით მითხრა:

– მე ვფიქრობ, რომ ამ „ძია ბესომ“ იცოდა ჩემი აქ ყოფნის შესახებ და აქედან აახვიოსო, სწორედ ჩემს გასაგონად თქვა.

– თბილისის მილიციის სამმართველოს უფროსია. ჩემს ბავშვობაში კი ჩვენი რაიონის მილიციის უფროსი იყო. გახსოვს, ზონაში ჩემი ბავშვობის ძმაკაც ხუჭუჭაზე რომ გიყვებოდი, სწორედ მამამისის გაქაჩულია ეს აბრალავა. ბავშვობიდან კარგად ვიცნობ და, პა პრივიჩკე ძია ბესოს ვეძახი, – ვუთხარი ვასია მეჩენის, რომელსაც გაეცინა და მითხრა:

– მოკლედ, ასე, ჩემო კობრა: მე ამაღამვე დავიძრები სოხუმისკენ, ორი დღის მერე კი შენ და ბერძენაც შემომიერთდებით და სოჭის საქმის გასაკეთებლად წავალთ. არა მგონია, რამე შეიცვალოს, მაგრამ, თუ სიახლე იქნა, აუცილებლად შეგატყობინებ. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევის გარდა, თუკი ეს სიახლე ჩემი დაჭერა არ აღმოჩნდა.

– რას ამბობ, ვასკა, ღმერთმა დაგიფაროს, – ვუთხარი მეჩენის, გადავეხვიე და ჩემი სახლიდან მშვიდობიანად გავისტუმრე.

ვასია მშვიდობიანად ჩავიდა სოხუმში, ორი დღის შემდეგ მე და ბერძენაც შევუერთდით, ერთი დღის  მერე კი სამივე ერთად ჩავედით სოჭში, რომ მსხვილი საქმე გაგვეკეთებინა, რომლის ნაკოლიც ვასია მეჩენის ერთმა ნაკოლშჩიკმა ქალმა მისცა.

– ნაკოლშიცა ქალი იმ ფრაერის ნაშაა, ვისი ბაითიც უნდა დავბომბოთ, – აგვიხსნა ვასიამ მე და ბერძენას, – ის ფრაერი კი დიდი მაყუთის პატრონია, სოჩაში კერძო სახლი აქვს და სადღაც საიდუმლო სეიფი უნდა ჰქონდეს ჩამონტაჟებული. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს სეიფია. პახოდუ კი, რამეს თუ ვიპოვით, რა თქმა უნდა, თან წამოვიღებთ.

– როდის და რამდენი ხნით იქნება ეგ ბაითი ცარიელი? – ჰკითხა ბერძენამ ვასიას.

 – ზეგ, საღამოს შვიდიდან ღამის პირველამდე. შეიძლება, უფრო მეტ ხანსაც, მაგრამ, ექვსი საათი გარანტირებული გვაქვს და ამ დროში უნდა ჩავეტიოთ.

– ზეგ რა ხდება? – ვკითხე მეჩენის.

– რა ხდება და, ზეგ საკონცერტო დარბაზ „ფესტივალნიში“ ალა პუგაჩოვას კონცერტია, ისინი იქ მიდიან და ჩვენი საქმეც სწორედ ამ დროს უნდა გაკეთდეს, – მითხრა მეჩენიმ.

სოჭელი „ობიექტი“ ამ სახელგანთქმული ქალაქის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო დაწესებულების დირექტორი იყო და, სანამ ალა პუგაჩოვა „ფესტივალნიში“ მღეროდა, მე, ბერძენა და ვასია  მეჩენი მის ფეშენებელურ სახლში საიდუმლო სეიფს ვეძებდით.

– იქნებ, ნაკოლშიცა შეცდა და არანაირი საიდუმლო სეიფი არ არსებობს? – თქვა ბერძენამ, – უკვე სამ საათზე მეტია, ვჩალიჩობთ და ვერ მივაგენით. მოდი, ანტიკვარიატი წავიღოთ და წავიდეთ.

– ჩემი ნაკოლშიცა არასდროს ცდება. უბრალოდ, კარგად უნდა ვეძებოთ, – თქვა ვასიამ.

– ვასკა, იქნებ, ბერძენა მართალს ამბობს? რაც მე სეიფები მიძებნია, ერთ საათზე მეტი არასდროს დამჭირვებია, – ვუთხარი მეჩენის, მან კი თავი გააქნია და გაიმეორა:

– არა, ძმებო! მერწმუნეთ, რომ საიდუმლო სეიფი არსებობს, უბრალოდ, კარგად უნდა მოვძებნოთ.

კიდევ ნახევარი საათი ვეძებე სეიფი და მეჩენის ვუთხარი:

– ვასკა, თავს დავდებ, რომ ბაითში სეიფი არ არის და, თუ ის მართლა არსებობს, მაშინ, სხვაგანაა, – მე ეზოში გადავიხედე, სადაც განცალკევებით იდგა საუნა და დავამატე: ერთადერთი, ეს საუნა დარჩა და, თუ სეიფი არსებობს, მაშინ, იქაა.

– საუნაში? – ერთხმად თქვეს მეჩენიმ და ბერძენამ.

– ჰო. წამოდით, იქ მოვძებნოთ.

საუნაში მართლაც აღმოჩნდა საიდუმლო სეიფი, რომელიც კედლის ბარს მიღმა იყო ჩამონტაჟებული და შიგნით ბლომად ფული, ძვირფასეულობა და კუსტარულად დამზადებული ბაჯაღლო ოქროსგან ჩამოსხმული ოქროს ზოდი აღმოჩნდა, რომელიც 1 კილოგრამსა და 250 გრამს იწონიდა.

– მაგარი კუშია, ძმებო! – სიხარულს ვერ მალავდა ვასია მეჩენი, – მეოთხედი ნაკოლშიცას, დანარჩენს ქურდულად მივხედავთ. აქედან კი დღესვე უნდა ავახვიოთ და რაც შეიძლება სწრაფად და, რა თქმა უნდა, სუფთად.

სოჭი მართლაც იმავე ღამეს დავტოვეთ და პირდაპირ ლენინგრადში გავემგზავრეთ კეშასთან, ანტიკვარიატისა და ოქროს გადამყიდველთან, რომელმაც ტავარის ნახევარი თანხა მაშინვე გაგვიმაზა, ნახევრისთვის კი სამი თვის შემდეგ დაგვიბარა და მშვიდობიანად გამოგვისტუმრა.

ნაკოლშიცას წილი იქვე „გადავტეხეთ“ და წინასწარ შეთანხმებულ ადგილას გადავმალეთ, რომელიც ჩვენ გარდა მხოლოდ საქმის მომცემმა ქალმა იცოდა, დარჩენილი ფულიდან კი ლომის წილი ქურდულ ობშჩიაკში გავუშვით, დანარჩენი თანაბრად გავიყავით და იალტაში გავემგზავრეთ დროის გასატარებლად. გზად სიმფეროპოლში შევჩერდით, რომ ცნობილ ტალკუჩკაზე შმოტკები შეგვეძინა და ისე ჩავსულიყავი იალტაში.

შავიზღვისპირეთში ეს საყოველთაოდ ცნობილი „ტალკუჩკა,“ რომელსაც ბლატნოი ჟარგონზე „ტალჩოკს“ უწოდებენ, ქალაქ სიმფეროპოლის ცენტრალური უნივერმაღის სამხრეთ ნაწილში, პატარა ეზოში იყო განთავსებული და ბარიგებიც სწორედ იქ იკრიბებოდნენ.

