კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქმარმა ცოლი ვალებისა და სახლის მალულად გაყიდვისთვის მოკლა

43 წლის ნონა ო-ძის გვამი მეზობლებმა საკუთარ სახლში აღმოაჩინეს – ქალს გულ-მკერდის არეში 2 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ორივე ჭრილობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო, თუმცა როგორც მოგვიანებით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით გახდა ცნობილი, ქალი შემთხვევის ადგილზე სისხლისგან დაიცალა. იმ შემთხვევში, თუ მას დროულად აღმოუჩენდნენ სამედიცინო დახმარებას, ქალი შესაძლოა, გადარჩენილიყო კიდეც. მაგრამ, როგორც გამოძიებამ დაადგინა, ცხედრის აღმოჩენა მკვლელობიდან რვა საათის შემდეგ მოხდა.  

ქალბატონი, ვინც ნონა ო-ძის ცხედარი აღმოაჩინა, მისი მეზობელი იყო და იმავე სადარბაზოში ცხოვრობდა, სადაც გარდაცვლილი ქალი. ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „ნონა ო-ძემ ჩვენს სადარბაზოში ბინა 7 წლის წინ იყიდა, თუმცა მასთან დიდი ხანია, ვმეგობრობ.   პატარა რაიონში ვცხოვრობთ, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს. ნონა რამდენიმე წელი საბერძნეთში იყო წასული სამუშაოდ და მასთან კავშირი არ მქონდა. მაგრამ, როგორც კი დაბრუნდა, ჩვენს სადარბაზოში ერთოთახიანი ბინა იყიდა და მას შემდეგ ჩვენს შორის ახლო ურთიერთობა დამყარდა. საღამოებს ხშირად ვატარებდით ერთად და ნონაც გვიანობამდე იყო ხოლმე. მარტო ცხოვრობდა და მარტოობას  ასე გაურბოდა. ნონას ორი შვილი ჰყავს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ  მამამ თავისთან წაიყვანა გასაზრდელად.  თავად ბავშვებმა მოისურვეს ასე. ნონა ამაზეც ხშირად წუხდა ჩემთან – რას არ უკეთებდა ბავშვებს, მაგრამ მათი გული ვერა და ვერ  მოიგო.  ბოლო წლებში თითქოს შეურიგდა კიდეც ქმარს, რომელთანაც ოფიციალურად განქორწინებული არ იყო.  

იმ დღეს როდესაც მკვლელობა მოხდა, ნონასთან გვიანობამდე ვიყავი. ალბათ, ღამის პირველი საათი იქნებოდა, სახლში რომ ავედი დასაძინებლად. შევთანხმდით, დილის ათ საათზე ჩემთან ამოვიდოდა – ბაზრობაზე უნდა წავსულიყავით საყიდლებზე. დილით ათი რომ გახდა, დავურეკე, ტელეფონზე არ მიპასუხა. ცოტა ხანში კიდევ გადავურეკე, კიდევ რომ არ მიპასუხა, გამიკვირდა. ფხიზელი ძილი ჰქონდა და ვერ დავიჯერებდი, რომ ზარმა არ გააძღვიძა. ნახევარ საათში მეორე სართულზე ჩავედი, კარი  ღია დამხვდა. ნონას ცხედარი  სამზარეულოში ვიპოვე – სულ დასისხლიანებული იყო. იქვე ეგდო დანაც, რომლითაც, როგორც ჩანს, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. მე მაშინვე პოლიცია და სასწარაფო გამოვიძახე. მათ ბინაში შესვლის უფლება არავის აღარ მოგვცეს. ამის მეტი ამ შემთხვევის შესახებ არაფერი ვიცი.“  

სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმე აძღრეს, დაიწყო გამოძიება. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, სახლში ორი ერთმანეთისგან  განსხვავებული თითის ანაბეჭდი აღმოჩნდა, რომელიც ბინის შესასვლელ კარზე იყო დატოვებული.  დაიკითხნენ  გარდაცვლილის მეზობლები, რომელთაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ბოლო, ვინც ახალგაზრდა ქალი ცოცხალი ნახა, ის მოწმე იყო, ვინც პირველი ინფორმაცია მიაწოდათ სამართალდამცველებს. მისგან ისიც გახდა ცნობილი, რომ ნონა ო-ძე ცხოვრობდა   ახალგაზრდა მამაკაცთან, რომელსაც მეორე ქმრად მიიჩნევდა. ის  იმ დროს, როცა მკვლელობა მოხდა, საქართველოში არ იმყოფებოდა. ვის და რატომ უნდა მოეკლა ახალგაზრდა ქალი, არავინ იცოდა.  მოკვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ქალს ბევრი მევალე ჰყავდა, რაც შესაძლოა, გამხდარიყო კიდეც მკვლელობის მიზეზი.  გამოძიებამ ყველა ვერსიის გადამოწმება დაიწყო –  დაიკითხა რამდენიმე ადამიანი, რომელთა მტკიცებით, მკვლელობასთან მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ.   

როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი,  ქალს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა ორივე ქმართან. მისი პირველი ქმრის დაკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ  ქალმა მას ძალიან დიდი ვალი დაადო, რასაც მამაკაცი წლების განმავლობაში იხდიდა. ამონაწერი  ვალერი ბ-ძის ჩვენებიდან: „როდესაც ნონა საბერძნეთში წავიდა, ჩვენი სახლი იპოთეკით დატვირთა. დამპირდა, საბერძნეთიდან პირველივე ფულს შენ გამოგიგზავნიო, მაგრამ მომატყუა – სახლი რომ არ დამეკარგა, ნონას აღებულ ვალებს მე ვიხდიდი, ჯამში დაახლოებით,  ათი ათასი დოლარი გადავიხადე.  სულ მპირდებოდა, რომ ამ ფულს დაფარავდა, მაგრამ ეს დრო არა და არ დადგა. ჩვენ შორის ისეთი უსიამოვნება იყო, ამ ამბავს  ლამის შევეწირე. შური იმით ვიძიე, რომ შვილები წავართვი და ჩემთან წავიყვანე გასაზრდელად. საბერძნეთიდან ისე ჩამოვიდა, კაპიკი არ ჩამოუტანია. ფეხებში ჩამივარდა, შემირიგდი და თქვენთან გადმოვალ საცხოვრებლადო. შემეცოდა, სახლი არ ჰქონდა და კარი, სად უნდა წასულიყო?  სამი თვე იცხოვრა ჩვენთან, მერე ვიღაც გამოიჭირა და  იმას გაეიკიდა. კიდევ რამდენიმე თვე იყო დაკარგული, მერე გავიგე, რომ ერთოთახიანი ბინა უყიდია სადღაც, მიტოვებულ საცხოვრებელ კორპუსში. ბოლოს  მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე. ნასვამი ვიყავი, გამახსენდა და სახლში მივადექი. მითხრა, გავთხოვდი და ჩემი გზა დაივიწყეო. იმის მერე აღარც გამიხედავს ნონასკენ. ბავშვებისგან გავიგე, რომ საკუთარ სახლში იპოვეს მოკლული.“    

გამოძიება მკვლელობის კვალს ქმრებამდე მიჰყავდა – თუმცა, რომელი ქმარი უნდა ყოფილიყო  გარეული ამ დანაშაულში – პირველი თუ მეორე, ეს უცნობი გახლდათ. ცხადი იყო, რომ ქალს პრობლემები ორივე ქმართან ჰქონდა. გამოძიებასთან ნონა ო-ძესთან დაახლოებულმა ქალმა განაცხადა: ნონა  ერთ დღეს  ნასვამი იყო და მითხრა, ორივე ქმარი მოკვლით მემუქრება და ან ერთი შემისრულებს მუქარას, ან მეორეო. როგორც სანდო წყაროსგან გახდა ცნობილი, ნონა ო-ძემ მეორე ქმარს, მალხაზ ს-იას, რომელთანაც გარდაცვალებამდე რვა თვის განმავლობაში ცხოვრობდა, თაღლითურად გადააფორმებინა საკუთარი ბინა, რომელიც  ისე გაყიდა, ქმარს არაფერი ჰკითხა. საქმის მასალებით, სწორედ ეს გახდა ქალსა და მამაკაცს შორის დაპირისპირების მიზეზი. მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, გამოძიებამ დაკითხა მალხაზ ს-ია, რომელსაც ალიბი ჰქონდა. მან განაცხადა, რომ მკვლელობის  დროს თურქეთში, მისი მეგობრის მიერ საბერძნეთიდან ჩამოყვანილი  მანქანის გადმოსაყვანად იყო წასული.  ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით ძიებამ დაადგინა, რომ მალხაზ ს-ია მართლაც იყო თურქეთში, მაგრამ მკვლელობის დროს ის უკვე საქართველოში იმყოფებოდა. რაში დასჭირდა მას ძიების შეცდომაში შეყვანა და რისთვის იქმნიდა ალიბს?

