რატომ თვლემს თამაზ ტყემალაძე მთელი წელი ლომივით და რა შეუთვალა მან ეკა კვესიტაძეს
უკვე რამდენიმე თვეა, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე დიდი არეულობაა – „აურზაური სალხინეთში” მას შემდეგ გამწვავდა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდსა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თამაზ ტყემალაძეს შორის „ბრძოლა წესების გარეშე” დაიწყო. ამის გამო კი თამაზ ტყემალაძე მოვლენების ეპიცენტრში მოხვდა. თავად ფიქრობს, რომ როგორც აზარტულ კაცს, ზვირთებში შერევის არ ეშინია, უფრო მეტიც, არც იმ ბრალდებებზე იხევს უკან, რასაც უყენებენ და არც იმას მალავს, ვის რას უმზადებს საზოგადოებრივ მაუწყებელზე სამომავლოდ.
– ბატონო თამაზ, საზოგადოებრივ მაუწყებელში დიდი არეულობაა. ეპიცენტრში კი თქვენ, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აღმოჩნდით. რა ხდება „პირველ არხზე“ და როგორ მოხვდით თქვენ ამ ამბებში?
– ბევრჯერ კი წამომაძახეს „მეგობრებმა” ბორდიდან, შემთხვევით მოხვედრილი კაციაო, მაგრამ მართლა ასე კი არაა. მთელი ჩემი ცხოვრება აქ მაქვს გატარებული, ბოლო ცხრა წელიწადის გარდა. პირველად რადიოში დავიწყე მუშაობა, ლიტერატურის განყოფილებაში. ერთად ვმუშაობდით მე და ზაზა დარასელი. როცა ნუგზარ ფოფხაძე მოვიდა ტელევიზიის ხელმძღვანელად, ზაზა დარასელი ლიტერატურის რედაქციაში, მე კი ხალხური შემოქმედების რედაქციაში გადაგვიყვანეს. ახლა ბორდი ძალიან ხშირად და უდიერად ახსენებს ნუგზარ ფოფხაძეს – ის იყო მოვლენა ამ ტელევიზიისთვის. ჩვენ ნუგზარ ფოფხაძისგან ვისწავლეთ, რა იყო სიტყვა „პროფესიონალიზმი”. სულ 32 წელი ვიმუშავე, აქედან მაშინ გამიშვეს, როცა მიხეილ სააკაშვილის მიერ მოწყობილი ვარდების რევოლუციის ნიაღვარმა აქედან წაიყოლა პატიოსანი და კვალიფიციური თანამშრომლების დიდი გუნდი. მაშინ „პირველი არხი“ იყო ისეთი სამსახური, სადაც გულს მოსვლა უხაროდა. არაჩვეულებრივად იყო აწყობილი აქაურობა, რედაქციული სისტემა მუშაობდა, ყველა თავის საქმეს აკეთებდა. ამ ტელევიზიას ქვეყნისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული, შეიძლებოდა მისი დაყვანა ამ დონემდე? ახლა კი აქ ისეთი დომხალია, ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობს და ძაღლს ვეღარ ცნობს პატრონი. ჯერჯერობით, რაც აქ ვარ, ხელის შეშლისა და ნერვების მოშლის მეტი არაფერი მინახავს. საშუალება არ მაქვს, რომ დავჯდე და შემოქმედებით ჯგუფებთან ვიმუშავო. ყველა ნაბიჯზე ინტრიგები და კოშმარები მხვდება სამეთვალყურეო საბჭოსგან.
– ისინი თქვენ გადანაშაულებენ.
