ვინ და როგორ გამოიყენა ნოდარ მელაძის სახელი რეკლამირებისთვის და რატომ არ აქვს მას პირადი ცხოვრება
ნოდარ მელაძე ჟურნალისტის პროფესიას 15 წლის ასაკიდან ეზიარა და მას შემდეგ ამ სფეროშია. ამ წლების განმავლობაში ის არაერთ ტელევიზიაში მუშაობდა; იყო ტელეკომპანიები – „ევრიკა,” „კავკასია;” რადიო „ფორტუნა” „პირველი არხი,” „მზე,” „იმედი,” „პირველი რადიო” და „ტევე 3.” ჩვენი რესპონდენტი თავისივე სურვილით, ძალიან იშვიათად არის პრესის ფურცლებზე, ამიტომ, მის მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია. რა ხდება მის ცხოვრებაში და როგორ ახერხებს, აკეთოს ყველაფერი ხარისხიანად, ამ და სხვა თემების შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.
– წლების განმავლობაში პოპულარული და წარმატებული ტელესახე იყავი, მოულოდნელად კი ყველაფრის გარეშე აღმოჩნდი. მიუხედავად ამისა, უმუშევარი დიდხანს არ დარჩენილხარ და ტელესივრციდან რადიოსივრცეში გადაინაცვლე. როგორ იმოქმედა ამ გარდატეხამ შენზე?
– როდესაც ტელევიზიაში სიტუაცია შეიცვალა, ანუ ახალი მენეჯმენტი შემოვიდა, გადაწყვიტა, ტელევიზია სხვა ჟურნალისტებით დაეკომპლექტებინა. ჟურნალისტიკა არის პროფესია, რომელიც პირადად მე ძალიან მიყვარს. 15 წლის ასაკიდან ამ სფეროში ვარ და სხვა პროფესია არც არასდროს მქონია. ამიტომ, ძალიან მალე, მე და ჩემი მეგობრები, ყოფილი „იმედელები,” მივხვდით, რომ სახლში ჯდომას აზრი აღარ ჰქონდა და საკუთარი ძალებით უნდა გვეპოვა ადგილი მედიასივრცეში. ასე შევქმენით „იმედის” ყოფილმა ჟურნალისტებმა „პირველი რადიო” – რადიო, რომელიც რაღაც პერიოდი განსხვავებული ფორმატით მაუწყებლობდა. ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ, სარდაფში ერთი კომპიუტერით, მეორე კი ვიღაცამ გვათხოვა. ნელ-ნელა, ყოველი თვის მერე, გვიჩნდებოდა ახალი შესაძლებლობა, განვვითარებულიყავით; შემდეგ გავაკეთეთ ვებ-პორტალი. დღეს კი „პირველი რადიო” ინფორმაციის ერთ-ერთი წყაროა მათთვის, ვისაც სურთ, გაიგონ ან წაიკითხონ ახალი ამბები. არც ერთი დღე არ ყოფილა ისეთი გუშინდელი დღე რომ დღევანდელზე უკეთესი ყოფილიყო, ყოველდღიურად ვვითარდებით. რადიო ჩემთვის და ყველა იმ ჟურნალისტისთვის, ვინც აქ ვმუშაობთ, დამატებითი გამოცდილებაა. ეს არის პლატფორმა, სადაც უფრო მოკლედ და სხარტად ვისწავლეთ ახალი ამბების გადმოცემა.
– გავიდა რვა თვე და შენს ცხოვრებაში რადიოს პარალელურად ისევ გამოჩნდა ტელევიზია.
