როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ქვენიფნეველი
ქვენიფნეველები ფეოდალური საგვარეულოა. ისინი ცხრაზმისხევის (რომელიც ქსნის ხეობის ნაწილია) ფეოდალები ყოფილან. საგვარეულოს დამფუძნებელი, ქსნის ერისთავთა საგვარეულო „ძეგლ ერისთავთა“ ცნობით, იყო როსტომ ბიბილური. მეექვსე საუკუნეში როსტომს ცხრაზმისხევში სამფლობელოდ მიუღია ქვენიფნევი, რის შედეგად მის გვარიშვილებს ეწოდათ ქვენიფნეველები. სახელი ქვენიფნეველი ბიბილურებში მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებამდე გვხვდება.
1721 წელს იესე სოლოღაშვილთან მონასტერში მოიხსენიება ქიტია ბიბილური.
მთიულეთში არის სოფელი ბიბილიანი.
ამავე ძირისაა გვარები: ბიბილაური, ბიბილაშვილი, ბიბილურიძე, ბიბილაია.
საქართველოში 865 ბიბილური ცხოვრობს: თბილისში – 301, გორში – 298, ბორჯომში – 68. არიან სხვაგანაც.
ახვერდაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ახვერდა, რაც თურქულიდან ქართულად ღვთის ნაბოძებს ნიშნავს.
მზეჭაბუკ ჯავახიშვილის ყმების, ხოვლელებისადმი მიცემულ არზაში მოიხსენიება ახვერდა.
საქარტველოში 261 ახვერდაშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 93, თბილისში – 63, თელავში – 47. არიან სხვაგანაც.
ბაზიერაშვილი
გვარის ფუძეა საქმიანობის აღმნიშვნელი სიტყვა ბაზიერი, რაც ქორ-შევარდენთა სანადიროდ დამგეშავ მწვრთნელსა და ყურისმგდებელს ნიშნავს.
1721 წლის, აღწერაში მოხსენიებულია ყაფლანიშვილების მემამულე გიორგი ბაზიერაშვილი, რომელიც ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა სოფელ ქციაში.
საქართველოში 108 ბაზიერაშვილი ცხოვრობს: თელავში – 74, თბილისში – 29, გურჯაანში – 5.
წითელაშვილი-წითლაძე-წითელაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი წითელა.
1721 წელს მოიხსენიება როსტომა და გუგუნა ნამანგლელიშვილების ყმა გიორგი წითელაშვილი.
ამ ფუძითაა წარმოქმნილი შემდეგი გვარები: წითლაძე, წითელაძე.
მსგავსად წარმოქმნილი გვარებია: შავაძე, შავიანიძე, შავიშვილი, შავიძე, თეთრაშვილი, თეთრაული, თეთრაძე.
საქართველოში 402 წითელაშვილი ცხოვრობს: ზესტაფონში – 244, თბილისში – 70, ბაღდადში – 13. არიან სხვაგანაც.
იონათამაშვილი
იონათამაშვილი მცირერიცხოვანი ქართული გვარია.
აზნაური იონათამიშვილები არიან როგორც ციციშვილების, ისე ბარათაშვილთა შთამომავლობისანი.
„აზნაურ იონათამიშვილთა წინაპართაგანნი ვინმე იყო მონათესავე ციციანთა (ციციშვილთა), იონად წოდებული და პირველივე მოსახლენი, გვერდის ძირს მოსულა კონსტანტინე მეფის დროს, 1843 წელს. ცნობილნი მეფისა როსტომისავე დროსა და გაუგვარდათ იონათამისა გამო შვილთა მათთა იონათამის შვილობა და არიან ტრაქტატსა შინაცა მოხსენიებულნი“.
საქართველოში 42 იონათამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 21, გორში – 12, მცხეთაში – 1. არიან სხვაგანაც.
ჩუნთიშვილი
ამ გვარის წინაპარს სახელად უთუოდ ჩუნთა ერქვა (მნიშვნელობა უცნობია). საკუთარი სახელი რამდენიმე ქართველ მეცნიერს აქვს დაფიქსირებული. აკადემიკოს ალექსანდრე ღლონტის წიგნში – „ქართველური საკუთარი სახელები” – ვკითხულობთ: „მამაკაცის საკუთარი სახელი ჩუნთი; სერგი მაკალათიას ჩაუწერია ფშავში ჩუნთა; ასევე, თუშეთში, ალვანში, ახმეტის რაიონში; ჩუნთია – აკაკი შანიძეს ჩაუწერია ხევსურეთში; ჩუნთო – გიორგი ცოცანიძეს თუშეთში; ჩუნო კახეთში, ჭიკაანელ კაცს ერქვა. მომავალშიც მოგიწევთ ხოლმე სადღეგრძელოში თქმა ჩვენი წინაპრის – ჩუნთიას ხსოვნა-მოგონება იყოსო“.
ჩუნთიშვილები ცხოვრობენ გარე კახეთში. საგარეჯოს გარდა, ასევე, ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში, გარდაბანში და ასე შემდეგ.
საქართველოში 83 ჩუნთიშვილი ცხოვრობს.
მარგველაშვილი
გვარის ფუძეა სადაურობის სიტყვა მარგველე, მარგველა, მიღებულია სოფლის და, ძველი მნიშვნელობით – მთელი მხარის, ზემო იმერეთის სახელწოდებისგან – არგვეთი.
ამავე აგებულებისაა გვარები: მაჩაბელი, მაწყვერელი, მარადელი და ასე შემდეგ.
ამავე ძირისაა გვარები: მარგველანი, მარგველაძე, მარგველიშვილი, მარგველიძე.
მარგველაშვილები იყვნენ აზნაურებიც.
საქართველოში 2 164 მარგველაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 823, თბილისში – 332, წყალტუბოში – 252. არიან სხვაგანაც.
მორჩილაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მორჩი.
ვანო მორჩაძე ოჯახითურთ მოიხსენიება სოფელ ბორბალოში, 1823 წლის აღწერაში.
ამავე ძირისაა გვარები: მორჩილაძე, მორჩილაშვილი.
საქართველოში 760 მორჩილაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 421, ტყიბულში – 75, თბილისში – 57. არიან სხვაგანაც.
ნანუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ნანუა, რომელიც ქალის სახელად იყო გავრცელებული.
1721 წელს მოიხსენიება ყმა ლუარსაბ ნანუაშვილი.
საქართველოში 324 ნანუაშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში– 165, თბილისში– 87, გურჯაანში – 40. არიან სხვაგანაც.
ლაიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლაილა.
ლაიშვილები 1941 წლის სექტემბერში ამბროლაურის რაიონის სოფელ მორიდან ასურეთში გადავიდნენ საცხოვრებლად.
გადმოცემის მიხედვით, ლაიშვილები წარმოშობით მესტიის რაიონის სოფელ ლაიშიდან არიან.
საქართველოში 64 ლაიშვილი ცხოვრობს: ამბროლაურში – 20, თბილისში – 19, თეთრი წყაროში – 9. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით