ფლორის სამყაროში
კითხვა: როგორ მოვუარო ოპუნციას?
პასუხი: ოპუნცია მარადმწვანე მცენარეა, მისი სამშობლოა ჩრდილო ამერიკის სამხრეთ აღმოსავლეთი ნაწილი. მცენარე ბოჭკოვან სისტემად იზრდება და მისი სიმაღლე 1 მეტრს აღწევს. ოპუნციის ყველაზე დადებითი თვისება ისაა, რომ არ უშინდება ყინვას, ასე რომ, შეგიძლიათ, თამამად ამყოფოთ ის დაბალ ტემპერატურაზე, რადგან, ყინვის მიმართ ძალიან გამძლეა. ოპუნცია სინათლის მოყვარული ჯიშია. კარგი იქნება, თუ ისეთ ადგილას დადგამთ, სადაც მზე კარგად ხვდება. მას ძალიან ორიგინალირი ფორმა აქვს, ამიტომ, კარგია ოფისების და დიდი ოთახების გასალამაზებლად. მისი ყვავილობა საოცრად ორიგინალურად და ორნამენტულად ხასიათდება. მცენარე ხარობს როგორც ტოტით, ასევე მისივე თესლით. ადრე გაზაფხულზე მიაწოდეთ საკვები ელემენტები, რომ კარგად გაიზარდოს. ასევე გახსოვდეთ, რომ მას ემტერება ბუგრი, ამიტომ, რამდენიმე დღის განმავლობაში მოასხურეთ კოლისის 1-პროცენტიანი ხსნარი, რათა არ დაავადდეს. ის კარგად ემორჩილება გაკრეჭასა და ფორმირებას. შეგიძლიათ, ამ სეზონზე ოპუნცია გარეთ დადგათ – როგორც უკვე მოგახსენეთ, დაბალი ტემპერატურა და ყინვა მასზე ცუდად არ მოქმედებს.
კითხვა: ჩემმა პელარგონიამ მოიწყინა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: პელარგონია ტროპიკული მცენარეა და მას დიდი ყურადღება ესაჭიროება და ზაფხულის სეზონზე აუცილებელია მისი გარე კლიმატში გატანა. რაც შეეხება ზამთარს, ის აუცილებლად უნდა ვამყოფოთ ორანჟერეაში ან ბინაში, სადაც მინიმალური ტემპერატურა პლუს 18-22 გრადუსია. პელარგონია ზაფხულში უნდა მოირწყას ყოველ სამ დღეში ერთხელ, ხოლო ზამთარში – კვირაში ერთხელ, რათა მცენარემ კარგად აიღოს წყლის მარაგი. გაითვალისწინეთ, რომ ის უნდა ამყოფოთ ნახევრად დაჩრდილულ ადილას, რათა მზემ არ დაწვას. გადარგეთ ყოველ წელს და ამით ახალი ფესვები წამოვა. პელარგონია მრავლდება ამონაყრით, რომლის დარგვა საჭიროა ერთი თვის შემდეგ.
კითხვა: დიფემბახიას, რომელიც გარე კლიმატში მქონდა, ფოთლები გასცვივდა და ლპობა დაიწყო. იქნება, მირჩიოთ, როგორ ვუშველო?
პასუხი: საერთოდ, ეს მცენარე ძალიან ფაქიზი და მგრძნობიარეა როგორც ორპირ ქარზე, ასევე, მაღალ ტემპერატურაზე. ამიტომ, მას ესაჭიროება ერთი და იგივე ადგილი, ანუ, არ უყვარს ადგილის შეცვლა და, ასევე, ცუდად რეაგირებს დიდი დოზით მორწყვაზე. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მცენარეს ზაფხულის სიცხეში ესაჭიროება კვირაში 3-4-ჯერ მორწყვა, ხოლო ზამთარში მაქსიმალურად უნდა შეამციროთ წყლის რაოდენობა და უნდა მორწყათ მხოლოდ მაშინ, როდესაც შეამჩნევთ, რომ მისი ნიადაგი შრება. ამ სეზონზე გირჩევთ, მუდმივად 20 გრადუსზე ამყოფოთ, რადგან, მისთვის ცუდია ტემპერატურის ცვალებადობა. ზაფხულობით მიაწოდეთ მინერალური საკვები, თუმცა, მასში არ უნდა ერიოს აზოტი, რადგან, მცენარის ფესვი მას მალე ითვისებს, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ფესვთა სისტემის გადაწვა და მცენარის კვდომა. დიფენბახია ყვავის ადრეულ ასაკში და მისი ყვავილობა კალისებურია. ის ძალიან ლამაზი და სურნელოვანი მცენარეა. ეცადეთ, არ გადაჭრათ და არც გასხლათ. თუ ამ პირობებს გაითვალისწინებთ, თქვენი მცენარე თავს მშვენივრად იგრძნობს.
კითხვა: მაქვს ჰორტენზია, რომელიც უკვე ხუთი წელია, არ ყვავის. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ჰორტენზია სუბტროპიკული მცენარეა და მას არ უყვარს სახლის პირობებში ყოფნა. თუ სხვაგან გაზრდის პირობები არ გაქვთ, მცენარეს შეურჩიეთ განიერი და მაღალი ქოთანი, რათა მცენარის ფესვებმა კარგად და თავისუფლად იგრძნოს თავი და ხშირად გაიტანეთ გარეთ თბილ ამინდში. დიდი დოზით მიაწოდეთ სასუქები, ასევე, ყოველ ადრე გაზაფხულზე მინიმალურად გასხალით. მცენარე იკალმება ძალიან იოლად და მრავლდება თესლითაც. ჰორტენზია კარგია ეზოებისა და ზამთრის ბაღების გასაფორმებლად.