რა საქმიანობებმა მოუტანა გაჩინოვნიკებამდე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ვახტანგ მჭედლიშვილს წელიწადში 80 000 ლარამდე შემოსავალი
თუკი ყველა დანარჩენი სამინისტროს საიტზე მინისტრისა და მისი მოადგილეების ბიოგრაფიები დეტალურადაა მოცემული, გარემოს დაცვის სამინისტრო გამონაკლისია, იმ მხრივ, რომ მინისტრის მოადგილეების განათლებისა და კარიერის ამსახველი მონაცემები ფრიად პოეტურადაა გადმოცემული. გამონაკლისი არც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ვახტანგ მჭედლიშვილია. ის 1974 წელსაა დაბადებული. განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო, საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში კი ასპირანტურის კურსი გაუვლია. ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორიცაა. შემდეგ ხატოვნადაა აღწერილი, რომ ბ-ნ მჭედლიშვილს იურიდიულ სფეროში მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება აქვს და რომ 1997 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოში, ხელმძღვანელობდა საქართველოს შემოსავლების სამინისტროს რეფორმების სამდივნოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს. 2005 წლიდან კი კერძო საკონსულტაციო კომპანია დაუარსებია და საადვოკატო საქმიანობისთვის მიუყვია ხელი. ამის პარალელურად, 2006 წლიდან აქტიური პედაგოგიური საქმიანობაც დაუწყია. სამეცნიერო სტაჟირება ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში გაუვლია (ბერლინის პარლამენტის სტიპენდიის ფარგლებში), აშშ-ში HBSS იურიდიულ კომპანიაშიც მუშაობდა და ემორის უნივრსიტეტშიც გაუვლია სტაჟირება კერძო სამართლის მიმართულებით.
საფინანსო და ქონებრივი დეკლარაცია კი 2013 წელს შეავსო, რომელშიც ოჯახის წევრები მითითებული არ ჰყავს, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ მარტო ცხოვრობს. რაც შეეხება მის უძრავ-მოძრავ ქონებას: ვახტანგ მჭედლიშვილის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე (136 კვადრატული მეტრი ფართობის) და 20 კვადრატული მეტრი ფართობის ავტოფარეხი; საცხოვრებელი სახლი თეთრიწყაროს რაიონში, კერძოდ, ამლევში (150 კვადრატული მეტრი ფართობის) და იქვე 600 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი; საცხოვრებელი ბინა ბორჯომში (30 კვადრატული მეტრი) და 700 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი მცხეთაში, კერძოდ, საგურამოში. ასევე, 1999 წლის ავტომანქანა „მერსედესი“.
დეკლარაციის მიხედვით, 2012 წლის განმავლობაში ვახტანგ მჭედლიშვილმა, როგორც თსუ-ის ასისტენტ-პროფესორმა 11 945 ლარი მიიღო; როგორც გრიგორ რობაქიძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგმა – 6 411 ლარი; როგორც „ვ. მჭედლიშვილის საადვოკატო ბიუროს“ ადვოკატმა – 33 262 ლარი; ხოლო, როგორც სამედიცინო ცენტრ „ნატუროფათის“ კონსულტანტმა – 24 960 ლარი.
გასულ წელს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეს შემდეგნაირი ხარჯები ჰქონდა: აგარაკის შეძენა 11 550 ლარი დასჯდომია; საკრედიტო ბარათის მომსახურება – 15 783 ლარი.
საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე, იმ განყოფილებაში, სადაც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ვახტანგ მჭედლიშვილის საფინანსო დეკლარაციაა განთავსებული, 2012 წლის სექტემბერში შევსებული დეკლარაციაც დევს. დეკლარანტი ვახტანგ მჭედლიშვილია (ისიც 1974 წელს დაბადებული), რომელსაც დეკლარაცია შეუვსია, როგორც კუდის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს. ორივე ვახტანგ მჭედლიშვილის დეკლარაციების დეტალური შესწავლისა და შედარების შედეგადაა შესაძლებელი, დადგინდეს, რომ შესაძლოა, 2012 და 2013 წლის დეკლარაციები სხვადასხვა ვახტანგ მჭედლიშვილის მიერაა შევსებული. იმედს ვიტოვებთ, რომ საჯარო სამსახურის მონაცემთა ბიურო ამ ხარვეზებს გამოასწორებს, რათა არ მოვხვდეთ ისეთ კომიკურ გაუგებრობაში, როდესაც ორი მარინეა, ორივე გიორგის ასული და ორივე ფერაძე (აქვე შეგახსენებთ, რომ ანალოგიური რამ მოხდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის, შემთხვევაშიც. ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ იქ ორი „მარინეს“ იდენტიფიცირების შესაძლებლობა უბრალოდ არ იყო).