რატომ არის „იუჟნაია ოსეტია“ რუსეთის ფავორიტი და რატომ ახარჯავს მცირერიცხოვან ცხინვალს აფხაზეთზე 3-ჯერ მეტ თანხას
2008 წლის ომმა საქართველოს ეკონომიკას ძლიერი დარტყმა მიაყენა, რაც ციფრებში შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველოს ეკონომიკის 2008 წლის პირველი ნახევრის 9-პროცენტიანი ზრდა 2008 წლის მეორე ნახევარში 2,8 პროცენტამდე შემცირდა. მთლიანობაში, ქვეყნისთვის ომით მიღებული ზარალი მრავალი მილიარდი დოლარით იზომება. მაგალითად, სომხეთის ეკონომიკამ, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მხოლოდ ორი მესამედია, აგვისტოს ომით გამოწვეული კომუნიკაციების შეფერხების გამო 500 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა. ამ ფონზე ადვილი წარმოსადგენია, რა ოდენობის მატერიალური ზარალი მიაყენა აგვისტოს ომმა საქართველოს. ექსპერტი იოსებ არჩვაძე დაგვეხმარება იმის დასადგენად, თუ რა ოდენობის ფულს ხარჯავს რუსეთის ფედერაცია თავის მიერ აღიარებული წარმონაქმნების დასახმარებლად. რა უჯდება ეს რუსეთის გადასახადის გადამხდელს და როგორ გამოიყურება ამ ფონზე დანარჩენი, არაოკუპირებული საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები.
– რა მასშტაბის ფინანსური დახმარება აღმოუჩინა რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდში დღემდე?
– რუსეთი ფართომასშტაბიან ეკონომიკურ, ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოცენებულ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებს“. 2009-2012 წლებში და 2013 წლის პირველ ხუთ თვეში რუსეთმა აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ „სამხრეთ ოსეთს“ გამოუყო 47 მილიარდი რუბლი, 21 მილიარდამდე – სოციალურ განვითარებაზე, დანარჩენი – საბიუჯეტო ინვესტიციებზე. რუსულმა ბიუჯეტმა თავის მიერ აღიარებულ ამ „სახელმწიფოებს“, საერთო ჯამში, ერთ-ნახევარ მილიარდზე მეტი დახმარება აღმოუჩინა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს თანხები გრანტული დატვირთვისაა – გადის „ფინანსური დახმარების“ მუხლით და არ აყალიბებს რუსეთისადმი სახელმწიფო ვალს. ამის გარდა, რუსული მოქალაქეობის ჩამორიგება აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრებთათვის გულისხმობს მათთვის საპენსიო უზრუნველყოფას რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდის ხარჯზე.
– ეს თანხები ოფიციალურად მიიმართება ცხინვალსა და სოხუმში?
– ამ წარმონაქმნებისადმი დახმარების მნიშვნელოვანი სახსრები იმალება რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის სტატიაში „ეროვნული თავდაცვა“. ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება უხალისოდ ასაჯაროებს საკუთარ თავდაცვაზე გაღებულ ხარჯებს. ამ მხრივ, არც რუსეთია გამონაკლისი. ამ ქვეყნის ოფიციალური მონაცემები საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე, დაახლოებით, 1,5-ჯერ ნაკლებია, ანუ 60 მილიარდი დოლარია, ნაცვლად 90,7 მილიარდისა, რაც ამ ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის 4,4 პროცენტია. რუსეთის შეიარაღებულ ძალების საერთო რიცხოვნობა, რეზერვის გარეშე, მილიონ 40 ათასს შეადგენს. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მიერ თავდაცვაზე გაწეული ხარჯები საშუალოდ ერთ სამხედრო მოსამსახურეზე გაანგარიშებით 111 ათას აშშ დოლარს აღემატება.
– ამ თანხაში შედის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განლაგებულ კონტინგენტზე გაწეული ხარჯი?
– რუსეთს, თავის მიერ დამოუკიდებლად აღიარებულ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ეგრეთ წოდებულ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, თითოეულში 4 000-4 000 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, სულ, დაახლოებით, 8 ათასი სამხედრო. ამას გარდა, აფხაზეთის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა, ოფიციალურად, 2 100-2 200-ია, ხოლო ეგრეთ წოდებულ „სამხრეთ ოსეთში“ – 1 250. ანუ ამ ტერიტორიებზე სამხედრო კონტინგენტის საერთო რაოდენობა 11 450-ს აღწევს. თუ ზემოთ მოტანილი გაანგარიშებით ვისარგებლებთ, ამ „დამოუკიდებელი სახელმწიფოების“ დაცვა, იქ შეიარაღებული ძალების ყოლა, იარაღის შეტანა და საბრძოლო მდგომარეობაში მუდმივი ყოფნის უზრუნველყოფა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და ექსპლუატაცია, საზღვრის კონტროლი და ასე შემდეგ რუსეთის გადასახადის გადამხდელებს ყოველწლიურად, დაახლოებით, 900 მილიონი დოლარი უჯდებათ. ამის გარდა, აფხაზეთის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც დიდწილად ისევ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სუბსიდირებით ყალიბდება, 2013 წელს თავდაცვაზე გათვალისწინებულია, დაახლოებით, 9 მილიონი დოლარი. შესაბამისად, აფხაზეთის შეიარაღებული ძალების ერთი მოსამსახურისთვის თავდაცვაზე გაღებული ხარჯების მოცულობა, დაახლოებით, 4 100 დოლარს შეადგენს.
– რუსეთში როგორია ეს მაჩვენებელი?
– რუსეთის მოსახლეობის ერთ სულზე თავდაცვითი ხარჯები შეადგენს, დაახლოებით, 635 დოლარს. გამოდის, რომ რუსეთი აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეების, რომლებიც დიდწილად რუსეთისავე მოქალაქეებიც არიან, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, „ქართული აგრესიისგან დასაცავად,“ მოსახლეობის ერთ სულზე ხარჯავს სულ ცოტა, ხუთჯერ მეტ თანხას, ვიდრე უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის. რუსული დახმარებების წყალობით, მაგალითად, თუ საქართველოს თავდაცვაზე მოდის საბიუჯეტო ხარჯების 8 პროცენტი, რუსეთში – 12,4 პროცენტი, აფხაზეთში – 182,8 პროცენტი, ეგრეთ წოდებულ „სამხრეთ ოსეთში“ კი – 240,5 პროცენტი.
მეორე მხრივ, სამხედრო ხარჯებით მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოს რუსეთი 7,3-ჯერ, აფხაზეთი – 22-ჯერ, ცხინვალის რეგიონი კი თითქმის ასტრონომიულად – 73,7-ჯერ უსწრებს.
– გარდა რუსეთიდან მიღებული ამ ფულადი დახმარებებისა, კიდევ თუ არსებობს რამე შემოსავლის წყარო საქართველოს ამ ორ ოკუპირებულ რეგიონში?
– აფხაზეთში შექმნილი მთლიანი შიგა პროდუქტი, ოფიციალური სტატისტიკით, დაახლოებით, 750 მილიონი დოლარია. ცხინვალის რეგიონში კი, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, 100 მილიონ დოლარზე მეტი არ არის. ანუ, საერთო ჯამში, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, ეს შეადგენს 850 მილიონ დოლარამდე, რაც საქართველოს ანალოგიური მაჩვენებლის მეოცედია. რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა, აფხაზი და ოსი მოსახლეობის „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“ უფრო მეტ ხარჯებს გულისხმობს, ვიდრე თავად ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების შრომით შექმნილი მთლიანი შიგა პროდუქტის ღირებულებაა. მოსახლეობის ზუსტი რიცხოვნობის ცოდნა, მთლიანი შიგა პროდუქტის მოცულობის ცოდნასთან ერთად, აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნისა თუ წარმონაქმნის ეკონომიკური განვითარების დონის დასადგენად. აფხაზეთის მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა. სოხუმის ოფიციალური ინფორმაციით, 2011 წლის მდგომარეობით, 241 ათას ოთხასია, თუმცა, ჩვენი ექსპერტული შეფასებით, ეს ციფრი საკმაოდ გაბერილია და მოსახლეობის რეალური რაოდენობა 190-200 ათასს არ უნდა აღემატებოდეს. კიდევ უფრო ნაკლებია მოსახლეობა ეგრეთ წოდებულ „სამხრეთ ოსეთში“. თვით ადგილობრივი და რუსული წყაროებით, ამ „დამოუკიდებელ ქვეყანაში“ ჩარჩენილი მოსახლეობის რაოდენობა 10 000-დან 30 000-მდეა. მაგალითად, კარნეგის ცენტრის თანამშრომელი, ალექსეი მალაშენკო აცხადებს, რომ დღეისთვის „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობა ეს არის მოსკოვის ერთი ქუჩის მოსახლეობა. აფხაზეთში პენსიონერთა რაოდენობა 49 800-ა, „სამხრეთ ოსეთში“ კი, მოსახლეობის ფაქტობრივი რიცხოვნობიდან გამომდინარე, 10 ათასს არ უნდა აღემატებოდეს.
