ხაჭოს და კომბოსტოს ღვეზელი
საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი ნახევრადფენოვანი ცომი, 300 გრამი კომბოსტო, 150-200 გრამი მშრალი ხაჭო, 4 ცალი კვერცხი (2 ცალი – მოხარშული, 2 ცალი – უმი), 100 გრამი მაგარი ყველი, 100 გრამი არაჟანი, კამა, ოხრახუში, პილპილი, თითო ჩაის კოვზი მარილი და შაქარი.
მომზადების წესი: მოშუშეთ ზეთში წვრილად დაჭრილი კომბოსტო დარბილებამდე. შეგიძლიათ, ოდნავ ხრაშუნაც დატოვოთ. გადმოდგით ცეცხლიდან. უყავით მარილი, პილპილი (გემოვნებით), შაქარი, შეურიეთ ხაჭო, წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, მწვანილი. აურიეთ და მოასხით ცოტა არაჟანიც.
ცომი გააბრტყელეთ ფორმაში. თუ ფორმა იკრავს, ქვეშ ფოლგა ან გამოსაცხობი ქაღალდი გაუფინეთ. წაუსვით ზეთი. კომფორტულია რულეტივით დახვეული, მზა ცომი, რომელიც მარკეტებში იყიდება. თუ ცომი დიდია, ნაპირები ჩამოაჭერით, დაჭერით სამკუთხედებად, მოაყარეთ შაქარი და გამოაცხვეთ საშუალო სიძლიერის ცეცხლზე. უგემრიელესია ჩაისთან.
ფორმა მოათავსეთ 200 გრადუსამდე გაცხელებულ აირღუმელში 10 წუთით. გამოიღეთ, გააცივეთ. ფირფიტაზე გადაიტანეთ უკვე შეზავებული ჩაშუშული კომბოსტო. მოასხით ზედ ერთად კარგად ათქვეფილი არაჟანი და კვერცხი. მოაყარეთ დაფხვნილი ყველი და ისევ შეაბრუნეთ აირღუმელში. 20, მაქსიმუმ, 25 წუთის შემდეგ, მზად იქნება.
ცხელი არ დაჭრათ.