– რაში? სესხი გაგვიყინეს, ეს სესხი აუცილებელი იყო. ეს ვალები წინა ხელმძღვანელობებმა დააგროვეს და ჩვენ დაგვიტოვეს გადასახდელად. ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ არ ვიცით რა გადაცემებია საჭირო? ტელევიზიის ნგრევა ზაზა შენგელიას დროს დაიწყო. ეგ და კახა ბექაური ერთმანეთის ალოტროპიული სახეცვლილებები არიან. მათ დაიწყეს ტელევიზიის ნგრევა. მათ პროფესიონალიზმზე რამეს როგორ ვიტყვი, მაგრამ პროფესიონალიზმის გარდა, არსებობს კიდევ სხვა რამ, რაც კაცმა საქმისთვის უნდა გამოიყენო. სანამ ტელევიზიიდან გამიშვებდნენ, ჰუმანიტარული მიმართულების მთავარი პროდიუსერი ვიყავი. ჩემთან შემოდიოდა ლიტერატურისა და ხელოვნების მთავარი რედაქცია, აგრეთვე ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქცია თავისი ყველა მიმართულებით. ამ რედაქციებში არაჩვეულებრივი ხალხი მუშაობდა. დღეს ჩვენი ტელევიზიის ისტორიაა ის ფონდები, რაც ამ რედაქციებმა შექმნეს. ჩემი ნამუშევრები სულ 1 500 საათის მაინც იყო. ახლა 100 საათზე მეტი არაა დარჩენილი, ეტყობა დაგლიჯეს, გამოიყენეს და მოისროლეს.
– ისევ თქვენს აქ შემთხვევით მოხვედრას დავუბრუნდეთ.
– 2-3 კაცი შეიძლება იპოვონ, ვისაც იმდენი გაუკეთებია ტელევიზიისთვის, რაც მე მაქვს გაკეთებული. მე მიყვარს ჩემი საქმე. როცა აქედან გამიშვეს, სკოლაში გავაგრძელე მუშაობა. სულ ვმუშაობდი სკოლაში ქართულის მასწავლებლად, მაშინაც კი, როცა პირველად აქ მოვედი. რამდენიმე სკოლა მაქვს გამოცვლილი – 161-ე სკოლაში ვმუშაობდი, საკმაოდ დიდხანს – 51-ე სკოლაში. მერე იყო 26-ე სკოლა. ახლაც ვმუშაობ სკოლა-კომპლექს „სადუნში”. მასწავლებლობა ის საქმეა, რაც ძალიან მიყვარს. მე მასწავლებლის შვილი ვარ და ეს გამყვა მთელი ცხოვრება, ბავშვებთან ურთიერთობას არაფერი ჯობია. იმ ცხრა წელიწადში, რაც ტელევიზიას ჩამომაშორეს, მასწავლებლობით ვშოულობდი ერთ-ორ კაპიკს. სტატიებსაც ვბეჭდავდი „უიქენდში”, სადაც ჩემი დაახლოებით 1 500-გვერდიანი კვლევა გამოქვეყნდა. რაც შეეხება შემთხვევითობას, მე ყოველ წელს ვიღებდი მონაწილეობას ტენდერებში. დირექტორის პოზიციაც მოვსინჯე და ბორდის წევრობაც ვცადე, მაგრამ შავ სიაში ვიყავი და ვერასდროს ვერაფერში ვიმარჯვებდი. ოთხ-ხუთ გადაცემას წარვადგენდი ყოველწლიურად, მაგრამ არც არაფერი. სულელურ წერილებს მწერდნენ, ათას ზღაპარს მიყვებოდნენ. როცა აქ ემზარ გოგუაძე აირჩიეს ბორდის თავმჯდომარედ, მას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, დავურეკე და ვუთხარი: მოვალ მანდ, სადმე კუთხეში ვიჯდები ჩემთვის და როგორც კონსულტანტი დაგეხმარებით-მეთქი. კარგიო, მითხრა. ამ დროს აქ დირექტორი არ იყო. ემზარმა იმსჯელა, იმსჯელა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დავნიშნულიყავი ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ.
– რაც როგორც ამბობენ, ხელისუფლებასთან და კოკა ყანდიაშვილთან იყო გადაწყვეტილი.
