ვეტერინარის რჩევები
კითხვა: როგორ გავუწიოთ ძაღლს პირველადი დახმარება ინტოქსიკაციის დროს?
პასუხი: ასეთ შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მივიყვანოთ ძაღლი ვეტერინართან, მანამდე კი აუცილებელია, ცხოველს მოაშოროთ ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზები: ამოურეცხოთ კუჭი, გაუკეთოთ ოყნა. სასურველია, მისცეთ დიდი რაოდენობით სითხე და ნახშირი. მკურნალობის პროცესში საჭიროა, ცხოველს მიეცეს საგულე საშუალებები, ელექტროლიტები, ვიტამინები და სპეციფიკური ანტიდოტები – შხამის საწინააღმდეგო პრეპარატები, რომელთა შერჩევა დამოკიდებულია ინტოქსიიკაციის გამომწვევ ტოქსინზე. უნდა მიეცეს, ასევე, გლუკოზა და ვიტამინები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – კორტიკო სტეროიდები. ინტოქსიკაციის საწინააღმდეგოდ ყველაზე კარგი საშუალებაა მისი პრევენცია, ანუ, უნდა მოარიდოთ თქვენი ოთხფეხა მეგობრები საყოფაცხოვრებო ქიმიასთან ურთიერთობას; ასევე, არ უნდა მისცეთ საეჭვო საჭმელი და განსაკუთრებით სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ სხვადასხვა საწამლავის გამოყენების დროს, კერძოდ, არ უნდა დადოთ თაგვის, ტარაკანის, ჭიანჭველებისა და სხვა სახის საწამლავები მათთვის მისაწვდომ ადგილას.
კითხვა: ჩემს ძაღლს ბოლო დროს პირდან არასასიამოვნო სუნი ამოსდის. იქნებ, მითხრათ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: არასასიამოვნო სუნი ძირითადათ მიუთითებს რაიმე დაავადებაზე. განსაკუთრებით შემაწუხებელია და არასასიამოვნოა სუნი იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი იმყოფება ოთახის პირობებში, ჩვენ გვერდით. როცა პირის ღრუდან ძაღლს ცუდი, ან, უხეშად რომ ვთქვათ, მყრალი დამპლის სუნი ამოსდის, ამ დროს მას შეიძლება აწუხებდეს ღრძილების ანთება (გინგივიტი), რომელიც გვხვდება კბილების ამოჭრის, კბილის ქვების და პარადონტიტის დროს. ამ დროს საჭიროა, მას სათანადო მკურნალობა ჩაუტაროთ. აუცილებელია, დროულად მიიყვანოთ ვეტერინართან და აღმოფხვრათ არასასიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზი. პირის ღრუდან სუნთქვის დროს მომჟავო, არასასიამოვნო სუნი შეიძლება მიუთითებდეს გასტრიტსა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთებით პროცესებზე, რომელიც უფრო ხშირად აწუხებთ ძაღლის ჯუჯა ჯიშებს, რომლებსაც აქვთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთებითი პროცესებისკენ მიდრეკილება. ასევე, ხშირად გვხვდება განსაკუთრებით კი ლეკვებში, კოპროფაგია – თავისი ან სხვისი ექსკრემენტების ჭამა, რაც მიუთითებს არასრულფასოვან კვებაზე ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვადასხვა ეტიოლოგიის მქონე ქრონიკულ ანთებით პროცესებზე.
გაითვალისწინეთ, ამიაკის სუნი სუნთქვის დროს და კანის საფარველზე, არის საშიში სიმპტომი, რომელიც, შეიძლება, მიუთითებდეს თირკმელების ფუნქციის დარღვევაზე, აცეტონის სუნი კი დიაბეტისთვისაა დამახასიათებელი. ასევე, ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ ცხოველის ბეწვი ღამით გასეირნების შემდეგ, რადგან, დეფეკაციის დროს, ის შეიძლება დაისვაროს ფეკალური მასებით, რაც არასასიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზი ხდება. არასასიამოვნო სუნი შეიძლება გამოწვეული იყოს თათის ბალიშებიდან კანის ანთებითი პროცესების გამო, ფოლიკულიტის დროს, რომელიც ჩირქოვანი ჰემორაგიული ხასიათის გამონადენით ხასიათდება.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა ოსტეოართროზის განკურნება ძაღლებში?
პასუხი: სამწუხაროდ, ძაღლებში ოსტეოართროზის განკურნება ბოლომდე შეუძლებელია. რადიკალური მკურნალობის ერთადერთი მეთოდია სახსრის შეცვლა ხელოვნური იმპლანტანტით, ენდოპროთეზირებით, რომელიც ძაღლებში კეთდება მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლასის დროს, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არააა ხელმისაწვდომი. კონსერვატიული მკურნალობის დროს გამოიყენება სხვადასხვა სახის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებსაც ახასიათებს ანთების საწინაღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი და მსუბუქი ქონდროპროტექტორული მოქმედება (რაც სუსტად ამუხრუჭებს ოსტეოართროზის განვითარებას). ამ პრეპარატების თვითნებურად დანიშვნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან, მათ ახასიათებთ მთელი რიგი უკუჩვენებები. თუ თქვენი ცხოველი კოჭლობს, ამის გამომწვევი მიზეზის დასადგენად და სამკურნალოდ აუცილებლად უნდა მიმართოდ ვეტერინარს, რომელიც გამოიკვლევს თქვენს ცხოველს და, შეიძლება, გამოიყენოს გამოკვლევის სპეციალური მეთოდები, როგორიცაა, მაგალითად, რენტგენოგრაფირება, რის საფუძველზეც დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დაუნიშნავს საჭირო პრეპარატს საჭირო დოზით.