– ერთი წუთით, ძმებო, შეჩერდით! – ვუთხარი ვასიასა და ბერძენას და უნივერმაღის კიბეებზე მიმავალ მაყუთიან ბიძას გავაყოლე თვალი, რომელსაც ყბედალომ ნა ხადუ ისე სწრაფად და შეუმჩნევლად ამოაცალა საფულე, რომ ბიძამ ვერაფერი გაიგო, გზა განაგრძო, ზურიკო ტაბიძე კი 180 გრადუსით შეტრიალდა და ძირს დაეშვა.

– რა მოხდა, კობრა? – მკითხა ბერძენამ, რომელსაც ვასიამ მიუგო:

– რა და, კობრამ ბალტუნი დაინახა.

– ყბედალო? – იკითხა ბერძენამ.

– ჰო, ყბედალო, – გაეცინა ვასიას და რუსულად დაამატა: ბალტუნის გამოთქმა უფრო კარგად გამომდის.

– არა, რა, ოქროს ხელები აქვს, ძალიან სუფთად მუშაობს, – ვთქვი მე.

ამასობაში ყბედალომ ტაქსების გაჩერებისკენ აიღო გეზი და ბერძენამ თქვა:

– ჩქარა დავუძახოთ, თორემ, წავა.

– ზურა! ზურა! ტაბიძე ზურა! – დაუყვირა ვასიამ ყბედალოს, რომელიც უკვე ტაქსიში ჯდებოდა, მაგრამ, რომ დაგვინახა, ჩვენკენ ღიმილით გამოემართა, სათითაოდ ჩაგვეხუტა და გვითხრა:

– საიდან სადაო, ძმებო?

– იალტაში, საგულაოდ. შენ? – მივუგე ყბედალოს, რომელმაც თვალი ჩაგვიკრა და გვითხრა:

– ახლა უკვე მეც საგულაოდ. სამი დღე მაგრად ვიპახავე, რომ ობშჩიაკის მაყუთი მეშოვა და ცოტაც რიტასთვის გამეგზავნა როსტოვში. ახლა კი, მე მგონი, საგულაო ფულიც მაქვს, – ყბედალომ ჯიბეზე დაირტყა ხელი, სადაც მოპარული საფულე ედო, – არ მგონია, რომ იმ ფრაერს ქაღალდით სავსე ლაპატნიკი სდებოდა ჯიბეში.

– ჩქარა მოვტყდეთ აქედან, – თქვა მეჩენიმ, – აი, ის ფრაერი გამოვარდა უნივერმაღიდან, შენ რომ გაპარსე... წავედით!

იქაურობას მაშინვე გავეცალეთ, იალტისკენ ავიღეთ გეზი და, როდესაც ბინა ვიქირავეთ და მოვეწყვეთ, მხოლოდ მაშინ გახსნა ყბედალომ მოპარული საფულე და, რვაას მანეთთან ერთად, მილიციის პოლკოვნიკის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი და მართვის მოწმობა ამოიღო.

– ფუი, ამის დედაც... – შეიგინა ყბედალომ, – ბედი არ გინდა? „ძაღლი“ გამიპარსავს, თანაც – „მურელი“.

მილიციის პოდპოლკოვნიკის საბუთები სიმფეროპოლის მილიციის სამმართველოს წინ დავაგდეთ, რისთვისაც სიმფეროპოლში სპეციალურად ჩასვლა დაგვჭირდა, რომ მილიციას სწორ კვალზე დადგომა გასჭირვებოდა. მოპარული ფულით კი კარგად მოვილხინეთ და ხუმრობით მილიციის სადღეგრძელოს ვსვამდით, ვხალისობდით და მშვენიერ დროს ვატარებდით. სამი კვირის შემდეგ ყბედალო და ვასია მეჩენი როსტოვში გაემგზავრნენ, მე და ბერძენა კი თბილისში დავბრუნდით და, სანამ ერთმანეთს დავშორდებოდით, შევთანხმდით, რომ ფულზე კეშას ვასია მიაკითხავდა ორი თვის შემდეგ.

