ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა შემთხვევაში ხორციელდება საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია და უცხო ქვეყნისათვის გადაცემა სასჯელის მოსახდელად?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, ზოგადად, საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად არ შეიძლება ექსტრადირებულ იქნენ სხვა სახელმწიფოში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემა ხორციელდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებით (რომის სტატუტით) და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ჩაითვლება თუ არა დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილად, თუ შედეგი დადგა სხვა ქვეყანაში და, კონკრეტულად რა შემთხვევაში ჩაითვლება დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილად?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილად ითვლება დანაშაული, რომელიც დაიწყო, გრძელდებოდა, შეწყდა ან დამთავრდა საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩადენილ დანაშაულზე.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ვინ და რა შემთხვევებში შეიძლება იყოს საქართველოდან ექსტრადირებული სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით?
პასუხი: გაცნობებთ, რომ დანაშაულის ჩამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად, შეიძლება, ექსტრადირებულნი იყვნენ სხვა სახელმწიფოში ან გადაეცნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როდესაც საქართველოში ჩამოსულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც თავისი ქვეყანა ეძებს როგორც დამნაშვეს, მაგრამ, რეალურად, იგი არის პოლიტიკური ნიშნით დევნილი, ვალდებულია თუ არა საქართველო, გადასცეს ეს პიროვნება სხვა სახელმწიფოს, მასზე სასჯელის აღსრულების მიზნით?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, არ შეიძლება, სხვა სახელმწიფოს გადაეცეს შემოხიზნული, დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისთვის, აგრეთვე, ის, ვინც ჩაიდინა ქმედება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება, ან, თუ ჩადენილი დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯაა დაწესებული იმ სახელმწიფოში, რომელიც გადაცემას მოითხოვს. ასეთ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, დაისჯება თუ არა საქართველოს მოქალაქე საქართველოს კანონმდებლობით იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რომელიც, თუმცა დანაშაულად არ ითვლება იმ ქვეყნის კანონით, სადაც ის დროებით იმყოფება, მაგრამ, ასეთი ქმედება დასჯადია საქართველოში?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც უცხოეთში ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად არ ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ან/და. თუ ამ დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით.