ვის ენდობოდა სტალინი ყველაზე მეტად და რა საიდუმლო გაანდო მას
ვასილ სტალინი ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვანი ადამიანებიდან, ვინც დიდი ბელადის ნდობით სარგებლობდა. უფრო მეტიც, ვასილი იყო ის ერთადერთი ადამიანი, ვისაც ბოლომდე ენდობოდა დიდი ბელადი.
ვასილს მე ომის შემდეგ დავუახლოვდი და, მას შემდეგ, რაც დიდი ბელადის პირად დაზვერვას ჩავუდექი სათავეში, თავად ვასილი მეკონტაქტებოდა და ხშირადაც მაკითხავდა ხოლმე სამსახურში. ის საკმაოდ გულღია, კარგი ადამიანი იყო, თუმცა ზოგჯერ ზედმეტის გადაკვრაც უყვარდა და ამ დროს იგი უზომოდ ბევრს ლაპარაკობდა ხოლმე. არა, მე იმას არ ვამბობ, ლაყბობდა-მეთქი, მაგრამ, რასაც ის ნასვამი ამბობდა, სიფხიზლეში ამაზე სიტყვასაც კი ვერ დააცდენინებდი. 1949 წელს, მაისის ბოლოს, ვასილს რაღაც უსიამოვნება მოუვიდა სამსახურში და ის ფრენებიდან (ვასილი სამხედრო მფრინავი იყო) დაითხოვეს პირადად მამამისის მითითების საფუძველზე. ვასილი გაღიზიანებული იყო, სმას უმატა და ერთხელ ჩემთან, სამსახურში მოვიდა. იგი საკმაოდ ნასვამი იყო, მაგრამ, უბიდან ერთი ბოთლი „სტოლიჩნაია“ ამოიღო და, დავლიოთო, – შემომთავაზა. მე საერთოდ არ ვსვამდი, მით უმეტეს – სამსახურში და მას კატეგორიული უარი ვუთხარი. ვასილმა ხელი ჩაიქნია, არაყი 200-გრამიან ჭიქაში სანახევროდ ჩაასხა, „დიდ სტალინს გაუმარჯოსო“, თქვა და სულმოუთქმელად გადაკრა. ერთი სიტყვით, ვასილმა ნახევარი ბოთლი გამოცალა და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიდგა ენა: „მიშა, – მომმართა, – შენ კიდევ არ იცი, რა კაცის სიცოცხლეს იცავ. მე ამას იმიტომ კი არ გეუბნები, რომ ის მამაჩემია, – ვასილი გაჩუმდა, კიდევ დაისხა, გადაკრა და განაგრძო: სტალინი ყველას მამაა, მამა და მსაჯული, მათი მფარველი და მხსნელი“. ვასილი კვლავ დადუმდა, თუმცა მეტი აღარ დაულევია, თავი ხელებში ჩარგო და თვალები აუცრემლდა. შემდეგ თავი მოთოკა და განაგრძო: „შენ გგონია, მას გული არა აქვს ან ნერვები? მაგრამ, მას ასეთი ტვირთი დააკისრა განგებამ, მძიმე მისია არგუნა და ბოლომდე უნდა ზიდოს. იაკობი რომ მოკლეს (სტალინის უფროსი ვაჟიშვილი), მამამ ერთი სიცოცხლე გაათავა და ლამის გული გაუსკდა, მაგრამ, მას ამის უფლება არ ჰქონდა და არც განგებამ დაუშვა ეს“. ვასილის ამ სიტყვების გაგონებაზე ინტუიციამ რაღაც მიკარნახა და მთელი ამ შეხვედრის განმავლობაში პირველად ამოვიღე ხმა – რა განგებაზე საუბრობ, ვასია, მე ვერაფერს ვხდები-მეთქი. ვასილმა დარჩენილი სასმელი ჭიქაში დაისხა, გადაკრა და მცირედი პაუზის შემდეგ დაიწყო: „დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მამა რევოლუციონერი იყო და