კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თბილისის რომელ უბანში იმართებოდა ყველაზე დიდი კრივი, ვინ იყვნენ ცნობილი თბილისელი მოკრივეები და რა წესები დაუწესა მოკრივეებს იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა

„ყეენობასთან“ ერთად, თბილისელების საჯარო გასართობად კრივი ითვლებოდა. ყეენობა ისტორიის მოგონება უფრო იყო, ხოლო კრივი – ფიზიკური ვარჯიშობა და სანახაობა. თბილისის ძველ უბნებში სპეციალური ადგილები იყო გამოყოფილი კრივისთვის, სადაც ერთმანეთს ქალაქის საუკეთესო ფალავნები ეპაექრებოდნენ. ძველი თბილისის მეხოტბის, იოსებ გრიშაშვილის ჩანაწერებისა და ძველი ფოტოების დახმარებით, თბილისური მუშტი-კრივის ისტორიას გავაცოცხლებთ.

კრივი

ძველად, როდესაც ბაქოდან ნავთი აქლემებით მოჰქონდათ, თბილისის მეთავლეები მართავდნენ ნარ-აქლემთა ჭიდაობას – აქლემები ჭიდაობდნენ კისრებით. მაგრამ, ყველაზე მეტად გავრცელებული იყო ყოჩების ჭიდაობა. ჭიდაობის მოყვარულნი დაყოჩებულ ერკემალს სახლში ზრდიდნენ, განსაკუთრებული მზრუნველობით ექცეოდნენ, პურსედ ინახავდნენ და ჯაჭვითა ჰყავდათ დაბმული, რომ უბრალოდ არავის დასტაკებოდა. ყოჩაობის დროს კი ქერით ათრობდნენ, ყელზედ ფერადმძივებიან საყელოს უკეთებდნენ, ქოჩორს ენდროთი უღებავდნენ და უკან გადატანილ რქის წვერებს კოპწიად გადაუხერხავდნენ. მამლების ძიძგილაობა უფრო დუქნების წინ იმართებოდა, ყოჩების ჭიდაობა კი – გაშლილ ასპარეზზე. ჭიდაობას ხელმძღვანელობდნენ ყოჩების პატრონები. ხშირად ყოჩთა ჭიდაობა ძალიან მწვავდებოდა და უკანონობაც ხდებოდა. ამ ნიადაგზე ბებუთებიც დატრიალებულა, ბოლო კი მაინც ერთი იყო: ჭიდაობის დასრულების შემდეგ, ყველანი „ჩასხდებოდნენ” მტკვრის პირას, ჩარხებთან და იმართებოდა მეგობრული ქეიფი. მაგრამ უფრო გულისხმიერი და ეპოქალური ნამდვილი მუშტი-კრივი იყო.

