როგორ გადააწყვეტინა თამთა შედანიას ერეკლე მანგოშვილმა გათხოვება და რატომ იყო კონკურსანტებისთვის უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული
„მის საქართველო“ – თამთა შედანია ცოტა ხნის წინ კუნძულ ბალიზე იმყოფებოდა, სადაც ჩატარდა სილამაზის კონკურსი „მის მსოფლიო“. თამთა ამ კონკურსზე პირველად იმყოფებოდა და როგორც თავად აღნიშნა, ბევრმა რამემ ის შოკში ჩააგდო.
თამთა შედანია: „მის სამყაროს“ შემდეგ „მის მსოფლიო“ ჩემი მეორე კონკურსი იყო. ინდონეზიაში ძირითადად მუსლიმანები ცხოვრობენ და ჩვენი იქ ყოფნის დროს მათ გამართეს აქციები მოთხოვნით, რომ მათთვის მიუღებელი იყო ჯაკარტაში სილამაზის კონკურსის ჩატარება, და „მის მსოფლიო 2012-ის“ პლაკატებს წვავდნენ, დემონსტრაციებს აწყობდნენ. ამიტომაც აღარ ჩატარდა საფინალო შოუ ჯაკარტაში და ჩატარდა ბალიზე. ჩვენ იქ არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია, უბრალოდ, ვერ გადაგვიყანეს დედაქალაქში. წარმოიდგინე, მთელი წლის განმავლობაში გეგმავ, როგორი იქნება სცენა, ანუ, ყველაფრის ორგანიზება წინასწარ გაქვს გაკეთებული, დახაზული და ერთ კვირაში გიწევს შეცვლა. შოკში ვიყავი, ამ ერთ კვირაში ისე პროფესიონალურად შეცვალეს ყველაფერი, ისეთი კარგი სცენა გააკეთეს, ადგილობრივმა დიზაინერებმა ისე კარგად იმუშავეს – ფოლგისგან ააწყვეს სცენა, რაც განსაკუთრებულად ლამაზი და მდიდრული ჩანდა ტელევიზორში. თან, როგორც ვთქვი, ეს ყველაფერი ერთ კვირაში მოახერხეს. საბოლოოდ, ყველაფერი ძალიან კარგად გამოვიდა, რადგან, ნამდვილი პროფესიონალები მუშაობდნენ. ჩვენზე, გოგონებზე ყველანაირად ზრუნავდნენ. სამ სხვადასხვა სასტუმროში ვცხოვრობდით გოგონები, სამივეში ძალიან კარგი მომსახურება იყო და, რაც მთავარია, ძალიან ლამაზი ხედები ჩანდა ფანჯრიდან. უბრალოდ, სანაპიროზე ვერ გავდიოდით, რაც ისევ და ისევ ჩვენი უსაფრთხოების გამო ხდებოდა. საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი იყო – კიდევ ერთი გამოცდილება მივიღე. სიმართლე რომ გითხრა, ამ კონკურსისგან ბევრს არაფერს ველოდი. „მის სამყაროზე“ მთელი ჩემი ძალები, ემოციები, შრომა ჩავდე, რომ შემდეგ საუკეთესო შედეგი მიმეღო, მაგრამ, ასე არ მოხდა და ძალიან დამწყდა გული. „მის მსოფლიოზეც“ ყველაფერს ვაკეთებდი, რაც მევალებოდა: სულ ფორმაში ვიყავი, ჩვენს ქვეყანას კარგად წარვადგენდი, უბრალოდ, ფსიქოლოგიურად სხვანაირად ვიყავი განწყობილი, რომ მერე ძალიან არ დამწყვეტოდა გული. „მის მსოფლიოზე“ დიდი როლს თამაშობს ერთი რამ – ხარ თუ არა დიდი ქვეყნიდან. კონკურსი რომ დამთავრდა, ბევრ გოგონას დასწყდა გული, ჩემი თავი გამახსენდა „მის სამყაროზე“. ყველაზე მეტად იმან ამიჩუყა გული და ცრემლი მომადგა თვალზე, როდესაც ყველა მონაწილესთან ერთად სცენაზე სათითაოდ გამოდიოდნენ პატარა ბავშვები. როგორც გაიხსნა სცენა, ეს ბავშვები გამოიქცნენ სცენაზე და თითოეულს იმ ქვეყნის დროშა ეჭირა, რომელ კონკურსანტთან ერთადაც გამოდიოდა სცენაზე. საქართველოს დროშა რომ დავინახე, ჟრუანტელმა დამიარა ტანში. ბევრმა არ იცოდა, სად იყო საქართველო, ბევრს ამერიკის შტატი ეგონა. ამიტომ, ამ კონკურსზე ჩემი მოვალეობა ისიც იყო, რომ მათთვის გამეგებინებინა, სად მდებარეობს ჩვენი ქვეყანა, როგორია ჩვენი ტრადიციები, ისტორია, კულტურა. ერთ დღეს კონკურსანტები წაგვიყვანეს პარკში, სადაც ჰყავთ ისეთი ცხოველები, რომლებიც გადაჯიშების პირას