– ტელევიზია, ჩემი აზრით, სცენის მტვერივითაა – ერთხელ რომ „გადაყლაპავ“, მერე რთულია მასზე უარის თქმა. მართალია, ბევრი ჩემი მეგობარი სხვა სფეროში გადავიდა სამუშაოდ, მაგრამ, მათ ყოველთვის ენატრებათ ტელევიზია. პროფესორ მანანა ლითონიშვილს ხშირად უთქვამს, რომ, როცა წამყვანი ეთერში გადის და საინფორმაციო გამოშვება ან სხვა ნებისმიერი გადაცემა მიჰყავს, მისი გულისცემა და მფრინავის გულისცემა, რომელიც კოსმოსში მიფრინავს, აბსოლუტურად ერთმანეთის იდენტურია. შესაბამისად, ალბათ, ხვდებით, რამხელა დატვირთვა მოდის წამყვანზე და რამხელა პასუხისმგებლობა აქვს მას. ჩემთვის ეს ერთი წელი ძალიან რთული იყო – ჩემ წინ იხურებოდა ყველა კარი. ეს იმის გამო კი არ ხდებოდა, რომ რაღაცის კეთება არ შემეძლო ან სხვა უკეთ გააკეთებდა, არამედ, ვიღაცეები ფიქრობდნენ ასე – ისინი, რომლებიც ახალ რეალობებში იღებდნენ გადაწყვეტილებებს.
– მიუხედავად იმისა, რომ შენ წინ ბევრი კარი დაუმსახურებლად იხურებოდა, შემოთავაზებებიც გქონდა.
– ბოლოს ორი კონკრეტული შემოთავაზება მქონდა და ვიყავი არჩევნის ზღვარზე – სად წავსულიყავი. ბევრი ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, ყველაფერი თავიდან დამეწყო. „ტევე 3” ახალი ტელევიზიაა, სადაც ყველაფერი ნულიდან იწყებოდა. ეს უფრო საინტერესო იყო ჩემთვის, ვიდრე აწყობილ ტელევიზიაში მუშაობა. დამირეკა ინგა გრიგოლიამ და შემომთავაზა, მასთან ერთად წავსულიყავი სრულიად ახალ არხზე, სადაც ის გადაცემის კეთებას იწყებდა.
– მართალია, უცნობ ტელევიზიაზე არჩევნის გაკეთება დიდი რისკია, თუმცა, ამ შემთხვევაში რისკს ის ამართლებს, რომ ინგა გრიგოლიასთან წახვედი სამუშაოდ.
– ზოგადად, ტელევიზიას სახეები ქმნიან და, შედეგად, რაც უფრო მეტი სახე ჰყავს ტელევიზიას, მით უფრო პოპულარულია. ინგა გრიგოლია ძალიან პოპულარული ტელეწამყვანია, რომელსაც მაყურებელი ძალიან ენდობა, ეს ყველაფერი კი გადაცემის რეიტინგზეც აისახება. ინგასთან მუშაობა საინტერესოა, რადგან, მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ინგა არის „ადამიანი კომფორტი“ არა მარტო საქმეში, არამედ, ყველაფერში. ის ძალიან კარგი მეგობარია და მასთან ურთიერთობა ერთი სიამოვნებაა. „სტაფი” ერთმანეთზე დამოკიდებული გავხდით, დასვენების დღეებსაც კი ერთად ვატარებთ.
– ისიც მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ნოდარ მელაძესთან მუშაობაც ძალიან დიდი კომფორტია. ასევე, მინდა, „ტევე 3-ზე” შენი, როგორც წამყვანის, ტელედებიუტსაც შევეხო, რაც დაუგეგმავად მოხდა. როგორი შეგრძნებაა, როცა თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ მაყურებელს ესალმები და გადაცემის წაყვანას იწყებ?
– დავიწყებ იმით, რომ თავიდან ინგას გადაცემის პროდიუსინგში უნდა მემუშავა, მაგრამ, ინგამ მითხრა, რომ, ამის პარალელურად, ჟურნალისტიც უნდა ვყოფილიყავი მასთან და ჩართვები მქონოდა გადაცემაში. ერთ დღესაც, რადიოში მიმყავდა ეთერი და ინგამ მოულოდნელად მითხრა, ჩემ ნაცვლად გადაცემა შენ უნდა წაიყვანო, რადგან, ცუდად ვარო. ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოულოდნელობა და პასუხისმგებლობა იყო. ბევრი ვიფიქრე, როგორ, რანაირად გამეკეთებინა. მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდი, ყველა ინფორმაცია მომეპოვებინა. საღამოს, როცა გადაცემის ქუდი გავიდა ეთერში, იგივე განცდა მქონდა, როგორიც ბევრი წლის წინ – მაშინ, როცა პირველად გავდიოდი ეთერში. თავი ავწიე, მივესალმე მაყურებელს და ამ დროს სუფლიორი გაჩერდა. ისღა დამრჩენოდა, ზეპირად მეთქვა ყველაფერი. პირველი ბლოკი ძალიან დაძაბული ვიყავი, მეორე ბლოკში კი მივხვდი, რომ უკვე ყველაფერი გავითავისე.
– პირად ცხოვრებასაც შევეხები: რა ხდება?
– სად არის პირადი ცხოვრება! პირადი ცხოვრება ყოველთვის ჩემივე სამსახურის მსხვერპლი იყო. გიჟური რეჟიმით რაღაც ურთიერთობას დაიწყებ, მაგრამ, იმის გამო, რომ მერე ვერ იცლი ამისთვის, მალევე მთავრდება. ამით ყველას ვღლიდი ხოლმე. მიუხედავად ამისა, „გამონათებები“ არის მაინც, რადგან, რთულია ვიღაცაზე არ გეფიქრებოდეს. ისე, ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს, რადგან, პირადი არის პირადი და შენთვის უნდა შეინახო.
– რას ნანობ ყველაზე მეტად?
– მართალია, ჯობია, ისწავლო სხვის შეცდომებზე, ვიდრე საკუთარზე, მაგრამ, ყოველთვის ასე არ ხდება. შეცდომას ერთხელ თუ დაუშვებ, მთავარია, მერე ის აღარ გაიმეორო.
– ძლიერი ნერვების პატრონი ხარ და დიდი ნებისყოფით გამოირჩევი. ერთადერთხელ გნახე „აფეთქებული,” როცა სოციალურ ქსელში ვიღაცამ დაწერა, ნოდარ მელაძე ავარიაში დაიღუპაო.
– არასდროს ჩემს პირად მოსაზრებას არ გამოვხატავ სოციალურ ქსელში, რადგან, პირადი მოსაზრება შენთვის და შენი სამეგობროსთვის უნდა შეინახო. მართალია, ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება აქვთ, მაგრამ, ხანდახან საწყენია, როცა ეს ყველანაირ საზღვრებს გადადის. ალბათ, ეს ადამიანები არ ფიქრობენ, როგორი მტკივნეული და მწარე შეიძლება იყოს მათი კომენტარი სხვისთვის. კრიტიკა ყოველთვის გასაზიარებელი და გასათვალისწინებელია, მაგრამ, როცა ზღვარს სცდება, უსიამოვნო მომენტია. არ დავმალავ, ჩემთვისაც იყო ბევრი რამ მორალური დარტყმა, მაგრამ, ამ ყველაფერს ეთერში ვერ შევიმჩნევდი – ამის უფლება არ მაქვს. რაც შეეხება იმ პოსტს, რომელიც ახსენე, ვიღაცამ, უბრალოდ, რეკლამირებისთვის გამოიყენა – ამ პოსტს გახსნიდი და რაღაც ღონისძიების რეკლამაზე გადაყავდი. ეს პოსტი რომ წავიკითხე, პირველად ის გავაკეთე, რომ სახლში დავრეკე და მშობლებს ველაპარაკე, რადგან, ვიღაც სხვას რომ დაერეკა და ეს ამბავი მათთვის ეთქვა, შეიძლება, ვერც გადაეტანათ.
– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?
– უარს არასდროს ვიტყვი ჩემს პროფესიაზე, რადგან, ძალიან მიყვარს. ვიღაცისთვის ჟანგბადი, შეიძლება, სხვა რამეა, მაგრამ, მე ამით ვსუნთქავ. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა გელოდება მაყურებელი ან რადიომსმენელი, რომლისთვისაც ინფორმაციის წყარო ხარ.