რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: ჩემს ავტომობილს უცნაური რამ დაემართა, თანაბრად მიდგას გაზზე ფეხი, მაგრამ ძრავის ბრუნები თავისით იმატებს. კომპიუტერზე შევაერთებინე, მაგრამ ვერ დამიდგინეს მიზეზი. იქნებ ამიხსნათ, რა შეიძლება იყოს პრობლემა?
პასუხი: ავტომობილს ხშირად უჩნდება ისეთი პრობლემები, რომლის მოგვარება ხელოსნებსაც კი უჭირთ. განსაკუთრებით, მაშინ, თუ პრობლემა ელექტროსისტემებს ან ძრავის სექტორს უკავშირდება. სავალ და მექანიკურ ნაწილში კი ნებისმიერი პრობლემა შედარებით იოლი ამოსაცნობია. ერთ-ერთი რთულად მოსაგვარებელია თქვენი შემთხვევაც, როცა ძრავა მოულოდნელად მაღალ ბრუნებზე იწყებს მუშაობას. მაღალ ბრუნებზე მუშაობა ზოგჯერ არასტაბილურიცაა. სირთულე კი ისაა, რომ მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ისეთი წვრილმანი შეიძლება იყოს, რომლის პოვნაც თითქმის შეუძლებელია, მით უმეტეს, კომპიუტერული დიაგნოსტიკური ხელსაწყოების ჩარევით. მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ 50-60 პროცენტ შემთხვევაში ასეთ დროს დამნაშავეა ძრავის შემშვებ კოლექტორში „დაუპატიჟებლად” მოხვედრილი ჰაერი. შემშვებ კოლექტორს მრავალი სხვადასხვა ტიპის წვრილი თუ მსხვილი მილი უერთდება, მით უმეტეს, თანამედროვე ავტომობილებში. ეს მილები უზრუნველყოფს სხვადასხვა მოწყობილობების ერთმანეთთან შეთანხმებულ მოქმედებას. სპეციალური ხელსაწყოები, ამ მილების გავლით, გაზის პედალზე ფეხის დაჭერის და გაშვების დროს, ძრავას შესრუტულ ჰაერის ნაკადს ზუსტად ითვლის. ხშირ შემთხვევაში, მიზეზიც სწორედ ამ რომელიმე მილის დაზიანებაა. ძრავას სექტორში მაღალი ტემპერატურის გამო დროთა განმავლობაში ეს მილები გამოშრება და მწყობრიდან გამოდის. უნდა იპოვოთ სკურპულოზურად მომუშავე ხელოსანი, რომელიც დაუღალავად გაჰყვება ამ მილებს და პრობლემას იპოვის. თუ მიაგნებს, მერე ძრავას მუშაობის სტაბილურობა პრობლემას აღარ წარმოადგენს.
კითხვა: მყავს „ტოიოტა” და როგორც მითხრეს, ის დიდი ბრუნვებისთვის არ ვარგა. რატომ, რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: საერთოდ, ძრავებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შიდა დეტალების ბალანსს და წონას. მაგალითად, თუ ქაღალდისა და ტყვიისგან ჩამოსხმულ რგოლებს გავუყრით ღერძს და დავატრიალებთ. რა თქმა უნდა, ქაღალდის უფრო სწრაფად დატრიალდება. ის შეიძლება, მალე დაიხეს, მაგრამ თუ იდეალურად დაატრიალეთ და რგოლსაც კარგი ფორმა ექნება, ის ძალიან დიდხანს იტრიალებს და არ დაზიანდება. მაგრამ, არათანაბარი დატრიალების შემთხვევაში, თანაც თუ ამ ქაღალდის რგოლს ცალ მხარეს სიმძიმეს დაკიდებთ, ის ძალიან მალე გაფუჭდება. მძიმე ბურთს ეგრევე სწრაფად ვერ დაატრიალებთ. მაგრამ, შეგიძლიათ, ნელ-ნელა მოუმატოთ სიჩქარე და თან, დიდხანს ატრიალოთ ისე, რომ არ დაზიანდეს. სწრაფბრუნვადი ძრავების მთელი პრინციპიც ესაა. ნელა მბრუნავი ძრავები კი, ისევე როგორც „ტოიოტა,” მძიმე დეტალებისგან შედგება, საკმაოდ კომფორტული სატარებელია. ანუ, ნაკლებად მკვეთრ მანევრებს აკეთებს, შენელებისთვის თავის მასას იყენებს, რბილად ჩერდება და დაიძვრება. მკვეთრ გადასვლებს არ აკეთებს, გათვლა კომფორტულობაზეა და ასეც არის. მაგრამ, შესაბამისად, მაღალ ბრუნს ვერ აღწევს, რადგან მძიმე ლითონისაა. აბსოლუტურად პირიქით ხდება მაღალბრუნვიან ძრავების შემთხვევაში. მაგალითად, „ჰონდა”, როცა გაზს ფეხს დააჭერთ, ის მკვეთრად ჩქარდება და ეს რა თქმა უნდა, დისკომფორტს ქმნის, თუ სპორტული რეჟიმით არ გინდათ ატაროთ მანქანა. იგივეს იგრძნობთ გაზიდან ფეხის აშვებისას, როცა ის ძალიან მკვეთრად ჩერდება.