არიან. დღის ბოლოს თითოეულმა კონკურსატმა ჩავწერეთ ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე ამ პარკმა; ასევე, ყველას თითოეული ცხოველის ან ფრინველის შესახებ უნდა მოგვეყოლა. შემდეგ ამ ვიდეოს დაამონტაჟებენ და გარკვეული მოწოდების სახე ექნება: „სილამაზე – სიკეთისთვის“ და ამით მათ გადარჩენაში პატარა წვლილს შევიტანთ. გარდა ამისა, ძალიან ბევრ რესტორანში ვიყავით, სადაც ეგზოტიკური კერძები დავაგემოვნე. იცი, როგორი? რომ შეხედავ და ცოტათი გული რომ შეგიწუხდება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ძალიან გემრიელი იყო.
– წელს „მის მსოფლიო“ ფილიპინელი გოგონა გახდა. ელოდით მის გამარჯვებას?
– „მის ბულგარეთთან“ ერთად ვცხოვრობდი და გამიმართლა, რადგან, სხვა გოგონებს ძირითადად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ თავის „რუმეითებთან“, ჩხუბობდნენ კიდეც. რაც შეეხება გამარჯვებულს, როგორც კი დავინახე, ძალიან მომეწონა. ჩემს „რუმეითს“ ვუთხარი კიდეც, ეს გაიმარჯვებს-მეთქი. გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია, რომ უყურებ, თითქოს რაღაცას ასხივებს. ერთი რამ მინდა აღვნიშნო: ყველა კონკურსანტს ჰქონდა „ფეისბუქზე“ თავისი გვერდი, რომელსაც ერქვა Miss World Georgia და ასე შემდეგ. ყველა კონკურსანტს თავის გვერდზე უნდა დაედო კონკურსის განმავლობაში გადაღებული ფოტოები, ინფორმაცია, ვიდეოები. მეც, ცხადია, ვდებდი ყველაფერს. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი აზრი და, პირადად მე, უფრო მეტად მიყვარს, როდესაც მაკრიტიკებენ, ვიდრე მაქებენ. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ქართველების მხრიდან ძალიან ცუდი კრიტიკა იყო – ცუდ კომენატრებს დებდნენ. საერთოდ, როდესაც ასეთი გვერდია, შენ, იმის ნაცვლად, რომ შენი ქვეყნის წარმომადგენელს დაუჭირო მხარი, პირიქით, აკრიტიკებ და ცუდ კომენტარებს წერ – ეს არასწორია. მე ამით არაფერი დამიშავდა, უბრალოდ, სხვა ქვეყნების წარმომადგნელებს ძალიან ბევრი ფანი ჰყავდათ, მათ გვერდზე ბევრ კარგ კომენტარებს დებდნენ, გულშემატკივრობდნენ, აქტიურობდნენ პოზიტიური კომენტარებით და ესაა გვერდში დგომა, რადგან, როცა ასეთ კონკურსზე მიდიხარ, შენ გარდა არავინ იცის, იქ რამხელა პასუხისმგებლობა გაქვს და რისი გადატანა გიწევს. თვითონ ამ გვერდს აქვს მოწონების ფუნქცია და ვინც უფრო მეტ „ლაიქს“ მოაგროვებდა, ის ავტომატურად ხდებოდა ხალხის რჩეული და, შესაბამისად, გადადიოდა ტოპ-ექვსეულში. საქართველო არ არის იმხელა ქვეყანა, რომ ყველაზე ბევრი „ლაიქი“ მომეგროვებინა. თუმცა, ის გოგონა, რომელიც ხალხის რჩეული გახდა, „მის გიბრალტარია“. გიბრალტარი ძალიან პატარა ქვეყანაა, სადაც დაახლოებით 26 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მან ხმების უმრავლესობა სხვა ქვეყნებიდანაც მოაგროვა, რადგან, საკუთარი ქვეყნიდან დიდი მხარდაჭერა იყო და, როგორც თავად ამბობდა, დიდი ინვესტიცია იდება იმაში, რომ მე გავხდე „ლაიქებით“ გამარჯვებულიო. ამას არც ველოდი, მაგრამ, იმაზე დამწყდა გული, რომ როდესაც ვინმე საქართველოს სახელით მიდის, იმის ნაცვლად, რომ მხარში ამოუდგნენ, ქართველები, პირიქით, აკრიტიკებენ. იქნებ, მომავალში მაინც შეიცვალოს ქართველმა ხალხმა ხასიათი, რადგან, კარგია თუ ცუდია, მაინც შენია შენი ქვეყნის სახელი გააქვს სხვა ქვეყანაში და, მხარს თუ არ დაუჭერ, ნუ გალანძღავ მაინც.
