2013 წლის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელების ტოპ-ათეული
მრავალწლიანი გამოცდილება, სისწრაფე და ელვისებური რეაქცია – ასეთ თვისებებს ფლობენ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები. სისწრაფეს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე ფეხბურთში და ბრიტანულმა „დეილი მეილმა” შეადგინა 2013 წლის მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ფეხბურთელების რეიტინგი.
¹10 – უეინ რუნი
მეათე პოზიცია „მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ლიდერმა უეინ რუნმა დაიკავა, რომელიც საფეხბურთო მოედანზე 35 კილომეტრ-საათი სიჩქარით დარბის. რუნი მეოთხეა „მანჩესტერის” ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელების სიაში. მას 400-ზე მეტი მატჩი აქვს მორგებული „წითელი ეშმაკების” მაისურით და, ყველაფერთან ერთად, იგი კლუბის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია, რაც, მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, გაკვირვებას იწვევს.
¹9 – ფრანკ რიბერი
მიუნჰენის „ბაიერნისა” და საფრანგეთის ნაკრების შეტევების ორგანიზატორი, ფრანკ რიბერი ასევე პლანეტის ერთ-ერთი უსწრაფესი ფეხბურთელია. რუნის მსგავსად, რიბერი საათში 35 კილომეტრი სიჩქარით დარბის. რიბერი გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ევროპაში და 2013 წლის ¹1 ფეხბურთელის ტიტულის ერთ-ერთი ფავორიტია.
¹8 – აარონ ლენონი
ათეულის მერვე პოზიციაზეა აარონ ლენონი, ლონდონის „ტოტენჰემის” შემტევი ნახევარმცველი, რომელიც მოედანზე საათში 35,7 კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდება. ლენონის სიმაღლე 165 სანტიმეტრია – ის პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფეხბურთელია, თუმცა, ეს არ უშლის მას ხელს, იყოს სწრაფი ფეხბურთელი.
¹7 – ლიონელ მესი
სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული არგენტინელი ლიონელ მესი მოედანზე 36 კილომეტრ-საათი სიჩქარით დაქრის და აფრთხობს მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს. არგენტინის ნაკრების კაპიტანი და კატალონიური „ბარსელონის” ნომერ პირველი ვარსკვლავი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც „ოქროს ბურთის” ოთხგზის ლაურეატობა მოიპოვა. მესი ჯერ მხოლოდ 26 წლისაა და, სავარაუდოდ, კიდევ არაერთხელ გახდება ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი, რაც მის ვარსკვლავურ სტატუსს კიდევ უფრო განამტკიცებს.
¹6 – ედენ აზარი
ბელგიის ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის” ახალგაზრდა ნახევარმცველი ედენ აზარი საათში 36,4 კილომეტრ სიჩქარით დარბის და ის პრემიერლიგის ერთ-ერთი უსწრაფესი ფეხბურთელია. აზარი ბელგიური ფეხბურთის ახალი თაობის წარმომადგენელია, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ სამშობლოში. აზარის დახმარებით, პირველად 2002 წლის შემდეგ, ბელგიამ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა და ფეხბურთის ქომაგები მოუთმენლად ელიან აზარის ვარსკვლავის გაბრწყინებას ბრაზილიის სტადიონებზე.
¹5 – გაბრიელ აგბონლაჰორი
ყველაზე სწრაფი ფეხბურთელების „დეილი მეილის” ხუთეულს ბირმინჰემის „ასტონ ვილას” შემტევი გაბრიელ აგბონლაჰორი ხსნის, რომელიც მოედანზე საათში 36,8 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს. აგბონლაჰორი, ინგლისის პრემიერლიგის დონეზე, საშუალო კლუბის ლიდერია და არაერთი სეზონია, რაც მიდის საუბარი მის გადასვლაზე გაცილებით დიდი ამბიციების მქონე კლუბებში, თუმცა, საქმე ჯერ არ დაძრულა, არადა, აგბონლაჰორის სისწრაფე და შედეგიანობა არაერთ სახელოვან კლუბს გამოადგებოდა.