– პენსიების მხრივაც პრივილეგიურ მდგომარეობაში ჰყავთ, ვიდრე რუსეთში მცხოვრები რუსი პენსიონრები?
– რუსეთის ფედერაციაში საშუალო პენსია, 2013 წლის აპრილის მდგომარეობით, 10 400 რუბლია, ხოლო საშუალო დანიშნული პენსია – 10 014 რუბლი. თუ ამოვალთ იქიდან, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ყველა პენსიონერი რუსეთის მოქალაქეა, ხოლო საშუალო პენსია რუსეთის ფედერაციაში არსებული საშუალო პენსიის 80 პროცენტს მაინც შეადგენს, მაშინ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები პენსიონრების პენსია 280 დოლარზე ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო ჯამური ხარჯები პენსიებზე, 200 მილიონ დოლარზე მეტი იქნება. გამოდის, რომ რუსეთის ფედერაცია ყოველწლიურად, დაახლოებით: 1,1 მილიარდ დოლარამდე ხარჯავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხოლოდ ორი დანიშნულებით – შეიარაღებული ძალების ყოფნისა და პენსიონერების საპენსიო უზრუნველყოფისთვის. აქვე გავიმეორებ, რომ ამ თანხებში არ შედის რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთისთვის“ გამოყოფილი ფინანსური დახმარებები, რომლებმაც 2009 წლიდან დღემდე უკვე 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
– რუსეთის ფედერაცია თანაბრად ეხმარება ორივე რეგიონს თუ ფავორიტი მაინც ჰყავს?
– მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ორივე ცნო, სამხედრო კონტინგენტებიც თითქმის თანაბარი რაოდენობით ჰყავს საქართველოს ამ ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ფინანსური დახმარების მასშტაბები განსხვავებულია. მართალია, ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთის მოსახლეობა სამჯერ და მეტად აღემატება ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას, 2008 წლის აღიარების შემდეგ, ეგრეთ წოდებულმა „სამხრეთ ოსეთმა“ აფხაზეთთან შედარებით 2,4-ჯერ მეტი რუსული ფინანსური დახმარება მიიღო. ასეთი დისპროპორცია გამოწვეულია იმით, რომ აფხაზეთს, ასე თუ ისე, აქვს ეკონომიკა, ახდენს გადასახადების ადმინისტრირებას. აფხაზეთი რუსეთიდან ყოველწლიურად, დაახლოებით, 100 მილიონი დოლარის დახმარებას იღებს, რაც აფხაზეთის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების 55 პროცენტია. აფხაზეთში წარმოებული მთლიანი შიგა პროდუქტი და საბიუჯეტო ხარჯები მოსახლეობის ერთ სულზე თითქმის უტოლდება საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს, თუმცა რუსეთიდან მიღებული ფინანსური ინიექციების გარეშე, 2,5-ჯერ ჩამორჩება. მაგრამ განსხვავებული სურათია ეგრეთ წოდებულ „სამხრეთ ოსეთში“. იქ ეკონომიკა თითქმის არ არსებობს. საბიუჯეტო სახსრების 92 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მიერ გაწეულ დახმარებაზე მოდის. შესაბამისად, ადგილზე მობილიზებული სახსრების წილი მხოლოდ 8 პროცენტია და დასახულია ამოცანა, რომ ეს მაჩვენებელი 12 პროცენტამდე გაიზარდოს. ეს 8 პროცენტიც ის საშემოსავალო გადასახადია, რასაც ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული მოქალაქეები იხდიან. ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, მოსახლეობის ერთ სულზე მათი მთლიანი შიგა პროდუქტი საქართველოს ანალოგიური მაჩვენებლის, დაახლოებით, ერთი მესამედია. ადგილობრივი და რუსი ექსპერტები ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ მომავალს მისი ეკონომიკის განვითარების გარეშე ერთიან რუსულ გარნიზონად გადაქცევაში ხედავენ. სწორედ ამ „ერთიან გარნიზონთან“ შეუფერხებელი კომუნიკაციისთვისაა გამოყოფილი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 900 მილიონი დოლარი როკის გვირაბის გაფართოება-რეკონსტრუქციისთვის.