– უფ, იმდენ რამეს იგონებენ. ჩემი შვილიც კი ჩართეს, ლამის. ჩემს შვილს რა კავშირი აქვს ჟურნალისტურ სამყაროსთან? არანაირი. თავის ცხოვრებაში ტყუილი არ უთქვავს და მარხვა არ დაურღვევია ხუთი წლის ასაკიდან. მას რა კავშირი უნდა ჰქონდეს აქაურ ინტრიგებთან? მომეცით ის წიგნი (ბიბლიას ითხოვს, რომელიც დევს მაგიდაზე – ავტორი). აი, დავიფიცებ პირუთვნელად, რომ არაფერს ვიტყუები. ცხოვრებაში ტყუილის მეტი რა მითქვამს, როცა მეგობართა შორის ვლაღობ, მაგრამ ახლა, არ ვიტყუები. ჩემს აქ მოყვანასთან, ყანდიაშვილებს არანაირი კავშირი არ აქვთ. თქვენ გგონიათ, ბორდში ვინც არიან, არ მიცნობდნენ? არ იცოდნენ ვინ ვარ და საიდან? დირექტორის პირველი მოადგილის შტატი შექმნეს ჩემთვის, რაც ადრე სულ არსებობდა. როცა მოვედი, პირველივე თათბირზე ვთქვი: კვესიტაძე და პაიჭაძე უნდა გავათავისუფლოთ-მეთქი. შიშისგან სკამებიდან გადმოცვივდნენ. ეს რომ ბორდმა გაიგო, ისინიც გაგიჟდნენ, მაგრამ ეგონათ, მე ამას ვერ შევძლებდი. როცა აქ მოვიდა დირექტორი, რომელიც გაამართლა სასამართლომ, იმანაც ცუდად მიმიღო. მე ვიყავი მათთვის გაურკვეველი ადამიანი, თათბირებზე არ მიშვებდნენ.
– ალბათ, არ იდექით იმ კუთხეში, რასაც დაპირდით ბორდის ხელმძღვანელს.
– მე კუთხეში არასდროს არსად ვდგავარ. მე ვარ აქტიური ადამიანი – ვერაფერს ქვეყნად ვერ შეველიე, ცხოვრების ყველა ზვირთში ვერიე, – როგორც ამბობს ირაკლი აბაშიძე. რომ ატყდა ამბავი, კვესიტაძე-პაიჭაძესთან დაკავშირებით, ისინი იყვნენ საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის მიუღებელი ადამიანები თავიანთი ტენდენციურობით. ერთიც და მეორეც ამქვეყნად ყველას ეზიზღებოდა. არ უნდა ამას ლაპარაკი. ამას წინათ იმერეთში ვიყავი, ჩემი მეგობრის სიდედრის გასვენებაში. ერთი ოცი კვესიტაძე მაინც მოვიდა მადლობის სათქმელად. ეს ჩვენი გვარის შემარცხვენელი ქალი რომ მოგვაშორეო! მითხრეს. არ იყო ასე? მე ძალიან პრინციპული ადამიანი ვარ. რასაც ვამბობ, ვაკეთებ კიდეც. მე თავიდანვე გავუგზავნე მესიჯი ამ ორ ადამიანს, რომ არ ყოფილიყვნენ ტენდენციურები და შეეცვალათ ტონი. მათ ისეთი მაგრები ეგონათ თავი, სასაცილოდ არ ეყოთ ჩემი შეთვლილი. მოვედი თუ არა დროებით მოვალეობის შემსრულებლად, მესამე დღეს მოვაწერე ხელი ბრძანებას და ორივე გავუშვი, თუმცა პაიჭაძე დავტოვე რადიოში.
– როგორც ეკა კვესიტაძე ამბობს, თათბირებზე მართლა გძინავთ?
