ამპარტავნების ცოდვა ანადგურებს ადამიანს
ამპარტავნების ცოდვა ანადგურებს ადამიანს
ღირსი მაკარი დიდი თავის წიგნში „სწავლანი“ გვიამბობს, რა საშინელი სულიერი კატასტროფა მოჰყვებოდა ამპარტავნებას – ის დიდ მოღვაწეებსაც კი დასცემდა ხოლმე. წმიდანი აგვიწერს ერთ შემთხვევას: ქრისტესთვის მოწამე ვინმე საშინელი წამების შემდეგ ცოცხალ-მკვდარი ჩააგდეს დილეგში; ის მოინახულა ერთმა ქალმა, რომელიც გარკვეულ თანხას უხდიდა გუშაგებს და ტყვეებთან შედიოდა. ქალს საჭმელი მიჰქონდა ნაწამები პატიმრებისთვის; ის მათ ჰბანდა, წყლულებს უხვევდა და წმიდა წიგნებს უტოვებდა. და აი, ეს ქალი მოწამესთან მივიდა. მოწამემ უამბო მას, რა საშინელი წამება დაითმინა, სხვებმა კი ვერ გაუძლეს ტანჯვას და ქრისტეს განუდგნენ. ის შეურაცხმყოფლად მოიხსენიებდა მათ, ვინც სისუსტე და სულმდაბლობა გამოიჩინა. ამასობაში სულიწმიდა განეშორა მასაც და ქალსაც, რომელიც მას უსმენდა და მოხდა საშინელება: ისინი დაეცნენ ამ საზარელ დილეგში – ხორციელ ცოდვაში ჩავარდნენ მაშინ, როცა მოწამის სხეული უკვე ქრისტესთვის დაღვრილი სისხლით იყო შეღებილი. აი, ასეთი საშინელი რამ არის ამპარტავნების ცოდვა.
ცოდვების კრიალოსანი
პატერიკი გვიამბობს, რომ ერთ ადამიანს დემონმა უთხრა: დაგეხსნები, თავს დაგანებებ, აღარასოდეს გაწამებ, ოღონდ, შენი ნებით აირჩიე და აღასრულე ერთ-ერთი ცოდვა ამ სამიდან: ან მოკალი, ან სიძვა ჩაიდინე, ან დათვერი. ადამიანმა გაიფიქრა: მგონი, არცთუ დიდი ცოდვაა ღვინით დათრობა – და დემონს ამ ცოდვის ჩადენაზე დათანხმდა. იგი დათვრა და მთვრალმა სიძვა (უცოლო კაცის ან გაუთხოვარი ქალის მიერ ჩადენილი სქესობრივი აქტი) ჩაიდინა, თუმცა, მანამდე უბიწოებას იმარხავდა. მოღვაწეს შეეშინდა, რომ მისი დანაშაულის შესახებ სხვები შეიტყობდნენ; ამიტომ, მან სიძვის უბედური მსხვერპლი მოკლა და საიდუმლოდ დაასაფლავა ისე, რომ ქრისტიანული წესით დაკრძალვაც არ აღირსა.
ათონის მთის სასწაულები
მოსაგრეები – ათონის მთის მოღვაწენი – წმიდა მთას დღემდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეორე და უმთავრეს წილხვედრს უწოდებენ. უკვე მრავალი საუკუნეა, ამ მთაზე ქალის ასვლა აკრძალულია. გადმოცემით, რომის იმპერატორ კონსტანტინე პლაკიდას ცოლმა ათონზე ასვლა გადაწყვიტა. მეუღლის თანხმობის მიღების შემდგომ, პლაკიდია ათონზე ვათოპედის მონასტერში მივიდა, მაგრამ, ზემოდან მრისხანე ხმა მოისმა, რომელიც მას უბრძანებდა, სასწრაფოდ დაეტოვებინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სავანე...
ათონის მახლობელი პატარა ქალაქის, ურანოპოლისის მკვიდრნი დღესაც ყვებიან იმის შესახებ, როგორ უჭრის გზას უხილავი ძალა ათონის მთისკენ მიმავალ ქალებს. მაგალითად, მიცურავს მეთევზეთა ნავი, რომელზეც რამდენიმე მეთევზეა – ძმები თავიანთ დასთან ერთად, რომელიც დასახმარებლად წამოიყვანეს. ქალიშვილმა რაღაც მიზეზით ათონის მთასთან მისვლა ითხოვა, მაგრამ, როგორც კი ნავიდან გადმოვიდა, ფერდობიდან ქვებმა დაიწყო ცვენა. მიწისძვრით შეშინებულმა მენავებმა სწრაფად გაცურეს ზღვაში. არც მუმლის ან კოღოების გუნდის მოულოდნელი თავდასხმაა გამორიცხული და ამის მხილველი არც ერთი ქალი თვითონაც აღარ მოისურვებს, რომ ფეხი დადგას წმიდა მთაზე, სადაც ათასი წლის განმავლობაში ქალთაგან მხოლოდ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მეფობდა.