– თუ დამიჭირეს და ვერ შევძელი, მაყუთზე თქვენ მიხვალთ კეშასთან, – გვითხრა მეჩენიმ, გადაგვეხვია და წავიდა. მას ენამ უყივლა – ორი კვირის მერე მილიციამ ის როსტოვში, კონსპირაციულ ბინაში აიყვანა და რვაწლიან სროკზე გაუშვა.

თბილისში დაბრუნებიდან ერთი თვის თავზე ბერძენაც გასროკეს, რომელმაც ქუთაისში ადგილობრივ მილიციელს სცემა. ბერძენა ერთ გოგონასთან ერთად მიდიოდა ქუჩაში, როცა ფორმიანი მილიციელი მას აუშარდა და, რომ გაიგო, თბილისელთან ჰქონდა საქმე, დაცინვა დაუწყო, ბოლოს შეაგინა და ბერძენას მუშტს ყბაც შეატეხა...

ბერძენა ოთხწლიანზე გაუშვეს. ამიტომ, კეშასთან მე გავემგზავრე, დარჩენილი თანხა ავიღე, ყველა წილი დანიშნულებისამებრ გავუშვი და თბილისში მხოლოდ ამის მერე დავბრუნდი. მიუხედავად იმისა, რომ სოჭის საქმის წილიდან არცთუ ისე მცირე თანხა შემომრჩა, ფული საკმაოდ სწრაფად მელეოდა და „ფოსტას“ შევსება სჭირდებოდა. გარდა ამისა, ჩემი პროფესია და ნეპმანელი ქურდის სტატუსი მოითხოვდა, რომ უნდა მეჩალიჩა და ახალი საქმის მომზადებას შევუდექი. კვალიფიციური ქურდობა არასდროს ყოფილა ადვილი, მაგრამ, იმ მომენტში ყველაფერი ათმაგად გართულდა, რადგან, მარტო, პაძელნიკების გარეშე ვიყავი დარჩენილი და ყველაფრის კეთება თვითონ მიწევდა.

„ჭიჭიკია ხომ არ გავასუფთავო, ის ნაბოზარი ძაღლი, ბერძენა რომ ტყუილუბრალოდ გაასროკინა?“ – ჩავილაპარაკე ჩემთვის, როცა ახალ საქმეზე ვფიქრობდი და ჩემ უკან, სასამართლო დარბაზში მოსმენმილი დიალოგის ფრაზა გამახსენდა, როდესაც ერთმა ქუთაისელმა მეორეს უთხრა – აი ბიჭი ტყვილა დააჭერინა ამ ღორმა და, რაცხა იქნება, ვინცხა სულ ერთიანად წაართმევს ან მოპარავს იმ არმად ნაშოვნ ქონებას და ოქრო-ვერცხლსო...

ეს ფრაზა ბერძენას სასამართლოზე გავიგონე და გადავწყვიტე, ერთი გასროლით ორი კურდღელი მომეკლა. მილიციელიც დამესაჯა და დიდი კუშიც ამეღო.

გამახსენდა, რომ ქუთაისში ვინმე მურადას ვიცნობდი, რომელიც წულუკიძის ზონაში გავიცანი, იქ კი მურადა იმის გამო იჯდა, რომ საფიჩხიის ერთ-ერთ რესტორანში მოქეიფე ოთხი მილიციის ოპერი ისე სცემეს, რომ თითოეული მათგანი ორ-ორი თვით იწვა საავადმყოფოში. ოცდახუთი წლის მურადა ძველი მოკრივე იყო, იმ პერიოდში კი მიმტანად მუშაობდა და ოთხწლიან სროკზე აბსოლუტურად უსამართლოდ გაუშვეს. წულუკიძეში მურადა ჩაის კრეფდა, საღამოს კი ჩვენს ბარაკში შემოდიოდა და ოხუნჯობებით გვართობდა:

– მურად, ძმაო, ოფიციანტი კაცი რატომ გაგსროკეს, ისეთი რა დააშავე? – ჰკითხა ერთხელ მურადას ვასია მეჩენიმ.