– ბაბუამისმა, მძინავს, აბა? ჰა, ჰა, ჰა! აფხაზეთის ომის შემდეგ თვალები მტკივა, ვერ ვიტან ჭარბ სინათლეს, თვალები მეჭუტება. ამიტომ ვატარებ მუქ სათვალეს. მე ლომის ზოდიაქოში ვარ დაბადებული. ჩვენ ლომები ვთვლემთ, მაგრამ ხომ იცით, ეს ძალიან საშიშია – არ იცი რას იზამს, თვალს რომ გაახელს. მე ათასი კვესიტაძე ვერ დამაკლებს ვერაფერს. აქაურობა ნაგიჟრებით არის სავსე. მე ესენი ვერ შემარყევენ. ვერავინ ვერაფრით მომერევა, რადგან მგონია, რომ ჩემი სინდისისა და ღმერთის წინაშე მართალი ვარ. დანარჩენი ვინ უნდა მომერიოს? თუ რამეში ვცდები, მითხრან. საერთოდ ასეთი ვარ, გადაწყვეტილებას არ მივიღებ, ას კაცს თუ არ შევეკითხე. წეღან ბიბლიაზე დავდე ხელი, კოკა ყანდიაშვილის მოყვანილი არ ვარ-მეთქი. მაგრამ, ხომ არ მოგატყუებთ, კოკასთან წლები მაკავშირებს. ჩემი რვანაწილიანი ფილმი ილია ჭავჭავაძეზე კოკას „აუდენციაში” გავაკეთე. იქვე ვიღებდით და ვამონტაჟებდით. რაც უნდა ის თქვან, ამაზე არ ვჯავრობ. შეიძლება, ისიც კი თქვან, რომ აზერბაიჯანის აგენტი ვარ საქართველოში.
– რატომ მაინცდამაინც აზერბაიჯანის?
– ლაგოდეხში დავამთავრე სკოლა, იქვეა აზერბაიჯანი. გარდატეხის წლები მაქვს გატარებული ლაგოდეხში, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. დღემდე დავდივარ ლაგოდეხში, მიყვარს იქაურობა.
– ამ არეულ-დარეულობას, რაც დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში ხდება, ჩვეულებრივი მოქალაქის ინტერესი ეწირება, რომლის გადასახადითაც არსებობს ეს ტელევიზია.
– მე ის კაცი ვარ, ვინც აქ ყველაფერს დაალაგებს, ძალიან აზარტული ვარ და აი, ნახავთ, თუ ასე არ იქნება. აქ ყველა შემაკავშირებელი სტრუქტურა დაშლილია. მე უკვე ბევრს ვმუშაობ ამ სტრუქტურების აწყობაზე. ძალიან კარგი გადაცემები დაიწყება მომავალი კვირიდან. სესხი რომ დაემტკიცებინათ, ბევრ კარგ გადაცემას შევინარჩუნებდით. ამ ბორდში ორი-სამი კაცია ნათელი გონებით, დანარჩენები ნაციონალური მოძრაობის გოშიები არიან, მეტი არაფერი. იცოდეთ, ამ დაპირისპირებაში მე გავიმარჯვებ. მიყვარს, როცა გამარჯვებული ვარ და სიმართლე ჩემს მხარეზეა.
– საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი „მაესტროს“ რატომ უყურებთ?
– წეღან პასკვილი გაუშვეს ჩემზე და იმის მერე დამრჩა ჩართული. დიდპირა ბიჭი რომ ჰყავთ, ვასიკო, ისეთი რაღაც თქვა ჩემზე, ამაზე სასაცილო არასდროს არაფერი გამიგია. მე მას შევუთვალე, რომ ცოტა მეტად კორექტული იყოს, დაიცვას ჟურნალისტური ეთიკა და არ გამაბრაზოს. მე ძალიან ცუდი გაბრაზება ვიცი.
– ერთი ამბავიც უნდა გკითხოთ. ამბობენ, ბორდის ყოფილ ხელმძღვანელს ლევან გახელაძეს, დახრჩობით ემუქრებაო. ეს მართალია?