კითხვა: მუდმივად ჰქონდა სიჩქარეთა კოლოფის პრობლემა ჩემს ავტომობილს. მირჩიეს, გავყიდო და „ბეემვეს” რომელიმე მოდელი შევიძინო. „ბეემვე” ჩემთვის სისწრაფესთან ასოცირდება, მაგრამ მისი კოლოფების შესახებ არასდროს არაფერი მსმენია. სწორია ეს შეხედულება?
პასუხი: „ბეემვეს” მოდელებს ძალიან ძლიერი ძრავა აქვთ და დიდია ალბათობა, სიჩქარეთა კოლოფი ხშირად გამოვიდეს მწყობრიდან. მაგრამ სინამდვილეში, პირიქით ხდება. ის უძლებს ყველანაირ დატვირთვას და ძალიან დიდხანს მუშაობს. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ „ბეემვეს” განსაკუთრებულად და ზოგადად უკანა წამყვანი თვლებით აღჭურვილ ავტომობილებს, გაცილებით უფრო მდგრადი სიჩქარეთა კოლოფი აქვს.
აგიხსნით რა არის ამის მიზეზი. სიჩქარეთა კოლოფის შიდა მოწყობილობა გრძივად და მარტივად არის განლაგებული. ანუ, ის დაწოლას ერთი მხრიდან იღებს და გადასცემს გრძივად განლაგებულ მეორე ნაწილს, რის შემდეგადაც მბრუნავი მომენტი თვლებს გადაეცემა. შესაბამისად, უკანა წამყვანის სიჩქარეთა კოლოფი გაცილებით გამძლეა. ამ კატეგორიაში გადის „მერსედესის” სიჩქარეთა კოლოფიც, რომელიც ასევე ძალიან მძლავრია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ლოგიკური დასკვნა გავაკეთოთ, რომ წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილ მოდელებს შედარებით სუსტი კოლოფი აქვთ და ეს ასეცაა. წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილი მოდელების სიჩქარეთა კოლოფის სისუსტეს ის განაპირობებს, რომ მბრუნავი მომენტი გრძივად არ გადაეცემა. ძრავას ნაწილში არის ერთი დეტალი, ხოლო მეორე დეტალი მის ქვემოთაა განთავსებული, რომელიც ასევე ხიდის, ანუ რედუქტორის ფუნქციას ითავსებს. თუ უკანა წამყვანს ჯერ სიჩქარეთა კოლოფი აქვს და მერე მოდის ეგრეთ წოდებული რედუქტორი, რომელიც მბრუნავ მომენტს ანაწილებს და თვლებისკენ უშვებს, წინა წამყვანის შემთხვევაში ეს ყველაფერი ერთად არის განთავსებული. ანუ კიდევ უფრო რომ დავწვრილმანდეთ, მას მბრუნავი მომენტი არა გრძივად, არამედ რამდენიმე დეტალზე ერთად გადააქვს და მერე უნდა მიაწოდოს თვლებს. თან, ეს ყველაფერი განთავსებულია ერთ კოლოფში. ამასთან ერთად, დეტალებზე დაწოლა სხვადასხვა კუთხით ხდება – ბევრი საკისარი, ეგრეთ წოდებული „პაჩებნიკია” განთავსებული, რომლებზეც სხვადასხვა მანევრის დროს, სხვადასხვა კუთხით ხდება დაწოლა. შესაბამისად, მისი მწყობრიდან გამოყვანა ადვილია. მაგრამ, ისე არ იფიქროთ, რომ წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილი ყველა მარკა ძალიან ცუდია. აქაც არის განსხვავებები. ზოგი მოისუსტებს და ზოგი – მაინც ახერხებს, შედარებით მძლავრი სიჩქარეთა კოლოფი ჰქონდეს.