– რო არ გაუთენდეთ ხვალინდელი  დღე იმ „ძაღლებსაც,“ პროკურორსაც, მოსამართლესაც და ჩვენი რესტორნის დირექტორ პარმენასაც, – თქვა მურადამ, – წითელი, როლიკებიანი კუბიკებით ვნახე მაგენი გასვენებული და ძაღლი მიაკვდა მაგათ.

– მაინც, რა მოხდა, აღარ იტყვი? – ვკითხე მე.

– რა მოხდა, კობრაია და, ერთ საღამოს უგროზისკის ოთხი ოპერი ჩვენთან ქეიფობდა. ჩემ გარდა მათ პარმენა დირექტორიც ემსახურებოდა პირადად. იმ ძაღლისშვილებმა ეიკლეს იქოურობა. ერთ-ერთი მათგანი კი ისე დათვრა, რომ მოსაფსმელად გარშოკი მეითხოვა.

– გარშოკი? – ვთქვი მე.

– გარშოკი, კობრაიას შემოვევლე, – თქვა მურადამ, – პარმენა სასიკვდილემ კი მართლა მოუტანა გარშოკი, თავისი ხელით ეჭირა, ის „ძაღლი“ კი აფსამდა შით...

– რას ამბობ, მართლა?! – არ მჯეროდა მე.

– ისე ჩვენ გევიხაროთ და ისე დეიფსონ ჩვენი მტრები, რავარც ყველაფერი, რასაც მე ვყობი, მართალია, – თქვა მურადამ და განაგრძო: იმ ნაბოზარმა გარშოკში რომ ჩააფსა, მე დამიძახა და მითხრა, შარვლის დუქანი შემიკარიო, მე კი ვუპასუხე, შენს დაიას და დედას შეაკვრევინე-მეთქი და ამის მერე დეიწყო, რაც დეიწყო...

– მაინც, რა დაიწყო? – სიცილს ვერ ვიკავებდი მე.

– რა, კობრაია და, ეს ოთხი „ძაღლი,“ მათ შორის ერთ-ერთი – ნიფხავჩახდილი, ჩემზე წამოვიდა და ჩემი ცემა მეინდომეს, რა, ორი ჰუკი და ორი აპერკოტი რომ მიიღეს, ტარანა თევზებივით მაგიდებთან დაეწყვნენ და, რაფერც მერე გევიგე, ექიმებმა ძლივს მეიყვანეს სავანტყოფოში გონზე. პარმენა დირექტორმა კი ჩემ წინააღმდეგ ჩვენება დაწერა, სასამართლოზე მთავარ მოწმედ გამევიდა და სროკიც ევიკიდე. არადა, მაგისი ბოზი ცოლ-შვილი ხან ერთი ძაღლის ლოგინში გორაობს, ხან – მეორის, მაგან კი „ძაღლებს“ დოუჭირა მხარი, – თქვა მურადამ, რომელიც ამ ტრაგიკულ ისტორიას ისე სასაცილოდ ყვებოდა, რომ მთელი ბარაკი ხარხარებდა.

მურადას ჯერ წინასწარ დავურეკე, შემდეგ კი ქუთაისში ჩავედი და პირდაპირ სახლში მივაკითხე.

– კობრაია, ძმაო, რაფერ ხარ, რამდენი ხანია, არ შევხვედრივარ, – გულწრფელად გაუხარდა ჩემი დანახვა მურადას, სახლში შემიყვანა და გადამეხვია.

– შენ როგორ ხარ, რას საქმიანობ? – ვკითხე მასპინძელს, რომელიც მარტო ცხოვრობდა.

– ფოსტალიონად ვმუშაობ და ვცხოვრობ მარტო. ისე კი, არა მიშავს, ვარ ძველებურად, – მითხრა მურადამ.

ქუთაისური საუზმის შემდეგ, როდესაც საფერავმა კარგი გუნება-განწყობა შეგვიქმნა, მურადამ მკითხა:

– კობრაია, ძამია, თქვი, რა გაგჭირვებია, ტყვილა არ ჩამოხვიდოდი აი მეფისტოლა კაცი აქ.

– მეფობამდე ცოტა მაკლია, – ჩამეცინა და მურადას ვუთხარი, – ერთი ნაბოზარი უნდა დავსაჯო და შენი დახმარება მჭირდება.

– შემოგევლოს ჩემი თავი. მიბრძანე, შენი ხმალი და ჩემი კისერი. მითხარი, ვინაა და როგორ უნდა დაისაჯოს.

მე მოკლედ მოვუყევი მურადას ყველაფერი და მილიციელის ვინაობა რომ დავუსახელე, თავისებურად შეიცხადა:

– ტიტუ! მაი ნაბოზარია, სწორედ, პარმენა დირექტორის დანაჭერ გარშოკში რომ აფსამდა და მე რომ მითხრა, დუქანი შემიკარიო, ამის გამო კი ყბა მოვტეხე.

– მით უმეტეს, – გამეცინა მე, – ორმაგი ხალისით იჩალიჩებ, თან, პოლნი წილში იქნები.

– მაგ საქმეზე ზა დარამაც ვიმუშავებ. შენ მხოლოდ მითხარი, რა უნდა გავაკეთო.

– ერთად მოვიფიქროთ და „ხუთიანზე“ შევუსრულოთ, – ვუთხარი მურადას.

ობიექტი მილიციის პოლკოვნიკი, ქუთაისის სამმართველოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო და, აქედან გამომდინარე, სახლი მაინცდამაინც დაცული არ ჰქონდა. მას ძაღლიც კი არ ჰყავდა ეზოში და ნებისმიერ ყაჩაღს შეეძლო ღამით, ნიღბებით მის სახლში შევარდნა და დაყაჩაღება. მურადა ასეც მთავაზობდა, მაგრამ, მე ვუთხარი:

– არა, მურად, არაქურდულია და ასეთ რამეზე არ წავალ. ჩვენ სუფთა ქურდულად უნდა ვიმოქმედოთ, ცარიელ ბაითში შევიდეთ და პირწმინდად დავასუფთაოთ იქაურობა.

– როგორ, კობრაია, იმ ბოზს მთელი სასტავი ჰყავს სახლში – ცოლი სამი შვილი და ორი სიძე.

– შვილიშვილები?

– არა. ბოვშები ჯერ არ ჰყავთ. თავისი მათხოჯი გოგოები ერთი თვის წინ გაათხოვა.

– შვიდნი ყოფილან. გაუთხოვარი გოგო რამხელაა?

– ის ყველაზე უფროსია და ყველაზე მათხოჯი, – გაეცინა მურადას, – ასე რომ, კობრაია, მალალეტკები იმ ბოზს არ ჰყავს სახლში. დამიჯერე, შევუვარდეთ მასკებით და დავაყაჩაღოთ. ღირსია მაგ ბოზი!

– გამორიცხულია. გამოვიტყუებთ და ისე დავუბომბავთ ბაითს.

– კი, მაგრამ, რაფერ?

– მოვიფიქრებთ რამეს, – ვუთხარი მურადას.

მილიციელის ხელყოფას ნებისმიერი პრისტუპნიკი ერიდება, მაგრამ, ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო და განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვდა. საქმე ისე სუფთად უნდა გაგვეკეთებინა, რომ მცირე „კუდიც“ არ დარჩენილიყო;  ისეთი რკინის ალიბი უნდა გვქონოდა, რასაც წყალი არ გაუვიდოდა. ამ საქმის ყველაზე დიდი სირთულე ის იყო, რომ ბაითში, ფაქტობრივად, ბრმად შევდიოდი. ის კი ვიცოდი, რომ ობიექტს დიდძალი ფული და ძვირფასეულობა ჰქონდა, მაგრამ, სად ინახავდა, დაახლოებითაც კი არ ვიცოდი, ძებნას კი დრო სჭირდებოდა. ამიტომ, მთელი ოჯახი საკმაოდ დიდი ხნით უნდა გაგვეტყუებინა სახლიდან, რაც თითქმის შეუძლებელი იყო. ნადაშელებთან დაკავშირებული მაგნიტოფონის ტრიუკი აქ არ გამოდგებოდა, რამე უფრო დამაჯერებელი და განსხვავებული ხრიკი იყო მოსაფიქრებელი.