– კი, როგორც კორიდორში შემხვდება, მაშინვე დავახრჩობ. ისეთ რაღაცეებს წერს, ერთი სიტყვა არაა მართალი. გახელაძის გულისთვის ციხეში წავალ? ადრე სანადიროდ დავდიოდი, ბევრი დათვი და ღორი მყავს მოკლული. ახლა ამას ვნანობ და გახელაძეს დავახრჩობ? მოკვლით ვერ მოვკლავ, მაგრამ რომ მოვინდომო, კარგად ვცემ. როცა ადამიანებს არ ესმით, მეტი გზა არ მრჩება. ჯერჯერობით კიდევ შემიძლია ასეთი ადამიანების ცემა. ფიზიკურად კარგ ფორმაში ვარ. მე ძალიან მაგარი სპორტული წარსული მაქვს – ალპინისტიც ვიყავი, მოჭიდავეც, ცხენოსანიც, მოცურავეც. სულ აქეთ-იქით დავხეტიალობდი, 43 ექსპედიციაში ვარ ნამყოფი, ბევრი რამ შემხვედრია ამ გზაზე. ბაიკალის ტბამდე ველოსიპედით ვარ ჩასული. არქეოლოგიურ ექსპედიციებშიც ხშირად დავდიოდი, ველოგადარბენებზეც. იყო ძალიან დიდი ექსპედიცია „ოქროს საწმისი”, თვითნაკეთი ხომალდით ჩავედით რიონიდან ტიმ სევერინამდე, თევდორე მღვდლის ნაკვალევზეც ვიარე. მაშინ უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, ძალიან საინტერესო ცხოვრება გვქონდა უნივერსიტეტელებს. მაგრამ, პირველი კურსი დავხურე თუ არა, როგორც კომუნისტებისთვის არასაიმედო პირი, „დამსაჯეს” და სხვა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრეს, ჯარში გამიწვიეს. ბათუმის გარნიზონში ერთადერთი ოფიცერი ვიყავი, რომელსაც უფლება არ ჰქონდა მახინჯაურს გაცდენოდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ 1976 წელს გამოვიდა ზვიად გამსახურდიას იატაკქვეშა ლიტერატურა – „საქართველოს მოამბის” პირველი ნაწილი, სადაც დაიბეჭდა ჩემი სტატია „საქართველოს ისტორიული ძეგლები და სტუდენტობა”. ამასაც თავისი ისტორია აქვს, როგორ მოხვდა ჩემი სტატია ამ გამოცემაში. ამის გამო დამამუშავა „კაგებემ“, როგორც შემოპარული მტერი. თავიდან იმასაც კი ვერ ვხვდებოდი, რატომ იყო ჯარში დაჭრილი ჩემი ჩემოდანი, რას ეძებდნენ. გვიან გავიგე, რომ ამას უშიშროება აკეთებდა. სასწაულ რაღაცეებს მიწყობდნენ ხელვაჩაურის რაკეტულ დივიზიონში, სადაც სავალდებულო სამსახური გავიარე. ძლივს დამთავრდა ის პერიოდი და მეც ძლივს გადავრჩი დაჭერას. მოგზაურობა სულ მიყვარდა. ამას წინათ, ხაშურში ვიყავით მეგობრები. ერთი კაცი შეგვხვდა, მარსელიდან მოვდივარ ფეხით, ჩინეთში უნდა ჩავიდეო. ზურგზე 40 კილო ტვირთი ეკიდა. ერთ ხაშურელ მეგობარს გავატანეთ ის კაცი, მოასვენა, აბანავა. მეორე დღეს ჩავაკითხეთ იმ კაცს. იცი, რა გვითხრა? საიდანაც გამომიყვანეთ, ისევ იქ წამიყვანეთ, ფეხით უნდა გავაგრძელო გზაო. 7 კილომეტრი გვატარა უკან, რომ გზა იმ წერტილიდან გაეგრძელებინა აი, მოგზაურიც იმას ერქვა. მე მარსელელივით სულ ველოსიპედით არ მივლია, სხვა ტრანსპორტიც გამოვიცვალე (იცინის).