წესრიგის მედროშე
წესრიგის მედროშე
ქალები უფრო წესრიგის მოყვარულები არიან თუ კაცები?
თუ დაუფიქრებლად გასცემთ ამ კითხვას პასუხს, იტყვით, რომ ქალები, მაგრამ, ეს არ იქნება სიმართლე. წესრიგისადმი სიყვარული ადამიანის ხასიათის ნაწილია, განურჩევლად სქესისა. უბრალოდ, გემოვნების საკითხია, ვის როგორი დალაგებული სახლი მოსწონს. თქვენ, შეიძლება, ფეხსაცმელები შუა ოთახში არ დაალაგოთ, მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იდეალურად მოწესრიგებული ხართ. სხვათა შორის, წესრიგისადმი სიყვარული ყველაფერში ვლინდება: ურთიერთობაში, აღზრდაში, ფულთან დამოკიდებულებაში... აბა, დაფიქრდით, დედასთან ან დასთან არასდროს გიკამათიათ დალაგების თემაზე? იმათი დალაგებული თქვენ არეულად არ მოგჩვენებიათ ან პირიქით?! ზუსტად იგივე ხდება მეუღლესთან ურთიერთობაშიც. უბრალოდ, ზოგიერთ კაცს აქვს უნარი, ყურადღება არ მიაქციოს უწესრიგოდ მიყრილ ნივთებს. ასეთ მამაკაცს არც უნდა უსაყვედურო, თუ რომელიმე ნივთი მისთვის განკუთვნილ ადგილას არ დადო. დაფიქრდით, ნუთუ ღირს ურთიერთობის დაძაბვა და სიტუაციის გამწვავება საწოლზე დაუდევრად მიგდებული შარვლის გამო?! არც აქეთ-იქით მიყრილი წინდები ღირს ოჯახური სკანდალის ფასად.
გაიღიმეთ და გამხიარულდით. შეხედეთ მის უწესრიგობას იუმორით. ყველა თქვენსავით „წესრიგის მედროშე“ ვერ იქნება და არც არის საჭირო. წარმოგიდგენიათ მაინც, როგორ იცხოვრებს ორი სუპერმოწესრიგებული ადამიანი ერთ ჭერქვეშ?! სრული კატასტროფა იქნება...
და, ბოლოს... ქმარს გემრიელი კერძიც უნდა მოუმზადოთ და ბლინებიც გამოუცხოთ... თუნდაც ხშირად არა, მაგრამ, თქვენი ხელით მომზადებული „ყურადღება“ მას ყოველთვის გაახარებს!
გადამრჩენი
ნებისმიერ ქალს თანდაყოლილი აქვს მოთხოვნილება ოჯახზე მზრუნველობისა, ანუ, ამას ბუნებრივად, ძალდაუტანებლად აკეთებს. თუმცა, თითოეული მათგანი ინდივიდუალურად. მართალია, ჭურჭლის რეცხვა სულაც არ არის სასიამოვნო, მაგრამ, ეს პრობლემად არ უნდა გადააქციოთ. არ უნდა იფიქროთ იმაზე, რომ ოჯახის წევრები ბოროტად სარგებლობენ თქვენი სიმშვიდითა და მოთმინებით. გახსოვდეთ, რომ, სულერთია, დიასახლისი ხართ თუ წარმატებული პროფესიონალი – მაინც რჩებით ქალად და თქვენგან აუცილებლად მოითხოვენ იმას, რაც ქალს ევალება. მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა, მაინც არსებობს ქალის საქმე. უბრალოდ, უნდა შეძლოთ და მეუღლეს მისი ვალდებულებები გააცნოთ. დიახ, ის მხარში უნდა ამოგიდგეთ და თავისი ფუნქცია – იყოს მონადირე – ოჯახის კეთილდღეობებს მოახმაროს. ქალი ნამდვილად არის ოჯახური სიმყუდროვის, ტრადიციებისა და ფასეულობების გადამრჩენი. თუ პირდაპირ და კატეგორიულად მოსთხოვთ, დაგეხმაროთ, შედეგად მიიღებთ პროტესტს, საყვედურებს, შესაძლოა, ჩხუბსაც კი... გააკეთეთ ისე, რომ ოჯახური საქმიანობა მამაკაცს ჰობის რანგში „შეაჩეჩოთ“. თქვენ ხომ გადამრჩენი ხართ – გაითავისეთ ეს როლი და შეიფერეთ. არასოდეს დააყვედროთ ოჯახის წევრებს ის, რასაც მათთვის აკეთებთ, თუმცა, პატივისცემა, ყურადღება და აღიარება უნდა მოითხოვოთ.