– ერეკლეს გარეშე მოგიწია ერთი თვის გატარება. „ფეისბუქიდანაც“ ჩანდა, რომ ერთმანეთი ძალიან გენატრებოდათ.
– სხვებიც მენატრებოდნენ, მაგრამ, რაც ყველაზე მეტად მაკლდა და ტვინში მიტრიალებდა, ეს იყო ერეკლეს მონატრება. ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვიდოდი. მასაც ძალიან ვენატრებოდი. როცა ასეთ საპასუხისგებლო კონკურსზე ხარ, შენს იქ განცდილ ემოციებს ვერავის გაუმხელ, რადგან, ვერ გაგიგებენ. ამ შემთხვევაში, ერეკლე აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელიც რთულ წუთებში, დაღლილობისას, ჩემ გვერდით იდგა მორალურად; მისი ერთი სიტყვაც კი წამალივით იყო.
– როდის აპირებთ დაქორწინებას?
– 14 ოქტომბერს მამაჩემის გარდაცვალების წლისთავია და ამის მერე ვაპირებთ ჯვრისწერას. ჩვენთვის მთავარია, უფლის წინაშე ვიყოთ მართლები და ეს საოცარი მადლი მივიღოთ. ქორწილს არ გადავიხდი, რადგან, ზამთარში ქორწილები არ მიყვარს. უფრო სადად და ვიწრო წრეში გვექნება ჯვრისწერა. ძალიან გვინდა, შიო მღვიმის მონასტერში დავიწეროთ ჯვარი, რადგან, ძალიან მადლიანი, წმიდა ადგილია. 14 წლის ასაკში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა – გავცივდი და ცუდად ვიყავი. შიო მღვიმეში წამიყვანეს, წმიდა წყალი დამალევინეს, მამაომ ლოცვა წამიკითხა, ზეთი მცხო და სახლში დაბრუნებული გამოვკეთდი, გადავრჩი. ამიტომ, ეს ადგილი განსაკუთრებულად მიყვარს.
– მოკლედ, ერეკლემ უკვე გადაგაწყვეტინა გათხოვება.
– ერეკლემ რადიკალურად შეცვალა ჩემი ფიქრები, აზრები; უფრო სწორად, ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე. არაფერს მიკრძალავს, მაგრამ, ვიცი, რომ მის გამო რაღაცეებს დავთმობ. უფრო მეტად დავსერიოზულდი, აღარ მინდა სხვაგან წასვლა და უფრო ბედნიერად ვგრძნობ თავს, როდესაც საქართველოში ვარ. აქ სრული სიმშვიდე მაქვს, თან, ერეკლეც აქ არის. ბავშვობაში ვოცნებობდი სამ რამეზე: ვყოფილიყავი ჩემს არჩეულ სფეროში წარმატებული; ჩემი საყვარელი ადამიანები ჯანმრთელად ყოფილიყვნენ და მყოლოდა გვერდით ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე მეტად მეყვარებოდა და მასაც ასე ვეყვარებოდი. სამივე ოცნება ამიხდა და ძალიან მიხარია. შეიძლება, რაღაცეები მაკლია, არ მაქვს, მაგრამ, მაინც ბედნიერი ვარ. იცი, ერეკლე როგორ არის ჩემთვის?! ვაშლს შუაზე რომ გაჭრი, მაგრამ, მაინც ერთი რომ არის. ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ურთიერთგაგება გვაქვს, პატივისცემა – ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია.