რომელია ორი აღმატებული ვნება და რატომ იღებენ ადამიანები მათგან ყველაზე დიდ სიამოვნებას
მაკარი მეგვიპტელი ამბობს: ლოცვა მომდინარეობს სიყვარულისგან, სიყვარული – სიხარულისგან, სიხარული – სიმშვიდისგან, სიმშვიდე – სიმდაბლისგან, სიმდლაბლე – მსახურებისგან, მსახურება – სასოებისგან, სასოება – რწმენისგან, რწმენა – მორჩილებისგან, ხოლო მორჩილება – უბრალოებისგან. ამ საკითხის და, ასევე, ეკლესიაში მოქცევის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ დაგვირგვინდა კაცთა ცხონება, ანუ, დაარსდა ეკლესია, გადმოვიდა სულიწმიდა და ადამიანს სრული უფლება აქვს, განკაცებული ღმერთის დახმარებით, ეკლესიური ცხოვრებიდან გამომდინარე, დაიმკვიდროს ცხონება. ადამიანები წლების განმავლობაში თითქმის ყველა წირვა-ლოცვაზე დადიან, მაგრამ, არ ამბობენ აღსარებას, არ ეზიარებიან. ამიტომაც, ასეთების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ტყუილად ნუ კარგავენ დროს, რადგან, როდესაც ესწრებიან წირვა-ლოცვას, უნდა მოუსმინონ ქადაგებას, შეასრულონ მოძღვრის დარიგებები, უნდა თქვან აღსარება, ეზიარონ, რადგან, სიკვდილი არავის ინდობს – არც ახალგაზრდას და არაც ასაკოვანს. ბევრი კი მხოლოდ მარხვის განმავლობაში დადის ეკლესიაში, მათთვის იესო ქრისტე და ცხონება მხოლოდ მარხვის დღეებშია. ეს გარკვეული ნაკლოვანებაა, სექტური წარმოდგენა მართლმადიდებლობაზე. თუ არ უნდა ადამიანს ეკლესიაში სიარული, ნუ ივლის, არავინ აძალებს – ღმერთი არავის ეხვეწება ეკლესიაში სიარულს. მან ყველაფერი აღასრულა იმისთვის, რომ ადამიანები ცხონდნენ, მაგრამ, თუ ვიღაცას არ უნდა ცხონება, ღმერთი მძლავრებითად არავის აცხონებს. თუ აღმსარებლობა, მართლმადიდებლობა არ მოგიწოდებს სინანულისკენ, შენ არ ხარ მორწმუნე და, ესე იგი, შენი სარწმუნოება საერთოდ არ არის შენი მაცხონებელი, პირიქით, ხიბლში ხარ და, ამიტომაც, შენი სარწმუნოება ამ მიდგომით ვერასდროს მიგიყვანს ცხონებამდე. ამიტომ, როდესაც ეკლესიაში მიდიხართ, თქვით აღსარება და მიიღეთ ზიარება, რადგან, მომავალ კვირას რა იქნება, არავინ იცის. ბევრი სისტემატურად დადის ეკლესიაში, ამბობს აღსარებას, ეზიარება, მაგრამ, ერთი რამ მუდმივად ავიწყდებათ – არ შეიძლება ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე დაგვიანება. ასეთებს მოძღვარი ხშირად არ აზიარებს, მათ აღსარებას აღარ იბარებენ, რაც ასეც უნდა იყოს. ადამიანი ყველაფერს აკეთებს სამსახურში, სახლში, მეგობრებთან, შემდეგ უცებ რაღაც მცირე დროს გამონახავს და მიდის შუა წირვაზე, ეზიარება, იცხებს ზეთს და ისევ გარბის. ასეთი ქმედება არასწორია და ამის შესახებ სასულიერო პირმა აუცილებლად უნდა ამოიღოს ხმა, უნდა ასწავლოს მრევლს, რა არის სწორი და რა – არასწორი. ბევრი კი პირიქით იქცევა: თავის დროზე მოდის ეკლესიაში, ესწრება ქადაგებას, მაგრამ, არც აღსარებას ამბობს, არც ეზიარება და ხშირად საერთოდ არ იცნობს გვერდით მდგომ მრევლსა და იმ ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირებს. თუ გინდა, რომ ეკლესიაში ღმერთი შეიცნო, სიყვარული უნდა გაგაჩნდეს, თავმდაბლობა, უბრალოება. მოძღვარს თუ არ ესალმები, კურთხევას არ იღებ, მრევლს თუ არ იცნობ, მის მიმართ თუ არ გაგაჩნია სიყვარული, თუ არ ამბობ აღსარებას, არ ეზიარები, მაშინ, რისთვის დადიხარ ეკლესიაში?! ნეტარ ავგუსტინეს დავესესხები ძალიან მნიშვნელოვან სიტყვებს: ადამიანში წარმმართველი, მამოძრავებელი არის ორი დიდი ვნება. ესენია: სიხარბე და ძალაუფლებისმოყვარეობა.
– რატომ არის ყოველთვის, ყველა საუკუნეში, ეს ორი ვნება ყველაზე აღმატებული?
– ყველაზე დიდ სიამოვნებას ადამიანი, თურმე, მაშინ იღებს, როდესაც მას ძალაუფლება გააჩნია – ეს ეკლესიაშიც არის, ერშიც და თავად მათხოვრებშიც კი, რომლებიც ხშირად ერთმანეთზე ცდილობენ ძალაუფლების მოპოვებას. ნეტარი ავგუსტინე გარკვეულ სწავლებებს იღებს ელინური, ბერძნული სწავლებებიდან, რომელიც ადამიანის შესახებ ბევრ კარგ რამეს ქადაგებს. ეს არ არის მართლმადიდებლური სწავლება, მაგრამ, ახლოს დგას მასთან. ელინურ-ბერძნული კულტურა ადამიანში გამყოფს რამდენიმე ძირითად მიდრეკილებას: 1. აპეტიტი, ანუ, გემოვნება, მისწრაფება, რადგან, ადამიანი ის არის, ისეთია, რისკენაც ის მიისწრაფის, რასაც ის ჭამს. ამიტომაც, ხშირად ადამიანები გემოთმოყვარეობაში ვარდებიან და მარხვის შენახვაც უჭირთ. თუ ინახავენ, იმაზე ფიქრობენ, რა მიირთვან გემრიელად. ანუ, აპეტიტი სიხარბეში გამომჟღანვდება – ეს ეხება საერო და სასულიერო პირებსაც. 2. ტემპერამენტი – ქართველები ტემპერამენტიანი ხალხი ვართ და ეს ტემპერამენტი გამოიხატება მთავრობისმოყვარეობაში, ხელისუფლებისმოყვარეობაში, ვნებებისკენ მიდრეკილებაში. თუ თქვენ გგონიათ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ხართ, მაშინ, თქვენი აპეტიტი, ტემპერამენტი დაიოკეთ, ლაგამი ამოსდეთ. აი, რას ამბობენ წმიდა მამები: რა არის უაღვირო ცხენი, დაუტვირთავი გემი, მიტოვებული ადამი და დაუმარხავი ადამიანი? წარმოიდგინეთ ცხენი, რომელიც თავის ჭკუაზე დარბის; დაუტვირთავი გემი, რომელიც ტალღებზე აქეთ-იქით მიეხეთქება, მიტოვებული და დაუმარხავი ადამიანი... ვერავინ დაიკავებს ადგილს მარჯვენით, რომელიც არ მარხულობს, არ დადის ეკლესიაში, არ ამბობს აღსარებას, არ ეზიარება. „მათ შეიცნეს ღმერთი, მაგრამ, არ ადიდეს ისე, როგორც უნდა ედიდებინათ”.
– სახარებაშიც წერია და ბევრი წმიდა მამის სწავლებაში, რომ ბოლო ჟამს ძალიან ბევრი ცრუ სწავლებაც, ცრუ ქრისტე გაჩნდება, რომლებიც ცრუ სწავლებებს იქადაგებენ. რატომ უშვებს ამას ღმერთი?
– თქვენ რა გგონიათ, როდესაც რუსეთში რევოლუცია მოხდა, მაშინ არ იყვნენ მორწმუნე ადამიანები? რა თქმა უნდა, იყვნენ და ამას მოწმობს მოოქრული გუმბათები. ძალიან ბევრი კარგი სასულიერო პირი მოღვაწეობდა იმ დროს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი გაუბრალოებული და ფარისევლური იყო, ისევე, როგორც პირველ საუკუნეში, ძველი აღთქმისეულ სამყაროში, ამიტომაც დაუშვა ღმერთმა ადამიანებზე რევოლუცია, განწმინდა რუსეთის ეკლესია და რუსი ხალხი. თუმცა, ახლა აღარ დაანგრევენ ეკლესიებს, სამაგიეროდ, იქადაგება ცრუ სახარება, ცრუ მოძღვრები გაჩნდებიან; მომრავლდებიან მოძღვრები, რომლებიც მრევლს არ მისცემენ შენიშვნას იმის გამო, რომ ისინი ღვთის მცნებებს არღვევენ. სამწუხაროდ, დღეს ბევრნი არიან ისეთი მოძღვრები, რესტორანში რომ ქეიფობენ, მღერიან. ხალხი მათ აქეთ ეუბნება: ნუ განიმოსებით, მამაო, ნუ სვამთ, ნუ ხმაურობთო, მაგრამ, ისინი ისევ ისე განაგრძობენ ღრეობას. დღეს ჩვენი ქვეყანა რომ ასეთ მდგომარეობაშია, ეს ჩვენი ბრალია: მათი, ვისაც მოგვეცა ცოდვების არმიტევებისა და მიტევების უფლება და მათი, ვისაც ზიარების უფლება მიეცა, რადგან, არ ვიქცევით კარგად. ამიტომ, როდესაც ღმერთი მოვა, ის ჩვენ მოგვკითხავს პასუხს და არა რომელიმე პარტიის ლიდერს, წარმართებს ან რომელიმე ორგანიზაციას; მთავარი პასუხი მოგვეთხოვება მათ, ვისაც „მართლები“, ანუ, მართლმადიდებლები, გვეწოდება. სამწუხაროდ, ხალხი, როგორც კი გათბება, დაპურდება, ჩაიცვამს, მაშინვე მიატოვებს ხოლმე ეკლესიას. იტყვიან: მე იმიტომ დავდიოდი ეკლესიაში, რომ სხვებიც დადიოდნენ, მიჭირდა და ახლა რატომ უნდა ვიაროო. ყველა განსაცდელი იმიტომ ხდება, განსაკუთრებით კი ბოლო დროს, რომ ჩვენ, ადამიანები, გავძლიერდეთ და ისე შევხვდეთ განსაცდელს, არ მივატოვოთ ეკლესია. სანამ ჭეშმარიტების ხმა აქა-იქ კიდევ ისმის, ჯობია, მოვისმინოთ, რადგან, დადგება დრო, როდესაც ამას ვერსად მოვისმენთ და მოგვენატრება. ძალიან ბევრი მღვდელი თუ ეპისკოპოსი ისეთ რამეს გიქადაგებთ, ვერც კი მიხვდებით და გეგონებათ, რომ ეს ადამიანი სიმართლეს გეუბნებათ. არადა, ის პირდაპირ გეტყვით: მიდით, თაყვანი ეცით ანტიქრისტეს. ის ღოჯებიანი და რქებიანი ცხოველი კი არ იქნება, არამედ, სიმპათიური, განათლებული ადამიანი, რომელიც მოგეფერებათ, პურს დაგირიგებთ. მაგრამ, შენ რომ იტყვი, ეს ცუდიაო, იტყვიან, რომ ჩამორჩენილი ხარ და არაფერი იცი, მაგრამ, სამაგიეროდ, შეძლებ საკუთარი და სხვისი სულის გადარჩენას. სანამ მშვიდობიანი პერიოდია ქვეყანაში და სანამ ეკლესიაში ისმის ჭეშმარიტება ისე, როგორც უნდა ისმოდეს, უნდა ისმინო, ისწავლო ის, რასაც გვასწავლიდნენ იოანე ოქროპირი, პავლე მოციქული და სხვა დიდი მამები, და არა ის, რასაც სასულიერო პირები საკუთარი მოსაზრებიდან გამომდინარე გვასწავლიან. ბოროტებას ფიზიკურად ვერ შევაჩერებთ წიგნების დაწვით, მიტინგების მოწყობით, სამაგიეროდ, ბოროტებას შევაჩერებთ საკუთარ თავში, ოჯახებში, მეგობრებში, შემდეგ კი ეს მასა, რომელიც ჭეშმარიტი ქრისტიანებისგან იქნება დაკომპლექტებული, მოიცავს საზოგადოებას და, ის ნათელი, რომელიც მოგვეცა ქრისტესგან, იმდენად დიდი იქნება, რომ სხვებიც დაინახავენ და ადიდებენ ქრისტეს, რომელიც ყოველივეს გამსჭვალავს.