ძველად სიონის ტაძარი ქალაქის ორი მოკრივე ნაწილის – ჩრდილოეთისა და სამხრეთის საზღვრად ითვლებოდა. მოკრივეთა მიჯნას წარმოადგენდა, აგრეთვე, შუაბაზარი ქურქჩების სახელოსნოებამდე. იყო შემთხვევა, როცა მოკრივეთა „თაბუნს” მტკვარი ყოფდა. კრივი იმართებოდა სხვადასხვა ადგილას: ზარაფხანის ახლოს, სადაც ბაყალხანა იყო (მეტეხის ციხის ქვემო ნაწილი); არსენალზე, ეგრეთ წოდებულ „ჭირიანთ ხევში”; ავლაბრის იქით, სადაც ადრე ყაზარმები იყო; უფრო ხშირად კი სიონის ქუჩაზე, აბას-აბადისა და კოლორთაღის მოედნებზე; აგრეთვე, მოღნინის ეკლესიის მახლობელ ქუჩაზე, ბოტანიკური ბაღის ზემოთ, ჩანჩქერის თავზე და მამადავითზე. კრივი იმართებოდა კვირაობით, ყველიერის ბოლო დღეებში, აგრეთვე, ნათლისღების მეორე დღეს, რადგან, მიცვალებულთა სულის მოხსენიების გამო, ამ დროს ყველა დუქანი დაკეტილი იყო. ყველაზე დიდი კრივი, ეგრეთ წოდებული „ავლაბრის კრივი,” იმართებოდა კვირაცხოვლობა დღეს, ამავე სახელწოდების ეკლესიის მახლობლად. ძველ წყაროებში 1851 წლის 4 თებერვლის კრივის დეტალებია ნახსენები; ტფილისში ხმა დაირხა, რომ ამ კრივში 300 კაცი დაიჭრა და ხუთი მოკვდა, ამის გამო მთელი ოფიციალური მიწერ-მოწერაც კი გაიმართა და ამიერკავკასიის უმაღლესი ადმინისტრაცია იძულებული გახდა, ცენტრალური ხელისუფლებისათვის ახსნა-განმარტება წარედგინა. მეფისნაცვალ ვორონცოვის განმარტების შემდეგ, ნიკოლოზ პირველმა ასეთი ბრძანება გამოსცა: „კრივის ნება მიეცით ქალაგარეთ, მაგრამ, ისე კი, რომ მუშტების გარდა სხვა რამ იარაღი არავინ იხმაროს. კრივს თვალყური უნდა ადვენოს პოლიციამ, რომელსაც ნება ეძლევა, შეაჩეროს კრივი იმ დროს, როდესაც მოპირდაპირენი გახურდებიან”.

არსებობს ვერსია, რომ კრივს მეფე ერეკლეც ესწრებოდა. რუსეთის მმართველობის  დამყარების პირველი დღიდანვე, სხვა ადათთა შორის, კრივიც ყოფილა აკრძალული როგორც „საშიში თამაში”, მაგრამ, მთავარმართებელი ციციანოვის დროს, ხალხის თხოვნით, კრივი კვლავ განახლებულა. იმ დროს ზოგიერთი მოკრივე ხალხის მიერ დარქმეულ ზედმეტ სახელს ატარებდა, მაგალითად, „ქარაფქანდოღა” – კლდის დამქცევი; ამბობენ, ამ მოკრივეს კლდისთვის რომ მუშტი შემოერტყა, ბელტს ჩამოაგდებინებდაო; მეორე მოკრივე – დნგრ სოლომონა (სოლომონაშვილი) ისეთი ყოჩაღი ყოფილა, რომ, როგორც ამბობენ, ცხენის ნალს ხელით გადაღუნავდა და დაჩოქილი კრივობდა; ხოლო, მესამე მოკრივეზე – ქაჩალ სტეფანეზე, ასეთი ლეგენდაა: ერთხელ სიონის ქუჩაზე კრივის დროს ბანიდან ჩამოვარდნილი აგური დაეცა თავზე. აგური ოთხად გადატყდა, სტეფანემ კი სათვალავშიაც არ ჩააგდო, მაღლა აიხედა და ხუმრობით წარმოთქვა: ვინ ოხერია, რომ მეკენჭავებაო.