ცარიზმს ებრძოდა, ის ციმბირში, კერძოდ კი ტურუხანსკში გადაასახლეს“. ტურუხანსკის ხსენებაზე ჟრუანტელმა დამიარა, მაგრამ, არაფერი შემიმჩნევია, ვასილმა კი განაგრძო: „მამას ციხეში დიდხანს გაჩერება არ უყვარდა და ყოველთვის გარბოდა ხოლმე (სტალინი სხვადასხვა საპატიმროდან 17-ჯერ გაიქცა). ერთი სიტყვით, მან არც ტურუხანსკში ისურვა დიდხანს გაჩერება და პირველივე ხელსაყრელი შემთხვევისას, შუა დეკემბერში, იქიდან გაიქცა. წარმოიდგინე, ციმბირში, შუა დეკემბერში რა ამინდი იქნებოდა, თანაც, ირგვლივ ყველგან გაუვალი ტაიგაა და, თოვლსა და ყინულს თუ გადაურჩი, ნადირს მაინც ვერ გადაურჩები. მამაჩემი მიყვებოდა, რომ ყინვა ორმოცდაათ გრადუსამდე აღწევდა და, როცა გადააფურთხებდი, ძირს ყინული ეცემოდაო. ერთი სიტყვით, მამას იმ ქარბუში გზა აერია და, იმის ნაცვლად, რომ მარხილთან (სტალინს წინასწარ დათქმულ ადგილას მარხილიანი კაცი ელოდებოდა, რომელსაც ის სამშვიდობოზე უნდა გაეყვანა) მისულიყო, სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა. მამა მიყვებოდა: „უზარმაზარ ლისტვენიცასთან რომ მივედი, ძალები თითქმის გამოცლილი მქონდა, მაგრამ, რაღაც ძალამ მიბიძგა და გზა განვაგრძე. როგორც კი ლისტვენიცას გავცდი, თითქოს ძალები ერთბაშად მომემატა, აღარც მციოდა და უფრო ენერგიულად ავმოძრავდი. უეცრად, უკან მოვიხედე და ჩემს კვალზე გამოშვებული, გაქცეულ პატიმრებზე სპეციალურად დაგეშილი ათამდე ძაღლი დავინახე, რომლებიც კუდში მომყვებოდნენ და სადაცაა დამეწეოდნენ კიდეც. პატიმრებისგან ვიცოდი, რომ ეს ძაღლები მგლებთან იყვნენ შეჯვარებულები და მათგან გაქცევა თითქმის შეუძლებელი იყო. რა უნდა მექნა, იარაღი არ მქონდა, მაგრამ, ცხვარივით ხომ არ ჩავბარდებოდი და მათთან შესახვედრად მოვემზადე. უეცრად, ჩემს ზურგს უკან რაღაც ხმაური გაისმა და მიტრიალებაც ვერ მოვასწარი, რომ უზარმაზარმა ტაიგის ვეფხვმა ჩამოირბინა და პირდაპირ გამძვინვარებული ძაღლებისკენ გაემართა, ხოლო აქეთ-იქიდან მას მგლები შემოუერთდნენ და ჩემი მდევრები თვალის დახამხამებაში დაგლიჯეს. ამის შემხედვარეს თავი სიზმარში მეგონა, მაგრამ, ყველაფერი რეალურად მოხდა და მე ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე. ვეფხვი და მგლები უკან მობრუნდნენ და ჩემკენ წამოვიდნენ, მაგრამ, შიშის ნატამალიც არ მქონია. ინსტინქტურად შევტრიალდი და გზა განვაგრძე, ნადირების ამალა კი უკან მომყვებოდა. კარგა ხნის შემდეგ პატარა მდელოზე მივედით, რომელიც, ჩემდა გასაოცრად, იმ ზამთარში მწვანე ბალახით იყო დაფარული. ვეფხვი და მგლები დაწინაურდნენ, მე კი შევჩერდი. ცოტა ხნის შემდეგ ქოხიდან კაცი გამოვიდა და სახლში შემიყვანაო“. ერთი სიტყვით, მამაჩემი ტურუხანსკიდან რომ გაიქცა და გზა აერია, თურმე, ტაიკის წმინდა ადგილზე მოხვდა, სადაც, ბოროტი, არამართალი ადამიანი უეჭველად იღუპება. ამ ადგილს წმინდანი განაგებს, რომელსაც, თურმე, სხვადასხვა ნადირი ჰყავს მოთვინიერებული და მას ემსახურებიან. ისიც, როგორც მამამ მითხრა, ენით არ მეტყველებს, მაგრამ, გელაპარაკება ფიქრით და, თურმე მას ნადირთა ენაც სცოდნია. იმ კაცს მამასთვის ასეთი რამ უთქვამს: „შენ აქ უზენაესმა ძალამ მოგიყვანა, რათა მომავალი დიდი განსაცდელისთვის ძალები მოგცეს. ორმოცი წლის შემდეგ კი კვლავ აქ დაბრუნდებიო (ეს რომ ვასილი სტალინმა მითხრა, კვლავ გამაჟრჟოლა, რადგან, გამახსენდა, თუ როგორ მივედით იმ მდელოზე 1941 წლის ივლისში, ხოლო სტალინი ტურუხანსკიდან 1901-ში გაიქცა, ანუ, 40 წლით ადრე)“. შემდეგ მამა იქ სამი დღე დარჩენილა და ამ დროის განმავლობაში ის კაცი მამას რაღაც მწვანე სითხეს ასმევდა და თან დაატარებდა ტაიგაში. როგორც მამა მიყვებოდა, თურმე, არანაირ დაღლას არ გრძნობდა და, როდესაც დასაძინებლად წვებოდა, ვიღაც ადამიანები ესიზმრებოდა, რომლებიც მას სხვადასხვა დარიგებას აძლევდნენ. „ბევრი მათი სიტყვა უკვე ხელისუფლებაში მისვლის შემდეგ ამიხდაო, – მეუბნებოდა მამა, – ტაიგიდან როგორ გამოვედი, არ მახსოვს. თუმცა, ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლის კონსპირაციულ ბინაზე რომ მივედი და ვუთხარი, ტურუხანსკიდან გავიქეცი-მეთქი, არ დაიჯერა, რადგან, მართლაც დაუჯერებელი იყო ტაიგაში 2 500 კილომეტრის უვნებლად გავლა, თანაც, შუა დეკემბერში. მამას ბოლომდე კიდევ არ უთქვამს ამ კაცთან შეხვედრის ყველა დეტალი, მაგრამ, მივხვდი, რომ მამაჩემი მასთან ზებუნებრივმა ძალამ მიიყვანა, რადგან, მას კაცობრიობის გადარჩენის მისია აკისრია“. ვასილმა რომ საუბარი დაასრულა, საათს დავხედე და უკვე საკმაოდ გვიან იყო. ამ ლაპარაკში ვასილი სრულიად გამოფხიზლდა, წასასვლელად მოემზადა და წამოდგა. მე ის კარამდე მივაცილე, უკან დავბრუნდი და ვასილის მონაყოლისა და ჩემ მიერ განცდილი შთაბეჭდილებების ანალიზს შევუდექი. აშკარა იყო, მართლაც რაღაც ზებუნებრივ (ფიზიკურ კანონებს რომ არ ემორჩილება) ისეთ ადგილას ვიყავით. არც ის იყო ტყუილი, რომ იმ ტერიტორიაზე უცნაურობები ხდებოდა (ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, ჩვეულებრივ მოკვდავებს, ასე მოგვეჩვენა) და იქიდან წამოსულებს დიდი ენერგია გამოგვყვა თან. არაა გამორიცხული, რომ დიდი ბელადი მართლაც რაღაც ზებუნებრივი ძალებისგან იყო ჩვენს მმართველად მოვლენილი და, თუ ეს მართლა ასეა, მაშინ ეს ძალები სიკეთეს ემსახურებოდნენ...
სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით