მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც გზაზე უცნობი მღვდელმსახური გვხვდება?
პასუხი: როდესაც ჩვენ მართლმადიდებელ მღვდელმსახურს ვხვდებით, უნდა მივეახლოთ მას და დალოცვა ან კურთხევა ვთხოვოთ.
კითხვა: რომელი წმიდანის მიმართ ვილოცოთ განსაკუთრებულად, რომ ჩვენს სულებში სიმშვიდემ დაისადგუროს და ჩვენს ოჯახშიც ბედნიერება სუფევდეს?
პასუხი: როდესაც გვსურს, შემწეობა მივიღოთ უფლისგან და წმიდანებისგან, არა მარტო უნდა ვილოცოთ, არამედ, მთელი ცხოვრება უნდა ავაგოთ უფლის მცნებათა მიხედვით. უფალი მოგვიწოდებს, ვიყოთ კეთილნი, მოყვარულნი, თავმდაბალნი, თუმცა ჩვენ ხშირად ყურად არ ვიღებთ ამ თხოვნას, თავად კი მოვითხოვთ დახმარებას. ისეც ხშირად ხდება, რომ უფალი და წმიდანები მხოლოდ განსაცდელის ჟამს გვახსენდება. რაც შეეხება ჩვენს სურვილებს, მათ აღსასრულებლად შეგვიძლია მივმართოთ უფალს, ღვთისმშობელს, სხვადასხვა წმიდანს, მანამდე კი, სასურველია, ვიცნობდეთ სახარებას და წმიდანთა ცხოვრებას, რათა ისინი უფრო ახლობელნი გახდნენ ჩვენთვის.
კითხვა: რა მანძილით უნდა იყოს დაშორებული სასაფლაო დასახლებული ადგილებიდან?
პასუხი: ქრისტიანული ტრადიციით, სოფელს ან რომელიმე დასახლებულ ადგილს საერთო სასაფლაო ჰქონდა, სასაფლაოზე კი ეკლესია იდგა. რაც შეეხება მანძილს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორ იქნება დაშორებული სასაფლაო საცხოვრებლიდან. სიკვდილ-სიცოცხლე ხომ მუდამ ერთმანეთის გვერდით დგანან.
კითხვა: ცოდვად ითვლება თუ არა პატარა ტყუილების თქმა, რომელიც არავის ავნებს?
პასუხი: პატარა სიცრუეს დიდ სიცრუესთან მივყავართ; ყველაფერი – კარგიც და ცუდიც – მცირედიდან იწყება. თუ უფალს გულით ვთხოვთ, გამოსავალს ტყუილის თქმის გარეშეც ვიპოვით. წმიდა მამები გვირჩევენ: როდესაც არ შეგვიძლია სიმართლის თქმა, ვთქვათ – „არ ვიცი“ ან დავდუმდეთ. ასეთ დროს ცოდვაში არ ჩავიგდებთ თავს.