კრივი ბევრნაირი იყო: მუშტის კრივი, ხრიდოლი (კრივი ცალი ხელით), სალდასტი (ქვის კრივი). ყველაზე გავრცელებული იყო მუშტის კრივი და სალდასტის კრივი. მუშტის კრივი იმართებოდა ზაფხულში, ხოლო სალდასტის კრივი – ზამთარში. კრივს ჰქონდა თავისი წესები, ხალხის ჩვეულებაზე დამყარებული. კრივში წართმეული იარაღი, სარტყელი, ქუდი თუ ნაბადი ითვლებოდა კანონიერ ნადავლად ანუ ალაფად. როცა ქალაქში კრივი გაიმართებოდა, მაყურებლები სახლის სახურავებზე ადიოდნენ, ავსებდნენ ბანებს, იქიდან შესცქეროდნენ ომს და ამხნევებდნენ გამბედავ მებრძოლთ თანაგრძნობის აღმოჩენით. კრივს განსაკუთრებით ახალგაზრდობა მისდევდა. ქართველ ქალს ერთიათად უფრო ტურფად ეჩვენებოდა ის ვაჟი, რომელიც  კრივში გაიმარჯვებდა და სახელს გაითქვამდა. კრივში მონაწილეობდნენ უმთავრესად ხელოსანთა წრიდან გამოსული ფალავნები, ზოგჯერ კი  მათ ვაჭრებიც უერთდებოდნენ. მოკრივენი უქუდოდ, მკერდგაღეღილნი, ჩოხის კალთებაკეცილნი და ხშირად ფეხშიშველნიც იბრძოდნენ. მოკრივეთა რიცხვი განსაზღვრული არ იყო. კრივს, ჩვეულებრივ, ეგრეთ წოდებული წარჩინებული პირები მფარველობდნენ. ქომაგები ცხენებზე ისხდნენ, ერთმანეთს ეკამათებოდნენ თავიანთი რაზმის ფალავნებს აქეზებდნენ, ზოგჯერ კი „კარგად დამრტყმელ” მოკრივეებს ფულითაც ასაჩუქრებდნენ.

სალდასტის კრივი მთავარმართებელ ალექსანდრე ბარიატინსკის დროს სამუდამოდ აიკრძალა. დარჩა მხოლოდ ჩვეულებრივი მუშტის კრივი, რომელმაც 1870-იან წლებამდე გასტანა. ამ გვიანობამდე დარჩენილ მუშტის კრივს, რომელიც ქალაქგარეთ იმართებოდა პოლიციის ზედამხედველობით, თავისი წესები ჰქონდა გამომუშავებული. ხშირად ზოგიერთ მოკრივეს საშინელი მაგარი ცაცია ჰქონდა და, ვისაც შემოჰკრავდა – მორჩა, ცოცხალი ვეღარ ადგებოდა. აი, ამისთანა მოკრივეს სიტყვა ჰქონდა მიცემული, ან, როგორც ამბობენ, ხელი ჰქონდა მოწერილი, რომ ის აღარ იკრივებდა. ყოველ ათეულ წლებს თავისი ცნობილი მოკრივე ჰყავდა, მეთვრამეტე საუკუნის ფალავან-მოკრივეთა სახელები ჩვენამდე არ მოსულა. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან კი თბილისში ცნობილი იყვნენ შემდეგი მოკრივენი: შერმაზანა, საათო (მთავარმართებელ ციციანოვის ფალავანი), ხარფუხელი მკალავი ლეკუა, ოქრომჭედელი თაფანა, ბებუთაანთ გიგა (ლობჟანიძე), ყასაბი გელუაშვილი, ცხრაფეხაანთ გოლა, გამხდარი სიმონა (გოცირიძე), ლეჰენძაანთ ავეტიქა (ლენჩიშვილი), ბაბამ სირქია, ჭონი კვინიხა (არჩილ მუხრანბატონის ფალავანი), მჭედელი სია, ჩუღურეთელი თეთრახალუხა, წითელფუფაიკა კოლა, მეჩანგლე ლოპიანა (გრიგოლ ორბელიანის ფალავანი), თოქმაჩი გულაზა, მთაწმინდელი კომშუა, ჭიანუა, პაჭუა, ღორუა, გიჟუა (დათიკო მელექსედეს ძე ბებუთოვის ფალავანი), ყასაბი ჟირნაშვილი, ნიკოლა ცაცანაშვილი, გიჟ-მიხაკა, ბოშ-ოჰანეზა, მიკიტანი გრიშა (მამულოვი), დაბაღი ლოხოშა, დაბაღი პეტუა, დაბაღი ბეჯინშა, ბაყალი გომფუა, განჯელი ალია, ფარქასტუ კოლა, ასასი ბუჟუჟა, კუკიელი ვირიცოხნაშვილი და სხვები.

მასალაში გამოყენებულია ნაწყვეტები წიგნიდან: იოსებ გრიშაშვილი, „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა.”

скачать dle 11.3