ასი პარასკევი
ანუ, კიდევ ვის მოაკიდებინებენ ხელს
ჩვენ საბოლოოდ კვლავ ვერ გაგვირკვევია, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაში და, მთლად იმიტომაც არა, რომ ასი პარასკევი გვაქვს, არამედ, იმ მარტივი და ხელშესახები მიზეზით, რომ, შიდა ქართლში ოკუპანტები და ჩვენებური სეპარატისტები მავთულხლართებით მოიწევენ სიღრმეში და, იმის გამოც, რომ აგვისტოს ომში გმირობამინიჭებულ ნეჩაევსაც მოაკიდებინეს ხელი ოლიმპიური ჩირაღდნისთვის.
მეორე მხრივ, არც რფ-ა უქმად: 14 000 მეჩირაღდნეს შორის ჩვენი უკვე სამი თანამამულეა: დიანა ღურწკაია, სოსო პავლიაშვილი და ვლადიმირის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ვინმე ანზორ სალუქვაძე (ეჭვი მაქვს, სანამ ჩვენი ჟურნალი დღის სინათლეს იხილავს, მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება).
სახელდობრ, სოსო პავლიაშვილმა ჩირაღდნით ხელში ვლადიმირის ოლქის ქალაქი სუზდალი მოიარა და საქვეყნოდ ჟურნალისტის შეკითხვასაც (ეთანხმება თუ არა ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობას) ერთობ ამაღლებულ ტონალობაში უპასუხა: „სპორტი და ხელოვნება ადამიანებს აერთიანებს“. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ოკუპანტებმა „იუჟნაია ოსეტიას“ მხარეს სასაფლაოც კი მოაქციეს, მაინც უპასუხოდ რჩება რიტორიკული კითხვა: მაშინაც კი აერთიანებს, როდესაც მავთულხლართები საფლავსა და ჭირისუფალს თიშავს?!