ყოველივე ზემოთქმულიდან იკვეთება უაღრესად „საინტერესო“ სურათი: აფხაზეთი, ეკონომიკური განვითარების დონით, დანარჩენ საქართველოს, სულ ცოტა, ერთი მეხუთედით, ხოლო ცხინვალის რეგიონი კი – 4-ჯერ და მეტად ჩამორჩება, მაგრამ საბიუჯეტო ხარჯების მოცულობით აფხაზეთი თითქმის ჩვენს დონეზეა, ცხინვალის რეგიონი კი დაახლოებით 2,5-ჯერ გვაჭარბებს. მაგრამ თუ გარე დახმარებებს, სუბსიდიებსა და გრანტებს გამოვრიცხავთ, აფხაზეთის, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა და დანარჩენი საქართველოს ბიუჯეტებიდან, ესე იგი, დავტოვებთ მხოლოდ ადგილზე მობილიზებულ გადასახადებსა და სხვა სახის ადგილობრივ შემოსავლებს, მაშინ დანარჩენი საქართველოს ბიუჯეტი მოსახლეობის ერთ სულზე 2-ჯერ და მეტად გადააჭარბებს აფხაზეთის ანალოგიურ, ხოლო თითქმის 5-ჯერ – ცხინვალის რეგიონის მაჩვენებელს. ასეთ პირობებში განსაკუთრებით თვალშისაცემია „დამოუკიდებელი“ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ თავდაცვაზე გაწეული ხარჯებისა და შეიარაღებული ძალების აშკარა მეტობა საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. სახელმწიფოებრიობის იმიტაციას ქმნის რუსეთის ფინანსური მხარდაჭერა და რომ არა ეს, ქართულ სახელმწიფოს არ გაუჭირდებოდა საერთო ენის გამონახვა იქაურ მოსახლეობასთან და იქაურ პოლიტიკურ ლიდერებთან. ფინანსური ინიექციებით ხდება მათი გადაბირება რუსეთის მხარისკენ.
– როდემდე შეიძლება, გაგრძელდეს ეს მუდმივი დოტაცია რუსეთის მხრიდან. მით უფრო, ჩვენ ვიცით, რომ ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების ბიუჯეტები დოტაციურია და იქ არ წყდება სისხლიანი დაპირისპირება. ანალოგიური მომავალი ელით ჩვენს ოსებსა და აფხაზებსაც?
– მგონი, გაცნობიერებული აქვთ ეს, უბრალოდ მათ ჩვენკენ შემოსაბრუნებლად გარკვეული დრო სჭირდებათ. რუსეთმა მათ მისცა „შანსი“, თავი გამოეჩინათ ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ აქტიური მოქმედებით და იმდენად არიან დამძიმებულნი ამით, რომ პოლიტიკოსთა იმ თაობას, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ კონფლიქტის გაღვივებასა და აქტიურ სეპარატისტულ მოძრაობაში, უჭირთ პირისპირ დაჯდომა და საუბარი. რა თქმა უნდა, ქართული მხრიდანაც იყო დანაშაული და გადაცდომა, საბოლოოდ, ორივე მხარემ მოახერხა „ნალომატ მნოგო დროვ“. პოლიტიკური გავლენის შესანარჩუნებლად და იმის სადემონსტრაციოდ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა სუსტია, არშემდგარია, მას ექსცენტრული პირები ხელმძღვანელობენ და ასე შემდეგ, რათა ჩრდილოეთ კავკასიას დაანახვონ საფრთხობელა საქართველოს სახით, თუ თქვენ რამეს მოინდომებთ, თქვენც იმავე ვითარებაში ჩაცვივდებითო. მთლიანად რამდენადაა დამოკიდებული: სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი ერთი მეექვსედია, აფხაზეთში ეს 72 პროცენტია, ცხინვალის რეგიონში კი – 90 პროცენტზე მეტი. ისიც, ძალოვან სტრუქტურებში არიან დასაქმებულნი. ვერც ერთი ატრიბუტით, ვერც აფხაზეთი და ვერც ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი, ვერ აკმაყოფილებს სახელმწიფოებრიობის მოთხოვნებს.
– ჩვენ ვაკმაყოფილებთ?
– რა თქმა უნდა, რადგან ჩვენი ბიუჯეტის შემოსავლების 92 პროცენტამდე მთლიანად მოდის საკუთარ შემოსავლებზე. საქართველოს აქვს მოდელი, რომლითაც შეუძლია მნიშვნელოვანი ამოცანების დაუხმარებლად გადაწყვეტა.