¹4 – რამირესი
ბრაზილიელი რამირესი 37,5 კილომეტრ-საათი სიჩქარით დარბის და ლონდონის „ჩელსისთვის” ის, პრაქტიკულად, შეუცვლელი ფეხბურთელია. ლონდონურ კლუბში რამირესი 2010 წლიდან ასპარეზობს და მისი ტრანსფერი რომან აბრამოვიჩს 22 მილიონი ევრო დაუჯდა. 2014 წლის ბოლოს რამირესის კონტრაქტი იწურება, თუმცა, ბრაზილიის ნაკრების წევრს, სავარაუდოდ, ლონდონიდან არ გაუშვებენ და ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებენ.
¹3 თეო უოლკოტი
მესამე ადგილისა და, შესაბამისად, ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ლონდონის „არსენალის“ გარემარბი თეო უოლკოტია, რომელიც მოედანზე საათში 37,5 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს. 2012 წელს თეო უოლკოტი პლანეტის ყველაზე სწრაფ ფეხბურთელად იყო დასახელებული. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ის „არსენალის” ლიდერად ითვლება და ინგლისის ნაკრებშიც წარმატებული თამაშით ახარებს ფეხბურთის ქომაგებს.
¹2 – გარეთ ბეილი
ამ მომენტისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი უელსელი გარეთ ბეილი მოედანზე 38 კილომეტრ-საათი სიჩქარით დარბის და პლანეტის ერთ-ერთ უსწრაფეს ფეხბურთელად ითვლება. მადრიდის „რეალის” ახალწვეული ჯერჯერობით აკლიმატიზაციის პერიოდს გადის და შორს არის იმ გარეთ ბეილისგან, რომელიც გასულ სეზონებში შიშის ზარს სცემდა ინგლისის პრემიერლიგის კლუბებს.
¹1 – კრიშტიანუ რონალდუ
„დეილი მეილის” ჟურნალისტების ვერსიით, პლანეტის უსწრაფესი ფეხბურთელია პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც მატჩის დროს შეუძლია, 39,2 კილომეტრ-საათი სიჩქარე განავითაროს. რონალდუს სიჩქარე მიახლოებულია იამაიკელი სპრინტერის, პლანეტის უსწრაფესი ადამიანის, უსაინ ბოლტის სიჩქარესთან – ბოლტის სიჩქარე 100 მეტრზე 37,5 კილომეტრ საათს შეადგენს, ხოლო საუკეთესო 20 მეტრზე იგი საათში 44,71 კილომეტრს ავითარებს. რონალდუ სამართლიანად ითვლება თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო და, ასევე, ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ფეხბურთელად.
P.S. „დეილი მეილის” პარალელურად, მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ფეხბურთელების რეიტინგი „ფიფამაც“ გამოაქვეყნა, მაგრამ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს რეიტინგი რადიკალურად განსხვავდება ბრიტანელი ჟურნალისტების ვერსიისგან:
¹1 თეო უოლკოტი – 35,7 კილომეტრ-საათი; ¹2 ანტონიო ვალენსია – 35,2 კილომეტრ-საათი; ¹3 გარეთ ბეილი – 34,7 კილომეტრ-საათი; ¹4 აარონ ლენონი – 33,8 კილომეტრ-საათი; ¹5 კრიშტიანუ რონალდუ – 33,6 კილომეტრ-საათი; ¹6 ლიონელ მესი – 32,5 კილომეტრ-საათი; ¹7 უეინ რუნი – 32,1 კილომეტრ-საათი; ¹8 ფრანკ რიბერი – 30,7 კილომეტრ-საათი; ¹9 არიენ რობენი – 30,7 კილომეტრ-საათი; ¹10 ალექსის სანჩესი – 30,1 კილომეტრ-საათი.