მურადა ბევრად უფრო საზრიანი და, დღეს რომ იტყვიან, კრეატიული ადამიანი აღმოჩნდა, ვიდრე მე წარმოვიდგენდი. ჩემი სტუმრობის მესამე დღეს მითხრა:

– კობრაია, ძამია, რადგან შენსას არ იშლი და ყაჩაღობას უარობ, ერთი ქურდული კომბინაცია მოვიფიქრე, მარა, ამ საქმეს ერთი ბოზი ქალი დასჭირდება და პატარა „ხატა“ – სადმე მიყრუებულში.

– აბა, თქვი, გისმენ, – ვუთხარი მურადას, მან კი გააბოლა და მითხრა:

– მაგ ბოზის შუათანა მათხოჯი თალიკია ჩემი კლასელი იყო და კარგად ვიცნობ. თალიკიას ქმარი, მირიანი, მასზე ოთხი წლით უმცროსი, ქალივით ლამაზი ბიჭია და ბავშვობაში „მირიკო კრასავიცას“ ეძახდნენ ქუთაისში. ის ერთი ბაბნიკი, უსაქმური ვინმეა და გარეგნობის გამო ჩაისიძეს, ჩააცვეს, დაახურეს და თალიკია ქორივით დასტრიალებს თავს, რომ ვინმესკენ არ გაიხედოს. კაროჩე, ეს ჩვენი მირიკო კრასავიცა ვინმე ლამაზ ბოზს უნდა შევახვედროთ და დავაძინებინოთ, შემდეგ კი თალიკია მათხოჯს დავურეკოთ და ვუთხრათ, რომ მისი ქმრისგან ორსულად არის ქალი, რომ მირიკო ახლა იმ ქალთანაა და თბილისის ტუფტა მისამართი მივცეთ. მერე შენ ნახავ, რა მოხდება: ფსიქოპატი თალიკია ისტერიკას ატეხავს, მთელ ოჯახს თბილისში წამოიყვანს მირიკო კრასავიცას დასაბრუნებლად და ბაითიც დაცარიელდება. რას იტყვი, კარგი გეგმაა?

– გენიალური, – გულწრფელად მივუგე მურადას, რადგან მისი გეგმა მართლაც ძალიან მომეწონა, – ლამაზი ბოზი ქალი და მირიკო კრასავიცას მოტეხვა ჩემზე იყოს. შენ, უბრალოდ, ის ადგილი შეარჩიე, სადაც მირიკო კრასავიცას ბოზ ქალს შევახვედრებთ.

– შევარჩიე უკვე. მაგ მირიკოს სიმამრმა „ნოლ შესტი“ ათხოვა და „სტეკლოტარის“ მიმღებ პუნქტში დააწყებინა მუშაობა ჭომას უბანში. ის ყოველდღე დადის სამსახურში. ლამაზ ბოზს რომ დაინახავს, მანქანას გაუჩერებს, მერე კი ბოზმა იცის და მისმა მარიფათმა.

– მშვენიერია. შენ ზუსტი ადგილი შეარჩიე. მე კი თბილისში წავალ. ზეგ ბოზთან ერთად დავბრუნდები და საქმეს მივხედოთ.