ყველაზე  მეტი ინფორმაცია, რის შემდეგაც მკვლელობას ნათელი მოეფინა, გამოძიებას უნებლიე მოწმემ მიაწოდა, რომლის კვალზეც გამოძიება შემთხვევით გავიდა.  ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ  სწორედ მისი ხელის  ანაბეჭდი იყო დატოვებული შემთხვევის ადგილზე. გარდაცვლილი  ნონა ო-ძის მეზობლად მცხოვრებმა 20 წლის ნუკრი ჭ-ძემ მეგობრებთან მოჰყვა ინციდენტის  დეტალები, რომლის შემდეგაც  ყველა კითხვას პასუხი გაეცა. როგორც ნუკრი ჭ-ძე ჰყვებოდა, იმ ღამეს, როცა მკვლელობა მოხდა, ნასვამი იყო. რადგან იცოდა, რომ ნონა მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო, ორი ბოთლი შამპანური იყიდა და ნონას სახლს მიადგა. „ალბათ, ღამის პირველი-ორი საათი იქნებოდა. კარზე მორიდებულად დავაკაკუნე. კარი თავისით გაიხსნა. ჩუმად შევძვერი სახლში, სამზარეულოდან ქალისა და მამაკაცის ხმამაღალი საუბარი შემომესმა. შესასვლელში კარადა იდგა, არ ვიცი რატომ, ალბათ, ალკოჰოლმა შემმატა სითამამე, კარადაში შევძვერი და იქიდან ვუსმენდი ჩხუბს. კაცი  ზურგით იდგა ჩემკენ და სახეზე ვერ ვხედავდი. ბინას, ფულს და ვალებს ახსენებდნენ. კაცი ძალიან აღშფოთებული იყო. კარადის კარი ოდნავ შევხსენი, ყველაფერი მესმოდა და ვხედავდი, რადგან კარადა პირდაპირ უყურებდა  ღია  თაღს, რომლის იქით ქალი და მამაკაცი ერთმანეთს საქმეს ურჩევდნენ. უცებ მამაკაცის ხელში დანა დავინახე. ქალს მან არაადამიანური ხმით რაღაც დაუღრიალა. დავინახე, როგორ ჩაიკეცა ქალი, მამაკაცმა ფეხი ჩაარტყა ძირს დაგდებულ ქალს, ზედ გადაუარა და გავიდა. მე დაბნეული, ალბათ, ხუთი წუთი მაინც ვიდექი შესასვლელში. შემდეგ  გამოვედი და გავიქეცი. მაშინვე სახლში  წავედი, დილით დედაჩემისგან გავიგე, რაც მოხდა ჩვენს სადარბაზოში.         

  სამართალდამცველებმა მალხაზ ს-ია დაკითხვის შემდეგ დააკავეს. ის დიდხანს უარყოფდა კავშირს მკვლელობასთან და ამტკიცებდა, რომ ქალი, რომელთანაც დიდი უსიამოვნებო ჰქონდა, მისი მოკლული არ იყო.  საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მალხაზ ს-იამ ცოლი  იმ ბინის გაყიდვისთვის მოკლა, რომელიც მან თაღლითურად მიითვისა.  ბინის მითვისების ფაქტს მალხაზ ს-იაც ადასტურებდა. როგორც მან გამოძიებასთან განაცხადა, ქალმა მისგან მალულად მიითვისა მისი კუთვნილი ბინა და საბუთების გაყალბების გზით, გაყიდა კიდეც. მამაკაცმა კი ამის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როცა ბინის ახალი მფლობელი სახლში საკუთარი ნივთების  მისატანად მივიდა. მალხაზ ს-იას ჩვენებით, ამის გამო ქალს ის ფიზიკურად გაუსწორდა. მან კი თავი იმართლა, ბინა აუცილებელი და საჩქარო ვალების გამო გავყიდე და როგორც კი ფულს ვიშოვი, რომელსაც ახალი ბიზნესგარიგებიდან ველოდები, მაშინვე უკან დავიბრუნებო. სასამართლო პროცესზე  ბრალდებულმა აღიარა, რომ ნონა ო-ძესთან საქმის დეტალებზე სასაუბროდ მივიდა: „ჩვენ ვიჩხუბეთ. ნონამ დანა აიღო და დარტყმას მიპირებდა“. მამაკაცი  ირწმუნებოდა, რომ ქალი განზრახ არ მოუკლავს და პირიქით,  მისგან იცავდა თავს.  ის ბოლომდე ამტკიცებდა, რომ დანით შეიარაღებული თავად ნონა იყო, მაგრამ სასამართლომ ბრალდებულის მტკიცება არ გაიზიარა და მას განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში ჩადენილი მკვლელობისთვის, 12 წლით  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

скачать dle 11.3