ნუ გაგაღიზიანებთ სავარძელში მოკალათებული ქმრის დანახვა მაშინ, როცა თქვენ თავად ქურასთან დგახართ დაღლილი. მას მიაჩნია, რომ მართებულად იქცევა და ამით არაფერს აშავებს. თქვენ თუ აყვირდებით, მას მხოლოდ გაუკვირდება. მერე კი, გაბრაზდება.
ერთიც გახსოვდეთ: თუ ხართ გადამრჩენი, ნურასოდეს გახდებით კონფლიქტის ინიციატორი – ამით მხოლოდ წააგებთ.
მუდამ ახალგაზრდა...
ფსიქოლოგებს არაფერი აქვთ საწინააღმდეგო სურვილისა – გამოიყურებოდეთ ყოველთვის ახალგაზრდად. ეს არც კომპლექსია და არც რაიმე ფობია. პირიქით, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა ამაღლებს თვითშეფასების კრიტერიუმს, აუმჯობესებს განწყობას, აძლიერებს პერსპექტიულობის განცდას. „მე“ – უნდა მიყვარდეს. ეს აუცილებელია. ნორმალურ ცხოვრებაში ის უფრო შეგიშლით ხელს, თუ საკუთარ თავს ისეთს არ მიიღებთ, როგორიც ხართ.
მთავარია, შეინარჩუნოთ სულის ახალგაზრდობა და ეს სხეულზეც აისახება. ეს სულაც არ გახლავთ ლამაზი მეტაფორა. არც დაბადების დღეზე წარმოსათქმელი სადღეგრძელოა, არამედ მეცნიერული რეკომენდაციაა.
თქვენი შინაგანი ემოციური მდგომარეობა განსაზღვრავს, რამდენ ხანს შეინარჩუნებთ ახალგაზრდობას. დაფიქრდით – როგორ გგონიათ, რა ტოვებს თქვენს სახეზე სვალალო კვალს? – ემოციები. ეს იწვევს მიმიკურ მოძრაობებს. ზოგჯერ ვერც კი ვამჩნევთ, ისე... საჭიროა, გაითვალისწინოთ შემდეგი მითითებები:
* გაიფართოოთ ინტერესთა არეალი;
* ცხოვრებას უფრო მარტივად შეხედოთ;
* ისწავლოთ, როგორ მიიღოთ სიამოვნება წვრილმანებისგან;
* ადამიანების მიმართ გქონდეთ პოზიტიური დამოკიდებულება;
* ისწავლოთ პატიება და ნეგატიურის დავიწყება;
* ისწავლოთ, დაინახოთ მეტი პოზიტივი და კარგი.
ადამიანი იმდენი წლის არის, რამდენისაც თავს გრძნობს – ეს სულაც არ არის უბრალო გამონათქვამი – ჭეშმარიტებაა. სცადეთ და თავადაც დარწმუნდებით. საპირისპირო სქესიც აუცილებლად დაინახავს ამას.
მორალი – ჭეშმარიტება!
ყოველთვის უნდა იბრძოლოთ საკუთარი თავისთვის, იმისთვის, რომ კარგად იყოთ და ცხოვრება გიხაროდეთ. გაიხსენეთ პატარა გოგონა გერდა „თოვლის დედოფლის“ ზღაპრიდან – რამდენი იბრძოლა, რომ საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფილიყო. იქნებ მასაც უჭირდა და სულაც არ ეადვილებოდა ქარში, წვიმასა და ყინვაში კაის მოსაძებნად ხეტიალი; არც გულქვა თოვლის დედოფალთან შებმა იქნებოდა სასიამოვნო. მაგრამ, გერდამ გააკეთა თავისი ცხოვრებისეული არჩევანი – დაიცვა და გადაარჩინა თავისი სიყვარული. სულის სიმხნევე, საკუთარ თავში შენ თვითონ უნდა აღზარდო და წინააღმდეგობების გადასალახავადაც მზად უნდა იყო. იყავი გერდა შენს რეალობაში – მაშინ, კარიერასაც გაიკეთებ და პირად ცხოვრებაშიც დაალაგებ ყველაფერს. აუცილებელია, იცოდეთ და ისწავლოთ საკუთარი თავის ფასიც. თქვენ ყველაფერი საუკეთესოს ღირსი ხართ და მიიღებთ კიდეც, თუკი გულხელდაკრეფილი არ დაჯდებით და არ დაელოდებით ვიღაცის ჯადოსნური ჯოხის აქნევას.
მამაკაცების უმრავლესობისთვის დღემდე სასურველია და მისაღები ქალი მზრუნველობის, სიყვარულისა და თავგანწირვის სრული კომპლექტით. კაცი ბედნიერია, როცა ხედავს, როგორ იბრძვით მისთვის. შეიძლება, არ იმჩნევდეს ამას, მაგრამ, სიამაყით სავსე, აუცილებლად შეეცდება, არ დაგკარგოთ – აი, მთავარი მორალიც და ჭეშმარიტებაც!