თბილისიდან ქუთაისში ერთი ციმბირელი ლამაზი რუსი ნაშა წავიყვანე, რომელსაც შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩაუტარდა და ათასი მანეთიც გადავუხადე. იმ ნაშამ მირიკო კრასავიცა მანქანაშივე დააძინა, მისი სიმამრის მანქანის საჭეს მიუჯდა, ობიექტი სოჭში ჩაიყვანა და ერთ ნაქირავებ ბინაში მძინარე დატოვა. ღამით კი, ჩემ მიერ წინასწარ დაქირავებულმა მამაკაცმა თალიკოს თბილისიდან დაურეკა და უთხრა:

– ქალბატონ თალიკოს თხოვეთ, თუ შეიძლება.

– თალიკო ვარ, გისმენთ, – უპასუხა უცნობს თალიკიამ, რომელიც უკიდურესად შეშფოთებული იყო ქმრის გაუჩინარებით და არ იცოდა, რომ მირიკო კრასავიცას ტკბილად ეძინა სოჭის გარეუბან მამაიკის ერთ-ერთ კერძო სახლში.

– ქალბატონო თალიკო, მე სპირიდონ კოროშელიძე ვარ თბილისიდან, ზინაიდა კოროშელიძის ტყუპისცალი ძმა. ჩემი და თქვენი ქმრისგანაა ორსულად და ახლაც მასთან იმყოფება სახლში, მთვრალია და ვერ გამომყავს. არც მილიციას ვიძახებთ, რომ ჩემი დის რეპუტაცია არ შეილახოს. ზინაიდას კი კანონიერი ქმარი ჰყავს, რომელიც ამჟამად ორწლიან სასჯელს იხდის ციხეში. გთხოვთ, რეაგირება მოახდინოთ ამ ფაქტზე და ჩემს დას ოჯახი არ დაენგრეს, – თქვა კაცმა, ბოლოს კი არარსებული თბილისური მისამართი უკარნახა თალიკიას და ქალის რეაქციას დაელოდა, რომელსაც ყურმილი ხელიდან გაუვარდა, სახე ჩამოიხოკა და აკივლდა:

– ტიტუ, მირიკია უბედურო, ეს რა გეიგონა ჩემმა ყურებმა!

ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ მთელი ოჯახი ორი მანქანით თბილისისკენ დაიძრა. მე და მურადამ კი ცოტა მოვიცადეთ და, ყველაფერი რომ დაწყნარდა და მეზობლებიც დაიშალნენ, ცარიელ ბაითში შევედით და იქაურობის გასუფთავებას მივყავით ხელი. იმ ნაბოზარი პოლკოვნიკის სახლი ისე პირწმინდად გავწმინდეთ, ნემსი და ძაფიც კი არ დავუტოვეთ და ავეჯისა და ჭურჭლის გარდა, ყველაფერი გამოვზიდეთ. მივაგენით გადამალულ ძვირფასეულობასაც, რომელიც პოლკოვნიკს ხუთლიტრიან შუშის ქილაში ჰქონდა ჩატენილი და საძინებელი ოთახის კუთხეში, იატაკში შენახული. ერთი სიტყვით, მართლაც დიდი კუში ავიღეთ და, როგორც წინასწარ გვქონდა დაგეგმილი, მთელი ეს ტავარი ჯერ ადლერში ჩავიტანეთ იმავე ღამეს, შემდეგ კი ძვირფასეულობით სავსე ხუთლიტრიანი ქილა კეშას ჩავუტანე ლენინგრადში. როგორც  ყოველთვის, კეშამ ნახევრის ფული გადამიხადა და მეორე ნახევრისთვის ორი თვის მერე დამიბარა.

– კეშა, იცოდე, რომ ეს ტავარი „ძაღლის,“ ბობოლა პოლკოვნიკის ბინიდანაა წამოღებული და ფრთხილად იყავი, – გავაფრთხილე ბარიგა, რომელსაც გაეცინა და მომიგო:

– დარდი ნუ გაქვს, კობრა, ყველაფერი ხუთიანზე იქნება. ნახვამდის. ორი თვის მერე დანარჩენი მაყუთის წასაღებად გელოდები.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3